Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგოკრიზისი აფხაზეთში - რუსეთი დახმარებას არ ჩქარობს


"ენგურჰესი". 2011 წელი
"ენგურჰესი". 2011 წელი

დღეიდან აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. ენერგეტიკული კრიზისის მიზეზი „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონეა, რომელიც დღეისთვის დაახლოებით 440 მეტრს შეადგენს (ზღვის დონიდან) და დღე-ღამეში ერთი მეტრით კლებულობს. 420-მეტრიან ნიშნულზე სადგური უნდა გაჩერდეს.

„20 ივლისის მერე ძალიან მშრალი პერიოდი იყო. წინა წელთან შედარებით, [წყალსაცავში] თითქმის 40 პროცენტით ნაკლები წყალი დაგროვდა. ამით არის გამოწვეული ეს ვითარება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სადგურის დირექტორმა, ლევან მებონიამ.

გალი. 2018 წელი
გალი. 2018 წელი

დღეიდან აფხაზეთში ელექტროენერგია დღეში ორჯერ, ორ-ორი საათით გაითიშება. მაგალითად, გალის რაიონში - დილის ოთხიდან ექვს საათამდე და საღამოს შვიდიდან ცხრამდე. გათიშვის გრაფიკი წინასწარ გამოქვეყნდა.

ზამთრის თვეებში აფხაზეთი „ენგურჰესის“ რესურსს სრულად ითვისებს. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ოკუპირებულ რეგიონში ენერგომოხმარების ზრდის ორ ძირითად მიზეზს ასახელებს. მათ შორის ერთ-ერთი რეგიონში კრიპტოვალუტის წარმოებაა.

„ბიტკოინებს საკმაოდ სერიოზული წვლილი აქვს ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაში. ასევე, აფხაზეთში არ არის მოწესრიგებული აღრიცხვიანობა. ფაქტობრივად, ელექტროენერგიის საფასურის ამოღება არ ხდება. უკონტროლო ხარჯვა კი ძალიან სერიოზულად ზრდის მოხმარებას“, - ამბობს გია არაბიძე.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ახლა ელექტროენერგიას რუსეთისგან ელოდება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. საკითხის განსახილველად 22 იანვარს სოხუმში იმყოფებოდნენ რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

„ჩვენ ქვეყნის შიგნით გვაქვს გარკვეული პოლიტიკური პროცესები. ასევე, რუსეთში მთლიანად შეიცვალა მთავრობის შემადგენლობა. ამის გამო ეს საკითხები გაჭიანურდა“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ.

ელექტროენერგიის დეფიციტი აფხაზეთს შარშანაც ჰქონდა. მაშინ პრობლემების დაწყებიდან ერთ კვირაში რუსეთიდან იმპორტი დაიწყო და შეზღუდვაც მოიხსნა.

დღეს დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, დიდი ალბათობით, „ენგურჰესი“ ზამთრის დასასრულისთვის მაინც გაჩერდება.

„შეზღუდავენ ორი საათი, მერე ორჯერ მეტს ჩართავენ მომხმარებლები. ეს თითქმის არაფერს იძლევა“, - ამბობს წინა წლის ცუდ გამოცდილებაზე დაყრდნობით სადგურის ტექნიკური დირექტორი გია ხუბია და ვარაუდობს, რომ სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 15 თებერვლის შემდეგ ვეღარ შეძლებს.

კრიტიკული ვითარების დასრულებას „ენგურჰესში“ აპრილის პირველი რიცხვებისთვის ელოდებიან. გაზაფხულისთვის ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მატებას დაიწყებს, თბილი ამინდების გამო კი ელექტროენერგიის მოხმარება მცირდება, თუმცა ელექტრომომარაგების თვალსაზრისით, აფხაზეთში 2021 წელიც არ იქნება უკეთესი. დაგეგმილი რემონტის გამო მომავალ წელს „ენგურჰესი“ რამდენიმე თვით უნდა გაჩერდეს.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG