Accessibility links

ექიმი სამსახურიდან გათავისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობას უკავშირებს


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელმირა ბეციაშვილი 19-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

პოლიტიკური მოტივი თუ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა? - ექიმი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელმირა ბეციაშვილი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად პაციენტების საჩივარი სახელდება. მომჩივნები აცხადებენ, რომ ბეციაშვილი მათ არ მოემსახურა, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.ექიმი ამ ინფორმაციას უარყოფს და მის გათავისუფლებას ოპოზიციაში ყოფნას უკავშირებს.ბეციაშვილი ამბობს, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სამართლებრივი გზებით შეეცდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ამბულატორიის უბნის ექიმი და, ამავდროულად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელმირა ბეციაშვილი 19-წლიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაც ის თავის პოლიტიკურ კუთვნილებას უკავშირებს. მან სპეციალური განცხადება დღეს პარტიის გურჯაანის ოფისში გააკეთა. ამბობს, რომ მას არ აპატიეს ის შედეგები, რომელსაცწინა ორი არჩევნების დროს სოფელ ვეჯინში მიაღწია. ელმირა ბეციაშვილის თქმით,ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და პირველი ტური მოიგო, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დროსაც ვეჯინში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა.ექიმი ამბობს, რომ ამ სოფელში მისი რეიტინგი მზარდია და იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოდის, მასზე ხელისუფლებამ შური იძია.

„თითქმის ყველა არჩევნებზე დიდი რაოდენობით ხმას ვიღებ. 400-ზე მეტია ჩემი ამომრჩეველი, რომელიც მუდმივად მყავს და ეს არის ჩემი მაღალი რეიტინგის მაჩვენებელი. თელავში ჩემმა უფროსმა, ჯემალ ბაღათრიშვილმა, დამიბარა და მითხრა რომ, თუ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა გაგრძელებულიყო, მე უნდა შევშვებოდი პოლიტიკურ საქმიანობას და გამეგრძელებინა მხოლოდ სამედიცინო საქმიანობა. იყო ლაპარაკი, თუ რა მინდოდა პირსისხლიან ნაციონალებში. ჩვენ ისე დავშორდით ერთმანეთს, რომ არ ვაპირებ პოლიტიკურ საქმიანობაზე შეშვებას“.

ელმირა ბეციაშვილი პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკობს, თუმცა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ორი ადამიანის საჩივარი სახელდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი ჯემალ ბაღათრიშვილი გვეუბნება, რომ ექიმს პაციენტებმა უჩივლეს და ჯანდაცვის სამინისტრომ ის ამიტომ გაათავისუფლა. ბაღათრიშვილი ირწმუნება, რომ პოლიტიკური კუთვნილება სამსახურიდან გაშვების მიზეზი ვერ გახდებოდა:

„ერთი საჩივარში წერდა, რომ ბავშვი მიიყვანა და ელმირამ არ მიიღო. მეორე წერს, რომ „ოცნების“ მხარდამჭერი იყო და ექიმმა გასინჯვაზე უარი ამიტომ უთხრა.

ეს საჩივრები გაიგზავნა თბილისში. საკითხი მუდმივმოქმედმა კომისიამ განიხილა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ ქალბატონთან. ჩვენ ამის საფუძველზე გავათავისუფლეთ. მე ვუთხარი, თუ ვინმეს რამეში ბრალს სდებ, არსებობს სასამართლო და მიაკითხე-მეთქი. ქალბატონი, დიდი ხანია, მუშაობს და ასევე პარტიის წევრიც არის, თუმცა მისთვის არასდროს არაფერი გვითქვამს. არ ვიცი, სხვა პერიოდში თუ ყოფილა ამ ექიმის მიმართ საჩივარი, თუმცა ზეპირსიტყვიერად უთქვამთ, რომ ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უფრო ყურადღებით ემსახურებოდა, ვიდრე სხვა დანარჩენებს“.

სოფელ ვეჯინის უბნის ყოფილი ექიმი ელმირა ბეციაშვილი ამბობს, რომ პირი, რომელმაც მის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია და ის სულ რამდენიმე დღის წინ ვეჯინის ბაგა-ბაღში დაასაქმეს.

ბეციაშვილი სამართლებრივი დავის დასაწყებად ემზადება. ამბობს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მას ფარული აუდიოჩანაწერებიც აქვს, რომელსაც პროკურატურას გადასცემს:

„სალომე ბაღათურიაა ის, ვინც მიჩივლა. ეს პიროვნება არის „ოცნების“ აქტივისტი და აგიტატორი. 17 ოქტომბერს გათავისუფლების ბრძანება ჩამბარდა და უკვე მეორე დღეს მასზე დაიწერა ბრძანება - ვეჯინის საბავშვო ბაღში მზარეულის თანაშემწედ მიიღეს ეს ქალბატონი და დღეს შეუდგა მოვალეობის შესრულებას. მე ვაპირებ ბრძოლას და მივმართავ პროკურატურას. მაქვს საკმარისი მასალები და ასევე შევიტან განცხადებას სასამართლოში. მე მომსახურებაზე უარი არავისთვის არ მითქვამს.ასეთი ფაქტი არ მოხდებოდა, რადგან ჩემთვის წინა პლანზე დგას პაციენტი და ადამიანურად ეს მიუღებელია, როგორც სამართლებრივად, ასევე მორალურად“.

ელმირა ბეციაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რა დროსაცნაწილობრივ დაიწვა ეზოში მდგომი ავტომობილიც.

მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს უთხრეს, რომგამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს, თუმცა, ელმირა ბეციაშვილის განცხადებით, საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული და თაროზეა შემოდებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG