Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის მოწვევის საფუძვლით ინტერესდება


ახლა მეცნობა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა დაინიშნა 14 იანვარს. განმარტებაა საჭირო, ვინ მოიწვია კომიტეტის სხდომა? - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა "ინტეპრესნიუსს".

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრად რჩება.

„მე არ მიმიღია ინფორმაცია, რომ კომიტეტმა სიითი უმრავლესობით, ანუ მინიმუმ 9 ხმით, დააკისრა უფლებამოსილება დავით მათიკაშვილს. განმარტებაა საჭირო, რეგლამენტის მუხლი მიგვითითონ, როცა უფლებამოსილება არ დაკისრებია დავით მათიკაშვილს, ვინ არის სხდომის მომწვევი პირი?“ - აღნიშნა ბესელიამ.

დავით მათიკაშვილი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. ის არ აკონკრეტებს, თავად მოიწვია თუ არა 14 იანვრის იურიდიული კომიტეტის სხდომა და მხოლოდ იმას განმარტავს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს.

იურიდიულ კომიტეტს თავმჯდომარის მოადგილეები ჰყავს. თავმჯდომარის მოადგილე უფლებამოსილია ჩანიშნოს სხდომა ყოველგვარი პრობლემის გარეშე. დაცულია რეგლამენტის ყველა მოთხოვნა და ასე განხორციელდა. ერთ-ერთი მოადგილე მე ვარ. პირდაპირ არის რეგლამენტში მოცემული მუხლი, თუ არ ვცდები 36-ე, სადაც არის საუბარი, რომ როდესაც უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს ვერც თავმჯდომარე, ვერც პირველი მოადგილე, მაშინ უნდა ჩაინიშნოს სხდომა, სხდომას ნიშნავს მოადგილე და სხდომა არის იმ მიზნით, რომ დაევალოს მოადგილეს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება, ვიდრე არ იქნება არჩეული კომიტეტის თავმჯდომარე,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დატოვების თაობაზე ეკა ბესელიამ 27 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებით, როგორც ეკა ბესელიამ თქვა, შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი. ერთი დღით ადრე, 26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო იუსტიციის საბჭოს მიერ 24 დეკემბერს წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატურის განხილვა. შესაბამისად, ეკა ბესელიას მოუწია იმის განმარტება, თუ რატომ გამოაცხადა გადადგომის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკითხის განხილვა გადადო.

„მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

31 დეკემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა უმრავლესობის წევრების, გედევან ფოფხაძის, რუსლან პოღოსიანის და ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურები. კომიტეტმა 7 ხმით ფოფხაძე აირჩია. იმავე დღეს, ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადეს, რომ გედევან ფოფხაძის არჩევისას დაირღვა რეგლამენტი, რადგან თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევისას ხდება ერთი კანდიდატურის დასახელება. რეგლამენტის დარღვევას უარყოფს ეკა ბესელია.

3 იანვარს „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე გედევან ფოფხაძის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს

საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ფოფხაძის არჩევის საკითხი გუნდთან შეთანხმებული არ იყო და დაირღვა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაც. მდინარაძის თქმით, კომიტეტიდან ფოფხაძის გაწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილება ფრაქციამ პრაქტიკულად ერთხმად მიიღო და მხოლოდ სამი წევრი იყო წინააღმდეგი. მამუკა მდინარაძემ ფრაქციის გადაწყვეტილება შეაფასა რეაგირების ყველაზე რბილ ფორმად და უარყო, რომ იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა უკავშირდება მის განსხვავებულ მოსაზრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის მიმართ.

მოსამართლეების საკითხის დაკავშირება იმასთან, რომ ვიღაც აირჩიეს პროცედურის დარღვევით, გუნდთან შეუთანხმებლად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე, არ იქნება სწორი. მე არ მინდა სხვა დეტალებზე დღეს გავაკეთო რაიმე განცხადება. არავინ არ მარცხდება და არავინ არ იმარჯვებს. ეს არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში ხდება ასეთი რაღაცები და უტრირება არ მგონია სწორი იყოს“, - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომის შემდეგ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში 6 იანვარს უნდა დაბრუნდეს. მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან საუბარში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გუნდში არსებული დაპირისპირება დაკავშირებული იყო მხოლოდ სასამართლოსთან და ამის გუნდის შიგნით არაერთგზის უსაუბრია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG