Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთთვიანი უწყვეტი აქციები ცხინვალში


მოკლულის ნათესავები ახალ წელსაც აქციით შეხვდნენ.
მოკლულის ნათესავები ახალ წელსაც აქციით შეხვდნენ.

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრებმა უწყვეტი საპროტესტო აქცია დაიწყეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანთა მიერ აგვისტოში მოკლული ინალ ჯაბიევის ნათესავები სამართლიანი გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეების დასჯას და დე ფაქტო გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გადაყენებას მოითხოვენ.

მოკლულის ნათესავები ახალ წელსაც აქციით შეხვდნენ. 24 საათის განმავლობაში ყინვაში ჯაბიევის ოჯახის წევრები ცენტრალურ მოედანზე იმყოფებიან და სამართალდამცავებისგან მათ არაერთი დაბრკოლება შეხვდათ, ცოტა ხნის წინ კი ე. წ. სამთავრობო ტროლები და ბოტები სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებული. მათი ინფორმაციით, ჯაბიევის ნათესავების აქცია და ცხინვალში პოლიტიკური კრიზისის შექმნა ქართული სპეცსამსახურების ინტერესშია და ამისთვის ისინი საქართველოდან სოლიდურ დაფინანსებას იღებენ, თუმცა ამ დეზინფორმაციამ ვერ იმუშავა, რადგან 300 ათასი დოლარის გადარიცხვა ჯაბიევის ოჯახისთვის რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის სპეცსამსახურებს არ გამოეპარებოდათ. ამის შემდეგ გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ჯაბიევებმა დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოილაპარაკეს და მოედანს მალე დატოვებენ.

ზოგიერთი გულშემატკივარი ჯაბიევის ცოლსა და დედას სახლში წასვლისკენ მოუწოდებს, რომ გარეთ არ გაიყინონ. მოკლული ინალ ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, გავრცელებული ინფორმაცია უარყო. „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, ვიდრე სამართლიანი გამოძიების პირობას არ მიიღებს:

„ჩვენთან ასეთი აზრები არავის მოსვლია თავში, რომ მოედნიდან წავიდეთ იმის გამო, რომ გავიყინეთ. ის გულშემატკივრები, ვინც გვერდით გვიდგას, პირველივე დღეებში გვეუბნებოდნენ, რომ იდგებიან ჩვენთან მანამდე, ვიდრე აქ დგომას ჩვენ საჭიროდ ჩავთვლით. აქ ხალხი ჩვენ მხარს გვიჭერს, უმრავლესობას მანამდე არც ვიცნობდი. ყოველდღე მოდიან ადამიანები, არამარტო სამხრეთ ოსეთის მოქალქეები, ჩამოდიან ვლადიკავკაზიდან და რუსეთიდანაც. ყველას ჯანმრთელობა ჰქონდეს და ასეთი სიმწარე არავის შეეხოს“.

ამ ერთი თვის განმავლობაში ისიც შეიცვალა, რომ ჯაბიევებს ცენტრალურ მოედანზე გამათბობლების მიტანას აღარ უკრძალავენ. ღამით სპეციალურ ტენტსაც აშლევინებენ, დილით კი მათ დაკეცვას სთხოვენ. მოედანზე შეკრებილი ქალები ახლა იხსენებენ, რომ პურის, წყლისა და სხვა საჭირო საგნების შეტანა მოედანზე დიდი ბრძოლის ფასად უჯდებოდათ, თუმცა ახლა ვითარება ოდნავ უკეთესია.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, რომელიც ჯაბიევის ოჯახის გულშემატკივარია, იხსენებს აქციის პირველ დღეებს, როცა მოედანზე სოლიდარობის გამოსახატავად მისულ ადამიანებს მილიციელები ჩხრეკდნენ:

„მილიციელები გვაჩერებდნენ და გვჩხრეკდნენ. პროდუქტებისა და სხვადასხვა ნივთების შეტანას გვიკრძალავდნენ. ომონისა და მილიციის დანაყოფებმა ძალის გამოყენებით რამდენჯერმე სცადეს ოჯახის მოედნიდან გაყვანა, წაართვეს კარვები, გადასაფარებელი ტენტები. ყინვაში გამათბობლის შეტანას უკრძალავდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ოჯახი მოედნიდან წასულიყო, მაგრამ მოკლულის ცოლისა და დედის პრინციპულობამ ყველა გააკვირვა და უფრო მეტი გულშემატკივარი გაუჩინა. ახლა ღამით ცხინვალში ტემპერატურა -5 გრადუსამდე ეცემა. უკვე ბევრი ადამიანი განიცდის ამ ოჯახის ტრაგედიას და ამ აქციის მიმართ სოლიდარულია. ხელისუფლებაც მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. იქ რომ ვინმე მართლა გაიყინოს, ხალხი ქუჩაში გამოვა, ამიტომ ზეწოლა შეამცირეს. ეს არის ჯაბიევის ოჯახის მცირე გამარჯვება, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი ჯერ არ არის მიღწეული“.

ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა მიიჩნევს, რომ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარაა სისტემური და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც რეფორმებს საჭიროებს. დინა ალბოროვას აზრით, ბიბილოვი ვერ ამჩნევს იმას, რაც ხდება და ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.

ინალ ჯაბიევის ცოლმა და ნათესავებმა ცხინვალის ცენტრში აქციის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს. ამ დასკვნაში წერია, რომ ჯაბიევი, ცემისა და წამების შედეგად კი არა, ნარკოტიკული ნივთიერებების შეწყვეტის შედეგად დაიღუპა. მოკლულის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

ერთი თვის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG