საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ კანაფის კულტივაცია-ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტი კანონად არ იქცევა. საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ცვლას ამ საკითხთან მიმართებით ერთმნიშვნელოვნად საპატრიარქოს, როგორც უდიდესი გავლენისა და ძალის მქონე ინსტიტუციის საამებელ ნაბიჯად მიიჩნევენ ექსპერტები, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
როგორც თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ამბობს, ამ საკითხზე ეკლესიის მიერ გამოთქმული პოზიცია იმდენად არ არის გასაკვირი, რამდენადაც ხელისუფლების სისუსტე გაუმკლავდეს საპატრიარქოს პოზიციას, რომელიც მსგავსი თემებით მანიპულირებს საკუთარი გავლენის და პირველ რიგში, ფინანსურ-პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად.
„ამჟამად, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია და თან ხელისუფლება სუსტია, დაპირისპირების ხაზი გადის ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებულ პოლიტიკურ ბრძოლაზე. ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობა მაქსიმალურად ცდილობს, მიიმხროს ეკლესია, ეკლესიის პოზიცია აქციოს თავის პოზიციადაც და ამას იყენებს პოლიტიკური ბრძოლისთვის. მეორე მხრივ, ეს ველი განსაზღვრავს ოცნების ხელისუფლების მოქმედებასაც, მათ არ სურთ ეკლესიის მესვეურთა ნაწილი ხელში ჩაუგდონ ოპონენტ პოლიტიკურ ძალებს“, - ამბობს თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.
ის ამ კონტექსტში ხედავს ორ რამეს: პირველი - ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პატრიარქთან და ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ედავებოდნენ, ახლა თანმიმდევრული ხდება ქსენოფობიური განცხადებების და პროსაეკლესიო პოზიციების ინსტრუმენტალიზებაში, ის იყენებს საეკლესიო ობსკურანტიზმს საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეკლესიის წარმომადგენელთა დამოკიდებულება „ქართულ ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რიგი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ, თუ სალომე ზურაბიშვილი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, დატოვებენ საქართველოს. სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მიმართ ეკლესიის წარმომადგენელთა ნეგატიური დამოკიდებულება არ მოჰყოლია მის ცნობილ განცხადებას, რომ 2008 აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ეკლესიის მესვეურთა განცხადებები მოჰყვა კანაფის კულტივაცია-ექსპორტის თაობაზე ხელისუფლების პოზიციას, - მიიჩნევს ბექა მინდიაშვილი. ამ ვითარებაში, სუსტი ხელისუფლება თავს უფლებას ვერ აძლევს, საპატრიარქოს პოზიცია, სადავო, ე.წ. „მარიხუანის კანონთან“ დაკავშირებით, მხედველობაში არ მიიღოს; მეორე საკითხი კი საპატრიარქოს ფინანსური ინტერესია:
„საპატრიარქოსთვის ახალი არ არის რელიგიური და მორალური საკითხებით ვაჭრობა ხელისუფლებებთან, მაგალითად, "კაზანტიპთან" დაპირისპირება, როდესაც გაირკვა, რომ საპატრიარქოს ჰქონდა თავისი ინტერესები ფესტივალზე „სნოს“ წყლის შეტანის კუთხით და როგორც კი ეს ინტერესი დაიკმაყოფილა, დაპირისპირება მოიხსნა; საპატრიარქოს დაპირისპირება „სოკართან“, როცა ისმოდა მოწოდებები, არ ჩაასხათ „სოკარში“ ბენზინი, ვინაიდან ისინი აგებენ მუსლიმურ სალოცავებს. ამის შემდეგ „სოკარმა“ გაზის საფასურის გადახდა დაიწყო ეკლესიებისთვის“.
„შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომ როდესაც ეკლესია თავისი ძალის დემონსტრირებას იწყებს, ამას მოჰყვება ხოლმე ძალიან უხვი ჯილდოები სახელმწიფოს მხრიდან“, - ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.
თუ, მაგალითად, გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერთ შემდეგ წინადადებას, „საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცა მიწა“, ბევრ ცნობას იპოვით.
„ეკლესია ითვისებს ეროვნულ ქონებას და გაურკვეველი მიზნებით, ეკლესია არ იხდის გადასახადებს, მათი ქონება არ კონტროლდება; ეკლესია არის მხოლოდ და მხოლოდ წამღები და არაფრის გამცემი. ეკლესია არ არის მხოლოდ სასულიერო დაწესებულება, ეს არის უზარმაზარი კაპიტალის მქონე ბიზნესორგანიზაცია და ქონების გასამრავლებლად სჭირდება უზარმაზარი პოლიტიკური გავლენა. სჭირდება გაზარდოს საეჭვო კანონიერების მქონე საეჭვო კანონიერების გზით მოპოვებული ქონება. შიდა ბრძოლებიც მიმდინარეობს ამ ნიშნით, თუ ვინ დაეუფლება ამ გიგანტურ ქონებას. დღეს ჩვენ ვაკვირდებით გავლენისა და ქონების გაყოფისთვის ბრძოლას“, - ამბობს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე.
საინტერესოა, როგორი პოზიცია ექნება ხელისუფლებას კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის მიმართ უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ? ამ საკითხის გარკვევა კიდევ ერთ საკითხს მოჰფენს ნათელს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებაში, რომლის თანამშრომლობის კონსტიტუციურ ჩარჩოს - კონკორდატს - 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში მოეწერა ხელი.
დაწერეთ კომენტარი