Accessibility links

ეკა ციმაკურიძე პარლამენტის მიერ მთავრობის კონტროლის საკითხზე


ბოლო დღეებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის არმისვლის ფაქტს. პარლამენტის ოფიციალურ საიტზე ამ ამბის შესახებ ვკითხულობთ: „დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანისთვის უნდა მოესმინათ, მაგრამ მინისტრი სხდომაზე არ მოვიდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, მისთვის ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მისი განმარტებით, მან სცადა ივანე მაჭავარიანის დათანხმება, რომ მოსულიყო დღევანდელ სხდომაზე, მაგრამ უშედეგოდ“. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პირველი გამოეხმაურა მომხდარს და გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ მინისტრის ასეთი ქცევა კანონმდებლების მიერ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს და ასეთი მოქმედებისკენ მოუწოდა კიდეც პარლამენტარებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ილაპარაკა პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელების ინსტრუმენტებსა და მათი ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობაზე: „პარლამენტის მხრიდან მთავრობაზე კონტროლის განხორციელების მექანიზმი არის პრაქტიკულად შეუსრულებელი ან ძალიან სუსტია. იშვიათ შემთხვევებში მხოლოდ მცირე შესაძლებლობებს იყენებს, მის ხელთ არსებულ ძალიან ცოტა ინსტრუმენტს იყენებს პარლამენტი იმისთვის, რომ გააკონტროლოს მთავრობა და ძირითადად მიმართავს ხოლმე ისეთ მექანიზმებს, რომლებიც სავალდებულოდ უწერია კანონში. …„მინისტრის საათს“ თავისი დატვირთვა აქვს და თავისი პროცედურა. კომიტეტზე მინისტრის დაბარება, ინტერპელაცია, რაც ნიშნავს კონკრეტული კითხვების რეჟიმში მთავრობის წევრების და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა სუბიექტების გამოკითხვას, დეპუტატის შეკითხვის წერილობით გაგზავნა და შემდეგ პასუხების მიღება. თვითონ პარლამენტი არ იყო ხოლმე აქტიური ამ მხრივ. არ იყო ინტერპელაციის შემთხვევები საერთოდ, არ იყო კომიტეტზე მინისტრის დაბარების შემთხვევები, არ იყო სადეპუტატო კითხვის გაგზავნის შემთხვევები და ძალიან ბევრი სხვა ინსტრუმენტი, რომელიც უხვად აქვს პარლამენტს იმისთვის, რომ გააკონტროლოს მთავრობა, სამთავრობო გეგმის შესრულება, გააკონტროლოს ხომ არ აქვს კორუფციას ადგილი აღმასრულებელ სისტემაში. ესეც არის მისი ფუნქცია და ასევე პარლამენტი არ იყენებდა მაგალითად, თავის მაკონტროლებელ მექანიზმს იმისთვის, რომ შეემოწმებინა - სრულდება თუ არა მის მიერ მიღებული კანონმდებლობა“. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას: „გუშინწინ რაც მოხდა, ეს იყო განსხვავებული შემთხვევა, რომ პარლამენტმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა, ორი ფრაქციის ინიციატივა იყო ეს და როგორც იქნა, შედგა პრეცედენტი, როცა დაიბარეს კომიტეტის სხდომაზე კონკრეტული მინისტრები, მაგრამ მინისტრი არ მოვიდა. ანუ, ორივე მხრივ პრობლემაა. ერთი მხრივ, პარლამენტის აქტიურობააა პრობლემა, მეორე მხრივ აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხი პარლამენტის მხრიდან მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელების მცდელობაზე არის სრულიად არაადეკვატური. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის არ პასუხობს კანონის უზენაესობის, კონსტიტუციის მოთხოვნებს. როგორ შეიძლება, რომ პარლამენტმა დაიბაროს მინისტრი - მის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი და მინისტრმა თავისი ინიციატივით თქვას - მე ვთვლი, რომ არ უნდა მოვიდეო?!“.

XS
SM
MD
LG