Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმილის ოქრო - დეპუტატები, რომლებიც 4-წლიანი "მდუმარების" შემდეგ ისევ პარლამენტში მოხვდნენ


"მდუმარე დეპუტატები" - ეს ტერმინი ბოლო რამდენიმე წელია იმ პარლამენტარების კრებით სახელად გამოიყენება, ვინც პლენარულ სხდომაზე კითხვას არ სვამს, მოსაზრებას არ გამოხატავს, სიტყვით არ გამოდის - მოკლედ, ვისი ხმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთხელაც არ გაუგიათ.

როგორც წესი, ასეთი დეპუტატების უმრავლესობა შეძლებული ბიზნესმენია.

მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატების 10 პროცენტზე მეტს, 16 პარლამენტარს, ოთხი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე მიკროფონი ერთხელაც არ ჩაურთავს. ამას ადასტურებს დოკუმენტები, რომლებიც რადიო თავისუფლებამ პარლამენტიდან გამოითხოვა.

2016-2020 წლების პარლამენტის მდუმარე დეპუტატებიდან 2 "ნაციონალური მოძრაობის" სიით იყო შესული ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, 14 კი "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. მათგან შვიდი, 2020 წელს არჩეულ პარლამენტშიც მოხვდა.

მე-9 მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან, თუმცა "ქართული ოცნებიდან" მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრები გახდნენ: ელგუჯა გოცირიძე, სამველ მანუკიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ირაკლი ხახუბია და ვიქტორ ჯაფარიძე.

მათგან დიმიტრი სამხარაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია ყველაზე მოკრძალებულია. ელგუჯა გოცირიძე და ირაკლი ხახუბია მილიონერები არიან, დანარჩენებს კი რამდენიმე ასეული ათასის ქონება აქვთ დეკლარირებული.

რადიო თავისუფლებამ ექვსივე დეპუტატთან სცადა დაკავშირება. კითხვებს მხოლოდ ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა.

რ.თ.: მე-9 მოწვევის პარლამენტში სიტყვით არ გამოსულხართ საერთოდ. მიზეზი რა იყო? კითხვის დასმა ან მოსაზრების გამოთქმა არ გსურდათ?

ვიქტორ ჯაფარიძე: მე რაც საჭირო იყო, იმ საკითხებზე კომიტეტებზე ვსაუბრობ და იქ ვაყენებ...

რ.თ.: პლენარულ სხდომაზე არ გქონიათ იგივე სურვილი?

ვიქტორ ჯაფარიძე: მე რაც გიპასუხე, თუ არ გაკმაყოფილებს, რამდენიც არ უნდა მიტრიალო, ამ პასუხს გაგცემ.

რ.თ.: რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის დეპუტატიც გახდეთ, სიტყვით გამოსვლა ხო [დეპუტატის მოვალეობაა]?..

ვიქტორ ჯაფარიძე: ამას ჩემი ამომრჩეველი გადაწყვეტს.

ვიქტორ ჯაფარიძე
ვიქტორ ჯაფარიძე

ვიქტორ ჯაფარიძე და მისი შვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის ობიექტები 2020 წელს გახდნენ. კვლევის მიხედვით, დეპუტატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო უწყებებთან 2018 წლიდან 2020 წლის ივლისამდე 6 მლნ ლარზე მეტის კონტრაქტები გააფორმეს. ჯაფარიძის ოჯახმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ 410 ათასი ლარი შესწირეს.

„ქართულმა ოცნებამ“ მე-10 მოწვევის პარლამენტში საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესების მოტივით რეგლამენტში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა. პროექტის მიხედვით, თუ დეპუტატი 1 თვის განმავლობაში გააცდენს პლენარულ სხდომებს, ის ხელფასს ვერ მიიღებს. ცვლილება არ ეხებათ იმ დეპუტატებს, რომლებიც სხდომას დაესწრებიან, მაგრამ საპარლამენტო დარბაზში არ იაქტიურებენ - არც სიტყვით გამოვლენ, არც კითხვას დასვამენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ვკითხეთ, რატომ მოხვდნენ „ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტში ისეთი დეპუტატები, რომლებიც არ სარგებლობენ სიტყვით გამოსვლის უფლებით. მდინარაძე გვპასუხობს, რომ დეპუტატის საქმიანობა მხოლოდ დარბაზში გამოსვლებით არ უნდა შეფასდეს.

მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

„თუკი არის მაჟორიტარი, ან პროპორციული სიის წარმომადგენელი, რომელიც ძალიან ქმედითია მოქალაქეების პრობლემების იდენტიფიცრებაში, ჩვენამდე მოტანაში, დღე და ღამე არ ჩერდება - ფრაქციის თავმჯდომარესთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ლიდერებთან მიდის და ამ საკითხებს აყენებს და ხან კანონპროექტი დგება და ხან მთავრობასთან კონსულტაციები იმართება - მე ასეთი დეპუტატები ზოგიერთ "მოლაპარაკე" დეპუტატებზე ქმედითებადაც კი მიმაჩნია“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.

რ.თ.: მაშინ მხოლოდ პლენარულ სხდომაზე დასწრება როგორ შეიძლება იყოს ის კრიტერიუმი, რომლითაც ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, დეპუტატი ხელფასს ვერ მიიღებს?

მამუკა მდინარაძე: პლენარული სხდომაც არის ნაწილი საპარლამენტო საქმიანობის... არის გარკვეული დღეები, როცა მთავარი საკითხები იყრის ერთ მთავარ ადგილზე, სხდომის დარბაზში თავს... უამრავ სამუშაოს ვაკეთებთ დღის განმავლობაში და შემდეგ ეს ყველაფერი იკრიბება იმ სხდომათა დარბაზში და შემაჯამებელ აქტივობასაც თუ არ ესწრება, არ უნდა ე.ი. იმას პარლამენტარობა და ამიტომ ვალდებულია კანონშემოქმედი, რომ ამ ყველაზე მთავარი, მათ შორის, ფორმალური, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მოახდინოს სანქციების დაწესებით.

მე-10 მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიითაც მოხვდა ერთი „მდუმარე დეპუტატი” (რამაზ ნიკოლაიშვილი), რომელსაც გასული 4 წლის განმავლობაში პლენარულ სხდომათა დარბაზში მიკროფონი არ ჩაურთავს. ნიკოლაიშვილს მის პარტიასთან ერთად დეპუტატის მანდატზე უარი აქვს ნათქვამი და არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG