Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენი კულტურული ორიენტაცია ყოველთვის იყო დასავლური"


"ჩვენი კულტურული ორიენტაცია ყოველთვის იყო დასავლური"
please wait

No media source currently available

0:00 0:15:45 0:00

„კულტურა, სახელმწიფოებრიობა და ისტორია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს“, - ამბობს ეკა დუღაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი. ის და მისი კოლეგები ემზადებიან  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის - „საქართველო-ბიზანტია-ქრისტიანული აღმოსავლეთი“, რომელიც 18 ივნისს გაიხსნება: „სათაურიც ჩვენი კონფერენციის - „საქართველო-ბიზანტია-ქრისტიანული აღმოსავლეთი“ - თუ დავაკვირდებით, ნიშნავს სწორედ კულტურული ორიენტაციის ეტაპებს - როდის, რომელ სამყაროსთან გვქონდა ურთიერთობა. თუ გავაერთიანებთ, ქრისტიანული აღმოსავლეთი და ბიზანტია - ეს ერთად, დასავლურ აზროვნებას ნიშნავს შუა საუკუნეებისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ამის წარმოჩენა, რომ ჩვენი კულტურული ორიენტაცია ყოველთვის იყო დასავლური“. ქეთევან ტატიშვილი, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თვლის, რომ მეცნიერების პოპულარიზაცია იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ნაკლებად ჰქონდეს ნიადაგი პოპულისტურ განცხადებებს, იმავე ისტორიულ საკითხებზე. კონფერენციას რაც შეეხება, ქეთევან ტატიშვილი ამბობს: „მეორედ იმართება ეს კონფერენცია. ორი წლის წინ გვქონდა და ვაპირებთ, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გავიმეოროთ. განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს, რადგან ცენტრი მარტო ამას ვერ გაწვდებოდა. სტუმრები ჩამოდიან: აშშ-დან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, ბულგარეთიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან. მეცნიერები დაინტერესებული არიან ქართული კულტურით. მათი კვლევის საგანი არის არა მხოლოდ ბიზანტია, არამედ საქართველოს ადგილიც ამ კულტურათა დიალოგში“. ეკა დუღაშვილი პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დიდ მონაპოვრად აკადემიურ, მეცნიერულ თავისუფლებას თვლის: „ის კვლევები, რომლებიც საქართველოში იწერებოდა (ეს ქრისტიანულ ლიტერატურას შეეხება), რა თქმა უნდა, იყო გარკვეული წნეხის ქვეშ. იმ ურთიერთობების რეალური ასახვა, რაც ზოგადად კულტურულ ორიენტაციას გამოავლენდა, იყო გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული. როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, ეს აკადემიური თავისუფლება გახდა უფრო თვალშისაცემი. ვერ ვიტყვით იმას, რომ ევროპის სამეცნიერო ცენტრებთან კავშირი მაშინ არ იყო, რადგან გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაწყებული, როცა ხელნაწერთა ინსტიტუტი ერქვა, ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობდნენ უცხოელი მეცნიერები, რომლებიც ქართველოლოგიური კვლევებით იყვნენ დაინტერესებული და ძალიან ღირებული გამოკვლევებიც დაიდო მაშინ, მაგრამ ეპოქა იცვლება, იცვლებიან თაობები, მეცნიერები, რომლებიც თავიანთ ცოდნას გადასცემენ თავიანთ სტუდენტებს და უნდა აუწყო თანამედროვეობას ფეხი. ამ თვალსაზრისით 21-ე საუკუნემ თავისი მოთხოვნილებები მოიტანა - რომ ის კვლევები, რაც გასულ საუკუნეში იწერებოდა, ახლებურად იქნას ინტერპრეტირებული, აკადემიური თავისუფლებით და ითქვას სიმართლე“. ეკა დუღაშვილი ერთ დაკვირვებასაც უზიარებს რადიო თავისუფლებას: „ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ევროპული ფასეულობა დაეფუძნა ქრისტიანულ ფასეულობას, იმას, რაც არის ყველაზე ღირებული - ადამიანის როგორც პიროვნების თავისუფლებას. ეს გასდევს მთლიანად ჩვენს ძველ კვლევებს და ტექსტებს როცა ვკითხულობთ. რაც აზროვნების სისტემას ეხება, გაცილებით უფრო გახსნილი იყო შუა საუკუნეების საქართველო გარემომცველი სამყაროს მიმართ, ვიდრე დღეს არის, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს. მიღება იმ სიახლისა შიშის გარეშე ხდებოდა, რადგან სააზროვნო სისტემა იყო მყარი და თავისუფლება იძლეოდა საშუალებას ეს გადამუშავებულიყო გააზრებულიყო და არ მოწყვეტილიყო ცივილიზებულ სამყაროს“.

XS
SM
MD
LG