Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალელ სტუდენტებს გამოცდების გადავადება უწევთ ენგურის ხიდზე კარანტინის გამო


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

გალელი სტუდენტების ნაწილი ენგურის ხიდზე გამოცხადებული კარანტინის გამო საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობას ვერ იღებს.

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის 12-მდე სტუდენტს გამოცდების გადადება მოუწევს. უნივერსიტეტის რექტორ თეონა ხუფენიას თქმით, საგამოცდო პროცესში მონაწილეობენ მხოლოდ ის დევნილი ახალგაზრდები, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ.

„იმ სტუდენტებისთვის, ვისაც ეს პრობლემა აქვს და, ზოგადად, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, დაინიშნა განმეორებითი კვირა. ასე რომ, არანაირი შეფერხება, გამოცდები ჩავარდნა მათ არ ექნებათ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა ხუფენიამ.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე ე.წ. „ღორის გრიპის“ გავრცელების თავიდან ასაცილებლად 11 იანვარს კარანტინი გამოაცხადა და ორი თვით ჩაკეტა.

სასწავლო პროცესი ზუგდიდის უნივერსიტეტში 1 მარტს განახლდება. ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ გადაადგილების პრობლემა ამ დროისთვის უკვე მოგვარებული იქნება.

კარანტინის მოხსნას ყოველდღიურ რეჟიმში ელოდებიან მოქალაქეები. რადიო თავისუფლების გალელი რესპონდენტების ინფორმაციით, დღეს გავრცელდა ცნობა, თითქოს მოძრაობა დილიდან აღდგებოდა. ამ იმედით ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის მსურველთა რიგი დადგა, თუმცა მგზავრების მოლოდინი არ გამართლდა.

„ხალხი იყო საკმაოზე მეტი. პატარა ბავშვებიც იყვნენ. რაღაც ქუჩის ინფორმაცია ჰქონდათ, რომ გაიხსნებაო. არ მგონია, დღეს აწი გაიხსნას. დღეს ისიც თქვეს, რომ 25-ში გაიხსნებაო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან გადაადგილების აღდგენას ასევე მოკლე დროში ელოდებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. მანამდე კი ცდილობენ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ, უშუამდგომლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მთავრობის აპარატის დეპარტამენტის უფროსმა მარინა შენგელიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტში 400-მდე აფხაზეთიდან დევნილი სწავლობს, მათ შორის კი უმეტესობა გალის მკვიდრია.

სოხუმის მიერ დაწესებული შეზღუდვა ყველა მოქალაქეს არ ეხება. ხიდზე გადაადგილებას ორმხრივად ახერხებენ ენგურჰესის თანამშრომლები.

„თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობა მზადყოფნას გამოთქვამს. მათ თავადაც ჰქონდათ გათავისებული ეს მდგომარეობა და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ვერ გადმოვლენ კარანტინის მოხსნამდე და ვერ გააგრძელებენ საგანმანათლებლო პროცესს, მათზე არანაირი ადმინისტრაციული სასჯელი გათვალისწინებული არ იქნება“, - განაცხადა მარინა შენგელიამ.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე ე.წ. „ღორის გრიპის“ გავრცელების თავიდან ასაცილებლად 11 იანვარს კარანტინი გამოაცხადა და ორი თვით ჩაკეტა. სოხუმის მიერ დაწესებული შეზღუდვა ყველა მოქალაქეს არ ეხება. ხიდზე გადაადგილებას ორმხრივად ახერხებენ ენგურჰესის თანამშრომლები.

XS
SM
MD
LG