კვირა, 10 ივნისი, თბილისი
მიყვარს დილა. ყოველი დღე განსხვავებულია, თუმცა ერთნაირად სასიამოვნო და სასურველი.
დილის რიტუალი - გამწვანებულ ეზოში ფეხით სიარული, შემდეგ კი იქვე მეზობლად მყოფი ჩემი დედამთილის აყვავილებულ აივანზე ჩაის დალევა და დღის გეგმების ერთმანეთისთვის გაზიარება.
ჩემმა უფროსმა ვაჟმა, რეზიმ, სკოლა დაამთავრა და მალე აშშ-ში მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებელად. დიდი სიხარული გვაქვს ოჯახში. ყველა ერთმანეთს მადლობას ვეუბნებით ამ კარგ საქმეში წვლილის შეტანისთვის. გუშინ ჩვენი მესამე ვაჟის, გიორგის, დაბადების დღე იყო. მოკრძალებული, მაგრამ სასიამოვნო სტუმრიანობა გვქონდა.
ამ დადებითი მუხტის ფონზე არის გარემოება, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას თავს უფლება მივცეთ და ვიყოთ ბოლომდე ბედნიერნი. გუშინ დილით ავტოავარია მოხდა გომბორის გზაზე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი !!
ოჯახური ბედნიერების მიუხედავად, გულის სიღრმეში რაღაც მაწუხებს, სულ მეფიქრება დაღუპულებზე, მომხდარ ტრაგედიაზე. რა შემიძლია გავაკეთო, ბავშვები, ჩვენი მომავალი თაობა რომ ავარიდოთ ასეთ შემთხვევებს?!
ვგრძნობ, რამდენად დიდია გამოწვევა, რამდენად უსუსურები ვართ ცალ-ცალკე ამ გამოწვევის პირისპირ და რაოდენ დიდი ძალა გვაქვს ერთად, რამდენად დიდი ცვლილებების მოხდენა შეგვიძლია, თუ ნება იქნება ხალხის, ხელისუფლების!
ჩვენ, ზრდასრული ადამიანები, თავად ვართ ამ ტრაგედიების ხელშემწყობნი და თანამონაწილენი მაშინ, როცა მშობლები ჩვენი არასრულწლოვანი შვილების ტრანსპორტით გადაყვანისას სამგზავრო სავარძლებს თუ ღვედებს არ ვიყენებთ; მაშინ, როცა არ ვსვამთ შეკითხვებს,როგორი ტრანსპორტით დადიან ექსკურსიებზე თუ სკოლაში ჩვენი შვილები; მაშინ, როცა ხელისუფლება თავს არიდებს მკაცრ და მკაფიო რეგულაციებს მძღოლების გასაკონტროლებლად.
“ლუკმაპურის” საშოვნელად გამოსულ ადამიანებად ვრაცხთ მძღოლებს, ადამიანებს, რომელთა დაბალი ცნობადობის, მოუწესრიგებელი ტრანსპორტისა თუ უკულტურო მართვის გამო ჩვენი ბავშვები იღუპებიან გზებზე!!!
მასმედიის ხმაური მოჰყვება ხოლმე ამგვარ შემთხვევებს. მედიის აქტიურობამ ბევრი კარგი ცვლილება მოგვიტანა რეფორმების სახით საგზაო სფეროში, ცნობადობაც გაიზარდა შარშან, რაც ავარიების სტატისტიკის შემცირებაში გამოიხატა.
კვირა დღე ჩემს შვილებს დავუთმე, შენაძენი გავაკეთეთ, პარალელურად მეფიქრებოდა დაღუპული და დაშავებული ბავშვების დედებზე, მამებზე, ოჯახზე...
მშობლებს ხომ შვილებისთვის გვინდა ყოველი დღე, ყოველივე საუკეთესო, ამის პარალელურად კი აღმოჩნდება, რომ ყველაზე მთავარი გვავიწყდება, ყველაზე მთავარზე ვერ ვაკეთებთ აქცენტს, ყველაზე მთავარში ვზოგავთ დროს და ეს მთავარი მათი უსაფრთხოებაა, უსაფრთხოება, რომლის უზრუნველყოფა ზეამოცანაა მთავარი მიზნების მისაღწევად!
ორშაბათი, 11 ივნისი, თბილისი
ორშაბათი დილაც გათენდა და ვხვდები, რომ ამაღლებული რიტუალებისთვის აღარ მრჩება დრო. დილის გადაცემაში ვარ მიწვეული, შემდეგ კი რამდენიმე ინტერვიუ და შეხვედრები დავგეგმე.
მაქსიმალურად ვცდილობ გადატვირთული დღეები არ მქონდეს ერთმანეთის მიყოლებით, სტრესს არ მივცე მოახლოების საშუალება და ბავშვებისთვის განკუთვნილი დრო ბავშვებს დავუთმო.
დროის გადანაწილება ჩემი საუკეთესო უნარ-ჩვევა არ არის, მაგრამ, ჩემი მეუღლის გადატვირთული დღის წესრიგიდან გამომდინარე, ვხვდები ჩემი ჩართულობის საჭიროებას და მნიშვნელობას საოჯახო საკითხებში. ასეთ დროს, ალბათ, ერთი მშობელი მაინც უნდა იყოს აქტიურად ორიენტირებული ოჯახსა და მის საჭიროებებზე.
მშობლების ჩართულობა შვილების აღზრდაში, პირადი მაგალითის მიცემა, გვერდით ყოფნა საჭიროების შემთხვევაში - ეს არ მინდა ყურადღების მიღმა დამრჩეს. ვფიქრობ, ყველა მიღწევა აზრს კარგავს, თუ ჩვენი შვილები სათანადოდ ვერ აღვზარდეთ. დროის განაწილება შვილებისთვის ჩემს შემთხვევაში პრიორიტეტული და უპირველესია!
სამი ვაჟის მერე მარიამის დაბადება ოჯახისთვის დიდი ცვლილების მომტანი იყო. ოჯახში ყველა ფემინისტები გავხდით, მარიამის ირგვლივ ვტრიალებთ და ყველაზე უმცროსი ყველას უფროსია! სასიამოვნოა იმის ყურება, როგორ უფრთხილდებიან, უვლიან და ემეგობრებიან მარიამს ძმები და დამკვირვებლის თვალით შემყურე, ვფიქრობ, ეს არის ბედნიერება!
შეხვედრებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. კარგი გუნდი გვყავს და მოტივირებულ, პროფესიონალ ადამიანებთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა.
თვის ბოლოს კონფერნციას ვგეგმავთ ტრანსპორტის საკითხებზე. ტექინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ კვლევა უნდა ჩავატაროთ, პარალელურად ჰაერის ხარისხის მზომების პროექტზე ვფიქრობთ. გვინდა თბილისში რამდენიმე ადგილას მაინც დამატებით გაკონტროლდეს ჰაერის ხარისხი, უფრო მეტი არგუმენტირებული ინფორმაცია რომ გვქონდეს, თუ რას ვსუნთქავთ.
სამშაბათი, 12 ივნისი, თბილისი
წვიმიანი დილა გათენდა. მიყვარს წვიმა, აცოცხლებს და აახლებს გარემოს, ჰაერს წმენდს...
დღეს ჩემი მამამთილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. დილიდან ეკლესიაში და საფლავზე, შემდეგ კი ოჯახის წევრებმა ჩვენს მოძღვართან ერთად ვისაუზმეთ და გავიხსენეთ ბევრი საინტერესო ამბავი.
ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს მამა იონასთან საუბარი, მისი ბრძნული მოსაზრებების მოსმენა და რჩევების მიღება. საოცარია სულიერება, რწმენა, რაც გვეხმარება სირთულეებთან გამკლავებაში და ერთი შეხედვით თითქოსდა მიუწვდომელი მიზნების რეალობად ქცევაში. დიდი ძალაა რწმენა! ღვთის მოშიში, ამავდროულად, უშიშარი ხარ ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე!
დილიდან მარიამი ბაღში წავიდა, გაიპრანჭა თავისი გემოვნებით, გოგონები პრინცესობენ ამ ასაკში და ყოველი დილა სასიამოვნო მზადებით იწყება. ირაკლის და გიორგის გამოცდების პერიოდი აქვთ, საქმიანად მიდიან დილით სკოლაში. რეზი კახეთშია, კლასელებთან ერთად აღნიშნავს სკოლის დამთავრებას.
საღამოს ნათესავებსა და მეგობრებთან შეხვედრა გვქონდა წლისთავთან დაკავშირებით. დიდ ოჯახში გავიზარდე და ხალხმრავლობას ბავშვობიდანვე მივეჩვიე. ნათესავს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემთვის. მიხარია, რომ არჩილზე ახლო ურთიერთობა მაქვს მის ნათესავებთან და მათგანაც განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ.
ხვალ ლონდონში მივფრინავთ მე და არჩილი. მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ბრიტანეთის პარლამენტში არჩილისა და მისი გუნდის ორგანიზებით დაგეგმილი. კარგია იმის განცდა, რომ საერთაშორისო სივრცეში ვიჭრებით და მსოფლიო მოქალაქედ ვგრძნობთ თავს.
არჩილია ასეთი. 18 წელია, მისგან ვსწავლობ, ვსწავლობ ბევრ პროგრესულს - როგორი უნდა იყო პატიოსანი ადამიანი, შრომისმოყვარე, კარგი შვილი, განსაკუთრებული მშობელი და მეუღლე. ეს არის ადამიანი, რომელიც თავისუფლებას მანიჭებს და მზრდის, მეხმარება ვიყო ძლიერი. კარგად იცის, ჩემი გაძლიერება მისი სიძლიერეა! ქალების გაძლირებას არა მხოლოდ ოჯახში, სამსახურშიც ახერხებს, ქალების გაძლიერებაზე მიმართული პროექტების განსაკუთრებული მხარდამჭერია.
სხვანაირად ვხედავ სამყაროს არჩილთან ერთად. მისგან ემოციური თუ მორალური მხარდაჭერა ჩემთვის ყველაზე მთავარია!
ოთხშაბათი, 13 ივნისი, თბილისი-ლონდონი
დილა ფორიაქით იწყება. საღამოს 8 საათზე ფრენაა, მანამდე კი ბევრი რამ მაქვს მოსასწრები - არაფერი დამრჩეს, რამე არ დამავიწყდეს. დილის 8-ზე გამეღვიძა, მარიამს კვლავ სძინავს და მის გაღვიძებამდე ჩალაგებას ვასწრებ.
არჩილი ჩემზე ოპერატიულია, უკვე მომზადებულა და სამსახურშიც მიდის. მიგვაქვს ქართული ტკბილეული, სუვენირები, რათა ღონისძიებაზე ვუმასპინძლოთ საპატიო სტუმრებს. მიღებაზე საპატიო სტუმრებს შორის იქნება ცნობილი ბრიტანელი მრბოლელი ქალი, ზოი ვიტაკერი, და ჩვენს საერთო თემებზე, საგზაო უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაციაზე, ცნობადობის ამაღლებაზე ვისაუბრებთ.
ამას წინათ ამერიკელი მრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი გავიცანი, ამერიკის საელჩოს მოწვევით იყო ჩამოსული საქართველოში. რაში დაგეხმაროთო, პირველი შეკითხვა ეს იყო. ასეთ ქალებს როცა ვხვდები, განსაკუთრებულად ვინთები, ვხვდები, რომ დიდი და მნიშვნელოვანი საქმის მონაწილე ვარ და მსოფლიოში არსებობენ ლიდერები, ვისთვისაც საგზაო უსაფრთხოება უპირატესია!
უკვე აეროპორტში ვართ. პირდაპირ ეთერში პრემიერის საგანგებო გამოსვლაა, განცხადებას აკეთებს გადადგომაზე.
საზოგადოება ელოდა ამ ცვლილებას, თუმცა თვითმფრინავში მაინც ემოციურად საუბრობენ ამ სიახლეზე. დიდი ინტერესია, ვინ იქნება შემდეგი პრემიერი. მე და არჩილი სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ვფიქრობთ, რომ პრემიერის გადადგომა შემთხვევით არ მომხდარა, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნას შეეწირა მთავრობა.
მოზარდების სასტიკი მკვლელობის სათანადოდ გამოუძიებლობამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში სიმართლის დადგენის მოთხოვნით. მართალია, სოციალური ფონი დაბალია ქვეყანაში, მაგრამ სიმართლე ყველასთვის უპირატესია. გაჭირვებაში მყოფი ადამიანიც არ კარგავს ღირსებას და სამართლიანობის განცდას!
როგორც ჩანს, დავიღალეთ წლების განმავლობაში უსამართლობის მოსმენით, მოთმენით... და წვეთ-წვეთად ნაგროვები გადმოვიდა, პროტესტის ტალღად გადმოიღვარა...
არჩილთან ერთად ხშირად ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე. ჩვენი ოჯახიც წლების წინ დააზარალა უსამართლო სისტემამ. ექვსი წელია, ვიბრძვით სიმართლის დასადგენად და კვლავ მოთმინებით ვაგრძელებთ ლოდინს. უსამართლობამ მორალურად თუ ფინანსურად დააზარალა ჩვენი დიდი ოჯახი. კარგია, რომ მოვახერხეთ სიმშვიდისა და წონასწორობის შენარჩუნება. რწმენამ გადაგვარჩინა დაცემას...
ამგვარ რეპრესიებში ბევრი ოჯახი მოჰყვა, ბევრი განადგურდა და ბოლოს, როგორც არასდროს, ხალხი გაერთიანდა! გაერთიანდა და დაუჯერებელი, წარმოუდგენელი ცვლილებები მოახდინა - რეჟიმი დაამხო!
სიახლეებისა და სამართლიანობის მოლოდინში იყო საზოგადოება, თუმცა მართლმსაჯულების სისტემა უცვლელი დარჩა! და დღეს, ექვსი წლის შემდეგ, ვიმკით უმოქმედობის შედეგებს. ცვლილებების დროა, არ უნდა შევუშინდეთ ჯანსაღ სიახლეებს! სამართლიანობა და ღირსება უპირატესია!!!
ხუთშაბათი, 14 ივნისი, ლონდონი
ლონდონი თავის სიმაღლეზე დაგვხვდა! წვიმიანი ამინდი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ორსართულიანი ავტობუსები, ფერადი ლონდონური ტაქსები, წითელი სატელეფონო ჯიხურები. გვიან ჩამოვედით და გასეირნება დილისთვის გადავდეთ.
საუზმის შემდეგ მხოლოდ ორი საათით მიმდებარე ქუჩებზე გავისეირნე, ფოტოები გადავიღე, თუმცა მალევე დავბრუნდი სასტუმროში და პარლამენტში წავედი არჩილთან ერთად.
დღეს არჩილისა და მისი გუნდის ღონისძიებაა თემთა პალატაში. ლონდონს არჩილის მეორე სამშობლოდ ვთვლი. ინგლისში ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, მუდმივად ცდილობს ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების გაღრმავებას და, აი, ახლაც ორგანიზაცია დააფუძნა, რომლის გახსნაზეც ბევრი საინტერესო და დამსახურებული ადამიანი გვეწვია.
სტუმრებს შორის ბრიტანელი მრბოლელი ზოი ვიტაკერი და ინგლისის ყოფილი ტრანსპორტის მინისტრი ნორმან ბეიკერი იყო. საინტერესო რჩევები და დიდი მხარდაჭერა მივიღე მათგან.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში პირველად არ ვყოფილვარ, თუმცა ამჯერად მკაცრმა წესებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. შენობაში ფოტოების გადაღება აკრძალულია და ყველა გასასვლელთან დაცვა დგას, რომელიც შენობის სხვა ნაწილში გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებს. საშვის მფლობელის გარეშე წარმოუდგენელია თუნდაც ტერასაზე ფოტოების გადასაღებად გასვლა. მკაცრი წესების მიუხედავად, ყველაფერი მოვახერხეთ. კანონმორჩილება არ გვზღუდავს სურვილების ასრულებაში!
საღამოს ვახშამზე წავედით. ახალი ადგილები აღმოვაჩინეთ. გვიან დავბრუნდით სასტუმროში და ვფიქრობ, ხვალინდელი დღე დასვენებასა და ლონდონის ქუჩებში ხეტიალს დავუთმო!
პარასკევი, 15 ივნისი, ლონდონი
ლონდონისთვის უჩვეულო მზიანი ამინდია. მოვიარე კენსინგტონის ბაღები და ვზივარ ჰაიდ პარკში, ტბის პირას. ვუმზერ, როგორ ხარობენ ადამიანები ბუნებით, უფრთხილდებიან გარემოს და სიამოვნებას იღებენ სეირნობით, ვარჯიშით, ერთმანეთთან ურთიერთობით.
განსხვავებული საზოგადოება რომ არის, უდავოა. სხვა ფასეულობები, მიდგომები და განვითარების სიმაღლეც სხვა აქვთ, თუმცა ადამიანური საჭიროებები და მოთხოვნილებები იგივე, რაც ჩვენ.
კენსინგტონში ვრჩებით 3 დღით. ლამაზი უბანია, მდიდრული შენობები. დილიდან დავდივარ, ვათვალიერებ მაღალჭერიან, ყვავილებგადმოფენილ, დახვეწილ შენობებს და ლონდონს პარიზს ვადარებ, პარიზს კი - ლონდონს. ორივე მდიდრული და არისტოკრატულია! მაღალი კულტურა ეტყობა გარემოს, სასიამოვნოა ამ გარემოში ყოფნა.
დილიდან მოსანახულებელი ადგილების ჩამონათვალი გავაკეთე და უპირატესობა პარკში გასეირნებას მივანიჭე. ალბათ, ყველაზე მეტად რაც მაკლია ჩვენს ქალაქში, იმის ნახვა მომინდა, იმ განწყობით, რომ იქნებ სიახლე აღმოვაჩინო და გამოცდილება თბილისში ჩამოვიტანო.
ლონდონში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, თუმცა აღქმის დონე ამ ასაკში სხვაგვარი მაქვს. მიყვარს გუგლთან ერთად სეირნობა და ადგილების აღმოჩენა. მომენტებით ტკბობა ვისწავლე ამ ასაკში და რასაც ცხოვრება მაძლევს, იმის დაფასება.
ხშირად ვამბობ, ასაკის მატება გვამდიდრებს, სხვაგვარ ხედვებს გვიყალიბებს. ბოლო წლებია, მარტო სიარული შემიყვარდა, ფიქრი და გარემოს აღქმა, მანამდე კი მოსაწყენად და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ქუჩების თვალიერება და მარტო ყოფნა უცხო ქალაქში. უნდა ვაღიარო და მუზეუმებიც არ მხიბლავდა. თვალებში რაც ნაპერწკალს მინთებდა, უმეტესწილად “შოპინგი” იყო.
წლების წინ, ვაშინგტონში ყოფნისას, დედაჩემისა და ჩემი ძმის მიერ დაგეგმილი მუზეუმების ნახვაზე უარი ვთქვი და მაღაზიებში წავედი. ახლა მეღიმება მაშინდელ განწყობაზე. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს.
პარკში სეირნობის შემდეგ კენსინგტონის სასახლეც მოვინახულე, დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტის ისტორიამ დამაფიქრა. ძლიერი სიყვარული იყო მათ შორის. ცხრა შვილი ჰყავდათ.
ერთ დროს ამ კედლებში ნამდვილი გრძელკაბიანი პრინცესები ცხოვრობდნენ, იმ ეზოში დადიოდნენ, სადაც ახლა ვზივარ და დღიურს ვწერ თქვენთვის.
ჭადრაკის დაფასავით არის ადამიანების ცხოვრება. წოდების, რეგალიებისა თუ შესაძლებლობების მიუხედავად, ყველა, უბრალოდ, ადამიანია, ყველა მოკვდავია, წარმავალია.. მათი ცხოვრება კი ისტორიად რჩება მომავალ თაობებს.
შაბათი, 16 ივნისი, თბილისი
კვლავ ჩემს საყვარელ თბილისში დავბრუნდი. უცხოეთში ყოფნისას მაჯის საათს საქართველოს დროზე ვტოვებ ხოლმე, ჩემი შვილების დღის რეჟიმს თვალყური რომ ვადევნო. ლონდონიდან ჩამოსულს ჩემი მეორე ვაჟი, ირაკლი, მაღალი სიცხით დამხვდა. რამდენიმე დღით მიტოვებასაც არ მაპატიებენ ბავშვები. არ ვნერვიულობ. ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ამბავია. ვიცი, მალე გამოჯანმრთელდება.
ვწერ დღიურს და ვგრძნობ, რამდენად უნიკალური და ძვირფასია თითოეული დღე. სიახლისა და იმედის მომტანი! რაოდენ სასიამოვნოა იმის განცდა, რომ დაგროვილ სათქმელს თქვენ გაგიზიარებთ. ამის საშუალება რადიო თავისუფლებამ მომცა. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის!
დღეს ბავშვებთან ვიქნები, ერთმანეთს მთელი კვირის ამბებს გავუზიარებთ, ხვალიდან კი ცხოვრება ჩვეული, საქმიანი რიტმით გაგრძელდება.