Accessibility links

დევნილობის ყოველი დღე...


ვერხვების დევნილთა დასახლება

90 წლის ვალიკო ცოტნიაშვილი პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვიდანაა. სოფელი ახლა ოკუპირებულია, გაძარცვულ და დამწვარ სახლებს კი საძირკვლიანად ანადგურებენ. რამდენიმე წლის წინ პაპა ვალიკო ერედვში შვილის საფლავზე შეიპარა და საკუთარი თვალით იხილა ნასახლარების კვალი. ამბობს, რომ დევნილობაში ცხოვრებას ისევ განადგურებულ კარ-მიდამოზე ყოფნა ურჩევნია.

please wait

No media source currently available

0:00 0:03:40 0:00
Direct link

გორში ვერხვების დევნილთა დასახლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გერმანიის მთავრობის დახმარებით აშენდა. მეათე წელია, აქ ცხოვრობს თამაზ ოთინაშვილი, რომელიც ორჯერ იქცა დევნილად. პირველად 90-იანი წლების კონფლიქტის დროს ცხინვალიდან წავიდა და დიდი ლიახვის ხეობაში სახლი ააშენა, მეორედ კი 2008 წლის აგვისტოში ამ სახლის დატოვებაც მოუხდა. ამბობს, რომ ძველ დევნილებთან შედარებით ახალ დევნილებს მთავრობამ მეტი ყურადღება მიაქცია და ჭერის გარეშე არ დატოვა.

20 ივნისი დევნილთა საერთაშორისო დღეა, თუმცა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. თამარაშენიდან დევნილი თამარ გოგიძე ამბობს, რომ ათი წელია, ყოველი დღე ისედაც დევნილებისაა. საკუთარ სახლ-კარს მოცილებულებს მძიმე ყოფა აქვთ და შემოსავლები არ ჰყოფნით. მცირე მიწის ნაკვეთზე მოწეული მოსავალი რამდენიმე თვის საკმარია. კოტეჯებიც დაიბზარა, სახელმწიფო დახმარებებიც შეწყდა. მისი მთავარი სურვილი თამარაშენში დაბრუნებაა.

სევერიან კასრაძის აზრით, დევნილებს დიდი მოთხოვნები არა აქვთ. ელემენტარული პირობები და ყურადღება სჭირდებათ. მისი აზრით, მთავარია ქვეყანაზე მშვიდობა იყოს და იძულებით გადაადგილებულმა ადამიანებმა ოდესმე სახლებში დაბრუნება შეძლონ.

ვერხვების დევნილთა დასახლება
ვერხვების დევნილთა დასახლება

2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონიდან დაახლოებით 30 ათასი საქართველოს მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინა და თავშესაფარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეძებნა. 90-იანი წლების კონფლიქტის დროს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რამდენიმე ასეული ათასი იძულებით გადაადგილებული პირი გაჩნდა, მათი განსახლების საკითხი კი ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის. შარშან გორში დაახლოებით 500-მა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა, თუმცა დევნილების ერთი ნაწილი ისევ ბინების მოლოდინშია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG