Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და პრეტენზიები ზედამხედველობის ორგანოსთან


მშვიდობის ქუჩა რუსთავში
მშვიდობის ქუჩა რუსთავში

ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი ნაწილი ვერ განხორციელდა. შესაბამისად, აუთვისებელი რჩება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, ცენტრალური თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

წელს წალკის მუნიციპალიტეტში განუხორციელებელი დარჩა სამი დაგეგმილი პროექტი. მუნიციპალიტეტის მერმა სოლომონ ბენიძემ რადიო თავისუფლებას ძირითად მიზეზებად დაუსახელა კლიმატური პირობები და ტენდერში გამარჯვებული კომპანიების ცუდი მუშაობა:

„წელს დაუსრულებელი იქნება ამრამლო-კილიკიზისის დამაკავშირებელი გზა, ქალაქ წალკაში იოსელიანის, თამარ მეფისა და კალაიჩევის ქუჩები. მიზეზი ისაა, რომ [პროექტების] მეორე ეტაპზე ჩაირიცხა თანხა და გვიან გამოვაცხადეთ ტენდერები, ერთი ტენდერი კი ჩაგვივარდა და ხელმეორედ გამოვაცხადეთ...[სამუშაოების] შემსრულებლები შემოვიდნენ, მაგრამ ხარვეზები ჰქონდათ, ამიტომ ხელახლა გამოვაცხადეთ ტენდერი“.

მაგალითად, 140 ლარად შეფასებული სანათები შემოდის 85 ლარად და რეალურად 85 ლარი ღირს. „ოპტიმალმა“ [საზედამხედველო კომპანია „ოპტიმალ გრუპ +მა“] 130 ლარად ჩაწერა.
გიორგი ქორიძე

წალკის მუნიციპალიტეტის მერის, სოლომონ ბენიძის, თქმით, წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 4 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა დღეისთვის სამუშაოები 51 პროცენტით არის შესრულებული.
16 ნოემბერს ქვემო ქართლის გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გაირკვა, რომ წელს ვერც ერთი მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს გამოყოფილი თანხის ბოლომდე ათვისებას. მერები - მათ შორის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე - პასუხისმგებლობას შემსრულებელ კომპანიებსა და სამშენებლო ობიექტების ინსპექტირების ორგანოს, „ოპტიმალ პლუსს“, აკისრებენ:

„მაგალითად, 140 ლარად შეფასებული სანათები შემოდის 85 ლარად და რეალურად 85 ლარი ღირს. „ოპტიმალმა“ [საზედამხედველო კომპანია „ოპტიმალ გრუპ +მა“] 130 ლარად ჩაწერა. დღეს მივდივარ და ვიღაცას მაგრად მოხვდება. „ოპტიმალი“ კმაყოფილია, შემსრულებელი კმაყოფილია. ეს სერიოზული პრობლემაა“.

კაცი, რომელიც მეუბნება, მთლიანად დავასრულებ ახალ წლამდე ამ პროექტსო, გაჩერებულია რეალურად და მიშველეთო, დამირეკა.
ზაურ ტაბატაძე

გიორგი ქორიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრაქსტრუქტურისთვის გამოყოფილი 2 მილიონ 350 ათასი ლარიდან ათვისებულია 24 პროცენტი.
სამუშაოების შეუსრულებლობას „ოპტიმალ პლუსს“ აბრალებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეც:

„სადახლოში ვაკეთებთ უშველებელ პროექტს. ფირმას სასომხეთიდან აქვს შემოტანილი მილები და „ოპტიმალი“ ეუბნება, ვიზუალურად რომ ვუყურებ, არ შეესაბამება სტანდარტს. ამ დროს შემომტან ISO-ს სერტიფიკატი აქვს. გაჩერებულია, საერთოდ, ეს ობიექტი. კაცი, რომელიც მეუბნება, მთლიანად დავასრულებ ახალ წლამდე ამ პროექტსო, გაჩერებულია რეალურად და მიშველეთო, დამირეკა“.

ზაურ ტაბატაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ 2018 წლის დასასრულამდე ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარის ათვისებას შეძლებენ. დღეისათვის მარნეულში შესრულებული სამუშაოების მაჩვენებელი 24 პროცენტს არ აღემატება.

დაუსრულებელი გზა, მოზანზარე შენობები და მტვრის ბუღი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

პრობლემებია რუსთავშიც, რომელსაც ინფრასტრუქტურისთვის 9 მილიონი ლარი გამოეყო, მაგრამ, 16 ნოემბრის მდგომარეობით, მხოლოდ ამ თანხის 48 პროცენტია ათვისებული.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ამაში ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორები დაადანაშაულა, მათ შორის კომპანია „ჰერიო“, რომელსაც, მოგებული მილიონლარიანი ტენდერით, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში მშვიდობის ქუჩა უნდა აღედგინა:

„[„ჰერიო“] რისკის შემცველი კომპანიაა. ძალიან ბევრი ვალები აქვს და იმ ვალდებულებებს, რაც აქვს, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს. „ოპტიმალს“ რასაც ვთხოვთ, ჩართული იყოს სამუშაოების ყველა ეტაპზე და მოგვცეს დასკვნა, რა სამუშაო დარჩა შესასრულებელი, რომ ოპერატიულად მოხდეს [ხარჯთაღრიცხვის დასრულება] და ახალი ტენდერის გამოცხადება. საბოლოოდ, „ჰერიო“ „შავი სიის“ პრეტენდენტია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც მუშაობენ რუსთავში“.

ტაბაღუას თქმით, კომპანია „ჰერიოს“ ყოველდღე ჯარიმები ეკისრება, რომელმაც 70 ათას ლარს გადააჭარბა. მან ე.წ.“შავ სიაში“ სხვა 2 კომპანიაც დაასახელა. ერთ მათგანს 10 მცირე ზომის სტადიონი უნდა აღედგინა ან აეშენებინა, მაგრამ 7-ით შემოიფარგლა.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

ქვემო ქართლის გუბერნიაში გამართული საკონსულტაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, რის გამოც ვერ მოხერხდა ინფრასტრუქტურაზე გამოყოფილი ათეულობით მილიონი ლარის ათვისება. ამასთან, გააკრიტიკა, საზედამხედველო კომპანია „ოპტიმალ გრუპ+“.

„მაქსიმალურად ვეცდებით სამუშაოების მოცულობების შეფასებას და გადარიცხვების განხორციელებას, თუმცა აქ არის კიდევ საზედამხედველო კომპანიასთან პრეტენზიები, რომელიც კონსოლიდირებულად არის შემოსული და მონიტორინგს უკეთებს მიმდინარე პროექტებს. ეს არის „ოპტიმალ გრუპ+“... ჩვენ შევაჯერებთ ორშაბათს, სამშაბათს - ოთხშაბათს არ გადავდებთ - და ჩვენ გვექნება მათთან [„ოპტიმალთან“] ძალიან კრიტიკული, ძალიან მკაცრი საუბარი“.

გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილის ვარაუდით, მხარის მუნიციპალიტეტები, საერთო ჯამში, წელს ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული თანხიდან - 34 მილიონი ლარიდან - 70 პროცენტის ათვისებას შეძლებენ.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG