Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი: ისევ ტერმინი „პოლიტპატიმარი“, შეწყალება და შესასრულებელი შეთანხმება


19 მაისს ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდეა შესასრულებელი, გასათავისუფლებელია გიორგი რურუა („კიდევ ერთი პოლიტპატიმარი“), ბოლომდეა მისაყვანი საარჩევნო რეფორმა და ჩასატარებელია ხარისხიანი არჩევნები. დიდწილად ამ საკითხების გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშისა და რეზოლუციის საბოლოო სახეც. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც ძველ პოზიციაზე რჩება - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და „ქართული ოცნება“ ყოველთვის ერთგულად ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას.

ისევ ტერმინი "პოლიტპატიმარი" და ანგარიში საქართველოზე

გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და გიორგი რურუას პოლიტპატიმრები უწოდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელმა, გერმანელმა დეპუტატმა, დევიდ მაკალისტერმა.

19 მაისს, კომიტეტის დისტანციურ რეჟიმში გამართულ სხდომაზე, მან პირდაპირ თქვა, რომ - პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირველი ნაბიჯის შემდეგ, ოლიტპატიმარი გიორგი რურუა ჯერ ისევ ელოდება გათავისუფლებას“.

მაკალისტერი ამ საკითხს 8 მარტის შეთანხმების განუყოფელ ნაწილად განიხილავს.

19 მაისს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატები საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებლის, ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის ანგარიშს განიხილავდნენ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მომზადებული ანგარიში (რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტსაც მოიცავს) ჯერ კიდევ მარტში იქნა წარდგენილი, თუმცა კოვიდპანდემიამ გეგმები ყველგან არია და პროცესი გაჭიანურდა.

„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ წარმომადგენელმა, სვენ მიკსერმა, 19 მაისს თქვა, რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიასთან ბრძოლას, მიიღო ევროკავშირის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერაც, მაგრამ ქვეყანაში კვლავაც პრობლემად რჩება მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა თუ მოსამართლეთა შერჩევის ნაკლოვანი პროცესი.

ხაზი გაესვა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული, მაგრამ სადავოდ ქცეული შეთანხმების შესრულების აუცილებლობასაც,

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს სრულად - ტექსტისა და სულისკვეთების შესაბამისად .. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება, ვფიქრობ, მრავალი კუთხით წარმოადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წინაპირობას მდგრადი პროგრესის მისაღწევად (ასოცირების) პოლიტიკის სხვა სფეროებშიც...

ჩემს ანგარიშში მე ასევე ხაზი გავუსვი მედიის თავისუფლების დაცვასა და მედიასთან თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა პოლიტიკური პარტიისთვის - განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ხაზგასმულია ასევე გენდერული თანასწორობის მხარდაჭერისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის საჭიროება.

ანგარიშში გამოკვეთილია ასევე პატივისცემის საჭიროება სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტებისა და სამართლიანი მართლმსაჯულების მიმართ. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ვალდებულება, რომელიც საქართველომ იკისრა. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე მოხდება მოსამართლეთა შემდგომი დამტკიცება მაღალ პოზიციებზე. ამ კუთხით ვწუხვარ მანამდე გამოვლენილი ნაკლოვანებების გამო“, - განაცხადა მიკსერმა საკომიტეტო განხილვაზე.

ანგარიშის ტექსტში შესატანი ცვლილებების ვადა 20 მაისს თბილისის დროით 7 საათზე ამოიწურა. კომიტეტის სხდომაზე კენჭისყრა 14 ივლისისთვის არის დაგეგმილი და, როგორც სვენ მიკსერმა განაცხადა, ამ დროისთვის ანგარიშში შესაძლებელი იქნება დინამიკური პროცესების კონკრეტული შედეგების ასახვა და მათ შორის ისიც - სრულად შესრულდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება და დაგვირგვინდება თუ არა პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებებით.

სავარაუდოდ, შეიცვლება ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის ტექსტიც, რომელიც ანგარიშის 23 მარტის ვერსიაშია მოცემული. ჯერჯერობით კი იქ, მაგალითად, ასეთ ჩანაწერს ვხვდებით:

  • (ევროპარლამენტი) „გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული იმ საქმეების გამო, რომლებმაც ხელი შეუწყეს უნდობლობის გაზრდასა და დაძაბულობის გამწვავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის; ასევე გამოიწვიეს პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია“;
  • (ევროპარლამენტი) „მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სამართალწარმოების უმაღლეს სტანდარტებს, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“.

8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე 19 მაისს თითქმის ყველა გამომსვლელმა ილაპარაკა. ამ ჭრილში, დევიდ მაკალისტერის მსგავსად, გიორგი რურუას გათავისუფლების აუცილებლობას გაუსვა ხაზი „კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე. ამასთან, მსურს ვახსენო დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედიამფლობელი გიორგი რურუა. პოსტსაბჭოთა სივრცესა და საბჭოთა ეპოქაში ოპოზიციაში ყოფნის მთელ ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები ყალბად გამოიყურება და ისინი უნდა გაუქმდეს“, - თქვა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ.

სხვა არაერთი ევროპარლამენტარის მსგავსად, სოციალურ ქსელში ისიც წერდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე. შესაბამისად, მან ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებად მიიჩნია გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაც; თუმცა მის მისასალმებელ განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი განცხადებით - „მე არ შემიწყალებია პოლიტიკური პატიმრები“.

კიდევ რა ითქვა ბრიუსელში?

ევროპარლამენტარები იმედოვნებენ, რომ სრულად შესრულდება 8 მარტის შეთანხმება, კონსტიტუციაში ჩაიდება ახალი საარჩევნო სისტემა და საქართველო ღირსეულად ჩააბარებს 2020 არჩევნების ტესტს - რაც ასე მნიშვნელოვანია მისი ევროპული ინტეგრაციისთვის.

შესაბამისად, ევროპარლამენტარები ხედავენ პროცესის ზედამხედველობის აუცილებლობას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებამდე და ასევე - არჩევნების ჭრილში.

  • ჩვენ უნდა გავაგებინოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი საქართველოს ევროპული გზისთვის და ის უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ის უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკოსებისა და ასევე - მედიამფლობელების გასამართლებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძლიერი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს წინასაარჩევნო პროცესები“ - რაფაელ გლუკსმანი, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფი“, საფრანგეთი;
  • „მარტის შეთანხმების ზოგიერთი ვალდებულება შესრულებულია, მაგრამ არა ყველა. ახლა კვლავ ჩვენზეა - მხარი დავუჭიროთ ამ პროცესის გაგრძელებას, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია“ - ვიოლა ფონ კრამონი, ევროპის „მწვანეთა ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსის“ წევრი, გერმანია;
  • „მოვუწოდებ მხარეებს - შეასრულონ დადებული დაპირება და ეს იქნება ნაბიჯი მეტი დემოკრატიული, ადმინისტრაციული და სასამართლოს რეფორმებისკენ. იმისათვის, რომ საქართველომ წინ წაიწიოს, საჭიროა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება სამართალდამცველების ძალადობაზე მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ“ - მარკეტა გრეგოროვა, „მწვანეთა ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსის“ წევრი, ჩეხეთი.

საჯარო კომენტარების შემთხვევაში კოლეგებს ფაქტების გადამოწმებისკენ მოუწოდა „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ესტონელმა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა - „ჩვენ არ გვჭირდება ყალბი ამბების ახალი ეპიდემია“.

ის ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება პანდემიის გამო გადაიდო და მოუწოდებს ყველა მხარეს და მათ შორის ოპოზიციას კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ წინასაარჩევნო პერიოდში.

რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება

„ქართული ოცნებაც“ უარზეა. დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასებების საპასუხოდ, საზოგადოება მუდმივად ასეთ განცხადებებს ისმენს - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, უგულავა და ოქრუაშვილი პოლიტპატიმრობის გამო არ გათავისუფლებულან ციხიდან, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ დასავლეთიდანაც (ამერიკიდან თუ ევროპიდან) თავიანთი მოკავშირეები ეხმარებიან.

განცხადებები გაკეთდა 19 მაისსაც, ევროპარლამენტში გამართული სხდომის შემდეგ.

  • „პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში საკმაოდ ინტენსიურად არიან ჩართულნი „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები, იგივე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. მე არ მომწონს შინაარსი, თორემ პრაქტიკულად საზოგადოება შეეჩვია, რომ ეს ბრძოლა არის ნორმალური დღის რეჟიმი, დღის წესრიგი, რასაც უნდა გავუძლოთ... ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთავარ გადაწყვეტილებას მაინც ქართული საზოგადოება იღებს“, - გია ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობა, პირველი ვიცე-სპიკერი;
  • „ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე ან ადამიანმა, რომელმაც 50 მილიონი მოიპარა ბიუჯეტიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს შეწყალება... მიუხედავად იმისა, რაც მოხდა, რა შეფასებებიც არ უნდა იყოს, აი არჩევნებზე ვნახავთ - ვინ რა დაიმსახურა საქართველოს მოქალაქისგან“, - გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრი.

ევროპარლამენტარების შეფასებებით კმაყოფილი დარჩა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა - „ევროპარლამენტარები მიესალმებიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას, ასევე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებასთან დაკავშირებით და აღნიშნავენ, რომ ეს არის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული ნაბიჯი. ევროპარლამენტარები გამოთქვამენ იმედს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელებული იქნება და ყველა პოლიტიკური პარტია დაუჭერს მხარს“.

რაც შეეხება ტერმინ „პოლიტპატიმრებს“, კუჭავა თვლის, რომ ამ გამონათქვამსაც გაეცა პასუხი მარინა კალიურანდის კომენტარის სახით.

რას ფიქრობენ ოპოზიციაში

ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებას სრულად შესრულებულად არ ჩათვლის მანამდე, ვიდრე გიორგი რურუა არ გათავისუფლდება. ამ საკითხის გადაჭრის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში.

ოპოზიციურ ერთობაში შემავალ პარტიებს სულაც არ უკვირთ ევროპარლამენტში 19 მაისს გაკეთებული მწვავე განცხადებები, რადგან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ოპოზიცია მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე პოზიციისა და ზეწოლის შედეგად მიიჩნევს.

ისინი დარწმუნებული არიან, რომ საერთაშორისო წნეხი არ მოიხსნება 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულების გარეშე და ამ კუთხით, დასავლელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის გაგრძელებას გეგმავენ.

  • „ევროკავშირის წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც წლების განმავლობაში ხმალამოღებულები იბრძოდნენ საქართველოს ინტერესებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, იგივე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად ან, თუნდაც, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად, ამ ფიგურებს უკვე ესმით, რომ ის გზა, რასაც ადგას ამჟამინდელი მთავრობა, არ შეესაბამება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - ევროკავშირის ინტერესებსაც“ - გიორგი კანდელაკი, „ევროპული საქართველო“.
  • „ეს არის ჩვენო საგარეო პოლიტიკის კრახი, მარცხი. საერთაშორისო თანამეგობრობა არავის არ პატიობს ასეთ უხეშ გადაგდებას და თან, ორჯერ გადაგდების მცდელობას. არავის არ პატიობს იმას, როცა ხედავს, რომ - ადამიანებს, მიუხედავად იმისა - მოგვწონს თუ არა ეს ადამიანები - დევნიან პოლიტიკური აქტიურობის გამო. ისინი არავის პატიობენ თვალში ნაცრის შეყრას“ - ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო“

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების რეაქციები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარეობს და სამომავლო რეაქციებიც ასევე მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG