საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ასტროლინგვისტიკის სწავლების გადაწყვეტილებაზე მღვდელმთავრებთან შედგება მსჯელობა.
„მანამდე უნდა შევაფასო ამ საკითხის გარემოებები...“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
დეკანოზის შეფასებით, დარგი, რომელიც განათლების სამინისტროს მტკიცებით, ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ინერგება, „არც მეცნიერებაა და არც რელიგია“.
„ეზოთერიკა? - შეიძლება ასეც განისაზღვროს. სრულიად გაუგებარია ამის საჭიროება“, - ამბობს ის.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზუსტებს, რომ ეს მისი აზრია, საპატრიარქოში ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმც სასულიერო პირებიდან არავინ ეგულება „ვინც ამ თეორიას სხვაგვარად შეაფასებდა“. არც მთავრობის წევრებს დაკავშირებიან მეტის გასარკვევად, „ეს ამბავი სიახლეა და არ ყოფილა ამის განხილვა. არც უკითხავს ვინმეს აზრი“, - ამბობს ის.
უნივერსიტეტებში პროგრამების კვოტირების დოკუმენტის თანახმად, რომელიც განათლების რეფორმის კვალდაკვალ გამოქვეყნდა, ასტროარქეოლოგიისა და ასტროლინგვისტიკის მიმართულებებზე ჯამში 40 ადგილია გამოყოფილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ასტროლინგვისტიკა 2026 წლის სასწავლო გეგმით 20 სტუდენტს მიიღებს.
ეს იმ ფონზე, როცა მაგალითად ილიაუნის პედაგოგიკისა და STEM სპეციალობების გარდა, ყველა სასწავლო პროგრამა ჩამოართვეს. უნივერსიტეტი ჯამში მხოლოდ 300 სტუდენტის მიღებას შეძლებს
„რომელმა კვლევამ აჩვენა, რომ ასტროლინგვისტიკაზე 20 ადგილია საჭირო?“, - ილიაუნის რექტორისა და განათლების სპეციალისტების ამ კითხვაზე „იმედის“ ეთერში გამართული დებატებისას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არ უპასუხია.
რადიო თავისუფლებამ ბაზრის კვლევის დოკუმენტი განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან გამოითხოვა.
სად ისწავლიან სტუდენტები ასტროლინგვისტიკას?
ამ საბაკალავრო პროგრამაზე მოხვედრა, ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იქნება შესაძლებელი. ეს უმაღლესი სასწავლებელი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით 6 წლის წინ გაიხსნა.
უნივერსიტეტის ცხელ ხაზზე ჯერ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. ამბობენ, რომ მოგვიანებით დაიტერესებული პირებისთვის ინფორმაცია საიტზე განთავსდება.
ქუთაისის უნივერსიტეტში ახალი საბაკალავრო პროგრამის დანერგვას წინ უსწრებს ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე 2025 წლის სექტემბერში „იბერიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრის“ შექმნა. ესეც ფონდ „ქართუსა“ და მთავრობის მხარდაჭერით. ცენტრის გახსნაზე სიუჟეტები გადაიღეს - „იმედმა“, „პოსტივიმ“ და „რუსთავი 2-მა“.
„იბერიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევით ცენტრს“ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ალიკო ცინცაძე ხელმძღვანელობს.
ის „საერთაშორისო კომპიუტერული აკადემიის წევრ-კორესპოდენტია, 100-მდე სამეცნიერო სტატიისა და ორ ათეულამდე წიგნის ავტორი, მათ შორის მათემატიკურ მოდელირებაში, პოლიტიკაში, ენათმეცნიერებაში“ - წერია მის ბიოგრაფიაში,რომელიც კვლევითი ცენტრის გვერდზეა გამოქვეყნებული.
რადიო თავისუფლება ქუთაისის უნივერსიტეტსაც დაუკავშირდა, დავინტერესდით, რა თანხით აფინანსებს სახელმწიფო კვლევით ცენტრსა და მიმართულებებს, ვინ და რამდენია დასაქმებული, როგორ გაიარეს აკრედიტაცია, ვინ იქნებიან ლექტორები, როგორი შინაარსისაა კურიკულუმი და სად სთავაზობენ დასაქმებას. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ალიკო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ქართულ ტექსტებსა და ანბანში წინაპრებმა საიდუმლო ინფორმაცია დაშიფრეს, რომლის წაკითხვაც ქართული გემატრიის [ჰემატრია] გამოყენებითაა შესაძლებელი.
რას ნიშნავს გემატრია?
გემატრია არის სიმბოლური და მისტიკური მეთოდი, რომელიც ასოებს რიცხვით მნიშვნელობებს ანიჭებს და ამ რიცხვების მიხედვით სიტყვებსა და ტექსტებს განმარტავს.
როგორ მუშაობს ეს მეთოდი:
- თითოეულ ასოს მინიჭებული აქვს საკუთარი რიცხვი;
- სიტყვის რიცხვითი მნიშვნელობა მიიღება ასოების რიცხვების ჯამის შედეგად;
- თუ ორ განსხვავებულ სიტყვას ერთნაირი ჯამი აქვს, მიიჩნევა, რომ მათ შორის შინაარსობრივი ან სულიერი კავშირი არსებობს.
იყენებენ: ებრაულ მისტიკაში (კაბალაში); რელიგიურ და ფილოსოფიურ ტექსტებში; სიმბოლური ინტერპრეტაციების დროს (სახელები, თარიღები, ცნებები).
ალიკო ცინცაძის წიგნში „საყმაწვილო ჰემატრია“ [გემატრია] წერია:
„ქართული (იბერიული) გემატრია სრულად იყენებს თვითონ მეთოდის შესაძლებლობას – ცალსახად დაშიფროს ინფორმაცია; ძველი ქართული შესაქმეს დროს სიტყვაში დაფარული რიცხვი რეალურად, ნათელხილვით დაშიფრული ინფორმაციული გზავნილია და მისი საწყისი ასტრონომიულია. თვითონ ქართული გემატრიაც თვისებრივად განსხვავდება სხვა ხალხთა გემატრიებისგან“, - წერს ალიკო ცინცაძე წიგნში „საყმაწვილო ჰემატრია“.
საერთაშორისო განმარტებით კი ასტროლინგვისტიკა იკვლევს ენის როლს დედამიწის ფარგლებს გარეთ; იმას თუ, როგორ შეიძლება კაცობრიობა დაუკავშირდეს არამიწიერ ცივილიზაციებს და რა სახის ენობრივი სტრუქტურები შეიძლება არსებობდეს სამყაროში. ეს სფერო აერთიანებს ლინგვისტიკას, ასტროფიზიკას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ფსიქოლოგიას.
ალიკო ცინცაძე ამბობს, ასტროლინგვისტიკა მისთის კვლევის მეთოდია, რომლის ავტორიც თავადაა. ასტროლინგვისტიკის მისეული განმარტება განსხვავდება საერთაშორისოსგან - ეს არის საავტორო კონცეფციაა, რომელიც ცდილობს ენის, ეთნოსისა და კოსმოსის კავშირის ახსნას.
პროფესორის თეორიის მიხედვით, „ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება - იგი „კოსმოსური წესრიგის ანარეკლია“, ხოლო ხალხის (ეთნოსის) წარმოშობა, ცნობიერება და ისტორია „ასტრალურ კანონზომიერებებთან არის დაკავშირებული“.
ალიკო ცინცაძის თქმით, ის, რაც მედიაში დაიწერა, ასტროლინგვისტიკის სამუშაო ვერსიაა. ამას გარდა, მისი მტკიცებით, სამთავრობო დოკუმენტში მიმართულებები არასწორად იყო კლასიფიცირებული. მისი განმარტებით მიმართულება, რომელზეც სტუდენტებმა უნდა ისწავლონ კულტურის და იბერიის კვლევებია.
„კვლევის მეთოდებია ასტროარქეოლოგია და ასტროლინგვისტიკა... ახლა, როცა ასეთი ვაკხანალიაა არც ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები“, - ამბობს ალიკო ცინცაძე.
იმ შემთხვევაში თუ ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს მიიღებს, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ასტროლინგვისტიკას როგორც საბაკალავრო პროგრამას ისე შეისწავლიან. ქუთაისის უნივერსიტეტს ამ მიმართულებაზე ჯერ სტუდენტი არ მიუღია.
პროფესორის თეორიის კრიტიკა
„ნაცისტური ოკულტიზმისა და მაგიის სწავლება, გადმოტანილი ქართულ კონტექსტში“, - ასე აფასებს ალიკო ცინცაძის იდეებს თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი და ამბობს, რომ ეს პროგრამა არამარტო ანტისამეცნიერო არამედ უკიდურესად „სახიფათო, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისემიტური და რელიგიური თვალსაზრისით, ანტიქრისტინული ხასიათისაა“.
„სახელმწიფო მხარდაჭერით [ უნივერსიტეტში] ოკულტური ფაშიზმის დანერგვა და კვოტირება არის აბსოლუტურად და გაუგონრად ანტისამეცნიერო მოვლენა. ამ კურსის აკადემიური აკრედიტაცია აჩვენებს, რა არის ქართული ოცნების რეალური მიზანი - აკადემიური ცოდნის, მეცნიერების, უნივერსიტეტის განადგურება“, - ამბობს ის.
„ამათი ინტერპრეტაცია სრულიადმოწყვეტილია რეალობას“, - მოგვწერა ალიკო ცინცაძემ, რომელფაოაშიც არ ეთანხმება კრიტიკას, მზადა ინტერვიუზე, თუმცა გვთხოვს, რომ ცოტა დრო მივცეთ.
„იბერიის კულტურული მემკვიდრეობის კვლევითი ცენტრის“ ფეისბუკგვერდი ხელმისაწვდომი აღარაა. იქ იყო გამოქვეყნებულ ალიკო ცინცაძის სტატიები და ვიდეოლექციები.
ასევე პასუხიც კრიტიკაზე:
„მიუხედავად, რომ პრემიერი და განათლების მინისტრი კონსტიტუციიდან და განათლების კანონიდან არ გასულან, ამ კონფლიქტის უკან ცხადლივ იკითხება იდეოლოგიური დაპირისპირება ულტრალიბერალიზმზთან.
ისინი 60-იანი წლების ხრუშჩოვის გზის გამაგრძელებელნი, ქვეყნის ისტორიის გამყალბებელთა სულიერი შთამომავლები არიან…ჩვენ ვიბრუნებთ განათლებას, მალე ქვეყანასაც სრულად დავიბრუნებთ. ეს შეუქცევადი პროცესია, ამას უნდა ელოდნენ!“, - ეწერა განცხადებაში.
საიტის გაქრობამდე მისი განცხადება გამოცემა „ტაბულამ“ გამოაქვეყნა.
ორგანიზაცია „იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობა“ საჯარო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა, გამგეობა კი სამი წევრისგან შედგება: თავმჯდომარე - ნათელა სირაძე, წევრები ლია დვალი და ალიკო ცინცაძე არიან.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, ნათელა სირაძე საზოგადოების ნაწილმა რამდენიმე წლის წინ ნახა გადაცემა „პროფილში“. გადაცემის ფრაგმენტი, სადაც ქალი სტალინის ხატით ხელში ეკლესიიდან განკვეთილ მღვდელთან ერთად ამტკიცებდა, რომ საბჭოთა ბელადი წმინდანია, ახლაც იძებნება Youtube-ზე.
ამას გარდა, ის ნარიმან მაქარაშვილის - მიმდევრები მას „წმინდა ღმერთ ნარიმანს“ უწოდებენ - მრევლის წევრიც იყო. 2017 წლის ნოემბერში თბილისში, ზესტაფონის ქუჩიდან მაქარაშვილის გამოსახლებისას ნათელა სირაძე თავის მოკვლით იმუქრებოდა.
„შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ინტერპრეტაციები აშორებს ადამიანს ქრისტიანულ ან ტრადიციულ სამეცნიერო შეხედულებებს და სამწუხაროა, რომ ასეთი გაქანება მისცემია ამ თემას უმაღლეს სასწავლებლებში. რაღაცა განსაკუთრებული ცოდნის აღმოჩენაზეა საუბარი, რომელიც არაფერს ეყრდნობა“, - ამბობს დეკანოზი ჯაღმაიძე და ავითარებს მსჯელობას გნოსტიციმისა და ეზოთერიკის შესახებ:
„ეზოთერიკის ნიშანია დაფარული, საიდუმლო სწავლების არსებობა, რომელიც დაშიფრულია სიმბოლოკით, რომ რეალობას გააჩნია სხვა შრე, რომლის შესახებ ცოდნა თითქოს გაცხადებული არ არის“
ალიკო ცინცაძემ 2013 წელს გამოაქვეყნა წიგნი: „მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა...“, რომელიც იოანე ზოსიმეს ხელნაწერში „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ” დაფარულ ინფორმაციას ეძებს.
ალიკო ცინცაძის თქმით, ხელნაწერი დაშიფრულია, რითაც დაადასტურდა, რომ ქართული ჰემატრია არსებობს.
პროსახელისუფლებო მედია კი იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გაშიფვრის ამ მეთოდით მხოლოდ გასულ წელს დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი 1 250 000 გირვანქა სტერლინგად იყიდა. აქედან ერთ წელიწადში იხსნება ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე „იბერიული კულტურის კვლევის ცენტრიც“.
ფორუმი