Accessibility links

ესტონეთის დაზვერვა: 2020 წელს რუსეთის ყურადღების ცენტრში იქნება არჩევნები აშშ-სა და საქართველოში


ესტონეთის სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური, რიგით მეხუთე, ანგარიში, სახელწოდებით „საერთაშორისო უსაფრთხოება და ესტონეთი“, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება, რომ 2020 წელს რუსეთის ყურადღების ცენტრში „ნამდვილად მოექცევა აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები“.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის ძირითადი მიზანია არჩევნების შედეგები მისთვის ხელსაყრელი იყოს და საამისოდ ის მხარს დაუჭერს პრომოსკოვურ ან ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე ძლიერად შეაქვთ კონფლიქტი და გახლეჩა.

საქართველოში პრიმაკოვის ცენტრი ორგანიზებას უწევს რუსული ენის კურსებს, წარმოადგენს რუსულ კულტურას და ისტორიას, აწყობს კონფერენციებს და სემინარებს. ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი ღონისძიებების ნამდვილი მიზანი არის ის, რომ საქართველოს ამჟამინდელი და მომავალი ელიტა უფრო მეტად მიმღები გახდეს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციებისადმი...


ამავე დროს, რუსეთს სურს ისე გამოჩნდეს, თითქოს დასავლეთს არ შეეძლოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება,რაც მისთვის იქნება შესაძლებლობა რუსეთის ხარვეზებიდან ყურადღება გადაიტანოს და გამოიყენოს კარგად ნაცადი რიტორიკა დასავლეთის ორმაგი სტანდარტების შესახებ.

ანგარიში ამბობს, რომ 2019 წელს რუსეთმა „აშკარად გააძლიერა“ თავისი ზეწოლა საქართველოზე, როგორც სამხედრო, ისე უსაფრთხოებისა და პოლიტიკური თვალსაზრისით.

მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მოსკოვის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენილი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული რუსეთის დანაყოფები კარგად არიან შეიარაღებული და მონაწილეობას იღებენ რეგულარულ წვრთნებში. 2019 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დააფინანსებს ასევე აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციას და უკეთ შეიარაღებას, ამბობს ესტონეთის სადაზვერვო სამსახური.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ „2019 წელი, ალბათ, ბოლო ათწლეულის ყველაზე ინტენსიური წელი იყო“ საოკუპაციო ხაზისთვის, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალს დანარჩენი საქართველოსგან ყოფს.

გაძლიერდა და უფრო ინტენსიური გახდა მცდელობა, საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო ღრმად შესულიყო საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან დისლოცირებული სეპარატისტული შეიარაღებული დაჯგუფებები უწინდელზე მეტად აგრესიულები და პროვოკაციულები გახდნენ, რამაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულის მიმართ ფიზიკური მუქარაც კი მოიცვა.

ესტონეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ, უხეშ ძალასთან ერთად, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში, ტრადიციულად, იყენებს რბილ ძალას და ზეგავლენის მექანიზმებს:

„ამის კლასიკური მაგალითია საქართველოში ევგენი პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ალექსანდრ გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდის ადგილობრივ ‘შტოს“ და გვევლინება რუსეთის გავლენის ინსტრუმენტად. საქართველოში პრიმაკოვის ცენტრი ორგანიზებას უწევს რუსული ენის კურსებს, წარმოადგენს რუსულ კულტურას და ისტორიას, აწყობს კონფერენციებს და სემინარებს. ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი ღონისძიებების ნამდვილი მიზანი არის ის, რომ საქართველოს ამჟამინდელი და მომავალი ელიტა უფრო მეტად მიმღები გახდეს რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ამბიციებისადმი“.

ეს არის აგრესიული მოძრაობა, რომელიც თავს არ არიდებს ფიზიკურ თავდასხმებს თავის ოპონენტებზე. მისი მიზანია შეირყეს საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესებისადმი - საგარეო პოლიტიკის, რომელიც, თითქმის 15 წელია, კონსენსუსს ეფუძნება, და გაჩნდეს შიდა დაძაბულობები, საქართველოს საზოგადოების წიაღში მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია...


პარალელურად, ვკითხულობთ ანგარიშში, 2019 წლის დეკემბერში რუსეთი გეგმავდა კიდევ ერთი გავლენის ცენტრის გახსნას თბილისში - კულტურული ცენტრისა „რუსკი მირ“, რომელიც ასევე რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად შეიქმნა.

ანგარიში ამბობს, რომ ბოლო წლებში აღირიცხა „მნიშვნელოვანი გახშირება“ პროპაგანდისა, რომელიც თითქოს საქართველოში ტრადიციული ღირებულებების გაძლიერებას ემსახურება.

„ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაცია „ქართული მარში“, რომელიც 2017 წელს დაარსდა და ექსტრემისტულ მოძრაობებს აერთიანებს. მისი მისიაა იმ ღირებულებებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც თითქოს საქართველოს დასავლეთი ახვევს თავს და რომლებიც თითქოს ქართველი ხალხისა და საზოგადოების არსებობას უქმნის საფრთხეს. ეს არის აგრესიული მოძრაობა, რომელიც თავს არ არიდებს ფიზიკურ თავდასხმებს თავის ოპონენტებზე. მისი მიზანია შეირყეს საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესებისადმი - საგარეო პოლიტიკის, რომელიც, თითქმის 15 წელია, კონსენსუსს ეფუძნება, და გაჩნდეს შიდა დაძაბულობები, საქართველოს საზოგადოების წიაღში მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიში ამბობს, რომ „ქართული მარშის“ ლიდერებს შორის არის რამდენიმე ფიგურა, რომელთაც კავშირი აქვთ რუსეთსა და მისი გავლენის მექანიზმებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG