Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ციანიდის საქმის“ განაჩენი – 9 წელი ციხეში


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოში ამ საქმეზე დავა რვა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზ მამალაძეს ბრალად ედებოდა პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება, რისთვისაც მან მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი შეიძინა და ასევე, იარაღის უკაონოდ შეძენა-შენახვა. სასამართლომ „ანგარებით მკვლელობის მომზადების“ მუხლი „შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობის მუხლით“ შეცვალა, მამალაძე დამნაშავედ ცნეს იარაღის შეძენა-შენახვის ნაწილშიც, თუმცა დანაშაულთა ერთობლიობით და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა, საბოლოოდ, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც ბრალს არ აღიარებს, სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

„ციანიდის საქმის“ განაჩენი – 9 წელი ციხეში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:54 0:00
გადმოწერა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დაადგინა, რომ ის, შურისძიების მიზნით, გეგმავდა პატრიარქის მთარგმნელ-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას და რომ ასევე, დამნაშავე იყო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასა და შენახვაში. შედეგი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. 5 სექტემბერს, „ციანიდის საქმეზე“ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის სწორედ ამ განაჩენით დასრულდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პროცესი, რომელიც რვა თვე გრძელდებოდა.

ბესიკ ბუგიანიშვილ
ბესიკ ბუგიანიშვილ

„დღეს ბესიკ ბუგიანიშვილმა, ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა“, – ასე გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენს:

„შესაძლოა, ეს შედეგი ვიღაცას გამარჯვებად მოეჩვენოს, რადგან 16-დან 20 წლამდე პატიმრობის მუხლი 9 წლამდე პატიმრობის მუხლით შეცვალა მოსამართლემ სხვა კვალიფიკაცით, მაგრამ ეს კიდევ უფრო აბსურდია. თუ ადამიანს არანაირი ანგარების მოტივი არა აქვს, მაშინ რატომ უჩნდება ვინმეს მკვლელობის მომზადების სურვილი? ამიტომაც ვამბობდი, რომ ბრალდებულს არავის მკვლელობა არ ჰქონია მიზნად. გამოვიდა, რომ მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო აბსურდული სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო ბესიკ ბუგიანიშვილის უსისხლო და უღირსი გადაწყვეტილება“.

დეკანოზის კიდევ ერთმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი თქვა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს:

„არ ეკადრება ჩვენ ქვეყანას ასეთი არაფრისმთქმელი და არაფრის მკეთებელი სასამართლო. ესენი ვერ განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს. ჩვენ დღეს ვართ დაცვის და უფლებების გარეშე. მოსამართლემ დღეს იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას, ევროპის კონვენციებს და ყველანაირ კანონმდებლობას, რაც კი საქართველოში არსებობს“.

დეკანოზ მამალაძის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საქმეში არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდებოდა, რომ გიორგი მამალაძემ ციანიდი ვინმეს მოსაწამლად შეიძინა. მამალაძე ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერების შოვნა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა დაავალა. სახელმწიფო ბრალდება კი, პირიქით, მამალაძის ბრალეულობაში დარწმუნებული იყო. როგორც სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, მათ საქმის მოგებაში ეჭვიც არ ეპარებოდათ:

„მთელი ამ დროის განმავლობაში, რასაც ბრალდების მხარე ვამტკიცებდით, რომ გიორგი მამალაძე გეგმავდა კათალიკოს-პატრიაქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას, დადასტურდა და ბრალდებული სასამართლომ დამნაშავემ ცნო 18-108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით და დადასტურდა ის ფაქტი, რომ ის ამზადებდა ადამიანის მკვლელობას. ადვოკატებიც კარგად ხვდებოდნენ იმას, რომ ბრალდება დადასტურებული იყო, მაგრამ საჯაროდ ქმნიდნენ მცდარ მოლოდინს, რომ ბრალდებული შესაძლოა, გამართლებულიყო. ჩვენ კი გამამტყუნებელ განაჩენს ველოდით და ამის საფუძველს გვაძლევდა მყარი, დამაჯერებელი მტკიცებულებები“.

სასამართლო სხდომას 5 სექტემბერს სასულიერო პირების ის ნაწილიც ესწრებოდა, ვისაც მოსამართლის გადაწყვეტილებამ იმედი გაუცრუა. მღვდელმონაზონ ანდრიას შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება „სამარცხვინოა მთლიანად მართლმსაჯულებისთვის“. მისი თქმით, ამ საქმის ბედი თვეების წინ იყო გადაწყვეტილი:

„ჩვენ ვნახეთ, რომ მოსამართლემ ვერ მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ჩვენ დავინახეთ, რომ იმ ერთობლივ პროექტს, საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან ერთად, შორენას ბანდასთან ერთად რაც გადაწყვიტეს, დღეს, უბრალოდ, რეზოლუცია დაადეს. ჩვენ კი ვამბობთ, რომ არათუ 9 წელი, არამედ ერთი დღეც პატიმრობა იქნებოდა უსამართლო გადაწყვეტილება. საზოგადოება ამ უსამართლობას არავის აპატიებს“.

„ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა მოსამართლის გადაწყვეტილებას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამაც:

ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი სასამართლო და ამ სასამართლო პროცესში მონაწილე საერო და სასულიერო პირები არიან პირდაპირი მემკვიდრეები პილატეს სასამართლოსი, რომელმაც უფალ იესო ქრისტეს გამოუტანა ფარისევლური განაჩენი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის თაობას და შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა.... ვინაიდან სასამართლო და მოსამართლე დარჩა ზეწოლის და უსამართლობის მონად, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, – განაცხადა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

გავიხსენოთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა. ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც იმხანად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაციას უკეთებდნენ. გერმანიაში იმყოფებოდა მისი მთარგმნელ-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც. პროკურატურამ სწორედ მაშინ გაავრცელა ცნობა, რომ დეკანოზის ბარგში მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდი“ იპოვეს. მალევე, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის ჩვენებაზე დაყრდნობით, საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა ამბავი, რომ დეკანოზმა ჟურნალისტს ციანიდის შოვნაში დახმარება სთხოვა. ირაკლი მამალაძე ჩვენებაში აცხადებდა, რომ დეკანოზის მიზანი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იყო. მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა. თუმცა ამ დრომდე არ არის ნათელი, საბოლოოდ ვისგან, სად და რა ვითარებაში შეიძინა გიორგი მამალაძემ საწამლავი. როგორც საქმის მასალებიდან გახდა ცნობილი, ირაკლი მამალაძის დამხრებით მას ციანიდი არ უყიდია.

დეკანოზ მამალაძეს ბრალი დასდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც ითვალისწინებდა თავისუფლებისაღკვეთას 7-დან 15 წლამდე. შემდეგ პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა – განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით და მოსალოდნელი სასჯელის ზომაც 16-დან 20 წლამდე გაიზარდა. თუმცა, როგორც ზემოთაც ვთქვით, მოსამართლის განაჩენში დანაშაულის კვალიფიკაცია შეიცვალა და სასჯელი 9 წლამდე შემცირდა.

5 სექტემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოსამართლის განაჩენს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმარა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ომბუდსმენმა განაცხადა, რომ ამ გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა და რომ სახალხო დამცველის მონიტორინგმა ძიების პროცესში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.

„თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაუსაბუთებლად დაცვის მხარეს უფლება შეუზღუდეს მოეპოვებინა თბილისის საერთასორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია, თუ ვისი პერსონალური მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ასევე გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენდა, მოცემულ შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვა სამართლიანი სასამართლოს უფლების უპირატეს ინტერესს, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზე“.

უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი დაელოდება სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას და მის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე უფრო დეტალურად შემდეგ ისაუბრებს.

თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე 5 სექტემბრის სასამართლო სხდომას არ დასწრებია. დაცვის მხარე ამ საქმის ასე დასრულებას არ ურიგდება, ადვოკატები გეგმავენ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ. თუ საჭირო გახდა, ისინი ბრძოლას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გააგრძელებენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG