2012 წლიდან, ორივე „ქართული ოცნების” მხარდამჭერია. მანანა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის წნორის ტერიტორიულ ორგანოში მუშაობდა სპეციალისტად, მალხაზი კი სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო - ის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობის დელეგატიცაა.
მანანა ჯავაშვილმა მმართველი პარტიის კრიტიკა რუსული სტილის „აგენტების კანონის” მიღების დღიდან დაიწყო და, როგორც თავად გვიამბობს, მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზიც ეს გახდა. მალხაზ მოლაშვილი გათავისუფლებაზე დუმს, თუმცა, მისი მეუღლის განცხადებით, ქმარს ხელშეკრულება, მათი შვილების კრიტიკული პოზიციის გამო აღარ გაუგრძელეს.
პირველად სწორედ მათმა ქალიშვილმა, ქეთი მოლაშვილმა დაწერა ფეისბუკზე, რომ მისი მშობლები ერთ დღეს გამოუშვეს სამსახურიდან.
ცოლ-ქმარი საჯარო სექტორში 12 წელზე მეტხანს მუშაობდა, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
დეკემბრიდან მოყოლებული, რადიო თავისუფლება საჯარო მოხელეების გათავისუფლების ფაქტებს აგროვებს - ჩვენ მანანა ჯავაშვილსაც ვთხოვეთ მოეყოლა, როგორ გამოუშვეს სამსახურიდან და რა გახდა ამის მიზეზი.
მას ამის შესახებ ორშაბათს, 3 თებერვალს აცნობეს.
ეჭვი, რომ სამსახურიდან გაუშვებდნენ, მანამდეც ჰქონდა, რადგან პირველად ამ სამსახურში მუშაობის განმავლობაში, ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. თუმცა მანამდე, ჯერ კიდევ ნოემბერში, მერიის თანამშრომლები პირად საუბრებში ურჩევდნენ, მაინც აქ მუშაობ და კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვისგან თავი შეიკავეო.
„ეს ერთი გუნდია, თუ თვლი, რომ ერთი გუნდის ნაწილ ხარ, მოზომილად უნდა იყოო, ასე მითხრეს”.
მანანა ჯავაშვილი, მისი მეუღლის მსგავსად, „ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო. თუმცა მმართველი პარტიის პოლიტიკის სისწორეში ეჭვი „აგენტების კანონის” პირველად ინიციირების დროს შეეპარა.
„დავინტერესდი რა იყო, წავიკითხე და მივხვდი, რომ ამ კანონს გამჭვირვალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო და ადამიანის უფლებებს ზღუდავდა და აზიანებდა. მაგრამ პარადოქსი ის იყო, რომ ამის აღიარება ჩემს გარშემო არავის უნდოდა. ვერც ჩემს მეგობრებს, ვერავის ამას ვერ ვაგებინებდი. ეს გახდა ჩვენი პირველი დაპირისპირების მიზეზიც”.
მანანა გვიყვება, რომ კანონის მიღებას მოჰყვა არჩევნები, რომელმაც მის თვალწინ ჩაიარა დარღვევებით. თუმცა, მას უკვე აღარ ენდობოდნენ და არც საარჩევნო პროცესში ჩართეს.
„ისინი ამბობდნენ, რომ სახელოვნად გაიმარჯვეს. მე ამ დროს “ოცნებას” ხმასაც აღარ ვაძლევდი და ისინიც ნელ-ნელა დისტანცირდნენ ჩემგან”.
ამ ამბის შემდეგ, როცა მოულოდნელად ერთთვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, პირველი კითხვები მან დასვა - რა იყო ამის მიზეზი და ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ერთ თვეში გაათავისუფლებდნენ. თუმცა, დამაჯერებლად პასუხობდნენ, მალე ხუთთვიან ხელშეკრულებას გაგიფორმებენ, შენ ვინ უნდა გაგიშვასო, რა ქვეყანა შეყარეო.
იანვარში ეს ერთთვიანი ხელშეკრულება მხოლოდ მე და მის მეუღლეს გაუფორმეს.
3 თებერვალს კი ორივე გამოუშვეს სამსახურიდან.
რადიო თავისუფლება: თქვენი მეუღლე ხომ არ აკრიტიკებდა „ქართულ ოცნებას”, ის რატომ გამოუშვეს?
მანანა ჯავაშვილი: შვილების აქტიურობის გამო. პირდაპირ უთქვამთ, შენი შვილების პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახური არ დაკარგოო. ცხადია, ოფიციალურად ეს მიზეზი მისთვის არ დაუსახელებიათ. ტელეფონით შეატყობინეს, რომ სამსახურიდან გაუშვეს. ეს ძალიან დამამცირებელი იყო.
რადიო თავისუფლება: ახლა რას ამბობს? ისევ „ქართული ოცნების” მხარდამჭერია?
მანანა ჯავაშვილი: ახლა დუმილს ამჯობინებს. მე რომ ღიად ვაკრიტიკებდი მთავრობას ეს ბოლო წელი, ის ბოლო წამამდე ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნება” არ დაუშვებდა შეცდომებს. ალბათ, ასეა საჭიროო. ყველაფერს ხედავდა, მაგრამ ამბობდა, აბა, სხვა ვის მივცეთ ხმაო.
რადიო თავისუფლება:ახლა?
მანანა ჯავაშვილი:ახლა გაბრაზებულია და შეურაცხყოფილი.
არც მანანა ჯავაშვილი და არც მალხაზ მოლაშვილი საპენსიო ასაკის არ არიან - დარჩნენ ხელფასის, გაურკვეველი მომავლის და საბანკო ვალდებულებების ამარა.
ჩვენს კითხვაზე, თუ რას აპირებს თავად, მანანამ გვიპასუხა, რომ უკვე მიმართა სახალხო დამცველს და მიუხედავად იმისა, რომ არც მისი, არც სასამართლოს და არც სამსახურში აღდგენის იმედი არ აქვს, მაინც ვერ შეეგუება ამ ამბავს ჩუმად.
„დაფიქსირდეს, რომ მე ამას არ ვიმსახურებდი. ჩემი ქმარი კი ფიქრობს, რომ ბრძოლას აზრი არა აქვს”.
რადიო თავისუფლება წნორში სიღნაღის მერის წარმომადგენელს, თემურ ჯავაშვილს გაესაუბრა, რომელიც მანანა ჯავაშვილის უშუალო უფროსია. მას ვკითხეთ, რატომ გაათავისუფლეს მანანა ჯავაშვილი, რასაც ასეთი დიალოგი მოჰყვა:
- მიზეზს ნამდვილად ვერ გეტყვით, ვერ გიპასუხებთ,
- ხომ თქვენ აცნობეთ, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა?
- მე ვაცნობე.
- თქვენ ვინ გაცნობათ?
- მე ვიყავი სიღნაღში, კანცელარიაში მოვიკითხე და გავიგე, რომ ასეთი რაღაც იყო.
- მიზეზი არ იკითხეთ?
- მიზეზი არ მიკითხავს, ვისთვისაც უნდა მეკითხა, იქ არ იყო და თან მე ვჩქარობდი, ობიექტზე მაგვიანდებოდა და წამებში მოხდა ეს ამბავი. მომავალში ვიკითხავ.
- და თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო მისი გათავისუფლება?
- მაგაზე ვერ გიპასუხებთ, მე ხომ არ ვიცი, რა, როგორ და რანაირად. ვიცი, რომ ხელშეკრულებით არიან და… მეც ეგრე ვარ და არ არის გამორიცხული, ხვალ მეც მითხრან შეწყვეტილია ხელშეკრულებაო.
- თქვენც ერთთვიანი ხელშეკრულება გაქვთ?
- არა, მე ექვსთვიანი მაქვს.
- ისე, როგორი თანამშრომელი იყო მანანა ჯავაშვილი?
- რა ვიცი, კარგი, პატივისცემით სარგებლობდა.
- ანუ სამსახურებრივი შეცდომა ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი?
- სამსახურებრივი ნამდვილად ვერ იქნება. რა ვიცი. მე ახალი დანიშნული ვარ და მას პირადად ვახასიათებ დადებითად.
- თქვენ, როგორც მის უფროსს, არაფერი გკითხეს მასზე? თქვენთან არ გაუვლიათ კონსულტაცია მერიის თანამშრომლებს?
- არა.
- მისი პოლიტიკური შეხედულება შეიძლება იყოს სამსახურიდან გაშვების მიზეზი?
- ამაზე მე ვერ გიპასუხებთ.
სიღნაღის მერიასა და საკრებულოში სამსახურიდან დათხოვნილი ცოლ-ქმრის საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ - ჩვენ მათთან დაკავშირება რამდენჯერმე უშედეგოდ ვცადეთ.
იანვრის დასაწყისიდან დღემდე, სხვადასხვა, მათ შორის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით, საჯარო სამსახურიდან არაერთი მოხელეა გათავისუფლებული.
ცნობილია, რომ 1 აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება. 10 მარტს დაიხურება პარლამენტის კვლევითი ცენტრი.
საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლების პროცესი დღემდე გრძელდება.
მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ სინამდვილეში ისინი საკუთარი პოზიციის ღიად და კრიტიკულად გამოხატვის, აქციებზე სიარულის და ძალადობის გაპროტესტების, ასევე, საჯარო მოხელეების პეტიციებზე ხელმოწერის გამო დაითხოვეს.
ფორუმი