Accessibility links

site logo site logo

ვაქცინაცია რიცხვებში - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ივლისს


საქართველოს მონაცემები: როგორ იცავს ვაქცინა აცრილებს

საქართველოში ვაქცინაცია დაგეგმილზე ნელი ტემპით მიმდინარეობს. ქვეყანაში წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის აცრაა დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე 6-ჯერ ნაკლებს აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული. 15 ივლისის მონაცემებით, ვაქცინაციის დაწყებიდან 4 თვეში აიცრა 127 ათას ადამიანამდე, წლის ბოლომდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები და გეგმის შესასრულებლად საჭიროა 734 ათასი პირის აცრა.

ყველაზე მეტი ადამიანი (ორჯერადად) თბილისშია აცრილი (81 ათასი), ყველაზე ნაკლები კი სამცხე-ჯავახეთში (973). სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის დაწყებიდან მესამე დღეს, ვაქცინის გაკეთებიდან რამდენიმე საათში ექთანი გარდაიცვალა - გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე დიდი წილი 70-74 წლის ადამიანებზე მოდის (12,9 %). თუ მონაცემებს სქესის მიხედვით ჩავშლით, ჩანს, რომ აცრილების 67% ქალია, 33% კი კაცი.

წაიკითხე და ნახე მეტი გელა ბოჩიკაშვილის სტატიაში.

გომელაური 5 ივლისზე: პოლიცია მაქსიმალურად ცდილობდა ჟურნალისტების გამოყვანას

5-6 ივლისის მოვლენებზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მან თქვა, რომ 5 ივლისს 3500 პოლიციელი იყო თბილისში მობილიზებული. ისინი ცდილობდნენ ჟურნალისტების დაცვას, თუმცა, როგორც მინისტრმა თქვა, „საკმარისი პოლიციელი ვერასდროს იქნება“.

„ყველა ლოკაციაზე იყო პოლიცია განაწილებული. საკმარისი პოლიციელი ვერასდროს იქნება, ყველა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ჟურნალისტები გამოეყვანა იქიდან, ანუ ცხელი წერტილიდან. მთელი პოლიცია, რომელიც 6 საათისთვის უნდა ყოფილიყო რეზერვში, 12:00-ზე ყველა - 3 500 კაცამდე იყო გაშლილი და განაწილებული ამ წერტილებში“, - განაცხადა შს მინისტრმა.

გომელაურის თქმით, პოლიციას საკმარისი რესურსი არც მაშინ ჰქონდა, როცა მოძალადეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისისკენ დაიძრნენ.

„მანდ არავინ არ იყო იქამდე და გააკეთეს განცხადება, რომ ჩვენ მაინც ჩავატარებთ, ჩვენ აქ ვართ და ა.შ. ამან გამოიწვია ამ ადამიანების გაღიზიანება, დაიწყეს მოძრაობა პარლამენტიდან, საკმაოდ ახლოს არის, როგორც იცით. იქ პოლიციის დანაყოფები იდგნენ, თუმცა არ იყო საკმარისი, რომ 500 კაცი შეეჩერებინათ, 500 კაცს, მინიმუმ, 1000 კაცი უნდა დაახვედრო, რომ ეს ადამიანები შეაჩერო“.

რაც შეეხება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების საკითხს, ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ გუნდი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელი წულუკიანზე: მიკროფონის წართმევა უარყოფითად აისახება მედიაგარემოზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი უარყოფითად აისახება მედიაგარემოზე. საქმე ეხება გუშინ მომხდარ შემთხვევას, როცა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა მოგვიანებით „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე თავადვე დაწერა და აღნიშნა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. თეა წულუკიანის მიერ მიკროფონის წართმევის ფაქტზე „მთავარი არხის“ კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ქარტიის აღმასრულებელი დირექტორმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლისგან ამგვარი საქციელი მედიაგარემოს აზიანებს.

„მთავარი არხის“ იურისტის, თამთა მურადაშვილის შეფასებით კი, თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. თამთა მურადაშვილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაც და სხვისი ნივთის, ამ შემთხვევაში მიკროფონის დაუფლებაც, რაც შემდგომ ფეისბუკის საშუალებით აღიარა კიდეც.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ოლიმპიური თამაშები იწყება

23 ივლისს ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იხსნება. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ნაკრების მედროშეები ლაშა ტალახაძე და ნინო სალუქვაძე იქნებიან. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 30-კაციანი ჯგუფი ჰყავს გაგზავნილი. მათ შორის არიან ტყვიის მსროლელები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სამედიცინო პერსონალი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო ის ერთი წლით გადაიდო. მისი ბედი წელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის განცხადებით, ოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარდეს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რისი მიღწევაა შესაძლებელი სწორი გეგმით და ჯანდაცვის ზომებით.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

საპატრიარქოს განცხადებით, ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ უარი თქვან მედიასთან კომუნიკაციაზე

ტელეარხებთან ურთიერთობის შესახებ განცხადებას აქვეყნებს საპატრიარქო და აცხადებს, რომ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია. როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, ასევე მიზანშეწონილია, შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელთან.

„მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება“, - მიმართავს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრებს.

საპატრიარქო განცხადებაში განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზებს. როგორც ის აღნიშნავს, „დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო“.

წაიკითხე მეტი.

16+ და „ფაიზერი“ - თუკი მშობელი არ არის თანახმა, რომ მისი შვილი აიცრას

გიორგი ხანიშვილი 17 წლისაა. ის კოვიდვაქცინის, „ფაიზერის“ დამატებითი დოზების ჩამოსვლას ელოდება, რომ აცრა გაიკეთოს. 21 ივლისს გამოქვეყნებული ახალი რეგულაციის თანახმად, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 16 წლიდანაა დაშვებული.

გიორგი ამბობს, რომ მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რა რისკს წარმოადგენს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის ვირუსით დაინფიცირება, ამიტომაც არ დასჭირვებია დიდხანს ფიქრი, დარეგისტრირდეს თუ არა აცრაზე:

„ორი ფაქტორი მუშაობს. პირველ რიგში, მყავს ოჯახის წევრი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მდგრადი, და მეორე, ცხადია, პირადი კეთილდღეობა. ახლახან ვიყავით საშიშროების ქვეშ მე და ჩემი ნაცნობი, მაგრამ, საბედნიეროდ, კოვიდი არ დაგვიდასტურდა. მე მქონდა შეხება იმ ადამიანებთან, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს, მეგობრები, ნათესავები და მათ გაუჩნდათ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ვიცი, რეალურად, რა საშიშროებას წარმოადგენს ეს ვირუსი და მინდა, რომ მაქსიმალურად ავარიდო თავი“.

გიორგის მსგავსად, მის მშობლებსაც სურთ, რომ მან კოვიდსაწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს. თუმცა გიორგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მშობლები მისი სურვილის წინააღმდეგნი იქნებოდნენ, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ დაერწმუნებინა ისინი ვაქცინაციის აუცილებლობაში.

რა ხდება მაშინ, როცა მშობელი არ არის თანახმა მისი შვილი აიცრას? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

უღრანი ტყეები ქართული სოფლების ადგილას

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ რჩება. ომის შემდეგ საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, რომელთაგან 30 000 დევნილობაში რჩება.

ხალხმრავალი სოფლების ადგილას ომის დასრულებიდან 13 წლის შემდეგ უღრანი ტყეები და მოსწორებული მინდვრებია. 2017 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4,2 მლრდ რუბლით (რაც დაახლოებით 70 მლნ დოლარი იყო) დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ისახავდა მიზნად, ქართულ სოფლებში დარჩენილი სახლები მძიმე ტექნიკით გაასწორეს მიწასთან. Google earth-ით გადაღებული ფოტოები ნათლად აჩვენებს ქართული სოფლების მდგომარეობას ომამდე და ომის შემდეგ. თავად ნახე ნასტასია არაბულის მიერ მომზადებულ ინტერაქტიულ ვიზუალიზაციაში.

22 ივლისი რეპრესირებულთა ხსოვნის დღეა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისში, დედაენის ბაღში კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დახვრეტილი და გადასახლებული ქალების ფოტოები და სიები გამოფინა. რეპრესირებულ ქალებში იგულისხმება არა მხოლოდ ის ქალები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდნენ დევნის ობიექტები, არამედ სხვა რეპრესირებული პირების ცოლები, დედები, დები... რადგან ისინი, როგორც წესი, ხშირად სახლისა და სამსახურის გარეშე რჩებოდნენ, ან მათ ქმრებთან ერთად ასახლებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG