Accessibility links

site logo site logo

დეპორტირებული უკრაინელები - სააკაშვილის "უხერხულობა" თუ ბევრად მეტი?


უკრაინელების საქართველოში არშემოშვების ამბავი ახლა უკვე უკრაინაშიც კარგად იციან და მის საზღვრებს გარეთაც.

26-27 ოქტომბერს, როდესაც „ქართული ოცნება“ თბილისში მასშტაბური წინასაარჩევნო აქციისთვის ემზადებოდა, საქართველოში უკრაინის ოთხი მოქალაქე არ შემოუშვეს და მათ შორის, ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი - დმიტრი გორდონი. საზღვარზე შეაყოვნეს უკრაინის სახალხო დამცველიც.

  • რატომ ჩამოართვეს უკან გაბრუნებულებიდან ერთს პასპორტი, ხოლო მეორეს რატომ დაუწუნეს სავიზო დოკუმენტები, როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლისთვის ვიზა საერთოდ არ არის საჭირო?
  • რაზე მიანიშნებს ეს ფაქტები და ისევ ზიანდება თუ არა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები გარკვეული შემსუბუქების შემდეგ?
  • არის თუ არა საკმარისი საფუძველი ციხეში მყოფი, მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა საქართველოს სტუმრების გასაბრუნებლად?

ვის აქვს პასუხი?

ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური პასუხი - თუ რატომ არ მისცეს სახელმწიფო სტრუქტურებმა საქართველოში შემოსვლის უფლება უკრაინის ოთხ მოქალაქეს.

რადიო თავისუფლებამ დღეს შეკითხვებით მიმართა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს.

შს სამინისტროში გვითხრეს მხოლოდ ის, რომ „განცხადება გაკეთდება“, მაგრამ უცნობია - როდის. ხოლო საგარეო უწყებაში ამ ეტაპისთვის უარყოფენ დმიტრი გორდონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ - სააკაშვილთან მისი შეხვედრის ორგანიზება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა.

მიზეზი დღეს არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს დაუსახელებია, თუმცა ირაკლი კობახიძემ საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნა, რომ თბილისში „შოუს დადგმის“ მოლოდინი ჰქონდათ.

„რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი... იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - თქვა „ოცნების“ თავმჯდომარემ 28 ოქტომბერს.

ის თვლის, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში „უხერხულობას“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ქმნიდა; ახლა მიხეილ სააკაშვილის დაჭერით დაისვენა როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და 30 ოქტომბრის (არჩევნების მეორე ტური) შემდეგ ყველა უხერხულობა გაქრება.

"უხერხულობა"?

ექსპერტების ნაწილის აზრით, „უხერხულობაზე“ ბევრად მეტი იყო მოვლენების მთელი ჯაჭვი და მათ შორის, ის ფაქტი, რომ 2020 წლის მაისიდან, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა და თბილისი კიევს თითქმის საერთოდ აღარ ელაპარაკებოდა.

ელჩის გამოხმობის გადაწყვეტილება თბილისში 2020 წლის 8 მაისს მიიღეს, პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო.

თუმცა ურთიერთობები საუკეთესო არც მანამდე იყო. სიცივე იგრძნობოდა მიხეილ სააკაშვილის მუშაობის დროს პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლებაში.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, ექსპერტები ძალიან წუხდნენ, რომ რუსეთის საფრთხეების სამიზნე ორი ქვეყანა უბრალოდ დროს კარგავდა - ევროკავშირისა და ნატოს გზაზე შეთანხმებული მოძრაობისა და თანამშრომლობისთვის.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ურთიერთობებმა გარე თვალისთვის გამოცოცხლება დაიწყო - შეიქმნა „ასოცირების ტრიო“, შედგა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი, უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდა და საქართველო „ყირიმის პლატფორმასაც“ შეუერთდა.

მაგრამ ახლა, უკრაინელების დეპორტაციის შემდეგ, ექსპერტები ამ ურთიერთობების ისევ დაზარალების საფრთხეებსა და ქვეყნის იმიჯთან დაკავშირებულ რისკებზე ლაპარაკობენ.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ მაღალი საგარეო საფრთხეებისა და საერთო მიზნების ფონზე, სტრატეგიულ პარტნიორობას განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება; ხოლო კეთილგანწყობილი დემოკრატიული ქვეყნები არასოდეს აბრუნებენ უკან ჟურნალისტებს.

ფხალაძე ორმაგ სტანდარტზეც ლაპარაკობს და საქართველოში უპრობლემოდ შემოშვებული რუსი ჟურნალისტების ვიზიტებს ახსენებს.

„თუკი ორ ქვეყანას შორის უხერხულობის მოხსნაზე ვლაპარაკობთ, ვფიქრობ, ეს უნდა მოხდეს არა შეზღუდვებით, არამედ გახსნილობით. საქართველო არ უნდა ზღუდავდეს უკრაინელ ჟურნალისტებს და თუ რამე სათქმელი გვაქვს, უფრო თავისუფლად და ღიად უნდა ველაპარაკოთ მათ. თუკი მართალი ხარ, გახსნილობის არ უნდა შეგეშინდეს... რა უნდა გაეკეთებინა აქ ისეთი დმიტრი გორდონს?! სიუჟეტებს, და უფრო მწვავესაც, ის დისტანციურადაც გააკეთებს...

სხვა საკითხია, თუკი არ უშვებ ქვეყანაში კანონდამრღვევ ჟურნალისტებს, მაგრამ ჩვენ ჟურნალისტების შემოშვების საეჭვო ფაქტებიც ვიცით, მაგალითად - გვახსოვს (ვლადიმირ) პოზნერისა და (მაქსიმ) შევჩენკოს ვიზიტები... ყველაფერი შედარებით განისაზღვრება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძე.

რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, დიპლომატი გიორგი ბადრიძე მხოლოდ ფასადურად და მოჩვენებითად მიიჩნევს უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობების ბოლოდროინდელ გაუმჯობესებას.

ბადრიძე გვეუბნება, რომ საქართველომ უკრაინასთან რეალური თანამშრომლობა ბევრად უფრო ადრე შეწყვიტა და ურთიერთობები იმის გამოც გაცივდა, რომ თბილისი არ შეუერთდა უკრაინის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.

საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე კი ბადრიძის შეფასება ასეთია:

„ეს არ არის უკრაინის და კონკრეტულად გორდონის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვნახეთ ავტორიტარული ხელისუფლების ქცევა იმავე ინსტინქტებით, რომლებითაც ხელმძღვანელობენ „ლუკაშენკოები“ და სხვა მსგავსი რეჟიმები.

არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეაქოს მოსკოვმა, რომელსაც გულზე მალამოსავით ედება ნებისმიერი სახის დაძაბულობა უკრაინასა და საქართველოს შორის... ვფიქრობ, ჩვენთან პროდასავლურობის იმიტაციამაც კი ამოწურა ყველანაირი რესურსი“.

სხვადასხვა მიზეზი, ერთი ვარაუდი

„საერთაშორისო სკანდალი“ და „საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი“, - ასე უწოდებს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოდან მის დეპორტაციას და, როგორც თავიდანვე დადო პირობა - ცდილობს, რომ ეს ამბავი მთელ მსოფლიოს გააგებინოს.

„ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი საქართველოში. მათ შორის - ვყოფილვარ პრეზიდენტ შევარდნაძისა და პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი სტუმარიც. სააკაშვილის მერეც არაერთხელ ჩავსულვარ საქართველოში... ვერცკი წარმოვიდგენდი, რომ არ შემიშვებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, - უთხრა 28 ოქტომბერს დმიტრი გორდონმა ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ს და იქვე ბევრჯერ აღნიშნა, რომ მისთვის ასე საყვარელ საქართველოზე ნაწყენი მაინც არ დარჩა.

სააკაშვილთან განსაკუთრებულ მეგობრობას არ მალავს, მაგრამ, გადაცემის წამყვანის შეკითხვებზე საპასუხოდ, დმიტრი გორდონი კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის ჩარევის სურვილს საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში და ასევე გამორიცხავს - მიტინგებში მონაწილეობის განზრახვას.

ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რეალურ საფრთხეებს ხედავს და ინტერვიუს ჩაწერის გარდა, ადამიანურად უნდოდა მისი გამხნევება.

თუმცა, სააკაშვილის ნახვა დმიტრი გორდონის საქართველოში ვიზიტის ერთადერთი მიზანი არ იყო. „დმიტრი გორდონის აკადემია“ თბილისში გამსვლელი კონფერენციის ჩატარებას გეგმავდა, რომელზეც სიტყვით უნდა გამოსულიყო ყაზახი ბიზნესმენი მარგულან სეისემბაი. საქართველოში არც ის შემოუშვეს.

27 ოქტომბერს, ღამით, სეისემბაიმ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ის, სავარაუდოდ, „საშიშ ელემენტად“ ჩათვალა.

27 სექტემბერს, საქართველოში ვერც დმიტრი გორდონის მეუღლე, ჟურნალისტი - ალესია ბაცმანი შემოვიდა და ვერც მათთან ერთად მყოფი მარია ბარაბაში - რეფორმების საბჭოში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელად ცნობილი პირი.

უკრაინულ მედიასთან ბარაბაში ამბობს, რომ საქართველოში არშეშვების მიზეზად, მას „სავიზო დოკუმენტების არასწორად შევსება“ დაუსახელეს და ამის დამადასტურებელი საბუთიც აქვს; მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისთვის ვიზა არ არის საჭირო.

უკრაინული წყაროების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის თანამშრომელი, მარია ბარაბაში ხელმძღვანელია „მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისისა“, რომლის ექსპერტებიც რეფორმებთან დაკავშირებულ წინადადებებს შეიმუშავებენ უკრაინის პრეზიდენტისა და ეროვნული რეფორმების საბჭოსთვის.

2020 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. საბჭოს თავმჯდომარე თავად პრეზიდენტი ზელენსკია.

„საქართველოს სტუმართმოყვარეობა საკუთარ თავზე გამოვცადე. არ შემიშვეს საქართველოში და არც მიზეზები ამიხსნეს“, - დაწერა ფეისბუკში ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა, საქართველოდან 26 ოქტომბერს გაბრუნებულმა კიდევ ერთმა უკრაინელმა.

ის ამბობს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პასპორტი ჩამოართვეს და უკრაინაში ასე, დოკუმენტების გარეშე დააბრუნეს.

ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და უფლებადამცველები საქართველოს ხელისუფლების ახსნა-განმარტებებს ელოდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG