Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითარება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში


26 აპრილის საღამოს ცხინვალის იზოლატორიდან სოფელ ქვეშის მცხოვრები სერგო დარბაიძე გაათავისუფლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის გვიან ღამით ერგნეთის საგუშაგოზე ქართველ პოლიციელებს გადასცეს. გათავისუფლებამდე სერგო დარბაიძეს 2 ათასრუბლიანი ჯარიმა გადაახდევინეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრები სერგო დარბაიძე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 25 აპრილს დააკავეს. მისმა ვაჟმა, ალექსი დარბაიძემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სერგო დარბაიძე საქონელს აძოვებდა საკუთარ ბაღში და რუსი სამხედროები თავად გადმოვიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშს ესაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სოფელი არცევი, სადაც საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზაა განთავსებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საქართველოს არაერთი მოქალაქე დააკავეს. ქვეში, ჯარიაშენი, აძვი, ფლავისმანი - ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მცხოვრებლებსაც აკავებენ ხოლმე. სოფლელები აცხადებენ, რომ ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოდიან, ბუჩქებში ჩასაფრებებს აწყობენ, მოქალაქეებს აკავებენ, შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავთ და ფოტოებს უღებენ, თითქოს იქ დააკავეს, და ამის შემდეგ ცხინვალის იზოლატორში გზავნიან. კონფლიქტის ზონის მცხოვრებლები ქართველი პოლიციელებისგან პატრულირების გაძლიერებას მოითხოვენ.

დაკავებები საოპუპაციო ხაზთან

  • სუსის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 11 აპრილამდე პერიოდში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში 16, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს.
  • გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავების სულ 52 ფაქტი დაფიქსირდა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი - 126.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრებლები სოციალურ სიდუხჭირესაც უჩივიან. მთელი ზამთარი ისინი 200-ლარიანი ენერგოვაუჩერის მიღებას ელოდებოდნენ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ აპრილის ბოლოს დაიწყო თანხის ჩარიცხვა, ამასობაში კი ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილს უკვე ზამთრის დავალიანება დაუგროვდა. ისინი აცხადებენ,რომ თუ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მათი ყოფა ყოველწლიურად უფრო მეტად დამძიმდება.

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. სოფლების მცხოვრებლებს ძირითადად ტყის მასივებთან და მინდვრებში აკავებენ. ყველაზე მძიმე თვე, ტრადიციულად, მაისია ხოლმე, როდესაც სოფლების განაპირას ჯონჯოლის კრეფის სეზონი იწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG