Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაქირავებული მებრძოლები, „სპორტსმენკები“ და პუტინის მეგობრები. კლინიკა „სოგაზის“ საიდუმლოებანი


სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო ცენტრი „სოგაზი“, რომელიც ვლადიმირ პუტინის უფროს ქალიშვილთან, მარია ვორონცოვასთან არის დაკავშირებული, არამხოლოდ უფასოდ მკურნალობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს, როგორც ამის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს იუწყებოდა სააგენტო Reuters-ი.

მალაია კონიუშენნაიას ქუჩაზე მდებარე კლინიკა, როგორც რადიო თავისუფლებამ მოახერხა გარკვევა, ამასთან ერთად, ემსახურებოდა თავად რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს მეგობრებს, დაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელებს, ფედერაციის საბჭოს სპიკერს, ვალენტინა მატვიენკოს და რუსეთის მმართველი ელიტის სხვა წარმომადგენლებს იმ ხალხის ჩათვლით, ვინც „პუტინის სასახლის“ ნომინალურ მფლობელებად ითვლებოდა. ამასთანავე, კლინიკაში უტარებდნენ ანალიზებს შიდსზე (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე), ჰეპატიტსა და სიფილისზე, საიდუმლოებით მოცულ „სპორტსმენ ქალებს“, რომლებიც, როგორც კლინიკაში მომუშავე რადიო თავისუფლების წყარო ვარაუდობს, ელიტური მეძავები არიან.

წყაროს მიერ მოწოდებულ კლინიკა „სოგაზის“ VIP-კლიენტების არასრულ სიებზე დაყრდნობით, ერთი კვირის წინ რადიო თავისუფლებამ შეძლო, ღიად მისაწვდომი მონაცემების დახმარებით, გაერკვია, რომ ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრის, გენადი ტიმჩენკოს, უფროსი ქალიშვილი, ნატალია, ცოლად გაჰყვა ვალაამის მონასტრის სანქტ-პეტერბურგის ეკლესიის ყოფილ იეროდიაკონს გავრიილ ფროლოვს, რომელიც ამის შემდეგ გახდა რუსეთის უმსხვილესი საინჟინრო-სამშენებლო კომპანიის, „გორკას“ 90-პროცენტიანი წილის მფლობელი.

რადიო თავისუფლებამ შეძლო წყაროს ვინაობის და ასევე იმ ფაქტის დადასტურება, რომ ის კლინიკაში მუშაობს; ამას გარდა, ეკრანის სურათები, რომლებიც რედაქციას გადმოეცა, ადასტურებს, რომ სწორედ კლინიკა „სოგაზზეა“ საუბარი.

„სპეცკონტინგენტი“

წყარომ, რომლის ვინაობასაც ვერ დავასახელებთ მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა Reuters-ის ინფორმაცია კლინიკაში „ვაგნერელების“ მკურნალობის შესახებ. მან თქვა ასევე, რომ დაქირავებული მებრძოლების დიდი ჯგუფი სამკურნალოდ შემოვიდა 2018 წლის თებერვალში - ეს დროის მიხედვით ემთხვევა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამარცხებას სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორის რაიონში ამერიკის ჯარებისა და სირიის ოპოზიციური ჯგუფების მიერ. ამ სამსაათიან ბრძოლაში დაიღუპა, სხვადასხვა შეფასებით, რამდენიმე ასეული „ვაგნერელი“. რადიო თავისუფლების წყაროს თანახმდ, გადარჩენილი დაქირავებული მებრძოლების მკურნალობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

ქურთულ-სირიული ფორმირების, „სირიის დემოკრატიული ძალების“, მებრძოლები, რომლებზეც იერიში მიიტანეს ასადის მომხრე ძალებმა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ 2018 წლის 7 თებერვალს, საღამოს, ევფრატის მარჯვენა ნაპირზე
ქურთულ-სირიული ფორმირების, „სირიის დემოკრატიული ძალების“, მებრძოლები, რომლებზეც იერიში მიიტანეს ასადის მომხრე ძალებმა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ 2018 წლის 7 თებერვალს, საღამოს, ევფრატის მარჯვენა ნაპირზე

„(კლინიკაში) მათ შემოსვლამდე მიმღები განყოფილების ადმინისტრატორებს დაეგზავნათ მითითება, რომ რეგისტრაცია, მკურნალობა და, საერთოდ, მათი კლინიკაში ყოფნა მკაცრად კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო, არ უნდა აეღოთ არც მათი პასპორტები და მონაცემები მხოლოდ სიტყვიერად უნდა ჩამოერთმიათ (მაგრამ ინფორმირებული თანხმობისთვის ხელი უნდა მოეწერათ). როგორც კი შემოვიდოდნენ, მალაია კონიუშენნაიას ქუჩიდან შემოსასვლელი კარი უნდა დაკეტილიყო და არავინ არ უნდა შემოეშვათ; კარის გაღება შეიძლებოდა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ისინი გაფორმების შემდეგ პალატაში ავიდოდნენ.

თავიდან, 2016 წელს, მათ საავადმყოფოს VIP-ის სართულზე ათავსებდნენ, რომ კლინიკაში მყოფ სხვა ადამიანებს არ შეხვედროდნენ, შემდეგ მესამე სართულზე გადაიყვანეს, რეანიმაციისა და ენდოსკოპიური განყოფილების გვერდით - სადაც ყველაზე ნაკლები მიმსვლელი იყო - კაბინეტში, რომელიც მოწყობილი იყო როგორც პალატა. ზოგიერთები სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში გადაიყვანეს, მაგრამ პერიოდულად ჩვენთან მოდიოდნენ გამოკვლევებზე. თან საკმაოდ თავისუფლად იქცეოდნენ, პალატიდან ხმამაღალი სიცილი ისმოდა ხოლმე. ისინი ან ყავარჯნებით, ან ინვალიდის სავარძლით გამოდიოდნენ პირდაპირ მალაია კანიუშენნაიაზე, მოსაწევად“.

სამედიცინო ცენტრი „სოგაზი“, შესასვლელი მალაია კონიუშენნაიას ქუჩიდან.

რადიო თავისუფლებასთან მოსაუბრემ თქვა, რომ ყველა „ვაგნერელი“ უშუალოდ კლინიკის დირექტორზე, ვლადისლავ ბარანოვზე იყო „მიმაგრებული“. სწორედ ბარანოვის მეშვეობით არის კლინიკა „სოგაზი“ დაკავშირებული ვლადიმირ პუტინის ქალიშვილთან, მარია ვორონცოვასთან: როგორც „ბი-ბი-სი“ წერდა 2019 წელს, ბარანოვი არის თანამფლობელი კომპანია „ნომეკოსი“, რომელიც ლენინგრადის ოლქში მრავალფუნქციური სამედიცინო კომპლექსის, „სოგაზის“ მშენებლობის უკან დგას. „ნომეკოს“ აქციონერი, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, არის ასევე მარია ვლადიმირის ასული ვორონცოვა. „სოგაზთან“ დაკავშირებულია ვლადიმირ პუტინის ძმისშვილიც, მიხაილ შელომოვი.

ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილი, მარია ვორონცოვა
ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილი, მარია ვორონცოვა

„ერთხელ, ეს ჩემს ცვლაში მოხდა, დაცვამ ქუჩაში გააგდო უკვე შიგნით შემოსული პაციენტი, რომელიც მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე იყო ჩაწერილი ზუსტად მაგ დროს. მან კარზე მუშტების ბრახუნი დაიწყო და ყვიროდა: „შემომიშვით, მეც VIP-პაციენტი ვარ!“ ეს იყო 2016 წლის გაზაფხულზე, ან ზაფხულის დასაწყისში. მაშინ შვიდი თუ რვა ადამიანი შემოვიდა კლინიკაში, ყველა ცეცხლსასროლი ჭრილობებით. ისინი, როგორც დაზღვევის მქონე პაციენტები, ისე გადიოდნენ, მაგრამ დაზღვევის ადგილზე უნდა დაგვეწერა „ბვვ“, ანუ უნდა მიგვემაგრებინა უშუალოდ გენერალურ დირექტორზე, ვ.ვ. ბარანოვზე. შიდა მიმოწერასა და საუბრებში ისინი მოიხსენიებოდნენ როგორც „სპეცკონტინგენტი“. კიდევ ერთი დიდი პარტია 2018 წლის თებერვალში შემოვიდა“.

რადიო თავისუფლების წყაროს თქმით, „ბვვ“-ს ერთ-ერთი პაციენტი იყო „კსკ ვაგნერის“ მებრძოლი, გვარად „მატროსოვი“ – „სავარაუდოდ, მეთაური, ან განსაკუთრებით გამორჩეული“. ამბობენ, რომ მატროსოვმა, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი, რომანი გააბა VIP-სართულის ერთ-ერთ ექთანთან და 2019 წელს მათ ბავშვი შეეძინათ.

რადიო თავისუფლებამ ასეთი გვარით „მიროტვორეცის“ საიტზე აღმოაჩინა მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც შეტანილია ასევე „კსკ ვაგნერის“ წევრთა სიაში, სადაც ნათქვამია, რომ ის იყო მზვერავი, პირველი სადაზვერვო-თავდასხმის ოცეულის პირველი განყოფილების ყუმბარმტყორცნის თანაშემწე. მატროსოვის ერთადერთი ფოტო იყო მისი „ოდნოკლასნიკების“ პროფილის ფოტო - წყარომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ კლინიკაში სწორედ ეს ადამიანი ნახა.

სერგეი მატროსოვი
სერგეი მატროსოვი

სერგეი მატროსოვის გვერდი სოციალურ ქსელში „ვკონტაკტე“, რომელიც „მიროტვორეცშია“ მითითებული, დახურული იყო, მათ შორის, პირადი შეტყობინებების გაგზავნისთვისაც. მასთან დაკავშირების ერთადერთი საშუალება იყო ვირტუალური „საჩუქრის“ გაგზავნა სურათის სახით, მასზე მიბმული შეტყობინებით, რაც გავაკეთეთ კიდეც. ამის შემდეგ მატროსოვმა უპასუხა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს და შემდგომ მიმოწერაში დაადასტურა, რომ დაქორწინდა კლინიკა „სოგაზის“ ექთანზე, მაგრამ განაცხადა, რომ „მკურნალობას იქ არ გადიოდა“.

როგორც რადიო თავისუფლებას კლინიკაში მყოფმა წყარომ უამბო, 2020 წელს, „ვაგნერელების“ მკურნალობის შესახებ პრესაში გავრცელებული სტატიების შემდეგ, „სპეცკონტინგენტის“ ელექტრონული სამედიცინო ბარათების შინარსზე წვდომა ყველას შეუჩერეს, უშუალოდ მათი მკურნალი ექიმების გარდა.

„კოოპერატივ "ოზეროს" კლინიკა“

კლინიკა „სოგაზში“ მალაია კონიუშენნაიაზე მხოლოდ „კსკ ვაგნერის“, რუსი დაქირავებული მებრძოლები არ მკურნალობდნენ. მათ მეზობელ სართულებზე იმავე დროს იმყოფებოდნენ რუსეთის მმართველი ელიტის უმაღლესი წარმომადგენლები.

წყარომ რადიო თავისუფლებას გადასცა მხოლოდ სამი სქრინშოთი კლინიკის ადმინისტრაციული სისტემიდან, მათგან ორზე არის VIP-კლიენტების სია გვარებით, რომლებიც იწყება „ბ“-დან „ზ“-მდე და მესამეზე, როგორც ჩანს, „სუპერვიპების“ სრული სია. მათ, წყაროს თქმით, ემსახურებოდა კლინიკის საგანგებო განყოფილება - მხოლოდ საუკეთესო ექიმები და მათ ყველანაირი უპირატესობა ენიჭებოდათ სხვა პაციენტებთან.

„სიაში არსებული შემოკლებები ინიციალებია. მაგალითად: კივ - „კოვალჩუკი იური ვალენტინის ძე“, ფსა - „ფურსენკო სერგეი ალექსანდრეს ძე“ და ა.შ. ესენი, ძირითადად, კლინიკის დამაარსებლები არიან. ჩანს, შემოკლებებით განსაკუთრებით სურდათ ვინაობის გასაიდუმლოება. მათი ბარათები უკვე დახურული იყო იმ მომენტისთვის, როცა მე მუშაობა დავიწყე. მათი ბარათის ნომრები მოწმობს, რომ ისინი ერთ-ერთი პირველნი გახდნენ ამ კლინიკის კლიენტები. მე ეს სია იმიტომ გადავიღე, რომ ეს „წითელი“, უმაღლესი „ტოპ“ დონე იყო. ჩვენ ფერებით იდენტიფიკაცია გვქონდა: წითელი - VIP-ების ყველაზე მაღალი დონე, შემდეგ მოდიოდა ვარდისფერი, ცისფერი და ა.შ., - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.

იური კოვალჩუკი
იური კოვალჩუკი

დაბადების თარიღების მიხედვით არ გაგვძნელებია იმის დადგენა, თუ ვინ იყვნენ დანარჩენი „ტოპები“ სიაში. კლინიკა „სოგაზს“, ფაქტობრივად, შეიძლება „კოოპერატივ "ოზეროს" კლინიკა“ დავარქვათ - ეს ცნობილი „დაჩების“ კოოპერატივია კომსომოლსკოე ოზეროს სანაპიროზე ლენინგრადის ოლქში, რომელიც 1996 წელს შექმნეს ვლადიმირ პუტინმა და მისმა მაშინდელმა და მომავალმა ახლო მეგობრებმა.

კლინიკა „სოგაზის“ VIP -კლიენტების „წითელ“ სიაში, იური კოვალჩუკისა და სერგეი ფურსენკოს გარდა, ირიცხებიან იური კოვალჩუკის მეუღლე, ტატიანა (კტა), „ნაციონალური მედიაჯგუფის“ პრეზიდენტი კირილ კოვალჩუკი (კმმ), იური კოვალჩუკის ძმის, მიხაილის, ვაჟი. სიაში არის ასევე „კიი“ - ილია იოსების ძე კლებანოვი - პუტინის ყოფილი სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩრდილო-დასავლეთის ფედერალურ ოლქში, და „მვი“ - რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი, ვალენტინა მატვიენკო.

„სუპერვიპების“ სიის კიდევ ერთი „პოლიტიკური“ წარმომადგენელი არის ლიუბოვ სოვერშაევა, რომელსაც პეტერბურგის „რუხ კარდინალს“ ან „პიტერელ რაკოვას“ უწოდებენ (მოსკოვის მერის მოადგილის, ანასტასია რაკოვას ანალოგიით), ანუ, ფაქტობრივად, ქალაქის მნიშვნელობით მეორე მოხელეს გუბერნატორის შემდეგ. ახლა სოვერშაევას უკავია - კიდევ ერთხელ - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილის პოსტი ჩრდილო-დასავლეთის ფედერალურ ოლქში. ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე იური კოვალჩუკის სტრუქტურებში.

ორი ადამიანი იმავე სიიდან წარმოადგენს „ძალისმიერ ბლოკს“. პირველ რიგში, ეს არის პაველ ალექსეის ძე ვოლგინი, დაცვის ფედერალური სამსახურის უფროსი ჩრდილო-დასავლეთის ფედერალურ ოლქში. გამომცემლობა Scanner Project-ის მონაცემებით, ვოლგინი ფლობს უძრავ ქონებას ე.წ. კოვალჩუკების კოოპერატიულ დასახლებაში კურორტ „იგორას“ მახლობლად ლენინგრადის ოლქში. მეორე, ეს არის საიდუმლოებით მოცული ლეონიდ გიორგის ძე სტეპანოვი. რადიო თავისუფლებამ ღია წყაროებში მოახერხა მხოლოდ ერთი აღნიშვნის მოპოვება ასეთი სახელის და გვარის და დაბადების თარიღის მქონე ადამიანის - სპორტული კლუბის „ოტდუშინას“ საიტზე. „ოტდუშინა“ 1959 წელს შეიქმნა კგბ-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) უფროსის ბრძანებით, როგორც „ფიზკულტურითა და სპორტით დაკავების სექცია სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლეს ხელმძღვანელთათვის“. ოფიციალური საიტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „ოტდუშინა“ დღესაც არსებობს და დაახლოებით იმავე ფუნქციას ასრულებს.

„სოგაზის“ კლიენტების სიაში არსებული რამდენიმე ადამიანი ადრე ანტიკორუფციულ გამოძიებებში ფიგურირებდა, მაგრამ როგორც „ნომინალები“. ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ეს შესაძლოა, იყოს მათი როლის დაკნინება პუტინისა და მისი მეგობრების წრეში.

ამ წლის გაზაფხულზე გამომცემლობა „სობესედნიკმა“ გამოსცა გელენჯიკში „პუტინის სასახლის“ შესახებ გამოძიებათა სერიის გაგრძელება. კერძოდ, ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სასახლე „უფრო მეტად კოვალჩუკს ეკუთვნის, ვიდრე როტენბერგს (რომელმაც განაცხადა, რომ ეს ობიექტი მას ეკუთვნის, - რადიო თავისუფლება), და უფრო პუტინს, ვიდრე კოვალჩუკს“. გამოძიებაში მოხსენიებულია ორი ფირმა: „საზღვაო ტრადიციების აღორძინება“ და „რუსული ავიაციის ტრადიციების აღორძინება“. პირველ მათგანს, სხვა რამეებს შორის, ეკუთვნის იახტა „შელესტი“, რომელიც ხშირად მიდის პრასკოვეევკაში მდებარე სასახლესთან. ორივე კომპანიის გენერალური დირექტორია საჯაროდ ნაკლებად ცნობილი, 1981 წელს დაბადებული დენის ანდრეის ძე რაზგულიაევი, და ისიც კლინიკა „სოგაზში“ მკურნალობს „წითელი სიით“, ისევე როგორც „საზღვაო ტრადიციების აღორძინების“ თანადამფუძნებელი, ბანკ „როსიის“ მენეჯერი და იური კოვალჩუკთან დაახლოებული პირი, დმიტრი მანსუროვი. „სობესედნიკმა“ ასევე ყურადღება მიაქცია დენის რაზგულიაევის კავშირს „პუტინის საფულესთან“, სერგეი როლდუგინთან.

„პუტინის სასახლე“ გელენჯიკთან
„პუტინის სასახლე“ გელენჯიკთან

ირინა ვესელოვა, რომლის გვარის გასწვრივ ცხრილში მიწერილია „ვიპ!!!“, ასევე არაერთხელ არის ნახსენები გამოძიების მასალებში. ის არის ზემოხსენებული „საზღვაო ტრადიციების აღორძინების“ წევრი, ამას გარდა, ხელმძღვანელობს შპს „სტანდარტს“. ამ კომპანიას ეკუთვნის დომენი, რომლითაც სარგებლობს სააქციო საზოგადოება „ბინომი“. ამ უკანასკნელს ფორმალურად ეკუთვნის „პუტინის სასახლე“ პრასკოვეევკაში. როგორც „სობესედნიკი“ ამტკიცებს, ფაქტობრივად, „სტანდარტიც“, „საზღვაო ტრადიციების აღორძინებაც“ და „რუსული ავიაციის ტრადიციების აღორძინებაც“ შედის „ბინომის“ ჯგუფში, რომელსაც სინამდვილეში აკონტროლებენ იური კოვალჩუკი, გენადი ტიმჩენკო, მიხაილ შელომოვი და რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული სხვა პირები, მათ შორის - სვეტლანა კრივონოგიხი, ვლადიმირ პუტინის ქორწინებისგარეშე ქალიშვილის, ლუიზა როზოვას, სავარაუდო დედა.

მოხსენიების ღირსია არცთუ ცოტა პირი, რომლებიც „ჩვეულებრივი“ ვიპების სიაში შედიან. იქაც არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული კოოპერატივ „ოზეროსთან“, მაგალითად, (რუსეთის სარკინიგზო გზების) რკინიგზის სადგურების დირექციის ყოფილი უფროსი ვიტალი ვოტოლევსკი, რომელიც 2019 წელს კოოპერატივის დირექტორად დაინიშნა.

2005 წელს, როგორც სანქტ-პეტერბურგის „ნოვაია გაზეტა“ წერდა, ვოტოლევსკი აქტიურად მოაწილეობდა სახლების მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმებაში „ოზეროში“, ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტის მიუხედავად. „მიწის ნაკვეთების დაპატრონება, დოკუმენტების ფალსიფიკაცია, ცემა, მუქარა, დამქანცველი სასამართლო დავები, - ასეთია ახლა ცხოვრება ამ ოდესღაც დაცულ ტერიტორიაზე“, - წერდა მაშინ „ნოვაია გაზეტა“ (ახლა პუბლიკაცია წაშლილია გაზეთის საიტიდან).

სიაში არის ასევე ტაიმურაზ ბოლოევი, ადრე - ლუდის გამომხდელი, ახლა კი სამშენებლო ფირმა „ოლიმპსტროის“ გენერალური დირექტორი. ბოლოევმა ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ 1991 წელს გაიცნო და მასთან, სულ მცირე, გატაცება, ძიუდო, აკავშირებს.

ჩვეულებრივ, ანუ არა „სუპერ VIP“- სიაში, აღმოჩნდნენ „გაზპრომნეფტის“ უფროსი, ალექსანდრ დიუკოვი და ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ დროზდენკო.

ზოგიერთი სახელი სიაში საიდუმლოებითაა მოცული, მაგალითად, დმიტრი ისაკის ძე გეილერი. მისი ელექტრონული ბარათის ნომერია 199, ანუ გეილერი კლინიკაში სხვა „ვიპების“ უმეტესობამდე ადრე დარეგისტრირდა. მისი გვარის გასწვრივ ბაზაში აღნიშნულია „სუპერ VIP“. ამ დროს, გეილერის სრული სეხნია, დაბადების იმავე თარიღით, 2017 წელს ეძებდა სამუშაოს 40-ათასრუბლიანი ხელფასით, როგორც პროფესიონალი მძღოლი. ერთ-ერთ ფოტოზე ინტერნეტში, ის ავტომანქანა Chevrolet Aveo-ს გვერდით დგას.

„სოგაზში“ მკურნალობდა არაშუკოვების ოჯახიც. რაუფ არაშუკოვს, სენატორს ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, 2019 წლის 30 იანვარს იმუნიტეტი მოუხსნეს და დააკავეს პირდაპირ რუსეთის ფედერაციის საბჭოს შენობაში. ის ეჭვმიტანილი იყო თანხების მიტაცებაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნისა და შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზებაში. იმავე დღეს „გაზპრომის“ ერთ-ერთ ოფისში დააკავეს მისი მამაც, რაულ არაშუკოვი. ინფორმაციის თანახმად, რომელიც წყარომ მიაწოდა რადიო თავისუფლებას, ორივე დაკავებული არაშუკოვი კლინიკა „სოგაზში“ იყო ჩაწერილი ვიპ-თერაპევტთან 2019 წლის 2 თებერვლისთვის.

რაულ არაშუკოვი სასამართლოზე
რაულ არაშუკოვი სასამართლოზე

„სპორტსმენი ქალები“

და ბოლოს, მალაია კონიუშენნაიაზე არსებული კლინიკა „სოგაზის“ კიდევ ერთ საიდუმლო კატეგორიას წარმოადგენდნენ ახალგაზრდა გოგონები, რომლებისთვისაც თავიდან გამოიყენებოდა აღნიშვნა - „კოდი 1“, შემდეგ კი - „ქალთა სპორტი“.

„კლინიკა გამუდმებით ემსახურებოდა ვიღაც ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც მისაღებს საგანგებო კოდური სიტყვით მიმართავდნენ. თავიდან ეს იყო „კოდი 1“, შემდეგ - „ქალთა სპორტი“. ისინი სისხლს აბარებდნენ შიდსზე, სიფილისზე, ჰეპატიტზე და ხანდახან გადიოდნენ სწრაფ გამოკვლევას გინეკოლოგთან“, - მოუთხრობს წყარო რადიო თავისუფლებას.

„ვაგნერელებისგან“ განსხვავებით, მათი მიღების წესები აქ სხვანაირი იყო: კლინიკის თანამშრომლები ქალებს აუცილებლად უმოწმებდნენ პასპორტს, იღებდნენ ფოტოიანი გვერდის ასლს, სამედიცინო ბარათში შეჰქონდათ გვარი, სახელი და მამის სახელი, დაბადების წელი, და ასევე აღნიშვნა - „ქალთა სპორტი“.

„პასპორტის ასლზე უნდა დაწერილიყო თარიღი, მიმართვის დრო, საკუთარი გვარი და ხელმოწერა. დაახლოებით ერთ საათში საჭირო იყო ანალიზების შედეგების შემოწმება და მათი შეტანა, დროის მითითებით, ამ ასლში და ასევე ექსელის ცხრილში. ასეთი პაციენტების მოსვლისა და შედეგების მიღების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გეცნობებინათ უფროსი ადმინისტრატორისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა ტექტური შეტყობინების მეშვეობით უშუალოდ გენერალური დირექტორისთვის, ბარანოვისთვის: „ესა და ეს - გვარი, სახელი, მამის სახელი - შედეგი უარყოფითი“, - მოგვითხრობს ჩვენი თანამოსაუბრე. „ისინი მუდმივად მოდიოდნენ, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად უფრო კვირის ბოლოსკენ, პარასკეობით, ასევე ღამით, მისაღებ განყოფილებაში. ბარანოვისთვის შეტყობინება საჭირო იყო ყოველ ჯერზე, მათ შორის ღამეც. და ის ყოველთვის პასუხობდა “Ok”. ეს რომ ბარანოვი იყო და არა სხვა, ეჭვგარეშეა, რადგან ჩვენ ხანდახან ვურეკავდით მას ამ ნომერზე მათთან (ამ ქალებთან) დაკავშირებულ საკითხებზე“.

ისევე როგორც ჩვენს წყაროს, ჩვენც შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ „სპორტსმენკები“ სინამდვილეში ელიტური „თანმხლები გოგონები“ იყვნენ. ამაზე მეტყველებს შემთხვევითი დაკვირვება რადიო თავისუფლების მოსაუბრის მხრიდან, რომლის სხვა სიტყვების სინამდვილე ნაწილობრივ დასტურდება „ვაგნერელი“ სერგეი მატროსოვის ისტორიით:

ზოგიერთები გინეკოლოგიურ ანალიზებს აბარებდნენ, ზოგიერთები კი ქალწულობას ადასტურებდნენ

„ანალიზის გაკეთება მათ შეეძლოთ მხოლოდ სამუშაო მზადყოფნისთვის შემოწმების მიზნით. ზოგიერთები გინეკოლოგიურ ანალიზებს აბარებდნენ, ზოგიერთები კი თავიანთ ქალწულობას ადასტურებდნენ. ხანდახან მათ ვიღაც ხალხი მოჰყვებოდა, რომლებიც იმას ადევნებდნენ თვალს, რომ ანალიზი სწორედ იმ გოგონამ ჩააბარა, რომელსაც უნდა ჩაებარებინა, რომ რამე გაეყალბებინათ. ისინი არ ჰგავდნენ სპორტსმენებს, მათ შორის სულ სხვადასხვანაირები იყვნენ - მაღლები, დაბლები, მსუქნები, გამხდრები. ძირითადად ახალგაზრდები, 20 წლამდე, ხანდახან არასრულწლოვნებიც კი. იყო ერთ-ორი შემთხვევა, როცა ამ კოდით მოდიოდნენ საკმაოდ ასაკიანი ქალები, ჩვენ ეს გვაკვირვებდა. თითქმის ყველა მათგანი რეგიონებიდან იყო.

ერთხელ, როცა ჩემი ცვლა იყო, სამნი მოვიდნენ - ორი გოგონა და ერთი ახალგაზდა კაცი. გოგონებმა ანალიზები ჩააბარეს და წავიდნენ. ორიოდე დღის შემდეგ, მე, უკვე დღის ცვლაში როცა ვმუშაობდი, სასადილოდ წავედი „ევრაზიაში“, გრიბოედოვის არხზე და იქ დავინახე უცნაური შეკრება - იგივე ახალგაზრდა კაცი უფროს ქალთან ერთად, რომელიც კარგად და საქმიანად გამოიყურებოდა, და ვიღაც გოგონა. მათ საჭმელი შეუკვეთეს მისთვის, გადაიხადეს და წავიდნენ. როცა უფროსობას ვეკითხებოდით, ვინ იყვნენ ეს გოგონები, ბუნდოვნად გვპასუხობდნენ, რომ ისინი მართლაც სპორტსმენები იყვნენ. პასპორტების ასლებს ცალკე საქაღალდეში ვინახავდით, რომელიც თვეში ერთხელ ფინანსური განყოფილების თანამშრომელს მიჰქონდა. ყველა ამ პაციენტის სახელი და გვარი შემდეგ იცვლებოდა, და მათი ნამდვილი გვარები ბაზაში იცვლებოდა სიტყვით „შპიცბერგენი“.

რადიო თავისუფლებამ კლინიკა „სოგაზში“ გააგზავნა შეკითხვები - მართალია თუ არა, რომ იქ მკურნალობას გადიოდნენ „კსკ ვაგნერის“ მებრძოლები; არიან თუ არა კლინიკის VIP-კლიენტები იური ვალენტინის ძე კოვალჩუკი, ვალენტინა ივანეს ასული მატვიენკო, სერგეი ალექსანდრეს ძე ფურსენკო და სხვა პირები, რომლებიც ამ სტატიაში არიან მოხსენიებული; შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია კლინიკის პაციენტების ჯგუფის შესახებ, რომლებიც შემოწმებას გადიან კოდური სიით „ქალთა სპორტი“. ამ შეკითხვებზე პასუხები არ მიგვიღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG