Accessibility links

დისტანციური სწავლების შესახებ კამპანიაში განათლების სამინისტრო 199 996 ლარს იხდის


"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი არის განათლების სისტემაში მომუშავე კომპეტენტური ადამიანების დაუღალავი, ოპერატიული შრომის შედეგი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს სწავლის უზრუნველყოფასა და განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს".

"კომუნიკაცია გათვლილია ფართო საზოგადოებაზე, თუმცა ყველაზე მეტად ეხება იმ ადამიანებს, ვინც აცნობიერებს ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და მის პირდაპირ კავშირს მათი შვილების კეთილდღეობასთან მუდმივად ცვალებად სამყაროში და საკუთარი თავის დაცულ, მშვიდ სიბერესთან".

ეს ნაწყვეტებია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილიდან, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს სთხოვს მიეცეს ნება აწარმოოს სარეკლამო კამპანია ონლაინ სივრცეში დისტანციური სწავლების შესახებ. სამინისტროს სააგენტომ თანხმობა უკვე მისცა და 15 ივნისიდან 15 ივლისამდე, ანუ მაშინ, როცა საგაზაფხულო სემესტრი დასრულებული იქნება, დისტანციური სწავლების შესახებ კამპანია წარიმართება. სამინისტრო სარეკლამო მომსახურებას მოსახლეობის ინფორმირებისთვის კონკურენციის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის და ეს საკომუნიკაციო კამპანია ითვლება სახელმწიფოებრივი და საზოგადო მნიშვნელობის ღონისძიებად.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასწავლო დაწესებულებები ონლაინსწავლებას, უკვე რამდენიმე თვეა, იყენებენ (მარტის დასაწყისიდან), სატელევიზიო პროექტი „ტელესკოლა“ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 30 მარტიდან გადის იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 3-დან 17 წლამდე ასაკის იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთაც სახლში არ აქვთ ინტერნეტი და კომპიუტერი, ქვეყნის მასშტაბით 50 400-ია.


განათლების სამინისტროს ვკითხეთ, გულისხმობს თუ არა ამ ტიპის კამპანიის ჩატარება იმას, რომ ახალი სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლება კვლავ განიხილება სწავლების ფორმად, რაზეც გვითხრეს, რომ სამინისტრო სექტემბრიდან სასწავლო პროცესის საგანმანათლებლო დაწესებულების შენობებში აღსადგენად ემზადება. ტენდერის დოკუმენტაციაში კი ვკითხულობთ, რომ დისტანციური სწავლის მოდელი “სასწავლო დაწესებულების ღირსეული ალტერნატივაა, რომელიც აგრძელებს მოსწავლე-სტუდენტების განათლებას და განათლების სისტემის რეფორმირების პროცესს” და საზოგადოება არასწორად აღიქვამს მას მხოლოდ დროებით ალტერნატივად.

რაც შეეხება არდადეგების დროს დაგეგმილ საკომუნიკაციო კამპანიას, მის ფარგლებში საზოგადოება ნახავს სტატიებს, ვიდეო და ფოტოისტორიებს, რომელთა რაოდენობაც ამ დროისთვის დაკონკრეტებული არ არის. კამპანიის ბიუჯეტი დეტალურად ასე გამოიყურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG