Accessibility links

ევროპელები პუტინის რუსეთს - ბათუმიდან


„საქართველოს ევროპული გზის“ პირველი დღე

ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის ნათელია, რომ ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კავშირს მისტირის, ხოლო პუტინის რუსეთი ებრძვის პროგრესსა და ყველა იმ ფასეულობას - რომელსაც ადამიანის თავისუფლება და უკეთესი მომავალი ეფუძნება.

ბათუმში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა არაერთი მწვავე მესიჯი გაუგზავნეს მოსკოვს - საქართველოს კი მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპულ გზაზე და ოკუპანტი, აგრესიული მეზობლის მიერ შექმნილი პრობლემების დაძლევაში.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა თავისი გამოსვლის დასაწყისშივე ახსენა რუსეთის პრეზიდენტი და მისი მთავარი სადარდებელი - საბჭოთა კავშირის დაშლა. თავად ტუსკისთვის კი საბჭოთა კავშირის დაშლა ღვთის წყალობას ჰგავს.

„გახსოვთ, რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა - „უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“. დღეს საქართველოში მინდა ვთქვა ხმამაღლა და გარკვევით, საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო წყალობა ქართველებისთვის, პოლონელებისთვის, უკრაინელებისთვის და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისთვის... და დარწმუნებული ვარ, რუსეთისთვისაც“.

„საქართველოს ევროპული გზა“ - ამ სახელწოდების კონფერენციაზე, ბათუმში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, რომ ოკუპირებულმა საქართველომ ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ იწვნია პუტინის რუსეთის აგრესია.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს რუსეთ-საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის თემა აღარ განუვრცია. ჟურნალისტებს უთხრა მხოლოდ ის, რომ არ სურს კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის გამოწვევა.

„ჩემი რწმენიდან და ემოციებიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება თავი შევიკავო რაიმე სხვა კომენტარის გაკეთებისგან“.

დონალდ ტუსკი მოუწოდებს „თავისუფალ, ამაყ და მამაც“ საქართველოს გააგრძელოს ევროკავშირისკენ სიარული, კიდევ უფრო განვითარდეს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით და არავის მისცეს დაყოფის უფლება - „ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა“.

11 ივლისს ბათუმში არაერთი სადისკუსიო პანელი შედგა და პუტინის რუსეთი ევროპელმა ლიდერებმა ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ ახსენეს - თუმცა არცერთხელ - დადებითი კუთხით.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, მიხაელ როთმა მკაცრი ტონით თქვა, რომ „აღმოსავლეთ ევროპა არავითარ შემთხვევაში არ არის ბატონი პუტინის უკანა ეზო“.

  • „არასოდეს უნდა გაკეთდეს არჩევანი მეზობელსა და ევროკავშირს შორის. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“;
  • „ჩვენ დაინტერესებული ვართ ძლიერი, სანდო ურთიერთობებით რუსეთთან, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპამ არასოდეს უნდა გადაიხადოს საფასური ამისთვის. არასოდეს“;
  • „ევროკავშირის პოლიტიკური გადარჩენის ერთადერთი გზაა, რომ ჩვენ ერთიანი ხმით, ყოვლისმომცველი მიდგომით ველაპარაკოთ რუსეთს“.

სავარაუდოდ სწორედ პუტინის მიერ საქართველოს ისტორიის გადაწერის მცდელობა იგულისხმა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა, როდესაც თქვა, რომ ისტორიაზე მოლაპარაკე პუტინს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაც უნდა შევახსენოთ.

„თუკი პუტინი ლაპარაკობს ისტორიაზე, უნდა შევახსენოთ მას 1991 წელი. ამ წელს დადგინდა საბოლოო საზღვრები და ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რაც ხდება უკრაინასა და საქართველოს რეგიონებში... ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ, როცა ირღვევა საერთაშორისო სამართალი“.

ვიდრე ბათუმში ჩავიდოდა, კლაუდია როთმა გორთან თავისი თვალით ნახა ოკუპაციის ხაზზე გავლებული მავთულხლართები და ასევე ბევრი რამ მოისმინა რუსეთის აგრესიული ქმედებებით შეწუხებული ადამიანებისგან.

​შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის, კერსტინ ლუნდგრენისთვის ნათელია, რომ რუსეთი ებრძვის სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ადამიანის თავისუფლება და ქვეყნების განვითარება ეფუძნება. მთავარი დემოკრატიის განვითარებაა - ლუნდგრენი შედეგიანი წინააღმდეგობის რამდენიმე ბერკეტს ასახელებს:

  • ძლიერი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე ინსტიტუტები;
  • მტკიცედ დაცული ადამიანის უფლებები;
  • დამოუკიდებელი მართლმსაჯულება;
  • ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.

„რუსეთი ცდილობს შეუცვალოს განსაზღვრება დემოკრატიას. დემოკრატია ეს არის თავისუფლება ადამიანებისთვის, უმცირესობათა უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება... ისინი ამ განსაზღვრების გადახედვას ცდილობენ... ისინი დაყოფაზე არიან ორიენტირებული“, - განაცხადა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

დემოკრატიის განვითარების გზით ქვეყნის შემდგომ გაძლიერებაზე, როგორც რუსეთთან გასამკლავებელ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაქტორზე, 11 ივლისს არაერთმა ევროპელმა ლიდერმა ილაპარაკა.

​დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკი ოპოზიციას მხოლოდ შეკითხვებისთვის განკუთვნილ ხანმოკლე დროში უწევდა. 11 ივლისს ოპოზიციური ფლანგის არცერთი წარმომადგენელი არ იყო ჩართული სადისკუსიო ფორმატებში.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პირისპირ შეხვედროდნენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს.

ის, რომ უმცირესობების დაცვის კუთხით საქართველოში რეალური პრობლემებია, ერთ-ერთი დისკუსიის დროს, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ დასმულმა შეკითხვამაც გამოავლინა.

„ქართული კულტურისათვის უცხოა ცხოვრების ინტიმური დეტალების დემონსტრირება, როგორიც არ უნდა იყოს ის... ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოში ლგბტ ხალხის წინააღმდეგ არ არსებობს აგრესია მანამ, სანამ ისინი საკუთარი ცხოვრების წესის დემონსტრირებას არ იწყებენ... იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რბილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, ჩვენ ძალიან გვაწუხებს ეს და ვსვამთ შეკითხვას - რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ მსგავსი აქციები, პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს ქუჩებში?“, - ვრცელი შესავლით დასვა შეკითხვა ანდრია ჯაღმაიძემ.

პასუხი მას გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, მიხაელ როთმა გასცა:

„ადამიანის უფლებები საერთაშორისო უფლებებია. არასდროს უნდა დაიყოს აღმოსავლური ტრადიციული ინტერპრეტაციებისა და დასავლური ინტერპრეტაციების მიხედვით. ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტისთვის, არამედ ეკლესიებისთვისაც, რომ გააძლიერონ საზოგადოებები, რომლებიც გამოხატავენ პატივისცემასა და ტოლერანტობას უმცირესობების მიმართ, განსაკუთრებით ლგბტ ადამიანების მიმართ. გამართლება არ აქვს იმას, თუკი ეკლესიის წარმომადგენლები საჯაროდ გაკიცხავენ ეთნიკურ, რელიგიურ თუ სექსუალურ უმცირესობებს. ეს სრულიად მიუღებელია“.

ორდღიანი კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზის“ პირველმა დღემ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG