Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პანიკის დათესვა არ გვინდა, მაგრამ ვითარება მართლა საყურადღებოა"


"სახელმწიფოს ვალია დაიცვას თავისი მოქალაქეები", - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი "დილის საუბრებში" ტყვიით დაბინძურების გამოკვლევის შედეგებზე საუბრისას. მკვლევარმა, გურანდა ავქოფაშვილმა კი აღნიშნა, რომ "ტყვიით დაბინძურების ამოცნობა შეუძლებელია ქიმიური ანალიზის გარეშე". სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის ინიციატივითა და "ორბელიანის ფონდის" დახმარებით, ტყვიით დაბინძურების გამოსავლენად შემოწმდა 268 სინჯი, რომელიც აღებული იყო სხვადასხვა წყაროდან. ეკა ლალიაშვილი განმარტავს: "შერჩევის პრინციპი იყო ოჯახი, რომლის ერთ წევრს მაინც აღმოაჩნდა სისხლში ტყვია მაღალი ოდენობით. მკვლევარმა აიღო სინჯები ნივთებიდან, პროდუქტიდან, სამშენებლო მასალებიდან. 270-მდე სინჯიდან ყოველი მეხუთე იყო ტყვიის შემცველი. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს სიმშვიდის მომგვრელი და ვიღაცისთვის პანიკის მომგვრელი. პანიკის დათესვა არ გვინდა, მაგრამ ვითარება მართლა საყურადღებოა". კვლევის განმახროციელებლის, ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის, გურანდა ავქოფაშვილის განმარტებით, თავდაპირველად დაგეგმილი იყო თითო ოჯახიდან 5 სინჯის აღება, თუმცა, საჭირო გახდა 20-30 სინჯის აღება: "17-დან 3 ოჯახში ვერ მივაკვლიეთ ტყვიით დაბინძურების კერებს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ოჯახებში არ იყო ასეთი კერა. შეიძლება, ჩვენ ვერ ავიღეთ სინჯი დაბინძურების წყაროდან. ასევე შესაძლებელია, ამ სამი ოჯახის წევრების სისხლში ტყვიის გაჩენა გარე წყაროებმა განაპირობა. დანარჩენ 14 ოჯახში აღმოჩნდა ტყვია. ერთ-ერთ ოჯახში აღებული სინჯებიდან თითქმის 48%-ში აღმოჩნდა ტყვია. ბავშვები რასაც ეხებოდნენ, თითქმის ყველა ნივთში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა. ვიდრე ოჯახში მივიდოდით, ოჯახის წევრები ავსებდნენ კითხვარს და ამის საფუძველზე ვიღებდით სინჯებს ოჯახთან შეთანხმებით. თითოეული დეტალი დაწვრილებით არის მოცემული ანგარიშში. ტყვიით დაბინძურების ამოცნობა შეუძლებელია ქიმიური ანალიზის გარეშე. თუმცა, ვურჩევდი მოსახლეობას მოერიდონ ნაკლებად ცნობილი ბრენდების გამოყენებას, დაფქვილი სუნელების ყიდვას. კვლევის დროს ერთ-ერთ ოჯახში მეტალის ჩანგალში აღმოჩნდა ტყვიის შემცველობა, საკმაოდ მაღალი. ყურადღება მინდა გავამახვილო სამშენებლო მასალებზე. ჰაერში გაფრქვეული სამშენებლო მტვერი საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ქალაქის გარეუბნებში რჩება ღია გზები, სადაც სამშენებლო ინერტულ ნარჩენ მასალებს ტოვებენ, ქარის დროს ამის ამტვერიანება ხდება და საშიშია". ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია კრიტიკა მეთოდოლოგიასა და გამოკვლევის მასშტაბზე, რადგან ის ძალიან შეზღუდული რესურსით განხორციელდა და მთელ ქვეყანაზე შედეგების განზოგადების ამბიცია არ აქვთ. ამოცანა იყო პრობლემის ჩვენება. სულ მალე, ორ კვირაში გამოქვეყნდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული გამოკვლევის შედეგები და დიდი სურათის შეფასება შესაძლებელი იქნება. მანამდე კი ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არასაკმარისად მოწმდება ტყვიით დაბინძურება: "სურსათიც არასაკმარისად მოწმდება ტყვიაზე. ოჯახში შევამოწმეთ სუნელი, რომელშიც 200-ჯერ აღემატებოდა ტყვიის შემცველობა ნორმას. ეს პროდუქტი - ყვითელი ყვავილი დიდ მარკეტში იყო შეძენილი". ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ მუდმივი დაღლილობისა და ენერგიის ნაკლებობის განცდა უმიზეზოდ არ ჩნდება და საჭიროა გარემოს დაბინძურების ხარისხისა და წყაროების გამოკვლევა იმისათვის, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. "ტყვია ნამდვილი ტყვიისგან განსხვავებით უცებ არ გკლავს, მაგრამ გვიმოკლებს სიცოცხლეს".

XS
SM
MD
LG