Accessibility links

„ეს შენ გეხება“-ს და მოქალაქეების სარჩელის "მოსმენების კანონის" წინააღმდეგ განხილვა დასრულდა


საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა 326 მოქალაქის სარჩელის არსებითი განხილვა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც ფარულ მოსმენებს ეხება. სახალხო დამცველის აპარატთან ერთად 300-ზე მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა აქვს პროფესიულად დაინტერესებულ უწყებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის კონსტიტუციის იმ მუხლებთან, რომლებიც იცავენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და თავისუფალი განვითარების უფლებას. სასამართლომ ამ სარჩელის განხილვას ორი წელი მოანდომა და 10-ზე მეტი სხდომა მიუძღვნა, რაც დღეს განხილვის დასრულების შემდეგაც აღნიშნეს მოსამართლეებმა:

„ამით ვასრულებთ ამ გმირულ ეპოპეას... თუ არ ვცდებით, ეს არის მე-11 ზეპირი სხდომა. სასამართლო სხდომა ამით დასრულებულია. სასამართლო გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილების თარიღისა და გადაწყვეტილების შესახებ გეცოდინებათ მოგვიანებით“.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტლება. განიხილებოდა დავა იმ საკანონმდებლო ნორმებზე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ ფარული მეთვალყურეობის უფლებამოსილებას და ამ მიზნით მისთვის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის ქონას, აგრეთვე, სააგენტოსთვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მონაცემთა ცენტრალური ბანკის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიზნით სატელეფონო და ინტერნეტკომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომა, ისევე, როგორც მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის შესაძლებლობა, არ უნდა ჰქონდეს ამგვარი მონაცემების შეგროვებაზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს სააგენტოს ინსტიტუციური მოწყობის, დაკომპლექტების წესისა და ფუნქციების გათვალისწინებით. მოსარჩელეები მას სწორედ ასეთ, პროფესიულად დაინტერესებულ, უწყებად მიიჩნევენ. ამასთან, მათი აზრით, სააგენტოს საქმიანობაზე არ ხორციელდება ეფექტური გარეკონტროლი, რის გამოც არსებობს მოსამართლის გადაწყვეტილების გარეშე ფარული მეთვალყურეობის თვითნებურად განხორციელების რეალური საფრთხე. მოსარჩელეთა პოზიციით, სწორედ ამგვარი მოწესრიგება იწვევს პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევას, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ შარაშიძემ.

„ის სიტემა, რომელიც თავის დროზე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში, უნდა გამოსულიყო მისი მმართველობიდან და გადასულიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს ხელში. ჩვენ ასეთ სისტემაზე შევჯერდით. მართალია, ევროპაში ეს სისტემა უსაფრთხოების სამსახურის ხელშია, მაგრამ იქ ორგასაღებიანი სისტემაა. მეორე გასაღები ძირითადად ოპერატორი კომპანიაების ხელშია და მათ აქვთ საკმარისი დაცვის გარანტიები. ჩვენთან კი ეს ასე არ იყო. გარკვეული დათმობა იყო ის, რომ, თუ კომპანიის ხელში არ იქნება, მაშინ იყოს დამოუკიდებელი ორგანოს ხელში, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურის დაქვემდებარებაში“. - მ. შარაშიძე

მოპასუხე მხარემ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის იურისტები წარმოადგენდნენ, შემაჯამებელ სიტყვაში თქვეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ ოპრეატიულ-ტექნიკური სააგენტო საკმარისად დამოუკიდებელი იყოს სახელმწიფო უსაფრხთოების სამსახურისაგან და ამავე დროს არ იყოს უკონტროლო. ამავე კანონმდებლობით სააგენტოზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს პარლამენტი, პრეიმერ-მინისტრი, ზედამხედველი მოსამართლე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, ასევე სახელმწიფო უსაფრხოების დაცვის სამსახური და აუდიტის სამსახური, რაც მოპასუხე მხარის მოსაზრებით, სააგენტოზე კონტროლის ეფექტურ სისტემას ქმნის.

„ეს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ავტონომიურობის ისეთ ხარისხს შეიცავს, რომ მაქსიმალურად დაცულია სუსის ზეგავლენისაგან ოპერატიულ-ტექნიკური საქმინობის განხორციელების დროს. ბევრი არგუმენტი მოვიყვანეთ როგორც საფინანსო დამოუკიდებლობის ნაწილში, ასევე ოპერატიულ- ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას მისი ავტონომიურობის ნაწილში. ჩემი აზრით, ჩვენ სრულად ვაჩვენეთ, რომ ზოგადად ეს სააგენტო საკმაოდ ავტონომიურია თავის მოქმედებაში“ - თენგიზ შარმანაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.

2017 წლამდე საქართველოში ე.წ. „ფარული მოსმენის გასაღები“ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა. ფარული მოსმენის და თვალთვალის მოქმედი პრაქტიკის და კანონმდებლობის შესაცვლელად სამოქალაქო საზოგადოებამ 2014 წლიდან წამოიწყო კამპანია „ეს შენ გეხება.“ კამპანიის მონაწილეებმა მიმართეს საკონსტიტიციო სასამართლოს, რომელმაც მათი სარჩელი 2016 წლის აპრილში დააკმაყოფილა. პარლამენტთან სადავო იყო საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანიჭებდა უფლებამოსილებას, ჰქონოდა კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების და ამ მიზნით სათანადო აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებისგან თავსების შესაძლებლობა. ასევე, ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და ორი წლით შენახვის უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმატების შემდეგ, „ეს შენ გეხება“ -მ წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისთვის სპეციალური სააგენტოს, საპარლამენტო ზედამხედველობოს საბჭოს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას. პარლამენტში ეს ინიციატივა არ გაიზიარეს. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილების გამო, პარლამენტი იძულებული გახდა კანონმდებლობაში ცვლილებები შეეტანა. 2017 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი და შექმნა ახალი სტრუქტურა - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო. ამასთან, სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შედის.სწორედ ეს იწვევს სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას. მათ 2017 წელს, ახალი კანონის მიღებიდან მალევე, კვლავ მიმართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ ეს სარჩელიც დაკმაყოფილდა, პარლამენტს კანონის შეცვლა კიდევ ერთხელ მოუწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG