Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვასილ კიკვიძის ძეგლი - საჯილდაო მონუმენტი ქუთაისში


ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში
ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ქუთაისში არის წითელარმიელი ვასილ კიკვიძის ძეგლი, რომელიც მოქანდაკე ვალერიან მიზანდარმა შექმნა. ქუთაისში დაბადებული კიკვიძის მონუმენტი ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ეგრეთ წოდებულ “ზასტავაზე” მდებარე სკვერში დგას. ეს ძეგლი დემონტაჟს გადაურჩა 90-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა ქალაქში ლენინის ძეგლი დაამსხვრიეს.

გადმოწერა

ბოლო წლებია ქუთაისში გარკვეული პერიოდულობით აქტიურდება ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების ინიციატივა. 2013 წელს კვარცხლბეკზე გაჩნდა წარწერა „ჩამომიღე“. ერთი წლის შემდეგ კიკვიძის ძეგლი შეღებეს, საზოგადოების ნაწილმა კი ქალაქის მერიას მისი აღება მოსთხოვა. ქუთაისში ამ ძეგლის არსებობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ საქართველოში არ უნდა იდგეს ბოლშევიკური რეჟიმის მხარდამჭერისა და 1917-1918 წლებში უკრაინის თავისუფლების წინააღმდეგ მებრძოლის ძეგლი.

სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟი და მისი ოკუპაციის მუზეუმში განთავსება უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ერთგვარი გამოხატულებაც იქნება, მით უმეტეს, რომ ქუთაისთან დაძმობილებულია უკრაინის ქალაქი ჟიტომირი, რომლის აღებაშიც კიკვიძე მონაწილეობდა. რაც მთავარია, საქართველოში მოქმედებს კანონი, „თავისუფლების ქარტია,“ რომელიც მიზნად ისახავს კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერებისა და სახელწოდებების აღმოფხვრას.

ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში
ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისში

ახლახან ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერული თანასწორობის საბჭომ საკრებულოს მიმართა ვასილ კიკვიძის ძეგლის აღების ინიციატივით. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის ხელმძღვანელის, ოთარ ლორთქიფანიძის, განცხადებით, ინიციატივა განიხილეს და მერიას ურჩიესძეგლის დემონტაჟის საკითხის გადასაწყვეტად მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატაროს:

„მერიამ დაიქირავოს კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაცია და გამოკითხონ მოსახლეობა მთელი ქალაქის მასშტაბით და მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება“.

ვასილ კიკვიძის ძეგლის დემონტაჟის საკითხზე ქუთაისელთა გამოკითხვას არ ეწინააღმდეგებასაკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი შენგელია, თუმცა, მისიგანმარტებით, ქალაქში მონუმენტის ამ ფორმით არსებობა „თავისუფლების ქარტიას“ ეწინააღმდეგება:

„ამ საკითხზე მსჯელობა წლებია ფართო მასშტაბით მიმდინარეობს, ძეგლის არსებობა ეწინააღმდეგება „თავისუფლების ქარტიას“ და ის, რაც ეწინააღმდეგება კანონს, არ უნდა არსებობდეს“.

ვასილ კიკვიძისა და მისი საქმიანობისშესახებ არაფერი იცის რადიო თავისუფლების მიერ ქუთაისში გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა. რესპონდენტები ვერც იმას ამბობენ, რატომ უნდა აიღონ ან რატომ უნდა დარჩეს კიკვიძის ძეგლი.

ვასილ კიკვიძის ძეგლის ასაღებად მოქალაქეთა გამოკითხვის ინიციატივას აბსურდად მიიჩნევს ისტორიკოსი გიგა მელქაძე და ქუთაისის თვითმმართველობას კანონის, „თავისუფლების ქარტიის“, დაცვისკენ მოუწოდებს:

„კიკვიძე იმ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და გაძლიერებას შეეწირა, რომელმაც ორ წელიწადში საქართველოს ანექსია მოახდინა. აქედან გამომდინარე, ვასილ კიკვიძის ძეგლის არსებობა შეურაცხმყოფელია 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების, 1922-24 წლების აჯანყებულების, ყველა იმათი, ვინც შეეწირა ტოტალიტარულ სისტემას. შეურაცხყოფაა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და ამიტომ ამხანაგ კიკვიძის ადგილი ქუთაისში ნამდვილად არ არის“.

ისტორიკოსი გიგა მელქაძე ამბობს, რომ ვასილ კიკვიძე ბოლშევიზმისა და ტოტალიტარიზმის სიმბოლოა და მისი ძეგლი, როგორც ისტორიული ექსპონატი, ოკუპაციის მუზეუმში უნდა ინახებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG