Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ დაითვლის ხმებს - ვის ხელშია არჩევნების ბედი?


„ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება - აცხადებენ ოპოზიციაში, საოლქო და საუბნო კომისიების უპირატესად მმართველი პარტიის მხარდამჭერებით დაკომპლექტების ფაქტებზე მითითებით. დარღვევებზე და მიუკერძოებლობის ჭრილში გაჩენილ შეკითხვებზე ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორშიც. ბრალდებებს უარყოფენ საარჩევნო ადმინისტრაციაში. ცესკო აცხადებს, რომ კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები კანონის შესაბამისად წარიმართა.

რა კავშირი აქვს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებას არჩევნების შედეგების სამართლიანობასთან? ვის ხელშია ქმედითი ბერკეტები? რას აჩვენებს წარსულის გამოცდილება?

რა შეუძლია საუბნო საარჩევნო კომისიას?

საარჩევნო ბიულეტენების სწორად დათვლა და არჩევნების შედეგების სამართლიანი შეჯამება დიდწილად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მათივე სიფხიზლე და ობიექტურობა განსაზღვრავს კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების სათანადო აღრიცხვას.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიას ევალება:

  • კანონმდებლობის შესაბამისად წარმართოს კენჭისყრის პროცესი;
  • უზრუნველყოს ამომრჩეველთა თუ დამკვირვებელთა უფლებების სრულყოფილი დაცვა;
  • შეადგინოს გადასატანი საარჩევნო ყუთების სიები;
  • უზრუნველყოს ბიულეტენების ობიექტური დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია დარღვევების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში, სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საოლქო კომისიაში დასვას მის უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხიც და სხვა.

საქართველოს საარჩევნო რეალობაში არჩევნების შედეგების შეჯამებისა და დარღვევებზე რეაგირების პროცესებს ჯერ უხმაუროდ არასდროს ჩაუვლია, ჩანს, რომ ამ მხრივ გამონაკლისი არც მომავალი არჩევნები იქნება.​

ერთი არჩევნების ვადით დაკომპლექტებული საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 12 წევრისაგან; აქედან 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო კიდევ 6 წევრს ნიშნავენ შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანებები.

ბოლო დღეების ხმაური და დაპირისპირება, საქართველოს სხვადასხვა წერტილში, დიდწილად სწორედ საუბნო კომისიების წევრების არჩევის სადავო პროცესებს უკავშირდება.

სადავო გახდა ასევე საუბნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევისა და საოლქო კომისიებში ერთი დროებითი წევრის არჩევის პროცესიც.

რას ამბობს ოპოზიცია და მესამე სექტორი

ოპოზიციის შეფასებით, კომისიის წევრთა და შემდეგ უკვე, ხელმძღვანელ პირთა (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) შერჩევის პროცესი წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, სწრაფი ტემპებით, არაობიექტურად წარიმართა.

ისინი ამბობენ, რომ პროცესის მიზანს კომისიების „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირებითა და მხარდამჭერებით დაკომპლექტება წარმოადგენდა.

  • „ამზადებენ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ დაწერონ არჩევნების ის შედეგები, რაც მათ სურთ. ყველანაირი მცდელობა - ჩაერიოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვაში მომავალ არჩევნებზე, დაგიჯდებათ ძალიან ძვირად“ - სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „კომისიის წევრები, რომლებიც უნდა იყვნენ უპარტიოები და მიუკერძოებლები, ხშირ შემთხვევაში ან პირდაპირ არიან მიბმული „ქართულ ოცნებასთან“, ანუ დასაქმებული არიან საჯარო სამსახურებში, ანდა მათი ოჯახის წევრების საშუალებით არიან დაკავშირებული“ - ლევან თარხნიშვილი, „ევროპული საქართველო“.

რადიო თავისუფლებასთან თარხნიშვილი ამბობს იმასაც, რომ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩეული 73 დროებითი წევრიდან „42 „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ანდა საჯარო სტრუქტურებში დღემდე დასაქმებული პირია“; ხოლო „დანარჩენი 31-ის შემთხვევაში, მრავლად არიან „ქართული ოცნების“ გულანთებული მხარდამჭერები, რასაც ისინი არც სოციალურ ქსელებში მალავენ“.

ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ იგივე ხდება საუბნო კომისიებთან მიმართებითაც - „წინასწარ ვიცოდით სიები, ვისაც აირჩევდნენ მაგალითად მთაწმინდაზე, საბურთალოზე ან ვაკეში და სწორედ ისინი აირჩიეს“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) მონიტორინგის მე-4 შუალედურ ანგარიშში მიუთითებს საარჩევნო კოდექსის იმ ახალი ჩანაწერის დარღვევაზე - რომლის მიხედვითაც დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული“.

ISFED-ის თანახმად, მაგალითად: შუახევში N4 საარჩევნო უბნის კომისიის წევრად არჩეულია მაყვალა დიასამიძე, რომელიც 2018 წლის არჩევნებზე ამავე უბნის კომისიის წევრი იყო ,,ქართული ოცნებიდან".

ორგანიზაცია აღრიცხავს იმ ტიპის ფაქტებსაც, რომლებიც კანონს არ არღვევს, მაგრამ აჩენს კითხვის ნიშნებს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით:

  • „ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი (დამოუკიდებელი) წევრი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის, თეიმურაზ ჭუმბურიძის მეუღლეა“.
  • „ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის ბიძაშვილი, ქეთევან ობოლაშვილი, ცესკოს მიერ, ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, ნეიტრალურ წევრად დაინიშნა“ - ის, ამავე დროს, აბასთუმნის სკოლის დირექტორია“.

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა, ლელა ხათრიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი ფორმალურ სახეს ატარებს.

„თითქმის არასოდეს ხდება კანდიდატების კვალიფიკაციისა და უნარების შეფასება... პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და წინასწარ არიან მონიშნული ადამიანები, რომლებიც უნდა გავიდნენ კომისიების წევრებად. ზოგჯერ, მაგალითად, საუბნო კომისიის წევრთა 6 ადგილზე ზუსტად 6 განაცხადი იყო შესული“.

რას ამბობს ცესკო?

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უთხრეს რადიო თავისუფლებას:

  • 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უნდა არჩეულიყო 3 657 საუბნო კომისიის 21 942 წევრი;
  • კონკურსში მონაწილეობდა სულ 25 200 პირი;
  • საერთო რაოდენობის 90% არჩეულ იქნა საოლქო კომისიის წევრთა 9 და მეტი ხმით.

ცესკოს სპიკერი, ანა მიქელაძე აცხადებს, რომ 832 კონკურსანტი კენჭისყრის პროცესამდე სწორედ იმის გამო ვერ მივიდა, რომ ისინი წინა საერთო არჩევნებზე კომისიის წევრებად პარტიის მიერ იყვნენ დასახელებული და ამდენად, ვერ აკმაყოფილებდნენ საარჩევნო კოდექსში ახლახან დამტკიცებულ შესაბამის კრიტერიუმებს.

მიქელაძე ასევე გვეუბნება, რომ კომისიების დაკომპლექტების პროცესში კანონი არ დარღვეულა და მაგალითად:

  • კენჭისყრაში არ მონაწილეობდა საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრი, რომლის ახლო ნათესავიც წარმოდგენილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში;
  • საჯარო მოხელეები, მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულები თუ მაგალითად - პედაგოგები, როცა ისინი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ, პარალელურად არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას.

რაც შეეხება საუბნო კომისიის წევრების გასაუბრების გარეშე არჩევისა და მთლიანად, ამ პროცესების ძალიან სწრაფ ტემპებში წარმართვას - ანა მიქელაძე გვეუბნება, რომ ხშირად ამის მიზეზი შემჭიდროებული ვადები ხდება.

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს შეეძლო გასაუბრებოდა ნებისმიერ კონკურსანტს და ამის პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა ეს არ არის საკანონმდებლო მოთხოვნა და გარდა ამისა, ძალიან დიდი სურვილიც რომ ჰქონდეს საარჩევნო ადმინისტრაციას, ვადები არ იძლევა ამის შესაძლებლობას. თუ ეს წესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ იქნება შეცვლილი, საარჩევნო ადმინისტრაციაც შესაბამისი წესებით იხელმძღვანელებს“.

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრობლემებზე მიუთითებდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (OSCE/ODIHI), 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში:

  • „(საარჩევნო კოდექსში) 2017 წელს მიღებულ ცვლილებებს შორის ყველაზე საკამათო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის დამდგენი ფორმულის ცვლილება იყო, აღნიშნული ცვლილების შედეგად მოხდა კომისიების წევრთა რაოდენობის შემცირება, რამაც ყველა დონეზე მმართველი პარტიის წარმომადგენლების რაოდენობის ზრდა გამოიწვია“.
  • „ცესკოს მხრიდან ადეკვატური რეგულირების არარსებობის პირობებში, ქვედა დონეების კომისიების არაპარტიული წევრების შერჩევას თანამიმდევრულობა და გამჭვირვალობა აკლდა“.

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა ივლისში დამტკიცებულ განახლებულ კანონმდებლობაში.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები კვლავაც მიუთითებდნენ, რომ დარჩა პრობლემები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესისა და კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG