Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჟა-ფშაველას ექიმები


ვაჟა-ფშაველა ოჯახთან ერთად
ვაჟა-ფშაველა ოჯახთან ერთად

ვაჟა-ფშაველა სამი-ოთხი თვის განმავლობაში კვდებოდა. ძალიან ცუდად რომ არ ყოფილიყო, უთუოდ დაესწრებოდა აკაკის დასაფლავებას და თავიდან აიცილებდა ჭორების გავრცელებას, თითქოს ერთმანეთი სძულდათ და ამის გამო არ შეიწუხა თავი. სინამდვილეში მძიმედ იყო ავად. დეპეშა რომ მომივიდა, ლოგინში ვიწექ, ფილტვების ანთება მქონდა, ფერდი ახლაც მტკივაო, თავი უმართლებია, როცა ორი თვის შემდეგ, 1915 წლის აპრილში, თბილისში ჩავიდა.

... ეს იყო ვაჟას უკანასკნელი, სამუდამო ჩამოსვლა თბილისში!

ავადმყოფობისგან დასუსტებულს ოპერის თეატრში საღამო გადაუხადეს და, როგორც მაშინდელ თბილისში წესად იყო მიღებული, ვახშამი გაუმართეს ორთაჭალის ბაღში. დილამდე მოუწია ღია ჰაერზე, მტკვრის სიგრილეში ყოფნა. კიდევ უფრო ცუდად შეიქნა. შესჩივლა კიდეც თავის უმცროს ძმა სანდროს, წამათრიეს, კაცო, მაგ ოჯახქორებმა ეს ავადმყოფი კაცი და უარესად გამაციესო.

მალე ლოგინად ჩავარდა. ვიდრე სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში მოწყობილ ლაზარეთში გადაიყვანდნენ, სანდრო და მისი ოჯახის წევრები უვლიდნენ. სანდროს ბინაში აკითხავდნენ ექიმები: ივანე გომართელი, გრიგოლ მუხაძე და სპირიდონ ვირსალაძე.

„პატარა ოპერაცია გაუკეთეს და გვერდიდან წყალმანკი გამოუშვეს. ამან ვაჟას ცოტა შეღავათი მისცა, იმედიც კი მიეცა მორჩენისა, მაგრამ სად იყო მორჩენა?“ - იხსენებდა მოგვიანებით სანდრო რაზიკაშვილი.

ივანე გომართელი, გრიგოლ მუხაძე და სპირიდონ ვირსალაძე იყვნენ იმ დროის საუკეთესო ექიმები.

ივანე გომართელს დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ჰქონდა მდიდარი სამედიცინო პრაქტიკა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე ეწეოდა აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას, დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში კი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი.

პროფესორი სპირიდონ ვირსალაძე იყო თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიისა და თერაპიის კათედრის პირველი გამგე, მის სახელს ატარებს პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

რაც შეეხება აკადემიკოს გრიგოლ მუხაძეს, მან საფუძველი ჩაუყარა ქირურგიის ყველა დარგის განვითარებას საქართველოში. მისი დაარსებულია სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. გრ. მუხაძე იყო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე ინიციატორი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის შექმნისა. მისი დაფუძნებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი; იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი.

გრიგოლ მუხაძის ბიუსტი
გრიგოლ მუხაძის ბიუსტი

გრიგოლ მუხაძეს პირადად იცნობდა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც ცნობილ ექიმს ასე ახასიათებს: „იგი, მართლაც, მუხასა ჰგავდა, როდესაც თეთრხალათებიან ექიმებით გარშემორტყმული იდგა საავადმყოფოს ერთ-ერთ ოთახში. იყო საშუალოზე მაღალი ტანის კა­ცი, კარგად ჩაფსკვ­ნილი, კონცენტრირებული ნებისყოფის, ძუნწი მოძრაო­ბი­სა და სიტყ­ვებ­ზე­დაც ძუნწი, ავტორიტეტული, მთლიანი პიროვნება“.

ექიმები ყურადღებას არ აკლებდნენ ვაჟას, თუმცა ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა. ამასობაში დადგა ზაფხული. ძალიან დაცხა. ავადმყოფი კიდევ უფრო მეტად შეწუხდა.

„ადე, კაცო, დაეთხოვე სამსახურიდან, დავიქირავოთ ერთი ავტომობილი, წავიყვანოთ თან შიო მღვიმელც, წავიდეთ აქედან, თორემ მე ამ სიცხეში რა გამაძლებინებს, მოვკვდები. ისევ მთაში, თორემ აქაური ცარიელი წამლები მე ვერას მიშველიანო“, ეუბნებოდა ვაჟა თავის ძმას, რომლის გადმოცემით, ვანო გომართელიც სულ იმას იმეორებდა, რომ ვაჟა ისევ მთაში წაეყვანათ ჰაერზე, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა გრიგოლ მუხაძის პოზიცია, შეიძლება გვერდში წყალი ჩაუდგესო.

ექიმ მუხაძის აზრით, ვაჟას გაგზავნა ისეთ ალაგს, სადაც ექიმი არ იყო, არ შეიძლებოდა. საჭირო იყო ახლომახლო აგარაკის მონახვა, სადაც ყოველ ჟამს შესაძლებელი იქნებოდა ექიმის შოვნა. ვიდრე ისინი ასეთ აგარაკს მოძებნიდნენ, დრო გადიოდა და ავადმყოფობა კი თავისას არ იშლიდა.

მწერალ სანდრო შანშიაშვილის გადმოცემითაც, ვაჟა დღენიადაგ მთაში დაბრუნებას მოითხოვდა.

„რად მკლავთ? რატომ არ წამიყვანთ ჩარგალში? გეფიცებით, თქვენ რომ მე იქ წამიყვანდეთ, სადაც ჩემი დეკა და ღვიანი მთებია, იქაურს წყალს შევსვამდე, იქაურს ჰაერს ვისუნთქავდე და ჯერ კიდევ იმდენად არ დავძაბუნებულვარ, ვიცი მოვრჩები, წამიყვათ მთაში!“ - თუმცა, სანდრო შანშიაშვილის თქმით, პოეტის ეს სურვილი შეუსრულებელი დარჩა, ისევ და ისევ ექიმების სიჯიუტის გამო:

„არ შეიძლება მისი ადგილიდან დაძვრაო. ასეთი კატეგორიული განცხადება ჩვენს ენერგიასაც ჰკვეცავდა!“ - წერს მოგონებებში შანშიაშვილი.

ბოლოს გადაწყვიტეს ვაჟა გადაეგზავნათ ახლანდელ უნივერსიტეტის შენობაში, სადაც ამ დროს დაჭრილებისთვის „წმინდა ნინოს სახელობის სამხედრო ლაზარეთი“ იყო მოთავსებული.

სანდრო რაზიკაშვილი: „ლაზარეთში ექიმი მახვილაძე ისე დასტრიალებდა თავს დღედაღამ, როგორც თავის მშობელს, ქართველი მოწყალების დებიც დარაჯებივით სულ გარს უვლიდნენ. ყოველ სამ დღეში დანარჩენი ექიმები იკრიფებოდნენ ერთად და ისე შინჯავდნენ.

ასე მიდიოდა დრო და იმისი ჯანმრთელობა კი დღითი დღე უარესდებოდა. მკათათვის საშინელი სიცხეები იდგა, ჯერ კარგად მყოფისათვის რა იყო იმ დროს აქ, თბილისში, ყოფნა და ავადმყოფისათვის ხომ პირდაპირ ჯოჯოხეთი იქნებოდა? არ იქნა, არა ეშველა-რა ჩვენს საზოგადოებას, რომ სადმე გაეგზავნათ და უარესად დადნა ეს კაცი“.

ერთხელ წყაროს წყალი მოითხოვა, მამა-დავითიდან ჩამომიტანეთო. ჩამოუტანეს, მაგრამ გზაში გამთბარიყო წყალი და ვერ დალია. კიდევ, საზამთრო ჰყვარებია. ყოველდღე მიმქონდაო, იხსენებს ვაჟას ძმა, მაგრამ ერთხელაც საზამთროთი მოსაკითხად მისულს, გარდაცვლილი დახვედრია უფროსი ძმა, გენიალური პოეტი ვაჟა-ფშაველა.

გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე

ასევე გრიგოლ მუხაძის პაციენტი ყოფილა „მძიმე ავადმყოფი და სულიერად დაღლილი“ გალაკტიონ ტაბიძეც, რომელიც ასე იხსენებს ექიმთან ბოლო შეხვედრას, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე:

„გრიგოლ მუხაძეც სულ უკანასკნელად შემხვდა ვერის ხიდზე. ასაფლავებდენ ექიმს. მუხაძე ძალზე დასუსტებული, მაგრამ უაღრესად გაბრწყინვებული სახით, მიდიოდა ნელა. უკეთ, ის მიჰყავდა ქირურგ ფიფიას. რომ დამინახეს, შეჩერდნენ.

“ხომ ამართლებთ გვარს, ბატონო გრიგოლ“, - ვუთხარი მე, - „ხომ ისევ ისე მუხასავითა ხართ, ა?“ „ცოტა დავსუსტდი“, - მიპასუხა მან, მაგრამ სახე უცინოდა, უბრწყინავდა, თვალები დიდი სიცოცხლით ანათებდენ. „ასე რამ გამოსცვალა ეს მკაცრი, გაუღიმარი სახე-მეთქი“, - ვფიქრობდი მე. წინად უფრო სხვა იყო. აკადემიის სხდომებზე რომ ესწრებოდა მუხაძე, უსათუოდ ვაშლს ამოიღებდა, ჯიბის დანით სუფთად გათლიდა და მთელი საღამოს განმავლობაში გემრიელად შეექცეოდა. სულ ერთია, არჩევნები იყო თუ სხვა რამ“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG