Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხვალ დამაკავებენ“ - ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე და რატომ შეიძლება ის სამიზნე გამხდარიყო


ბოლო სამ დღეში გიორგი ჩიკვაიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ერთმანეთის მიყოლებით 20 ვიდეო გამოაქვეყნა (ილუსტრირებული ფოტო).
ბოლო სამ დღეში გიორგი ჩიკვაიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ერთმანეთის მიყოლებით 20 ვიდეო გამოაქვეყნა (ილუსტრირებული ფოტო).

„ხვალ დამაკავებენ” - თვალთვალის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს სასამართლოდან შეატყობინეს, რომ პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს. ჩიკვაიძეს იახტის ჩამოყვანისთვის გადახდილი თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

გიორგი ჩიკვაიძესა და მის ოჯახზე სავარაუდო თვალთვალი დროში ემთხვევა საქართველოდან გიორგი ბაჩიაშვილის გაქცევას. მათ საერთო აქვთ: ორივე წარსულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, ორივეს თანხების გაფლანგვას ედავებიან და ორივეს გირაო ჰქონდა შეფარდებული.

„დილიდან უკვე იდენტიფიცირებულია 5 ახალი ავტომობილი და 8 პირი! ანუ ჯამში 42 ავტომობილი და 72 გაურკვეველი ნიღბიანი!“, - დაწერა ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ 10 მარტის დილას ფეისბუკზე და ტექსტს ორი ახალი ვიდეო დაურთო.

ბოლო სამ დღეში მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ერთმანეთის მიყოლებით 20 ვიდეო გამოაქვეყნა.

ერთ დროს „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერი და თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო კამპანიის მონაწილე ამტკიცებს, რომ „უთვალთვალებენ“. ბიზნესმენი ამბობს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ „სკანდალური ცნობები“ აქვს და ამის გასაჯაროებას აპირებს. სწორედ ეს გახდა, მისი აზრით, იმის მიზეზი, რომ ის სამიზნედ იქცა.

მხოლოდ 9 მარტს მისი ფეისბუკგვერდი თითქმის ყოველ საათში ერთხელ ახლდებოდა. ატვირთული ვიდეოების შინაარსი ერთნაირია. კაცები, ვისაც ბიზნესმენი საჯარო სივრცეებში ყველას გასაგონად თვალთვალსა და ადევნებაში ადანაშაულებს და თან ტელეფონით უღებს, სახეზე ხელებს ან პირბადეს იფარებენ და უკანმოუხედავად გარბიან.

„იოგურტი მოიპარე? დააგდე ძირს, შე სამარცხვინო შენა?“ - ისმის სუპერმარკეტ „კარფურში“ გადაღებულ ვიდეოში გიორგი ჩიკვაიძის ხმა. კადრებში ჩანს, როგორ აგდებს ძირს იოგურტის ბოთლს კაცი და ესკალატორის გავლით ავტომობილების სადგომზე ჩარბის.

წინა დღეს, გვიან ღამით ატვირთულ ვიდეოში მინაწერით „ღამის ნადირობა“ ჩანს, როგორ მიჰყვება გიორგი ჩიკვაიძე ჯინსის შარვალში, შავ ჰუდსა და ჟილეტში გამოწყობილ კაცს, რომელიც სახის დაფარვას ქუდით ცდილობს.

ჩიკვაიძე: რატომ მისატკავებ?

უცნობი: შენ არ გისატკავებ

ჩიკვაიძე: მობრუნდი, შემომხედე-მეთქი, ვინ ხარ, დაიჭირე, არ გაუშვა, ბიჭო, იქნება ვინ არის, იქნებ თავდამსხმელია?

უცნობი: შენ არ გისატკავებ, ჩემს საქმეზე ვარ მოსული, ველოდები ადამიანს

ჩიკვაიძე: მესმოდა ტელეფონში, ვის რა უთხარი, შე ტიტუშკა, შე სუსის აგენტო მონა, თქვენ, ბიჭო, რომ მიდიოდით, მე მოვხტოდი აქეთ.

უმეტესობა, ვისაც ბიზნესმენი გადაღებისას სუს-ის აგენტებს ეძახის, ავტომობილით მოძრაობს. რადიო თავისუფლებამ ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება მოახერხა. ის ფინანსური პოლიციის თანამშრომელია. ინფორმაციის გადასამოწმებლად ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით. დაგვპირდნენ, რომ გაარკვევდნენ, თუმცა კითხვაზე აღარ უპასუხიათ.

გიორგი ჩიკვაიძის წინააღმდეგ საქმეს სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. მას ბრალად თანხის მითვისება და გაფლანგვა ედება. ეს სისხლის სამართლის 182-ე მუხლია, რომელიც 3-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მას და მის ბიზნესპარტნიორს ირაკლი პაპიაშვილს, ჯამში, 100 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

სასამართლოს შემდეგი პროცესი 25 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ბიზნესმენს შეატყობინეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ახალი შუამდგომლობით მიმართა და მისი პატიმრობა მოითხოვა. თუ ხვალ, 11 მარტს, მოსამართლე იზა კელენჯერიძე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, გიორგი ჩიკვაიძესა და მის პარტნიორს დააკავებენ.

„წინასწარ იციან, რომ ბოლო პროცესებზე ბევრი ინფორმაციის გასაჯაროებას ვაპირებ, რაც ამ ხელისუფლებას და მის დიქტატორ მმართველ ივანიშვილს ამხელს, თუმცა ზუსტად არ იციან, რას უნდა ელოდონ. ეს საკითხები ეხება ივანიშვილსა და გომელაურს. დანარჩენს შემოვინახავ. ეს ამბები ასევე ეხება რუსეთის დაზვერვის მოქმედ თანამშრომლებს, რომლებიც საქართველოში არიან და პოლიტიკურ პროცესებს მართავენ“, - ამბობს გიორგი ჩიკვაიძე რადიო თავისუფლებასთან.

რა შეიძლება იცოდეს გიორგი ჩიკვაიძემ?

პროფესიით ვეტერინარი, 38 წლის გიორგი ჩიკვაიძე, - მეტსახელად „რამზესი“, - იახტებით 2015 წლიდან დაინტერესდა. იქამდე თავისი ვეტერინარული კლინიკა ჰქონდა. სურსათის უვნებლობის სააგენტოში, წამლის რეგისტრაციის სამმართველო შექმნა და ვეტერინარ ინსპექტორად მუშაობდა.

გიორგი ჩიკვაიძე იახტებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ათი წლის წინ კანის იახტების ფესტივალზე მოხვდა. გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ის საერთაშორისო კომპანია „აზიმუტ ბენეტში“ იწყებს მუშაობას და ამის შემდეგ იმავე ბიზნესს საქართველოში იწყებს. ეს ამბები ბიზნესმენს ქართულ ტაბლოიდებთან რამდენჯერმე აქვს მოყოლილი.

ამ ინტერვიუებში ის ამაყობს, რომ კანის იახტების ფესტივალზე მოხვედრის შემდეგ 68 კილოგრამი დაიკლო და სულ სხვა ადამიანი დაბრუნდა სამშობლოში. მისი ცვლილებით მონუსხულმა „აზიმუტ ბენეტის“ ბრენდმენეჯერმა ფრანჩესკო ბორომეიმ კი მას რეკომენდაცია გაუწია.

მისი დაფუძნებულია კომპანია „აზიმუტ იახტები საქართველო“ და „რამზეს იახტსი“, ასევე „რამზეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმი“.

გიორგი ჩიკვაიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, პოლიტიკური თანამდებობა არ ჰქონია. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარს უჭერდა კახა კალაძეს თბილისის მერის თანამდებობაზე და სატელევიზიო ინტერვიუებშიც მის უპირატესობებზე ლაპარაკობდა.

„თითოეული დღის მრცხვენია, როცა მე "ოცნებას" მხარს ვუჭერდი, აღმოჩნდა, რომ ბევრი ჩემი და ჩემნაირის ბრალია ის, რაც მივიღეთ დღეს, იმიტომ, რომ არ შეიძლება ასე უპირობო მხარდაჭერა“, - ღიად გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“ ბიზნესმენი ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას 2024 წლის 13 ივნისს. იმ დროს მის წინააღმდეგ გამოძიება უკვე მიდიოდა.

მან დაგმო ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების დაკავება და არაპროპორციული ძალა, რომელიც მათ წინააღმდეგ გამოიყენა პოლიციამ.

ახლა, გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ის პროევროპული დემონსტრაციების არა მხოლოდ მორალური, არამედ ფინანსური მხარდამჭერია. ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნაცემ დემონსტრანტებს მკურნალობის ხარჯებს უფარავს.

ამბავს, რომლის გამოც ბიზნესმენი „ქართულ ოცნებას“ ჯერ გაემიჯნა, შემდეგ კი დაუპირისპირდა, მხარეები განსხვავებულად ჰყვებიან.

გიორგი ჩიკვაიძის ვერსია

გიორგი ჩიკვაიძის მტკიცებით მისი, როგორც სისტემის ყოფილი მხარდამჭერის, განსაკუთრებული სიმკაცრით დასჯას მას შემდეგ ცდილობენ, რაც 2022 წელს „ანტისახელმწიფოებრივი დავალების“ შესრულებაზე უარი თქვა.

რა „დავალება“ იყო ის, რაც, მისი თქმით, სთხოვეს და არ შეასრულა?

გიორგი ჩიკვაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა:

„რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას უნდა დავხმარებოდი სანქციებისგან თავის აცილებაში. მისი მეგაიახტები გადაცემული იყო სანქცირებაზე. მათ შეასწრეს თურქეთის ნეიტრალურ წყლებში და ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა სასწრაფო წესით ქართული დროშის მინიჭება. მიმნიჭებელი ორგანო ჩვენ არ ვართ, ჩვენ უნდა გაგვეწია საიახტო მენეჯერის ფუნქცია და გაგვეყალბებინა საბუთები. შემდეგ ამ მეგაიახტებს ბათუმის საზღვაო ზოლის გავლით გაიყვანდნენ სოჭისკენ, რაც მათთვის სასწრაფო დახმარება იქნებოდა“.

გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ დაკვეთა, რომელიც არ შეასრულა, ხელისუფლებისგან მოდიოდა. ბიზნესმენის მონათხრობის თანახმად, „ამ უარიდან მალევე“ მის „არეალში გამოჩნდა“ ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე, - რომელსაც ჩიკვაიძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ ეძახის.

ჩიკვაიძის თქმით, მისმა კომპანიამ გააფორმა შესყიდვის ხელშეკრულება თურმანიძის კომპანიასთან ETS Building-თან და გარკვეული პერიოდი „ყველაფერი გრძელდებოდა ჩვეულებრივად“ იქამდე სანამ ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე მას „ფულის გათეთრების სქემაში ჩართვასა და ნარკოტიკებს არ შესთავაზებდა“.

„ელგუჯა თურმანიძემ არაერთხელ თქვა, რომ თუ ჩვენ ბიზნესპარტნიორები გავხდებით საინტერესო პროექტები განხორციელდებოდა ფულის გასათეთრებლად. წარმოიდგინე, რამდენი იახტა იქნება ახლა გადამალული და ამ სადგომებზე დავაყენებთო“, - ჰყვება ბიზნესმენი.

მის მონათხრობს რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, ელგუჯა თურმანიძის ადვოკატი, არჩილ შაბაშვილი.

„ჩვენ შორის, მხარეები რომ ავიღოთ განსხვავება რაშია - მე რასაც ვსაუბრობ დოკუმენტურად შემიძლია დადასტურება, რასაც ის საუბრობს, ნებისმიერს შეუძლია დააბრალოს ერთმანეთს. ნარკოტიკები და ფულის გათეთრება, მკვლელობის შემდეგ ერთ-ერთი მძიმე დანაშაულია. მისი ბრალდებები უსაფუძვლო და უარგუმენტოა", - ამბობს ადვოკატი.

გიორგი ჩიკვაიძის თქმით, მან ელგუჯა თურმანიძის კომპანია ETS Building-თან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა, თუმცა ბიზნესმენს თანხის დაბრუნების გრაფიკი შესთავაზა. „პირველი ნაწილი მეორე დღესვე ჩავრიცხე და იმავე დღეს გამოჩნდა „აჭარის პროკურატურის ელიტური ნაწილი“, გამოძიება დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ“.

გიორგი ჩიკვაიძე „ელიტურ ნაწილს” არქმევს პროკურორ ვლადიმერ თურმანიძეს, რომელიც მისივე თქმით, ელგუჯა თურმანიძის ღვიძლი ბიძაშვილია, ახლა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამოძიებას ხელმძღვანელობს და დასანქცირებულია. მისი თქმით, სწორედ ის იძიებდა საქმეს იქამდე, სანამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გადაიბარებდა.

თავდაპირველად გამოძიება ჯგუფური თაღლითობის მუხლით დაიწყო და მოგვიანებით, გაფლანგვა-მითვისების მუხლად გადაკვალიფიცირდა.

მომჩივნისა და ბრალმდებლის ვერსია

პროკურატურის, ბიზნესმენ თურმანიძის და სახელისუფლებო მედიების შეფასება ჩიკვაიძის საქმესა და მის ბრალდებებზე ერთმანეთს ემთხვევა და ავსებს. ეს ვერსია განსხვავდება ჩიკვაიძის ვერსიისგან, რომელსაც ისინი თაღლითს ეძახიან.

ელგუჯა თურმანიძე ფლობს სამშენებლო კომპანია ETS Building-ს, რომელიც ბათუმში, ზღვის სანაპიროზე გეგმავდა იახტკლუბის, იახტებისათვის პლატფორმის მოწყობას.

თურმანიძის ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის თქმით, თურმანიძემ კი არ მიმართა ჩიკვაიძეს, არამედ თავად ჩიკვაიძემ და მისმა ბიზნესპარტნიორმა წარუდგინეს თავი, როგორც იახტების შემომყვანებმა საქართველოში, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება იახტის ჩამოყვანაზე;

„შემდეგ თითქოსდა შეიძინეს, შემდეგ თქვეს, რომ პრობლემებია და იახტა საქართველომდე ვერ მოდისო. საბოლოოდ, იახტა ვერ ჩამოიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოხდა კონტრაქტით გათვალისწინებული თარიღის გადავადება“, - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, ხელშეკრულების ღირებულება იყო 415 000 ევრო, - რაც სრულად გადაიხადეს. ჩიკვაიძემ და მისმა პარტნიორმა კი 2024 წლის იანვარში ამ თანხის მხოლოდ ნაწილი, 50 000 ევრო დააბრუნეს.

„ეს ადამიანი ცდილობს ჩაგრულის მანტია შემოიცვას და დევნილის. მილიონ ლარზე მეტი წაიღო, არც კი მიუმართავს იახტის საყიდლად და ლარი არ გადაუხდია. აცხადებს, რომ იახტების კომპანიას წარმოვადგენო და მათ მოიწერეს, რომ ეს ტყუილია, ჩვენი წარმომადგენელი არასდროს ყოფილაო“, - ამბობს ადვოკატი.

იგივე გაიმეორა პროკურატურამ 2024 წლის სექტემბერში გავრცელებულ განცხადებაში და დაამატა:

„გიორგი ჩიკვაიძის სატელევიზიო განცხადებები არის სიცრუე და ემსახურება საგამოძიებო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობას, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით“.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს, წინა დღით ნათქვამის გასამყარებლად საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა, სადაც მხარეებს შორის იახტის შესახებ მიმოწერა იყო ასახული.

„გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა“, - ამბობენ პროკურატურაში.

გიორგი ჩიკვაიძის მტკიცებით, აქვს ყოფილი გენპროკურორის, ირაკლი შოთაძის ხმოვანი შეტყობინებების ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ „მისი საქმე შეკერეს“. მისი შინაარსი ჯერ არავის მოუსმენია.

„ეს ჩანაწერი ჩემი საქმის მოსამართლეს მივუტანე, მაგრამ მან [ეს ჩანაწერი] საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო. ამ ჩანაწერში შოთაძე თავად ამბობს, რომ საქმე აბსურდული და შეკერილია“, - ამბობს ბიზნესმენი და ამატებს, რომ აჭარის პროკურატურაში გამოძიების დაწყებისთანავე თბილისში ირაკლი შოთაძეს დაუკავშირდა და „ვითარება გააცნო“.

„ირაკლი შოთაძემ საქმის გამოძიება აჭარის პროკურატურას გააჩერებინა. საქართველოს მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობის დატოვების შემდეგ კი, აჭარის პროკურატურაში დაწყებული და მერე გაჩერებული საქმე უკვე თბილისში „გააღვიძეს“, - ამბობს ჩიკვაიძე.

თურმანიძის ადვოკატი ჩიკვაიძის განცხადებებს აჭარის პროკურატურაში საქმის შეწყვეტაზე სიცრუეს უწოდებს: ჯერ გადაიგზავნა აჭარის პროკურატურაში, რადგან „დანაშაულის ჩადენის ადგილი აჭარა იყო“, შემდეგ კი დაექვემდებარა თბილისის ფინანსურ პოლიციას, რომელიც დღემდე აწარმოებს გამოძიებას და „ამაში გასაკვირი არაფერია“, - განმარტავს ის.

შოთაძე 2024 წლის 23 მაისს გადადგა. პარლამენტმა ახალ გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. შოთაძის ცვლილებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, იმავე საქმეზე ფინანსურმა პოლიციამ გიორგი ჩიკვაიძე დაიბარა. ბიზნესმენის თქმით, მასზე ზეწოლა სცადეს, საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებები უარყო.

„როდესაც გამოვდიოდით, წამოგვეწია პიროვნება, რომელმაც გვთხოვა, რომ ვინმე გიორგი არდაზიშვილს - საგამოძიებოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს - უნდა ჩვენი ნახვა. რაც მის კაბინეტში მოხდა, ამას "შეყენება" ჰქვია ქუჩურ ჟარგონზე“, - ამბობს იგი და იხსენებს, რა უთხრა საგამოძიებო უწყების წარმომადგენელმა:

„ბიჭო, შენს ავტორიტეტს, 10 დღეც არ გვინდა, ისე გავანადგურებთ, უამრავი ადამიანი გიცნობს ამ ქვეყანაში, შენ ჯერ კაპიტალიც არ დაგიგროვებიაო“.

ბიზნესმენის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაშიც“ უპასუხეს. ირაკლი კობახიძის 2024 წლის განცხადებით, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს „პრობლემები აქვს“:

„სადაც მტკიცებულება არ არსებობს, იქ ვერცერთ ასეთ განცხადებას ვერ ექნება ვერავითარი ფასი. ბიზნესრეკეტი იყო წინასაარჩევნო პრაქტიკა, რომელიც 2012 წლამდე და 2012 წლიდან შეწყდა“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სავარაუდო თვალთვალის ამსახველი ვიდეოების გასაჯაროების შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ მისი მოკვლის რისკები არსებობს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 10 მარტს დილით დაინახა, როგორ „ჩხირკედელაობდნენ“ მის ავტომობილთან.

„ეს მთელი პროცესი აღარ ჰგავს მხოლოდ დევნის ოპერაციას. მანქანის შემოწმებისას დაგვიდასტურეს, რომ დაზიანებულია სამუხრუჭე სისტემა და დაშვებულია საბურავი, გახვრეტილია“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას. პოლიციისთვის არ მიუმართავს.

რამდენიმე დღის წინ, გიორგი ჩიკვაიძე საგურამოს პოლიციაში იყო და საკუთარ სახლში უცხო ადამიანების უკანონოდ შესვლის გამოძიება მოითხოვა. განცხადებას თან ვიდეომტკიცებულება და ის პოსტი დაურთო, რომელიც 9 მარტს გამოაქვეყნა:

„ვიცით რა რომ გვისმენენ მოვატყუეთ და გვქონდა სატელეფონო საუბარი ერთმანეთში, რომ თითქოს სახლიდან გამოვედი კარი არ დამიკეტავს, რადგან ვერ ვიპოვე გასაღები და იმავე საუბარში აღვნიშნე, რომ სახლის უკანა მხარეს კამერები გათიშულია და ამაზე ძალზე ვნერვიულობდი, ეს გოიმები ამას წამოეგნენ და დაახლოებით 15-20 წუთში სახლში შემოვიდნენ, რა დროსაც ჩვენ თავზე დავადექით. ისინი ყაჩაღებივით გაიქცნენ, ავედევნეთ და დანარჩენი თავად ნახეთ ამ ვიდეოში“.

შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გაარკვევენ საგურამოს პოლიციაში, ჩიკვაიძის განცხადებაზე რა რეაგირება ჰქონდა უწყებას. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ შარშან მან ტელეკომპანია „პირველს“ გადასცა „სკანდალური დოკუმენტები“, რომელიც მისი დაკავების შემთხვევაში გასაჯაროვდება. ბიზნესმენის თქმით, ამ ტაქტიკამ ის გასულ წელს პატიმრობისგან გადაარჩინა.

„4 ივლისს გვირეკავენ, ბრალი უნდა წაგიყენოთ, უნდა დაგაკავოთ და იქნებ მობრძანდეთ 6 საათზე, თავს ნუ გვადევნინებთო. მე ვუთხარი, მოვალ ჩემი ფეხით, პრობლემა არ არის, მაგრამ მანამდე მე მივდივარ ტელეკომპანია "პირველში", მექნება პირდაპირი ჩართვა, ვილაპარაკებ ბევრ საკითხზე, - მათ შორის იმაზე, რაზეც დღეს კვლავ არ მინდა საუბარი, - და მერე დამაკავეთ-მეთქი. ნახევარ საათში ოთხი ზარი შემომივიდა გენერალური პროკურატურიდან, იქნებ ეს ბრიფინგი არ ჩაატაროთ და გირაოში გაგიცვლითო“, - თქვა ადვოკატმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ამ არხზე „ნოდარ მელაძის შაბათში“ უკვე მომზადდა რამდენიმე სიუჟეტი ბიძინა ივანიშვილის შესახებ, სადაც ინფორმაციის წყარო სწორედ გიორგი ჩიკვაიძეა. მათ შორისაა ამბავი ივანიშვილის პირად ექიმბაშზე, რომელიც, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საეჭვო ნივთიერებებს საქართველოდან, საიდუმლო სამსახურის საშუალებით უგზავნიდა.

„ბიზნესმენი, ვისაც ტვირთის გადატანა საკუთარ თავზე უნდა აეღო და საიდუმლო მისია შეესრულებინა, გიორგი ჩიკვაიძე იყო“, - იყო ნათქვამი სატელევიზიო გამოძიებაში.

გიორგი ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რუს სპეცსამსახურებთან კავშირს დაადასტურებს.

„ბოლო თავი მე ჯერ არ გადამიშლია, ამ თავს შემოვინახავ ჩვენი დასკვნითი სასამართლოს ეტაპისთვის“, - ამბობს ის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG