Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები კახეთში


კახეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ამსახველი ფოტომასალა
კახეთში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ამსახველი ფოტომასალა

ვროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა რეგიონში შეხვედრებს მართავს. საქმიანობა ადგილობრივი განვითარების ჯგუფისა, რომელიც ლაგოდეხში საპილოტედ შეიქმნა სოფლის განვითარებისთვის ხელის შესაწყობად, წარმატებული აღმოჩნდა. ასეთივე ჯგუფები ევროკავშირის მხარდაჭერით კიდევ 8 მუნიციპალიტეტში შეიქმნა.

გადმოწერა

რა თანხას ხარჯავს ევროკავშირი საქართველოში წლიდან წლამდე და ვინ იღებს ამ დაფინანსებას?

კატარინა მატერნოვა
კატარინა მატერნოვა

ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხში ტურიზმისა და სოფლის განვითარების პროექტი ხორციელდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ბიზნესიდეების დაფინანსებას, შემოსავლების გაზრდასა და უკვე არსებული საოჯახო-ფერმერული მეურნეობების განვითარებას გულისხმობს. პროექტს “ქეა - საერთაშორისო საზოგადოება კავკასიაში“ ახორციელებს. ამავე პროექტის ფარგლებში ლაგოდეხში შექმნილია ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), სადაც გაერთიანებული არიან როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ ჯგუფის წევრები დაინტერესებულ პირებს პროექტებისა და ბიზნესიდეების წერას ასწავლიან, შემდეგ ამ პროექტებს განიხილავენ და მათგან საუკეთესოს აფინანსებენ. ევროკავშირის მიერ კახეთში დაფინანსებულ პროექტებს გაეცნო ევროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორის მოადგილე კატარინა მატერნოვა:

„შევხვდი ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის წევრებს და მათგან მოვისმინე დაფინანსებული პროექტებისა და იმ შედეგების შესახებ, რომელიც პროგრამა „ემპარდმა“ მოიტანა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად. ევროკავშირი საქართველოს მრავალი კუთხით ეხმარება. შემიძლია გამოვყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის მხარდაჭერა, კომუნიკაციების აღდგენა, მმართველობა და უსაფრთხოება. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ერასმუსის პროგრამას, რომელიც გულისხმობს ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას“.

კატარინა მატერნოვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებს ლაგოდეხში სასტუმრო "ვალდ ჰოტელში" შეხვდა. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ამ სასტუმროში დახურული ტერასა და ლიტერატურული კაფე მოეწყო. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრ ნანა ნერსეზაშვილის განცხადებით, „ლაგი“ უკვე დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და ის მუშაობას იმის შემდეგაც გააგრძელებს, რაც ევროკავშირის „ემპარდის“ პროექტი დასრულდება. „ლაგი“ იქნება როგორც გრანტების მომძიებელი, ასევე გამცემი ორგანიზაცია:

„ლაგოდეხის განვითარების ჯგუფი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ისევ „ემპარდის“ მხარდაჭერით იფუნქციონირებს, თუმცა შეძლებს დამოუკიდებელ საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის მიღებას და დამატებით ფულადი რესურსის მოძიებას იმ მიზნების განსახორციელებლად, რაც „ლაგს“ აქვს დასახული. როდესაც „ემპარდის“ პროგრამა დაასრულებს მუნიციპალიტეტში მუშაობას, „ლაგი“ უკვე დამოუკიდებლად იმუშავებს მუნიციპალიტეტში“.

ლაგოდეხში ევროკომისიის წარმომადგენლისა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრთა შეხვედრას პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარი ლალი გელაშვილიც დაესწრო. როგორც თავად ამბობს, მისმა პროექტმა გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სანიაღვრე არხები მოაწესრიგეს, რომელიც ყოველი წვიმის დროს საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს ტბორავდა. ლალი გელაშვილი ამბობს, რომ მიღებული თანხით პრობლემა ნახევარ სოფელში მოგვარდა და ახლა დარჩენილი ნაწილის მოგვარებაზე მუშაობენ.

შეხვედრის მონაწილეები კახეთში
შეხვედრის მონაწილეები კახეთში

„ვარდისუბნის თემში შემავალ სოფელ სვიდებას ყოველთვის ჰქონდა პრობლემა სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით. მდგომარეობა ცუდი იყო განსაკუთრებით წვიმისა და წყალდიდობების დროს. სოფელში გასაუბრებაზე მოსული იყო „ქეას“ წარმომადგენლობა. მე პირადად ჩავერთე პროცესში, დავესწარი ტრენინგებს. დავწერე პროექტი და, საბოლოოდ, მოვიპოვე დაფინანსება“.

ლაგოდეხში 2015 წელს ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საპილოტე იყო და, როგორც ამბობენ, პროექტმა გაამართლა. ახლა საქართველოში ასეთი 8 ჯგუფი მუშაობს და კიდევ ოთხის შექმნა იგეგმება. ამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტში დაფინანსებულია 31 პროექტი. საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. იგი სხვადასხვა სახელწოდების პროექტის მეშვეობით ხორციელდება და მათი უმრავლესობის პირდაპირი ბენეფიციარი ქვეყნის რეგიონების მოსახლეობაა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG