Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დროზე მაინც ჩაკლავდნენ კომუნისტებს“. ხმები სოლოვეცკის ციხიდან


საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ამხ. გ.მ. მალენკოვს

მარია ელიზბარის ასული ქებაძე-გეპნერის, მცხ. ქ. თბილისში, აკ. წერეთლის ქ. სახლი N15

განცხადება

ჩემი ვაჟი, მოსკოვის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტის მე-5 კურსის ყოფილი სტუდენტი, ლეონიდ ივანეს ძე გეპნერი, 1934 წლის 3 ნოემბერს, ჩემთვის უცნობი მიზეზით, დააპატიმრეს და 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავდაპირველად ის იმყოფებოდა სოროკაში, შემდეგ კი სოლოვეცკში. მიმოწერა მქონდა 1938 წლამდე, მაგრამ მას შემდეგ არანაირი ცნობა მისგან აღარ მიმიღია.

არაერთი მოთხოვნის პასუხად ყოველთვის ვიღებდი ერთსა და იმავე პასუხს, რომ ის გადაყვანილია შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში მიმოწერის უფლების გარეშე.

10 წლის ნაცვლად, უკვე 20 წელია,იმყოფება გადასახლებაში.

ჩემი ქმარი ფიზიკის მასწავლებელი იყო, გარდაიცვალა 1922 წელს პარტახიანი ტიფისგან. დაქვრივებული თავდადებული ვმუშაობდი ექიმის თანაშემწედ. უმძიმეს პირობებში ვზრდიდი შვილს. კარგად სწავლობდა. 1931 წელს მოსკოვის ინსტიტუტში გადავიდა. როცა სწავლის დასრულებამდე არაფერი უკლდა, სწორედ მაშინ შეემთხვა ეს უბედურება.

ახლა უკვე ბებერი, პენსიაზე მყოფი ავადმყოფი ქალი ვარ. ნერვიულობის ნიადაგზე თვალში სისხლი ჩამექცა და ვიდრე სრულად არ დამიკარგავს მხედველობა, გთხოვთ, შემიბრალეთ და დამიბრუნეთ ჩემი ერთადერთი ვაჟი, რათა სიკვდილის წინ შევავლო თვალი და მერე მან მიმაბაროს მიწას.

თუ რამე მიზეზით შეუძლებელია მისი გათავისუფლება, გთხოვთ, მაცნობოთ მისი ჯანმრთელობის შესახებ და მიმოწერის ნებართვა მომცეთ.

მ.ე. ქებაძე-გეპნერი

5 ივლისი 1954 წელი.

დიქტატორ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ რეპრესირებულთა ნათესავებსა და ახლობლებს კვლავ გაუჩნდათ ერთმანეთის ნახვის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს მათგანთან კავშირი არა ერთი და ორი წლის წინ იყო დაკარგული. თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ასეთი მიმართვა, რომლის ადრესატი უმაღლესი საბჭოთა ინსტანციაა. ყურადღება მიაქციეთ ხელით გაკეთებულ მინაწერებს უბედური დედის წერილზე. ქალი ხელს აწერს იმაზე, რომ ზეპირად შეატყობინეს შვილის გარდაცვალების თარიღი - 1943 წლის 1 ივლისი.

ახლა კი თვალი გადავავლოთ შინაგან საქმეთა ორგანოების მსგავს დოკუმენტებს... თუნდაც ასეთს:

განმცხადებელი ქალი ითხოვს შეატყობინონ მამის - პეტრე ივანეს ძე პეტროვის ბედი.

საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლენინგრადის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს სპეცგანყოფილებების შემოწმებით დადგინდა, რომ პეტროვი პეტრე ივანეს ძე, 1902 წელს დაბადებული, მოსკოვის მკვიდრი, გასამართლებული იქნა დნეპროპეტროვსკის საოლქო სასამართლოს გამსვლელი სესიის მიერ 03.09. 1935 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 97,99 მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სოლოვეცკის ბანაკში სასჯელის მოხდისას გასამართლებულ იქნა ხელმეორედ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ლენინგრადის საოლქო განყოფილების სამეულის (ტროიკის) მიერ 10/10. 1937 წელს. განაჩენი - სასჯელის უმაღლესი ზომა აღსრულებული იქნა 22/9 1937 წელს.

რა საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის N108 სს, 24/8 1955 წლისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს N3/7337 22/9 1955 წლის მითითებებით შემიძლია ვივარაუდო, რომ:

ქალაქ ლენინგრადის მილიციის საპასპორტო-სარეგისტრაციო განყოფილების საშუალებით გაფორმდა მოქალაქე ივანე პეტრეს ძე პეტროვის გარდაცვალების რეგისტრაცია და აღნიშნულ იქნა, რომ ის გარდაიცვალა სასჯელის მოხდის ადგილებში 2/2 – 1943 წელს, პერიტონიტით, რაც ეცნობა პატიმრის ნათესავებს და შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა როგორც საკავშირო შს სამინისტროს, ასევე ლენინგრადის შს საოლქო სამმართველოს I სპეცგანყოფილებებში.

I სპეცგანყოფილების ოპერ-რწმუნებულის თანაშემწე უფროსი ლეინტენანტი სემაშკო

აქ უკვე ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული: ტყუილი, დანაშაული და სისასტიკე ერთმანეთზეა დახვავებული.

ჩვენს წინაშეა საბჭოთა რეპრესიების ორი მსხვერპლი - გეპნერი და პეტროვი, რომლებმაც მხოლოდ ერთთვიანი განსხვავებით (გეპნერმა 1937 წლის 8 დეკემბერს) ამოჰყვეს თავი ე.წ. „სოლოვეცკის ნაკადში“.

„სოლოვეცკის“ ისტორია ძალიან კარგად არის შესწავლილი და დოკუმენტირებული. საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ერთ-ერთი დანაშაულისა და მისი სადამსჯელო იარაღის შესწავლაში შეუფასებელი წვლილი აქვთ შეტანილი იური დიმიტრიევს, ირინა ფლიგეს, ანატოლი რაზუმობს, ოლგა ბოჩკარევასა და სხვა ისტორიკოსებს. კერძოდ, საარქივო, მხარეთმცოდნეობისა და საველე კვლევა-ძიების შედეგად მედვეჟგორსკის (კარელია) მახლობლად, სანდარმოხად წოდებულ ადგილას, აღმოჩენილი იქნა1937-1938 წლებში შს სახალხო კომისარიატის მიერ განადგურებული ადამიანების სამარხი. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს თავისი დანაშაულის კვალს, შემთხვევითი არ უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მკვლევარის, იური დიმიტრიევის სისხლის სამართლებრივი დევნა.

აი, როგორია „სოლოვეცკის ნაკადის“ ძირითადი ქარგა. 1937 წლის 3 ივლისს სტალინმა ტელეგრაფით აცნობა შს სახალხო კომისარიატსა და რეგიონალურ პარტიულ ხელმძღვანელობას კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს 2 ივლისის Nპ51/94 გადაწყვეტილება „ანტისაბჭოთა ელემენტების შესახებ“. 30 ივლისს სახალხო კომისარმა ნიკოლაი ეჟოვმა ხელი მოაწერა სრულიად საიდუმლო ბრძანებას N00447 (სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის ოპერატიული ბრძანება N00447 „ყოფილი კულაკების, სისხლის სამართლის დამნაშავეების და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესირების შესახებ“). ამ დანაშაულებრივი დოკუმენტის საფუძველზე დაჭერილი და რეპრესირებული იქნა 1 მლნ 700 ათას ადამიანზე მეტი. ბრძანება ახდენდა რეპრესიებს დაქვემდებარებულ პირთა როგორც ხარისხობრივ და რაოდენობრივ, ასევე გამოძიებისა დ სამართალწარმოების რეგლამენტირებას. ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების ფალსიფიკაციას.

უმტკიცებდა მოსახლეობას, რომ კაუცკი და ჰიტლერი ატარებენ სწორ პოლიტიკას და იმავდროულად ყველანაირად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ჩვენი პარტიის ლიდერებს კ. მარქსს და ამხ. სტალინს. უწოდებდა ამხანაგ სტალინს სომეხს, მწვადს და ამბობდა, რომ სტალინი ადრე რძეს წოვდა, ახლა კი სისხლს სვამს; უმზერდა სტალინს პორტრეტს და ამბობდა, „როდის იქნება, რომ ჩემი ხელით მოგიღო ბოლო"...


1937 წლის 16 აგვისტოს სახალხო კომისარმა ეჟოვმა ხელი მოაწერა დირექტივას N59190 შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ლენინგრადის ოლქის სამმართველოს უფროსის, ზაკოვსკისადმი. მოკლე ამონარიდი დოკუმენტიდან:

  1. 25 აგვისტოდან დაიწყოს და ორ თვეში დასრულდეს ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ციხეებში მყოფი კონტრრევოლუციური ელემენტების რეპრესირების შესახებ.
  2. ყველა, ვინც რეპრესიებს ექვემდებარება, დაიხვრიტოს სამეულების (ტროიკების) მიერ საქმეების განხილვის შემდეგ.
  3. სოლოვეცკის კუნძულისთვის დამტკიცდეს რეპრესირების ლიმიტი 1200 კაცი.
  4. დადგინდეს სამეულების მიერ საქმეების განხილვის წესი: ციხის უფროსები პირადი საქმეებისა და ოპერატიული აღრიცხვის მასალების საფუძველზე წარმოადგენენ ცნობას თითოეულ პატიმარზე, რომელიც ექვემდებარება რეპრესიას; სამეულის წევრებს გამოაქვთ განაჩენი და ადგენენ ოქმს.
  5. განაჩენს აღასრულებენ სპეციალური რაზმები ციხის უფროსის ან ოპერატიულ ნაწილში მისი თანაშემწის პირადი ხელმძღვანელობით.

ეჟოვის დირექტივის საფუძველზე პატიმრებს სიკვდილს უსჯიდნენ ბრალის წარდგენის გარეშე, სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპის სრული იგნორირებით.

ეჟოვის ამ დირექტივის საფუძველზე ლენინგრადის ოლქის შს სახალხო კომისარიატის სამმართველომ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ზაკოვსი (დახვრიტეს 29.08.1938, სიკვდილის შემდგომ რეაბილიტაციაზე უარი ეთქვა), გარინი (გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1940 წელს), პოზნერი (დახვრიტეს 25.02. 1939 წელს, რეაბილიტირებულია 1957 წელს), მოგვიანებით ლიტვინი (თავი მოიკლა 12.11.1938) და მდივანი ეგოროვი (გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით 1951), 1937 წლის დეკემბრიდან 1938 წლის თებერვლამდე პერიოდში ხელი მოაწერა 9 ოქმს (NN 81-85, 134, 198, 199, 303). ამ დოკუმენტების მიხედვით დახვრეტილი იქნა 1825 ადამიანი. ჩეკისტებმა ლიმიტს - 1200 დახვრეტილს, უკვე 1937 წლის ნოემბრის ბოლოს გადააჭარბეს... ისინი ხომ გეგმების გადაჭარბებით შემსრულებელ ქვეყნაში მუშაობდნენ. როგორც წესი, ყველა ოქმის სამოტივაციო ნაწილი სტანდარტული და თითქმის ერთნაირი იყო:

საბჭოთა კავშირის შს სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სოლოვეცკის ციხის ოპერატიული ნაწილის საქმე N103007-37წ, 182 კაცზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ პატიმრობა სხვადასხვა ვადით ტროცკისტული და ტერორისტულ-დივერსიული საქმიანობისათვის და, რომლებიც კვლავ რჩებიან კონტრრევოლუციურ პოზიციებზე, განაგრძობენ პატიმრებს შორის კონტრრევოლუციურ ტერორისტულ საქმიანობას და გამოთქვამენ ტერორისტულ ზრახვებს (ოქმი N82, 1937 წ. 9 ოქტომბერი).

საბჭოთა კავშირის შს სახალხო კომისარიატის სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სოლოვეცკის ციხის ოპერატიული ნაწილის საქმე N103018, 22 კაცზე, რომლებიც გასამართლებული არიან სხვადასხვა ვადით კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის და კვლავ რჩებიან რა თავიანთ პოზიციებზე, განაგრძობენ კონტრრევოლუციურ ტროცკისტული აგიტაციის ჩატარებას და მიზნად ისახავენ, სასჯელის მოხდის შემდეგ, კვლავ განაგრძონ ბრძოლა პარტიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ამ ჯგუფურ „საქმეებს“ ციხის ხელმძღვანელობა და სამეულები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ქმნიდნენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა ტოტალურ ფალსიფიცირებას. ამის შესახებ წერდნენ პროკურორები თავიანთ პროტესტებში და სასამართლოები განჩინებებში სიკვდილის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესებში:

ციხეებისა და ბანაკების ადმინისტრაციების მიერ სამეულებისათვის მიწოდებული დოკუმენტაციის ნიმუშად შეიძლება მოვიტანოთ საარქივო-საგამოძიებო საქმე, რომლის მიხედვითაც, სასტუმროს მეპატრონე ტიან-სი-ჩი რეპრესირებულ იქნა 1928 წელს:

სოლოვეცკის ციხეში ცნობა/დახასიათებაზე „შრომობდნენ“ ციხის უფროსი აპატერი (დახვრიტეს 22.08.1938, რეაბილიტაციაზე უარი ეთქვა) და მისი თანაშემწე ოპერატიულ დარგში გვარად რაევსკი (რეპრესირებულ იქნა 1939-1947, რეაბილიტაცია - 1955).

ჯერ კიდევ 1990-იან წლებში საზოგადოება „მემორიალის“ თანამშრომლებმა ნადეჟდა ალექსანდროვამ, ბენიამინ იოფემ, სერგეი კრივენკომ, ირინა ფლიგემ მიიღეს სოლოვეცკის ციხის პატიმართა საარქივო-საგამოძიებო საქმეების ასლების გადაღების ნებართვა. საუბარია, იმ პატიმრებზე, რომლებიც დაიხვრიტნენ ლენინგრადის სამეულის (ტროიკის) ოქმების მიხედვით. ამჟამად მოსკოვის „მემორიალში“ ინახება დახვრეტილების 170 საარქივო-საგამოძიებო საქმის ასლები, რომელთა შინაარსი, მეტ-ნაკლებად, სტანდარტულია.

ამ თხელი საქაღალდეების კითხვა არა მხოლოდ გვეხმარება უკეთ დავინახოთ საბჭოთა რეპრესიების წვრილმანი დეტალები, არამედ შევაღწიოთ გასული საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა ადამიანის სამყაროში.

მაშ ასე, ყველა, 9 ოქმის მიხედვით, დახვრეტილები მანამდეც რეპრესირებულები იყვნენ. საკითხავია, რისთვის?

ზიგანურ ხამიდულინი, დაიბადა 1910 წელს, სტუდენტი, 10 წელი მიესაჯა 1934 წელს, დახვრეტილია 1937 წლის 8 დეკემბერს.

დადგენილება [12 აგვისტო, 1933] აღკვეთის ღონისძიების და ბრალის წარდგენის შესახებ:

აპასტოვო. 11 აგვისტო, 1933 წ. მე, აპასტოვოს რაიონის რწმუნებულმა კოზირევმა, განვიხილე რა საგამოძიებო მასალები N საქმეზე და მივიღე მხედველობაში, რომ თათრეთის რესპუბლიკის აპასტოვოს რაიონის სოფელ ბურნაშევოში მცხოვრები მოქალაქე ზიგანურ ხამიდულინი იმხილება იმაში, რომ ხამიდულინი, მოსკოვის უმაღლესი საინჟინრო-ტექნიკური კურსების სტუდენტი, ჩამოვიდა რა ივნისის თვეში არდადეგებზე თავის სოფელ ბურნაშევოში, სისტემატურად დაკავებული იყო პროვოკაციული ჭორების გავრცელებით, რომ უკრაინა მოცულია შიმშილობით. ხამიდულინი ეწეოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდას მოსახლეობაში, ამბობდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება მალე განადგურდება; უმტკიცებდა მოსახლეობას, რომ კაუცკი და ჰიტლერი ატარებენ სწორ პოლიტიკას და იმავდროულად ყველანაირად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ჩვენი პარტიის ლიდერებს კ. მარქსს და ამხ. სტალინს. უწოდებდა ამხანაგ სტალინს სომეხს, მწვადს და ამბობდა, რომ სტალინი ადრე რძეს წოვდა, ახლა კი სისხლს სვამს; უმზერდა სტალინს პორტრეტს და ამბობდა, „როდის იქნება, რომ ჩემი ხელით მოგიღო ბოლო“; ეწინააღმდეგებოდა კოლმეურნეობის მშენებლობას და საკოლმეურნეო სამუშაოებს. შეგნებულად შეამცირა საკოლმეურნო ხორბლის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4 ცენტნერამდე.

1925 წელს, სკოტლანდ-იარდის მიერ გადაბირების შემდეგ გლუშჩენკო სისტემატურად ეწეოდა შპიონაჟს ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ...


კირილოვი ანდრეი ვასილის ძე, დაბ. 1897 წელს ივანოვოს ოლქში, დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქიმიურ-ტექნიკური ინსტიტუტი, მუშაობდა უფროს ინჟინრად „ელექტროქიმმეტში“, ცოლ-შვილიანი, ცხოვრობდა მოსკოვში (სვერდლოვის მოედანი, 3), დაპატიმრებული იქნა 1934 წლის 26 აპრილს. განსაკუთრებულ საქმეთა პოლიტიკური სამმართველოს სამეულმა 1934 წლის 20 მაისს მიუსაჯა 10 წელი შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. ლენინგრადის ოლქის შს სახალხო კომისარიატის სამმართველოს სამეულის N303 ოქმის მიხედვით, 1938 წელს 14 თებერვალს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა ბრალის წარდგენის გარეშე, დახვრეტილ იქნა 1938 წლის 17 თებერვალს.

ანდრეი კირილოვის გვარი ფიგურირებდა „ანტისაბჭოთა ლიტერატურული წრისა და ჟურნალის საქმეში“ , მასთან ერთად ბრალდების საქმეში გადიოდნენ: ნიკიტა რუდნევი, კირილოვის ძმა არკადი კირილოვი, ვადიმ ბაიჩერი და სხვ. განაჩენში ნახსენებია ანდრეი კირილოვის პამფლეტი საბჭოთა კავშირში სიტყვის თავისუფლებისა და კრიტიკის არქონის შესახებ - „ვირის საუბარი ქრისტესთან“.

გლუშჩენკო ტიმოფეი ეგნატეს ძე, დაბ. 1888 წელს პოლტავის გუბერნიაში, კომუნისტური პარტიის წევრი, იყო დირექტორ-განმკარგველი ლონდონში მომუშავე საბჭოთა სამეურნეო ორგანიზაციის ships-arkos-ის. დაპატიმრებამდე ასევე ხელმძღვანელობდა აშშ-ში საბჭოთა-სავაჭრო ფლოტისათვის გემების შესყიდვის კომისიას, ცხოვრობდა ლენინგრადში, ცოლ-შვილიანი, დააპატიმრეს 1930 წლის 10 აპრილს, მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც შეუცვალეს 10 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. ლენინგრადის ოლქის შს სახალხო კომისარიატის სამმართველოს სამეულის N85 ოქმის მიხედვით, 1937 წლის 14 ოქტომბერს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ფორმა, დახვრეტა ბრალის წარდგენის გარეშე. დახვრიტეს 1937 წლის 1 ნოემბერს.

კარგი ცხოვრება მხოლოდ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (ენ-კა-ვე-დეს) თანამშრომლებს აქვთ. სიმართლეს ამბობენ გერმანიაში, რომ ენ-კა-ვე-დე შეიარაღებული ძარცვით არის დაკავებული...


ცნობა გაცემული სოლოვეცკის ციხის უფროსის, აპატერის მიერ ტიმოფეი ეგნატეს ძე გლუშჩენკოს საქმეზე: 1925 წელს, სკოტლანდ-იარდის მიერ გადაბირების შემდეგ გლუშჩენკო სისტემატურად ეწეოდა შპიონაჟს ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ; სისტემატურად აწვდიდა ინფორმაციას როგორც კომინტერნის საიდუმლო ღონისძიებების შესახებ, ასევე საბჭოთა მუშაკების მივლინებებზე ინგლისში, ამ მივლინებების შინაარსსა და სხვა საიდუმლო მონაცემებზე.

მემორანდუმი N1/4 პატიმარ ტიმოფეი ეგნატეს ძე გლუშჩენკოს საქმეზე 1932 წლის 8 ივლისის მდგომარეობით.

...25.06 გლუშჩენკომ ვოეიკოვის ბინაში ყოფნისას თქვა, რომ საზღვარგარეთ მუშაობდა საბჭოთა სავაჭრო ფლოტის წარმომადგენლად, სადაც, მუშაობის პროცესში დარწმუნდა, რომ ევროპა და ამერიკა, სამხედრო-საზღვაო საქმეების თვალსაზრისით, ბევრად უფრო მაღლა დგანან ვიდრე საბჭოთა კავშირი. „იმ გემებსა და ორთქმავლებში, რომლებსაც ყიდულობს საბჭოთა მთავრობა თავისი ფლოტის შესავსებად, ანგარიშსწორება ოქროთი ხდება, მაშინ როცა ფორდი ასევე ყიდულობს ამ ხომალდებს თავისი ავტომობილების გადასაიარაღებლად და ფორდისვე აზრით, ეს ხომალდები შეიძლება მივაკუთვნოთ ჯართს, ასე რომ ამ ჯართს იმარაგებს საბჭოთა ქვეყანა“.

ლოგიკური იყო პატიმრების მხრიდან საბჭოთა წყობის რეპრესიული ბუნების შესახებ საუბარი, რაც პირადი გამოცდილებითაც დასტურდებოდა:

ვლადიმირ ალექსანდრეს ძე ილშტეინი, დაბ. 1898 წელს დნეპროპეტროვსკში, მუშაობდა „ორგმეტალში“, მოსკოვში; დააპატიმრეს 1932 შლის 10 სექტემბერს, 1933 წლის 20 თებერვალს სამეულმა მიუსაჯა 10 წლით პატიმრობა; N198 ოქმის მიხედვით, 1937 წლის 25 თებერვალს სამეულმა მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ფორმა, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი 1937 წლის 8 დეკემბერს.

აგენტურული პატაკი. 1936 წ. 16 აპრილი: პატიმრები სოპილკინი და ილშტეინი, საერთო საცხოვრებელში ყოფნისას, ქებით იხსენიებდნენ ცხოვრებას საზღვარგარეთ. ამასთან პატიმარმა ილშტეინმა თქვა, რომ გერმანიაში ყოფნისას, თავს ძალიან კარგად გრძნობდა, რადგან იქ ადამიანებს ციხეში უმიზეზოდ არ სვამენ. რუსეთში კი ყველაფერში იგრძნობა ხელმოკლეობა და თუკი ვინმე თავისთვის რამეს შეიძენს, ამისთვის 10 წლით სვამენ ციხეში. კარგი ცხოვრება მხოლოდ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (ენ-კა-ვე-დეს) თანამშრომლებს აქვთ. სიმართლეს ამბობენ გერმანიაში, რომ ენ-კა-ვე-დე შეიარაღებული ძარცვით არის დაკავებული.

შეიგნეთ, სსრკ - ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ექსპერიმენტი, უტოპიაა...


ჩისტიაკოვი ვალენტინ ივანეს ძე, დაბ. 1913 წელს, კალუგის ოლქის მკვიდრი. ცხოვრობდა მოსკოვში მამასთან ერთად, მუშაობდა უფროს ტექნიკოსად კრემლის მართვის ავტომატურ სადგურში. დააპატიმრეს 1934 წლის 16 იანვარს, 20 თებერვალს გაასამართლა სამეულმა და მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1938 წლის 14 თებერვალს სამეულმა ბრალის წარდგენის გარეშე მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ფორმა - დახვრეტა, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი 1938 წლის 17 თებერვალს.

აგენტურული დასმენის ოქმი. „იაკოვლევი“. 1937 წ.

მიმდინარე წლის 23 მარტს ვალენტინ ივანეს ძე ჩისტიაკოვმა, სტალინის წიგნის „ლენინიზმის საკითხების“ თვალიერებისას, იკითხა: განა ჩვენში არის სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლება? რა თქმა უნდა, არ არის და არც შეიძლება რომ იყოს. განა შეგიძლიათ გაზეთებში გამოაქვეყნოთ რამე დაპატიმრებისა და ციხეში ხანგრძლივად გამოკეტვის შიშის გარეშე? აიღეთ საფრანგეთი. იქ წერენ, რაც უნდათ და როგორც უნდათ, თუ გინდა აგინე პრეზიდენტსაც კი, მთავარია ხელებს არ მისცე გასაქანი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი გახრწნა კომუნისტური პარტია. პარტიული მასები ამბობენ, რომ ასე შეუძლებელია წინსვლა. შეიგნეთ, სსრკ - ეს წარმოუდგენელი მასშტაბის ექსპერიმენტი, უტოპიაა. უნდა იკითხოთ წიგნები („ლენინიზმის საკითხებზე“ მიუთითებს) არა იმისთვის, რომ უკრიტიკოდ შეისრუტოთ, არამედ პირიქით, გასაკრიტიკებლად. მე სულის სიღრმეში არასაბჭოთა ადამიანი ვარ და ასეთ წიგნებს მხოლოდ იმისთვის ვკითხულობ, რათა უკეთ შევიცნო ყველა, ვინც ჩემი მტერია.

საბჭოთა მოქალაქეების ნაწილი მოქმედი რეჟიმის ცვლილების იმედს მოახლოებულ ომს უკავშირებდა.

სოლოდკოვი ვასილი ალექსის ძე, დაბ. 1890 წელს, მოსკოვის ოლქის სოფელ პრუდნაიაში, მსახურობდა შრომა-გასწორების კოლონიის უფროსის თანაშემწედ, დააპატიმრეს 1933 წლის 5 ნოემბერს, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ფორმა, რომელიც შეუცვალს 10 წლიანი პატიმრობით. სასჯელს იხდიდა სოლოვეცკის ციხეში. დახვრიტეს 1938 წლის 17 თებერვალს სამეულის გადაწყვეტილებით.

სოლოვეცკის ციხეში შედგენილი ცნობა პატიმარ სოლოდკოვის შესახებ: 14.10. 1937 წ. პატიმარი სოლოდკოვი რეჟიმის ცვლილების საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ „ყველა მხრიდან მოგვაწვებიან, რათა საბჭოთა კომუნისტებს ძალიან გაუჭირდეთ. ხან იტალიელები ესხმიან თავს, ხან იაპონელები და გერმანელები დაცხებენ ხოლმე, დროზე მაინც ჩაკლავდნენ კომუნისტებს, კვლავ გამოცოცხლდებოდა ხალხი“.

მცირე რაოდენობით ასევე იყვნენ წინააღმდეგობის აქტიური მონაწილეები, რომლებიც მართალია სტიქიურად, მაგრამ მაინც ებრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.

საზღვარგარეთ უმუშევრები უფრო კარგად ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენი საუკეთესო მუშები...


ბეკი ფერდინად ფრანცის ძე, დაბ. 1895 წელს, ვოლგისპირელი გერმანელი, ცოლშვილიანი, მეწაღე სოფელ როზენჰეიმიდან (სარატოვის ოლქი); დააპატიმრეს 1932 წლის 31 დეკემბერს, 1933 წლის 4 მარტს მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც 10 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს. სამეულის N303 ოქმის მიხედვით, 1938 წელის 14 თებერვალს ბრალის წარდგენის გარეშე მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ფორმა, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი 1938 წლის 17 თებერვალს.

აგენტურული პატაკი. 3/11 – 1937 წ.:

2 ნოემბერს ფ.ფ. ბეკმა, უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით, ა.ფ. დენისოვთან საუბარისას თქვა: „გერმანიაში არჩევნების წინ არავის იჭერენ, ჩვენთან კი ვერ დაითვლი იმდენია დაჭერილი. როგორი არჩევნები იქნება, თუკი ნახევარი მოსახლეობა ციხეებსა და ბანაკებში იქნება გამოკეტილი. ამას ჰქვია დემოკრატია და სტალინური ბედნიერება. ესაა ბარბაროსობა, რომელსაც უნდა ებრძოლო. საზღვარგარეთ სსრკ-ს გავლენის სფერო მცირდება, მაშინ როცა ფაშიზმის გავლენის სფერო იზრდება. რუსეთის გარდა, საბჭოთა რესპუბლიკა არსად არ გვხდება, ფაშისტური კი ევროპის ნახევარ სახელმწიფოებშია. ესპანეთში, გერმანიაში ამინისტია გამოაცხადეს, ჩვენთან კი ეშინიათ. ყველა ჩამოსული მწერალი თავიდან აღფრთოვანებული წერს საბჭოთა კავშირზე, შემდეგ კი იმედგაცრუება ეუფლებათ. საზღვარგარეთ უმუშევრები უფრო კარგად ცხოვრობენ, ვიდრე ჩვენი საუკეთესო მუშები“.

24 თუ 25 ოქტომბერს ბეკმა თქვა, რომ კაშირის ჰესზე მუშაობისას 2 ფუთიანი ჰანტელი ჩააგდო ერთ-ერთ მოტორში. „სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხე მოსკოვის უშუქოდ დატოვება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამას სხვები შეძლებენ“.

პატიმარ ბეკს ვეღარ წარმოუდგენია, რომ გათავისუფლების შემდეგ დამშვიდდება.“ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის წართმეული ცხოვრებისთვის, ჩვენები შურს იძიებენ ისე, როგორც ბოლშევიკებთან ბრძოლაში ამას აკეთებენ ესპანეთსა და ჩინეთში“.

საარქივო-საგამოძიებო საქმეების დოკუმენტები ნათელს ჰფენენ ბანაკებში დამსმენთა ქსელის მუშაობასაც. როგორ „სირთულეებთან“ იყო დაკავშირებული მათი „სამსახური“ და რა მასშტაბის დავალებებს იღებდნენ ისინი უფროსობისგან? თვალსაჩინოებისათვის ავიღოთ აგენტ „აჩინსკისათვის“ მიცემული მრავალპუნქტიანი დავალება.

ა) აღიწეროს გლუშჩენკოს დანაშაულის სრული სურათი: რატომ იხდის სასჯელს ბანაკში? რაში არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ?

ბ) ევროპის რომელ ქვეყნებსა და რომელ სამსახურში იმყოფებოდა გლუშჩენკო? ვის მიერ იყო მივლენილი?

გ) ინგლისსა და კიდევ რომელ ქვეყნებში ჰყავს გლუშჩენკოს მეგობრები და როგორია მათი კავშირები?

დ) აღიწეროს გლუშჩენკოს ნაცნობთა წრე, რომელიც მას ამერიკაში ჰყავს.

ე) დადგინდეს, ჰყავს თუ არა გლუშჩენკოს ახლო ნაცნობები როგორც გარეთ, ასევე ბანაკებში, დადგინდეს მათი გვარები.

ვ) დაფიქსირდეს გლუშჩენკოს მიერ გამოთქმული მოსაზრებები როგორც საერთაშორისო პოლიტიკის, ასევე ბანაკებში გატარებული პოლიტიკის შესახებ.

ღონისძიებები:

ა) გლუშჩენკოს მიერ გაგზავნილი და მიღებული კორესპონდენციის გულმოდგინე პერლუსტრაცია.

ბ) იმის გამო, რომ გლუშჩენკო მიიჩნევა უაღრესად მნიშვნელოვან ობიექტად, საჭიროა მის გარემოცვაში ახალი აგენტის ჩანერგვა.

გ) რადგან ვოეკოვი იმყოფება ახლო ურთიერთობაში გლუშჩენკოსთან და სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით, საჭიროა მისი გადაბირებაც...

ზოგიერთი ინფორმატორის „ნიჭიერება“ ერთსა და ორ ფურცელზე არ ეტეოდა და მრავალგვერდიან დოკუმენტად იქცეოდა ხოლმე:

არ ღირს „ბანაკის კარიერიზმის“ ამგვარი გამოვლინების უგულებელყოფა. სოლოვეცკის ციხის უფროსობას - აპეტერსა და რაევსკის, ცნობებსა და დახასიათებებში სწორედ ამ აგენტურული კრებსებიდან გადაჰქონდათ ციტატები და, არსებითად, ეს ციტატები თამაშობდნენ გადამწყვეტ როლს ადამიანების დახვრეტაში. თხრობა დავიწყეთ მოკლული სტუდენტის, ლეონიდ გეპნერის დედის წერილით. აპეტერი და რაევსკი ლენინგრადის სამეულს (ტროიკას) წერენ: სოლოვეცკში, პატიმრობისას, თავი გამოიჩინა როგორც საბჭოთა ხელისუფლების აქტიურმა და შეურიგებელმა მტერმა. საბჭოთა ინდუსტრიას მიიჩნევს „პოტიომკინის სოფლად“. პატიმართა შორის სისტემატურად აწარმოებს ანტისაბჭოთა პროპაგანდას“.

აშკარაა, რომ მსგავსი ცნობების წყაროები იყვნენ ეს „შახები“, „კორჟენევკები“, „მეგობრები“ და ა.შ. 167-დან მხოლოდ 3 თუ 4-ია სისხლის სამართლის საქმე (ქურდობა და ძარცვა). ხანდახან გამაოგნებელი ისტორიები გვხვდება.

ლეონტიევი სერგეი ალექსანდრეს ძე - დაიბადა 1914 წ. ქალაქი ბეჟიცა ბრიანსკის ოლქი. უცოლშვილო, ცხოვრობდა დედასთან ერთად, მუშაობდა კონსტრუქტორად მანქანათმშენებლობაში. დააპატიმრეს მოსკოვში (სტუდენტი) 1933 წლის 24 სექტემბერს. მთავარი პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიამ 1933 წლის 13 დეკემბერს მიუსაჯა 10 წელი. 1938 წლის 14 თებერვალს ლენინგრადის ოლქის ტროიკამ (სამეულმა) ბრალის წაყენების გარეშე მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ფორმა, დახვრიტეს 17 თებერვალს. ლეონტიევის საქმეში დევს აგენტის დასმენის ფრაგმენტი:

„ლეონტიევი უკიდურესად ჩაკეტილი ადამიანია, არ მეგობრობს არავისთან. დროს ძირითად ატარებს ისეთი წიგნების კითხვაში, რომლებიც აღწერენ გასული საუკუნის ინტელიგენციისა და შუა საუკუნეების ცხოვრებას. ამასთან პატიმარ კუშინიმთან საუბარში თქვა, რომ XX საუკუნეს ხალხი და ხელოვნება მიჰყავს არა აღორძინებისაკენ, არამედ დაისისკენ. აღარ არ არის სიცოცხლის ის წყურვილი და სიხარული, რაც წინა საუკუნეში იყო“.

ლეონტიევის საქმეში გვერდიგვერდ დევს სამი დოკუმენტი: ფრაგმენტი აგენტის დასმენიდან, ციხის უფროსის მიერ ლენინგრადის ტროიკისათვის მიწოდებული ცნობა XX საუკუნეზე გამოთქმული ფრაზით და დედის წერილობითი თხოვნა მოკლული შვილის რეაბილიტაციის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG