Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაცარიელებული ენგურის ხიდი - ვის შეეხო „ღორის გრიპის“ საწინააღმდეგო კარანტინი


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

ენგურის ხიდზე, რომელსაც ყოველდღიურად 100-ობით ადამიანი კვეთს, დღეს უჩვეულო სიმშვიდე იყო. აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე მხოლოდ რამდენიმე მგზავრი მოძრაობდა. მოქალაქეთა ნაკადის შემცირების გამო არ მუშაობდა არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მესაზღვრეებმა ე.წ. მოქალაქეები 10 იანვარს გააფრთხილეს, რომ „ღორის გრიპის“ თავიდან აცილების მიზნით კარანტინი გამოცხადდებოდა, დილიდან კი მოძრაობა შეზღუდეს. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კარანტინი ორ თვეს გაგრძელდება. დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ მგზავრებს გადაადგილება ორმხრივად ეზღუდებათ.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ რადიო თავისუფლებასთან საუბარში მგზავრები, რომლებიც დღეს დილით ე.წ. გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, სოხუმის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ ეხება ყველა მოქალაქეს. დღეს ხიდზე გადაადგილებას ორმხრივად ახერხებდნენ ენგურჰესის თანამშრომლები. ზუგდიდიდან აფხაზეთში შესვლა არ ეკრძალებოდათ ასევე მოქალაქეებს, ვისაც საჭირო დოკუმენტაცია - რუსული ან ე.წ. აფხაზური პასპორტი - ჰქონდა.

ეკითხებიან, გრიპი ხომ არ გჭირს ან სიცხე ხომ არ გაქვსო. ანალიზი არავისთვის არ აუღიათ. უბრალოდ, ეკითხებიან.
რიმა ძაძუა

როგორც გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრებმა რიმა ძაძუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, დღეს დილით ის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მივიდა და გაესაუბრა დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებს. როგორც რესპონდენტი ამბობს, გალში წასვლა თავად არ ისურვა, რადგან არ იცის, უკან დაბრუნების უფლებას როდიდან მისცემენ.

რესპონდენტების ინფორმაციით, ე.წ. საგუშაგოსთან მოძრავი ამბულატორია მორიგეობს და ექიმები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოქალაქეებს კითხვებს უსვამენ.

„ეკითხებიან, გრიპი ხომ არ გჭირს ან სიცხე ხომ არ გაქვსო. ანალიზი არავისთვის არ აუღიათ. უბრალოდ, ეკითხებიან“, - ამბობს რიმა ძაძუა.

დილიდან ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექანდრე ჩიკვაიძეც. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ გადაადგილების შეზღუდვა არ მოქმედებს ენგურჰესის თანამშრომლებსა და ზუგდიდან აფხაზეთში მიმავალ მგზავრებზე.

კარანტინის გამოცხადების საკითხი რომ განიხილებოდა, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარმა ლუდმილა სკორიკმა აფხაზურ მედიას 10 იანვარს განუცხადა. მისი განმარტებით, მათთან ე.წ. „ღორის გრიპი“ არ დაფიქსირებულა, თუმცა პრევენციისთვის ვაქცინაცია მაინც ჩატარდა. ამავე დღეს გრიპის ვირუსის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ორი ბავშვი. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს არ დასჭირდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა.

სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში 15-დან 51-მდე გაიზარდა გრიპის ვირუსის ნიშნებით ჰოსპიტალში გადაყვანილი პაციენტების რაოდენობა. მათგან მძიმე მდგომარეობაშია ერთი მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბოლო ორი თვის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „ღორის გრიპით“ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG