Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დმიტრი მედვედევის განტოლება: NATO+საქართველო=კონფლიქტს


აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე დმიტრი მედვედევმა ინტერვიუ მისცა გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტს, ვლადიმირ სოლოვიოვს. ვრცელ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ათი წლის წინანდელ ომზე, ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე, საქართველო-რუსეთის შესაძლო სამომავლო ურთიერთობებსა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრობს.

დმიტრი მედვედევი 2008 წლის ომზე

„კომერსანტის“ ჟურნალისტის კითხვაზე, გარდაუვალი იყო თუ არა 2008 წლის აგვიტოს ომი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ არავითარი გარდაუვალობა არ ყოფილა“ და „რომ არა სააკაშვილისა და მის გვერდით მყოფთა უპასუხისმგებლო, ამორალური და დანაშაულებრივი ქმედებები, არანაირი ომი არ იქნებოდა“.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი გამოცემასთან ინტერვიუში შენიშნავს, რომ „კონფლიქტის ფესვები უნდა ვეძებოთ სწორედ 1990-იან წლებში თბილისში ხელისუფლების მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებში, რომელთაც არც აფხაზეთში იღებდნენ და არც სამხრეთ ოსეთში. სწორედ ამის შედეგად გაღვივდა კონფლიქტი და იქ სამშვიდობოები შეიყვანეს. თუმცა 2008 წლამდე როგორღაც ხერხდებოდა ვითარების ბალანსირება, 2008 წელს კი საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მწვანე შუქი აუნთო აგრესიას და მოხდა ის, რაც მოხდა. ეს, უდავოდ, იყო სააკაშვილისა და მისი გარემოცვის სუბიექტური არჩევანი“.

მედვედევი და სააკაშვილი

დმიტრი მედვედევი იხსენებს მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობის დეტალებს და ამბობს, რომ სააკაშვილმა მასთან კონაქტი 2008 წლის ივლისში გაწყდა: „დღეს ვფიქრობ, რომ ეს დაგეგმილი ამბავი იყო - მან, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელი არ ჩაერეოდა პროცესებში და ყურადღებას არ მიაქცევდა იმ ქმედებებს, რასაც ჩვენი სამშვიდობოებისა და, რაც მთავარია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიმართ განახორციელებდნენ. ამას ისიც დაემატა რომ მას უკვე გავლილი ჰქონდა კონსულტაციები თავის მფარველებთან, ამერიკელებთან, და, ალბათ, დაიჯერა, რომ ამერიკელები ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერდნენ“.

მედვედევი - თბილისთან მოსულ რუსულ ტანკებზე

რატომ გაბრუნდნენ თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში გაჩერებული რუსული ტანკები ომის დროს? ამ შეკითხვაზე დღეს დმიტრი მედვედევს ასეთი პასუხი აქვს: იმიტომ, რომ „მიზანი ქართული ჯარების ცხინვალიდან გამოყრა და წესრიგის დამყარება და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება. და რომ მიზანი არ იყო საქართველოს განადგურება და სააკაშვილის დასჯა“. რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგი იყო საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობის დამყარება და მშვიდი ურთიერთობის გაგრძელება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან. მისივე სიტყვებით, რუსეთმა

„საკმაოდ მალე მოახერხა მოლაპარაკება ჰაიდი ტალიავინის კომისიის მუშაობის შედეგებზე, რომელშიც ეწერა, რომ სამხედრო დარტყმა ქართველების მიერ იყო მიყენებული... მთავარი დასკვნა ის იყო, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამას ისტორიიდან ვერ ამოშლი“.

მედვედევი რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაზე

დმიტრი მედვედევი იხსენებს, რომ ომიდან მალევე ის ჯორჯ ბუშს შეხვდა, რომელსაც „არც კი უხსენებია საქართველო და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შექმნილი პრობლემები“. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეიცვალა მკვეთრად რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა უკრაინაში ომის შემდგომ და რატომ ვერ დათბა ურთიერთობები ისევე მალე, როგორც 2008-ში, ის პასუხობს, რომ ეს აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა და რომ „პარტნიორებს რომ უფრო დაბალანსებული პოზიცია დაეჭირათ“, ყველაფერი უფრო მარტივად მოგვარდებოდა.

მედვედევი - დამოუკიდებლობის აღიარებაზე

ჟურნალისტმა მედვედევს ჰკითხა, იყო თუ არა რუსეთის იმდროინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთსულოვანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში, რაზეც ის პასუხობს, რომ მან, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ამაზე თავადაც ბევრი იფიქრა. და რომ მას ამ გადაწყვეტილებაში „პუტინმაც დაუჭირა მხარი“. მისი სიტყვებით, ერთსულოვანი იყო რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობაც. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა მიიღო მშვიდობა.

„ჩვენ შევძელით დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და გამუდმებით არ გვტკივა თავი იმის გამო, რომ რაღაც მომენტში ვიღაც თავს დაგვესხმება, ჩვენ კი მას პასუხი უნდა გავცეთ“.

მედვედევი - საქართველოს მომავალზე ნატოში

იყო თუ არა ყველაფრის თავი და თავი საქართველოს შესაძლო გაწევრიანება ნატოში და რა პოზიცია აქვს დღეს რუსეთს ამ საკითხზე? როგორც ირკვევა, რუსეთი საქართველოს ამ პერპექტივას გულგრილად არ უყურებს.

„იმ ფონზე, როცა ნატოს წევრი ქვეყნების რიცხვი იმატებს, ეს ჩვენ გვაღელვებს. ნატოს გაფართოება არის მუქარა რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს ჩვენთვის გამოწვევაა“. ეს ზოგადად - რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში შესვლას, დმიტრი მედვედევისათვის ეს პირდაპირ პოტენციური კონფლიქტის ტოლფასია.

„ეს მსოფლიოს მიმართ მუქარაა. ყველას გვესმის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს გარკვეული დაძაბულობა, დაურეგულირებელი ტერიტორიული კონფლიქტი. და ასეთი ქვეყანა უნდა მიიღონ სამხედრო ალიანსში? გვესმის მაინც, ეს რა საფრთხეს გვიქმნის? ამან შეიძლება საშინელი კონფლიქტი წარმოშვას“.

როდესაც კონფლიქტზე ლაპარაკობს, მედვედევი ინტერვიუში ახსენებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეტში განთავსებულ რუსულ სამხედრო ბაზებს: „და ამ დროს, ჩვენ გვესმის, რომ თუ სხვა ქვეყანა მათ თავის ტერიტორიად განიხილავს, ამან შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები მოიტანოს. ამიტომ, მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ნატოს ხელმძღვანელობა ამ მხრივ არაფერს მოიმოქმედებს.

რუსეთი და მისი „მოკავშირეები“

ვინ არის დღეს რუსეთის მოკავშირე იმ ფონზე, როცა ვისაც ეს სტატუსი აქვს, მათგან არც ერთი აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას? ჰკითხა „კომერსანტის“ ჟურნალისტმა დმიტრი მედვედევს. ამაზე მას შემდეგი პასუხი აქვს: „მე მესმის, ეს რამდენად რთული საკითხია. ამიტომაც იყო, რომ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ჩემმა კოლეგებმა მოიყარეს თავი, მე მათ ვუთხარი, რომ მესმოდა, რამდენად რთული იყო ეს არჩევანი და ისიც ვთქვი, რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ ამ არჩევანში. ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო და არა მათი.

მედვედევი - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე მომავალში

არსებობს კი შანსი ამ ურთიერთობების აღდგენისა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების ფონზე? თუ რუსეთმა ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ ჩაკეტა ეს შესაძლებლობა? აინტერესებს ჟურნალისტს. პასუხად კი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს დიდწილად არის საქართველოს ახალ მთავრობაზე დამოკიდებული. მისი სიტყვებით, სააკაშვილის კარიერა საქართველოში დასრულებულია და ეს „თავად საქართველოსთვის არის კარგი“. ხოლო რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ მთავრობას, რუსეთი „ მზად არის ახალ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაც შეიძლება - ჩვენ ის არ გაგვიწყვეტია. თუ ქართველ კოლეგებს ექნებათ ეს სურვილი, ჩვენ ამას არ შევეწინააღმდეგებით“, აცხადებს დმიტრი მედვედევი.

XS
SM
MD
LG