Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტერანები 26 წლის შემდეგ


ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში
ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წლის შემდეგ ომის ვეტერანთა ნაწილი ქუთაისში ნინოშვილის სკვერში მდებარე მემორიალთან შეიკრიბა. ვეტერანები ამბობენ, რომ ამ დღეს ნაკლებად ცდილობენ ომის ტრაგიკული ამბების გახსენებას და უფრო ერთმანეთის ნახვა ახარებთ. იმასაც ამბობენ, რომ ომმა ყველას მრავლად დაუგროვა საფიქრალი და, წლების განმავლობაში მოვლენებისა და ფაქტების გადაფასების შემდეგ, კვლავ ერთად ყოფნისა და ერთმანეთისთვის დახმარების სურვილი ამოძრავებთ.

ვეტერანები 26 წლის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:04:22 0:00
გადმოწერა

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან დასრულებამდე 13 თვე და 13 დღე დაღუპულებისა და დაჭრილების მოვლაში გაატარა იზოლდა მაჭავარიანმა, რომელიც ქუთაისის ბრიგადის უფროსი ფერშალი იყო. მისი ქმარი ომის ვეტერანია, შვილი კი 2008 წელს სამაჩაბლოში დაეღუპა. იზოლდა მაჭავარიანი ამჟამად მეეზოვედ მუშაობს და იმ სკვერსაც ასუფთავებს, სადაც დაღუპული მეომრების მემორიალი მდებარეობს. აფხაზეთის ომის ვეტერანი ქალი საშინელ დღედ მიიჩნევს 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, როცა ღამის სამ საათზე დაჭრილებთან ერთად სოხუმს იძულებით ტოვებდა, მოწინააღმდეგე კი გამარჯვებას აღნიშნავდა. იზოლდა მაჭავარიანის თქმით, 26 წლის შემდეგაც ცხადად ჩანს, თუ რამდენად დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს აფხაზეთის ომმა:

ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში
ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში

„ყველასთვის რთული იყო, თავი და თავი ამ ომის იყო მესამე ძალა - რუსეთი, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ დავზარალდით. მე ახლაც ცრემლით ვიგონებ იმ დაჭრილებს და დაღუპულებს, ჩემი შვილებივით იყვნენ. მაგრამ გულსატკენი რა არის, იცით? არანაირი დაფასება არ არის. მე ძალიან მიჭირს მოთხოვნა, მაგრამ ერთი და ორი ადამიანისთვის რაღაც ერთჯერადი დახმარება რომ გამონახონ, ხომ შეიძლება“.

აფხაზეთის ომის ვეტერანია ნონა სუპატაშვილიც. ამბობს, რომ ბატალიონს ოჯახისგან ფარულად გაჰყვა როგორც მედდა, დაჭრილ ჯარისკაცებს ეხმარებოდა და საომარი მოქმედებებისას ორჯერ თავადაც დაიჭრა. ნონა სუპატაშვილს დღეს მხოლოდ ვეტერანის სტატუსი აქვს და რადგან საპენსიო ასაკის ჯერ არ არის, ვერ სარგებლობს კომუნალური გადასახადებისთვის დაწესებული დახმარებით:

„ძალიან მიტოვებული ხალხი ვართ, ასე ვთვლით ჩვენ. 22 ლარია ელექტროენერგიის, გაზის და დასუფთავების სუბსიდირება, რომელსაც ვერ ღებულობს ყველა და მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებისთვისაა განკუთვნილი. ეს თანხაც მცირეა და ამასაც ყველანი ვერ ვღებულობთ. ჩვენ ყველა არ ვართ იმ ასაკის, რომ პენსია გვქონდეს“.

ნონა სუპატაშვილის თქმით, ომში მონაწილე ქალები ცოტანი არიან და სასურველია მათთვის საპენსიო ასაკად 55 წელი განისაზღვროს. ნონა იმასაც ამბობს, რომ ვეტერანების დიდი ნაწილი უმუშევარია და საპენსიო ასაკამდე თავის რჩენა უჭირთ:

„5 წლით მაინც შეგვიმცირონ და 55 წლის ასაკში გავიდოდით ნაომარი ქალები პენსიაში. ბევრი ჩემი ახლობელი ისე გარდაიცვალა, საპენსიო ასაკამდე ვერ მიაღწია და მხოლოდ ვეტერანის მოწმობა დარჩათ და მეტი არაფერი. ჩემი ქმარიც ომის ვეტერანია. უსახლკაროდ ვართ, სკოლის შენობაში ვართ შეკედლებული და ის მაინც დაგვიკანონონ საკუთრებაში, რომ ვიცხოვროთ და შვილმა არ მითხრას, რომ ომში კი იყავი, მაგრამ ვინ გაფასებსო“.

ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში
ომში დაღუპულთა მემორიალი ქუთაისში

ომის მონაწილეებისა და საბრძოლო მოქმედებებისას მიღებული ტრავმების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პენსიის გაზრდას აუცილებლად მიიჩნევს ვეტერანი დავით ახრახაძე. მისი ინფორმაციით, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთაგან, დაახლოებით, სამი ათასია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე:

„ქვეყანაში ომი იყო და უნდა წავსულიყავით, მაგრამ მეტი ომი დაბრუნებულებს დაგვხვდა. ვგულისხმობ დაუფასებლობას ხელისუფლების მხრიდან. პენსია მიზერული და სამარცხვინოა, შეღავათები თითქმის არ არის. შშმ ვეტერანს პენსია 270 ლარამდე აქვს, რაც ოჯახის გამოსაკვებად არასაკმარისია“.

ომის ვეტერანები ამბობენ, რომ წინადადებები შეღავათებისა და დახმარების შესახებ სხვადასხვა დროს გაუგზავნეს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა დაპირებებს კონკრეტული ქმედებები ამ დრომდე არ მოჰყოლია და არც ვეტერანის პენსია გაზრდილა და არც კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG