Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლების ახალი პრეტენზია ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ტერიტორიული პრეტენზიების გარდა, უკვე კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის შესახებაც გამოთქვამს პრეტენზიებს. ჟენევის დისკუსიებიდან ცხინვალში დაბრუნებულმა ოსური დელეგაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიასთან ის პრეტენზიები დააფიქსირეს, რომლებიც მათ ქართულ დელეგაციას წარუდგინეს. ოსური მხარე ითხოვს დაუბრუნდეს ოქონის ხატი - ტრიპტიკონი, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 1991 წელს, ცხინვალის მუზეუმიდან დაიკარგა. ხატი ცხინვალის მუზეუმში 1925 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გადაიტანეს.

ოსური დელეგაციის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ქართულ მხარეს ისტორიულ - არქიტექტურული გამოკვლევებისა და შეფასებისთვის დაუშვან ოსი ექსპერტები ოსეთის ისტორიულ მხარეში, თირსიგომში.

ოქონის ტრიპტიკონი 2001 წელს კრისტის აუქციონზე რუსეთის მოქალაქე ოლეგ ზემლიანიკოვმა გასაყიდად წარადგინა. ამ ამბავმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. 3 წელი გრძელდებოდა კვლევა და, საბოლოოდ, ტრიპტიკონი საქართველოს 2004 წელს დაუბრუნდა. ეს არის სპილოს ძვლისგან გაკეთებული მოვერცხლილი სამკარედი. ისტორიკოსების აზრით, ტრიპტიკონი საქართველოში ბაგრატ მეოთხის მეუღლემ, დედოფალმა ელენემ, მზითვად ჩამოიტანა, მეთორმეტე საუკუნეში კი თამარ მეფემ გორში ოქონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააშენა და იქ ოქონის ტრიპტიკონის დასვენება ბრძანა. ეს ხატი გორის მფარველად ითვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით მისი ადგილსამყოფელი რამდენჯერმე იცვლება და ახლაც მეცნიერების კვლევის საგანს წარმოადგენს. გორის ისტორიის ავტორი, ისტორიკოსი ელდარ მამისთვალაშვილი ამბობს, რომ დღეს წარმოდგენილი სამკარედი ელენე დედოფლისეული ხატი არ არის და ის ჩანაცვლებულია, თუმცა, ამის მიუხედავად, მეცნიერი მიიჩნევს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შეუძლებელია ოსურ მხარეს პრეტენზია ჰქონდეს.

რაც შეეხება თრუსოს ხეობას, რომლის მიმართაც ოსურ ხელისუფლებას განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ გაუჩნდა პრეტენზია, გაგოშიძე ამბობს, რომ იქ არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ქართული წარწერებია, რაც ამ ისტორიულ მემკვიდრეობაზე ოსების პრეტენზიას გამორიცხავს.

დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობის მიხედვით, ოსურ მხარეს კიდევ ერთი პრეტენზია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობასთან დაკავშირებითაც აქვს. „ყურადღება მიექცა ოსური ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვისა და შენარჩუნების საფრთხეს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ოსეთში, მდებარეობს. ოსური დელეგაციის წარმომადგენლებმა მოუწოდეს ქართულ მხარეს ისტორიულ - არქიტექტურული გამოკვლევებისა და შეფასებისთვის დაუშვან ოსი ექსპერტები ოსეთის ისტორიულ მხარეში, თირსიგომში“, - აღნიშნულია განცხადებაში. კონკრეტულად რა ტერიტორიას და რომელ ისტორიულ ძეგლებს გულისხმობს დე ფაქტო ხელისუფლება, გავრცელებულ ცნობაში არ არის განმარტებული. ცნობილია, რომ მათ ტერიტორიული პრეტენზიები დიდი ხანია აქვთ თრუსოსა და კობის ხეობაზე, ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ნაწილზე. ისტორიკოსმა მალხაზ ვახტანგაშვილმა ცოტა ხნის წინ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა განსახლების საკითხსა და ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე. მკვლევარი ამბობს, რომ ტერმინი აღმოსავლეთ ოსეთი ისტორიულ კანონზომიერებაში არ ჯდება და ეს მხოლოდ პოლიტიკური პრეტენზიის სიბრტყეში განსახილველი საკითხია, ხოლო ოსური კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ინგუშებისგან ნასწავლი კოშკებისა და ციხესიმაგრეების სახით ჩანს. ვახტანგაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქართული ისტორიული მემკვიდრეობა ყველაზე მძიმე დღეშია და ამის მაგალითად თირის მონასტერი მოჰყავს, სადაც რუსი მლესავები შევიდნენ და ტაძრის გამაგრება ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე დაიწყეს. ამ ამბავს ხმაური მოჰყვა და მხოლოდ ოსი იტორიკოსების რეაგირების შემდეგ შეჩერდა სამუშაოები.

ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძეც გაკვირვებულია ტერმინ „აღმოსავლეთ ოსეთის“ ამოწევით. მისი თქმით, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება თრუსოს ხეობას, რომლის მიმართაც ოსურ ხელისუფლებას განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ გაუჩნდა პრეტენზია, გაგოშიძე ამბობს, რომ იქ არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ქართული წარწერებია, რაც ამ ისტორიულ მემკვიდრეობაზე ოსების პრეტენზიას გამორიცხავს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ისმის პრეტენზიები ტერიტორიებზე. მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების წნელისისა და კოდას მონაკვეთზე მათ ეგრეთ წოდებული საზღვრის შეცვლა და ამ სოფლების თავიანთ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოქცევა უნდათ. ამისთვის დე ფაქტო პარლამენტში სადემარკაციო კომისიაც შეიქმნა. ამ პრეტენზიას კი ჟენევაში გაჟღერებული კიდევ ერთი პრეტენზია დაემატა, რაც ოქონის ტრიპტიკონის გადაცემასა და თრუსოს ხეობაში ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების შესამოწმებლად ოსი ექსპერტების დაშვებას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG