Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუჭირა თუ არა მხარი "ქართულმა ოცნებამ" "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" ევროსაბჭოში


"ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე "მაგნიტსკის სიის" რეზოლუციას, რომლის ნაწილია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც", მხარი არ დაუჭირა. დელეგაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩუგოშვილი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ხმა სიის სასარგებლოდ მისცა.

სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

“ჩემი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრები იქ არ იყვნენ და მხარი არ დაუჭირეს სიას, რაც დასტურდება ვებსაიტზე გამოქვეყნებული ჩამონათვალით, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის საბოლოო კენჭისყრა გაიმართა 23 იანვარს. იგი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს გაავრცელონ სანქციები ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებზე. ვინაიდან "მაგნიტსკის სიის" ნაწილი "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც" გახდა, სანქციების სამიზნე შეიძლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებიც აღმოჩნდნენ.

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "ქართული ოცნების" დელეგაციის ლიდერი ამტკიცებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და რეზოლუციას მხარი დაუჭირა. თუმცა, მისივე თქმით, არ იცის, რატომ ვერ მოხვდა ასამბლეის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ მხარდამჭერთა ჩამონათვალში; ჩუგოშვილის გვარი მხოლოდ ერთ-ერთი შესწორების კენჭისყრის შედეგების სიაშია მითითებული.

“ახლა ასწორებს საპარლამენტო ასამბლეა და ეს ხმაც აისახება”, - ამბობს ჩუგოშვილი რადიო თავისუფლებასთან.

თამარ ჩუგოშვილის გარდა დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში მისი სამი თანაგუნდელია - ზვიად კვაჭანტირაძე, სოფიო ქაცარავა და ირინა ფრუიძე. ამასთან, ჩუგოშვილის განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ მან მიიღო, რადგან კვაჭანტირაძემ თავისი ადგილი ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკს დაუთმო, ქაცარავა კი სტრასბურგში არ იმყოფება. ირინა ფრუიძის ადგილსამყოფელის გარკვევა რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო.

თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

​ჩუგოშვილის განმარტებით, "მაგნიტსკის სიაში" "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" დამატების ინიციატორები "ევროპულ საქართველოსთან" ერთად "ქართული ოცნების" წევრებიც - დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე - არიან.​

“ძალიან გამაოგნებელი იყო [სერგი კაპანაძის ბრალდება], რადგან ესეთი დაბალი დონის პოლიტიკურ ქცევას მისგან ნამდვილად არ ველოდი”, - ამბობს ჩუგოშვილი.

სერგი კაპანაძის განმარტებით, “[ოცნების წევრებს] არც პოლიტიკურ დებატებში მიუღიათ მონაწილეობა, რომელიც ამ თემას ეხებოდა და ამან გააჩინა ეჭვი: იგნორირება ხომ არ გააკეთეს ამ დიდი თემის, რომელიც ეხებოდა "მაგნიტსკის სიას?”

რადიო თავისუფლება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მათ მხოლოდ რეზოლუციის მხარდამჭერთა საჯაროდ გამოქვეყნებულ სიაზე მიუთითეს. ჩამონათვალში კი თამარ ჩუგოშვილის სახელი ამ დრომდე არ ასახულა.

XS
SM
MD
LG