Accessibility links

logo-print logo-print

ცხინვალელი ძალოვანები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ


ფოტოარქივი: ინალ ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია ცხინვალში. 7 დეკემბერი, 2020 წ.

უკვე ორი კვირაა, ცხინვალში უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოში დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანთაგან მოკლული ინალ ჯაბიევის ნათესავების მიერ არის ორგანიზებული.

აქციის მონაწილეები ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ღამეებს ათენებენ და სამართლიან გამოძიებას მოითხოვენ. დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ არ შლიან, მაგრამ ალყაში ჰყავთ მოქცეული და მათთან მიმსვლელ პირებს პრობლემებს უქმნიან. იმ ცხინვალელებს, რომლებიც ჯაბიევის ოჯახთან სოლიდარობის გამოსახატავად მიდიან, მილიციელები ჩხრეკენ და პროდუქტებისა და სხვადასხვა ნივთების შეტანას უკრძალავენ. გარდა ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში ომონისა და მილიციის დანაყოფები ცდილობენ აქციის მონაწილეები როგორმე მოედნიდან გაიყვანონ. 17 დეკემბერს ჯაბიევის ოჯახის წევრებს წვიმისგან თავის დასაცავად უნდოდათ ტენტი გადაეფარებინათ იმ ადგილისთვის, სადაც სხედან, მაგრამ ძალოვანებმა ეს ტენტი ჩამოუხიეს. მობილური ტელეფონებით გადაღებული ვიდეოები სწრაფად გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც საზოგადოების აღშფოთება და ბიბილოვის ხელისუფლების კრიტიკა გამოიწვია. მოგვიანებით დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხანდელ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„ინალ ჯაბიევის ნათესავებს და აქციის მონაწილეებს, რომლებიც თეატრალურ მოედანზე დგანან, შევთავაზეთ ტენტისა და კარვის ნაცვლად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ზაფხულის კაფეს შენობით ესარგებლათ. 17 დეკემბრის ღამით აქციის მონაწილეებმა დაიწყეს ტენტის გაშლა იმ დროს, როცა მანამდე შევთანხმდით, რომ კაფეს შენობას გამოიყენებდნენ, მაგრამ პროვოკაციული ვითარება შექმნეს და ტენტი ამოვიღეთ“, - ავრცელებს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას სააგენტო „რესი“.

ფოტოარქივი: ინალ ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია ცხინვალში. 7 დეკემბერი, 2020 წ.
ფოტოარქივი: ინალ ჯაბიევის ნათესავების საპროტესტო აქცია ცხინვალში. 7 დეკემბერი, 2020 წ.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ძალოვანები აქციის მონაწილეებს ცელოფნებსა და ტენტებს ძალის გამოყენებით ართმევენ. ჩვენი წყაროს ცნობით, ბიბილოვს ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებების მოწყობა აქვს დაგეგმილი და ცდილობს აქციის მონაწილეები იქაურობას რაც შეიძლება მალე მოაცილოს. ამასობაში დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში საათნახევრიანი პრესკონფერენცია გამართა და ჯაბიევის საქმესა და ადგილზე გამწვავებულ პოლიტიკურ კრიზისს დიდი დრო დაუთმო. მან აქციების ორგანიზებასა და მათ გახანგრძლივებაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაადანაშაულა.

ბიბილოვის ამ განცხადებამ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი აქციის მონაწილეებთან სოლიდარობის გამოსახატავად ყოველდღე მიდის. მას ადგილზე არ შეუმჩნევია, რომ ვინმე აქციის მონაწილეებს მოედანზე დგომას აიძულებდეს.

ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა მიიჩნევს, რომ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, აშკარაა სისტემური და პოლიტიკური კრიზისი, რომელიც რეფორმებს საჭიროებს. დინა ალბოროვას აზრით, ბიბილოვი ვერ ამჩნევს იმას, რაც ხდება და ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.

ინალ ჯაბიევის ცოლმა და ნათესავებმა ცხინვალის ცენტრში აქციის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს. ამ დასკვნაში წერია, რომ ჯაბიევი, ცემისა და წამების შედეგად კი არა, ნარკოტიკული ნივთიერებების შეწყვეტის შედეგად დაიღუპა. მოკლულის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში.

ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

ორი კვირის წინ, ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით, ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG