Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესიის რეიტინგი: რისი ბრალია მკვეთრი ვარდნა


მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგი 25%-ით შემცირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო თვეებში კლებამ 14% შეადგინა. ასეთია NDI-ის დაკვეთით (CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული) ახალი კვლევის შედეგები. კლების ტენდენცია მანამდე CRRC-ის („კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“) სხვა კვლევამაც გამოავლინა.

რატომ იკლებს მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგი? რამ შეიწირა უპირობო მხარდაჭერა? ცუდია ეს თუ კარგი?

მკვეთრი კლების ტენდენციები

ინსტიტუციების საქმიანობის შეფასების რეიტინგში მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს ჯარი უსწრებს.

  • საქართველოს ჯარი - 52%;
  • საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია - 50%.

ეკლესიის შემთხვევაში, ეს (50%) მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია ბოლო წლებისა და თვეების მაჩვენებლებთან შედარებით:

  • 2015 წლის შემდეგ, ეკლესიის საქმიანობის დადებითად შემფასებელთა მაჩვენებელი 25%-ით შემცირდა (იყო 75%);
  • 2019 წლის ივლისის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 14%-ით არის შემცირებული (იყო 64%).

ახალი კვლევა, რომელიც 16 იანვარს გამოქვეყნდა, NDI-მ და CRRC-საქართველომ 2019 წლის 19 ნოემბერიდან 13 დეკემბრის შუალედში ჩაატარეს.​

CRRC-ს კვლევაში, რომელიც 2019 წლის აპრილში გამოქვეყნდა, საპატრიარქოს მიმართ ნდობის რეიტინგი 52,1%-ს შეადგენდა; ხოლო პატრიარქის მიმართ ნდობას გამოხატავდა 83,1%. რაც შეეხება „სრულ ნდობას“:

  • საპატრიარქოს სრულ ნდობას უცხადებდა გამოკითხულთა 27,7%;
  • საქართველოს პატრიარქს სრულ ნდობას უცხადებდა 66,3%.

მნიშვნელოვანი კლებით გამოირჩეოდა მართლმადიდებელ რესპონდენტთა შორის ეკლესიის მიმართ სრული ნდობის მაჩვენებელი 2008-2017 წლებში, CRRC-საქართველოს კვლევის - „კავკასიის ბარომეტრის“ - მიხედვით.

საქართველოში ჩატარებული გამოკითხვებით იშვიათად იზომება პატრიარქის რეიტინგი. თუმცა არის რამდენიმე მაგალითი:

  • NDI-ის 2014 წლის კვლევის თანახმად, ილია მეორე საქართველოში ყველაზე რეიტინგულ პირებს შორის 96%-ით ლიდერობდა;
  • NDI-ის იმავე ტიპის 2015 წლის კვლევით, მოწონების მაჩვენებელი 87%-მდე შემცირდა.

ბოლო კვლევებში ​NDI ცალკე აღარ ზომავს საქართველოს პატრიარქის რეიტინგს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს, NDI-ის კვლევის მიმართ დამოკიდებულებისა და ეკლესიის რეიტინგის ვარდნის მიზეზების გასარკვევად.

ანდრია ჯაღმაიძემ მოგვწერა, რომ - კვლევას ჯერჯერობით არ გასცნობია და ამის გაკეთებას დღეს (16 იანვარს) ვერ შეძლებს.

კორუფცია, ჯიპები, ფუფუნება

მართლმადიდებლური ეკლესიის (როგორც საპატრიარქოს მიერ მართული ინსტიტუციის) რეიტინგის კლება არ უკვირს ანალიტიკოს გია ნოდიას. ის ამბობს, რომ ეკლესიის უპირობოდ მაღალი რეიტინგი განსაკუთრებული ძალით შეარყია თავად სასულიერო პირების მიერ ეკლესიის გარეთ გამოტანილმა სკანდალურმა ამბებმა.

„თუკი ადრე ეკლესიის კრიტიკა ძირითადად ლიბერალური წრეებიდან მოდიოდა, ახლა თავად ეკლესიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს... გვესმის სკანდალური განცხადებები და ამ ფონზე გაცილებით უფრო გაფართოვდა ეკლესიის მიმართ კრიტიკულად განწყობილთა რიცხვი... რეიტინგის მკვეთრ ვარდნასაც ძირითადად ამან შეუწყო ხელი“.

რეიტინგის კლების ძირითად მიზეზად გია ნოდია მაინც კორუფციის თემას ასახელებს:

  • კორუფცია ეკლესიაში - პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით წარმოჩინდა ე.წ. ციანიდის საქმის ფონზე;
  • ე.წ. ჯიპიანი და ღიპიანი მამაოები - ეს დამკვიდრებული სტერეოტიპი და კორუფციის თემა „ახლა უკვე თითქოს ერთმანეთს ადასტურებენ“.

თვითმხილველების დაკვირვებით, წელს საშობაო „ალილოს“ მსვლელობაში წინა წლებზე ნაკლები ხალხი მონაწილეობდა.

გია ნოდია არ გამორიცხავს, რომ ეს სწორედ ეკლესიის მიმართ დამოკიდებულების გაუარესებით იყოს განპირობებული - „როცა ნაკლები ხალხი ენდობა ეკლესიას, ნაკლები ხალხი მიიღებს მონაწილეობას საეკლესიო ხასიათის ღონისძიებებში“.

წლების განმავლობაში ლაპარაკი იყო მრავალ პრობლემაზე. ეკლესიის მიმართ კრიტიკული აქცენტების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია:

  • სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებლური ეკლესიის გულუხვად დაფინანსება - სუბსიდიები, დოტაციები;
  • ინფრასტრუქტურული ნაგებობებისა და მიწების მიტაცება-მისაკუთრება;
  • სასულიერო პირების მისწრაფება ფუფუნებისკენ, როცა ხალხს ასე უჭირს;
  • ე.წ. მადლით ვაჭრობა - როდესაც ტაძრებში ითხოვენ ფიქსირებულ თანხას (ჯვრისწერისას, ნათლობისას თუ მიცვალებულის მოხსენიებისას);
  • ეკლესიის ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში;
  • ეკლესიის პოლიტიზება არჩევნების ჭრილში.

თუმცა, NDI-ს ახალი კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - „რა ფაქტორია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (საპარლამენტო არჩევნებზე) გადაწყვეტილების მიღებისას?“ - მხოლოდ 1% პასუხობს, რომ ეს არის „მრევლის და მღვდლის პოლიტიკური შეხედულებები“.

რუსეთის გავლენა, სკანდალები, ბრძოლა ტახტისთვის

„კვლევის მაჩვენებლის ასეთი მკვეთრი ვარდნა აბსოლუტურად ბუნებრივია... საეკლესიო ცხოვრება სკანდალებმა მოიცვა... და საზოგადოება თვალს ადევნებს საპატრიარქო ტახტისთვის გამუდმებულ ომსა და დაპირისპირებას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

მინდიაშვილის თქმით, ეკლესიის რეიტინგი ბევრი ფაქტისა და ტენდენციის ერთობლიობამ შეარყია; მაგალითად:

  • „ციანიდის სკანდალს“ მოჰყვა გამუდმებული დაპირისპირება სინოდის წევრებს შორის და ამ დაპირისპირებამ, შეიძლება ითქვას, ხულიგნური გარჩევის ხასიათიც კი მიიღო... ისინი არც ქუჩური ლექსიკის გამოყენებას ერიდებიან“;
  • „2019 წლის ოქტომბერში, სინოდის სხდომას ახალი სკანდალი მოჰყვა - მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქი ამხილა, მისი თქმით - სოდომის ცოდვაში“;
  • „უფრო და უფრო მკაფიო გახდა უშუალოდ საპატრიარქოს რუსული ორიენტაცია - დაწინაურდნენ ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ, მაგალითად, ილია ჭავჭავაძე მოკლა ევროპამ და არა რუსეთმა“;
  • „ასევე, საქართველოს ეკლესიამ ვერ გადაწყვიტა, უნდა დაეჭირა თუ არა მხარი უკრაინის ავტოკეფალიისათვის“.

ბექა მინდიაშვილი ფიქრობს, რომ ეკლესიის მიმართ ხალხის კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს - „ასეთი ტენდენციის პირობებში, საეკლესიო ცხოვრება შეიძლება დაუბრუნდეს რელიგიურ ცხოვრებას. ის სრულად არის დღეს მოწყვეტილი თავის ქრისტიანულ საფუძვლებს“.

მაშინ, როცა პარტიების უმრავლესობა პოლიტიკურად არახელსაყრელად თვლიდა ეკლესიაში (როგორც ინსტიტუციაში) არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკს, ამას ყოველთვის აკეთებდა რესპუბლიკური პარტია.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ცვლილებები გარდაუვალია, რადგან თავისუფალი ახალი თაობისთვის მიუღებელია ყველაფერი ძველი და ნეგატიური:

„რაც უფრო აქტუალური ხდება საზოგადოებრივ ასპარეზზე თაობა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის და ცხოვრობს თავის თავისუფალ მიკროგარემოში, ბუნებრივია, მისთვის მიუღებელია არათავისუფალი და ხელისუფლებასთან შეზრდილი ძველი საბჭოთა ინსტიტუცია“.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეკლესიის მიმართ კრიტიკა ამავე ინსტიტუციის გადასარჩენად და გასაჯანსაღებლად არის აუცილებელი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG