Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვის ჩინ-მედლები - გაიგეთ ვინ, რატომ და რისთვის აჯილდოებს ჩეჩნეთის ლიდერს

რამზან კადიროვი იღებს მორიგ ორდენს. 2026 წ. 14 აპრილი
რამზან კადიროვი იღებს მორიგ ორდენს. 2026 წ. 14 აპრილი

კადიროვმა ორი ახალი ჯილდო მიიღო: მის ათობით ორდენსა და ტიტულს შეემატა ორდენი „ცემენტის მრეწველობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის“ და მედალი „მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. გარდა კომიკური პატივმოყვარეობისა, რა დგას კადიროვების დაჯილდოებათა უწყვეტი ნაკადის უკან?

6 აპრილს რამზან კადიროვს ასევე გადასცეს მედალი „მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“. ჩეჩნეთის რესპუბლიკის 49 წლის ლიდერი დააჯილდოვა რეგიონის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა ჯამბულატ უმაროვმა — ჩეჩნეთში პროპაგანდის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ. მისი ყველაზე ცნობილი ინიციატივა ჩეჩნეთში დანერგილი საჯარო ბოდიშების გამოცდილების რუსეთის მთელ ტერიტორიაზე დანერგვას უკავშირდება. ჯამბულატ უმაროვი იმითაცაა ცნობილი, რომ რესპუბლიკის მეთაურზე დაწერილი წიგნების სერიისთვის „სახალხო მწერლის“ წოდება აქვს მიღებული; დაუღალავად ამართლებს ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, კადიროვის კრიტიკოსებს უძღვნის ეპიგრამებს, უწოდებს მათ „შურიანებსა და ნაძირალებს“.

უცნობია, რა კონკრეტული დამსახურება მიუძღვის კადიროვს მეცნიერების წინაშე. დაჯილდოების შესახებ პოსტში ჩეჩნეთის მეთაურმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის „პრეზიდიუმმა“ და დასძინა, რომ „მადლიერია ასეთი ფასეული ჯილდოსთვის“. აღსანიშნავია, რომ კადიროვი ამ მედლის პირველი მფლობელია — ჯილდო იმავე აკადემიის დაარსებულია, რომელსაც უმაროვი 2022 წლიდან ხელმძღვანელობს.

მეცნიერებათა აკადემიის ჯილდოს მიღებიდან შვიდ დღეში, რუსეთის ცემენტის მწარმოებელთა კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა დარია მარტინკინამ ჩეჩნეთის თავკაცს გადასცა პირველი ხარისხის ორდენი „რუსეთის ცემენტის მრეწველობის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის“. რა კავშირი აქვს რეგიონის ხელმძღვანელს ცემენტის ინდუსტრიასთან - ისევე როგორც მეცნიერების განვითარებასთან - არ განუმარტავთ.

ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს კომიკურია, სულელურია, რომ ხალხი უკვე იცინის ამაზე."

“კადიროვთან შეხვედრაზე მიმავალი ადამიანები აცნობიერებენ, რომ საჭიროა რაღაც გადასცენ მას, რათა სანაცვლოდ მიიღონ ის, რაც სურთ”, — ასე აფასებს ორივე დაჯილდოებას ანონიმი ჩეჩენი ანალიტიკოსი: „საქმე ისაა, რომ კადიროვი ასეთ, არსებითად კომიკურ ჯილდოებს ძალიან სერიოზულად აღიქვამს. მას სჯერა, რომ ისინი ნამდვილად დაიმსახურა. ადამიანები წინასწარ მიდიან მასთან რაღაცით, რათა მისი გულის მოგება შეძლონ. გროზნოში მნიშვნელობა არ აქვს ამ ჯილდოებს თავად კადიროვს აძლევენ თუ მის შვილებს. მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი „კაპიტალი“, რომელიც დაიმსახურეს, ხოლო თავად ჯილდოების გადაცემის ფაქტი კადიროვებს გულწრფელად ახარებთ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს კომიკურია, სულელურია, რომ ხალხი უკვე იცინის ამაზე“.

„გახსოვთ, როგორც ევგენი შვარცთან არის: „საპატიო წმინდანი, საპატიო დიდმოწამე, ჩვენი სამეფოს საპატიო პაპი, — ამბობს პოლიტოლოგი დმიტრი დუბროვსკი, — ეს დაჯილდოებები, პირველ რიგში, სრულად აუფასურებს თავად ჯილდოს — ნაგვად აქცევს მას. და მეორეც, უსვამს ხაზს პრინციპს: „ამხანაგი სტალინი — ყველა მეცნიერების გენიოსია“. დიქტატურის სათავეში უნდა იდგეს ადამიანი, რომელიც ერთდროულად ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი და ყველა რეკორდის ავტორია“.

მედიური თამაშები

რამზან კადიროვის „პირად ჯილდოთა მუზეუმში“ არის რამდენიმე ათეული სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდო: ორდენები „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“, მედლები სიმამაცისთვის, საბრძოლო გამორჩეულობისთვის, საბრძოლო მეგობრობისთვის და სხვ. ამავე სიაშია ყველაზე აბსურდული და ეგზოტიკური რეგალიებიც: ორდენი „სტომატოლოგიის წინაშე დამსახურებისთვის“; საპატიო მშენებლის, ფერმერისა და მეგზევის წოდებები, ასევე პრემია „ჟურნალისტური რეპორტაჟისთვის“.

ეს მხოლოდ ამყარებს ხუმრობას იმაზე, რამდენად „ტიტულოსანია“ იგი ქაღალდზე."

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯილდოები მემებად იქცა, ახალ-ახალი წოდებებისა და მედლების მიღება კვლავაც ემსახურება კადიროვის ძალაუფლების დემონსტრირებას, — აღნიშნავს ჩრდილოეთ კავკასიის ანალიტიკოსი ჰაროლდ ჩემბერსი. — უპირველეს ყოვლისა, ეს არის მოწიწების გამოვლენა: ქვეშევრდომები აღიარებენ მის აღმატებულობას და გამჭრიახობას. ასეთი ჯილდოები შესაძლოა ლოიალობის პირდაპირი დეკლარირება არ იყოს, მაგრამ ისინი მაინც აძლიერებენ კადიროვის ძალაუფლებას“.

ეგზოტიკურ ჯილდოებს — მაგალითად, ცემენტის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ორდენს — ჰაროლდ ჩემბერსი „მედიურ თამაშებს“ უწოდებს: „ასეთი ჯილდოები ინტერესს ზრდის კადიროვის პერსონის მიმართ და ამავე დროს ხაზს უსვამს უკვე დაგროვილ რეგალიათა რაოდენობას. ეს კიდევ უფრო ამყარებს ხუმრობას იმაზე, რამდენად ტიტულოსანია იგი ქაღალდზე მაშინ, როცა პროცესის ყველა მონაწილემ ზუსტად იცის, სინამდვილეში რამდენად არაკომპეტენტურია ის. კადიროვი ამ ჯილდოებით ისევე ერთობა, როგორც მედიის „დატროლვით“. ყოველი ახალი ჯილდო სასაცილოა წინაზე, მაგრამ მას მოსწონს, იყოს სანახაობა, და ეს ჯილდოები სწორედ სანახაობას ქმნის.“

გილდიების ძღვენი

პოლიტოლოგ დმიტრი დუბროვსკის თქმით, სხვადასხვა ინსტიტუცია კადიროვს აჯილდოებს არა მისი არარსებული დამსახურებების აღიარების ნიშნად, არამედ იმისთვის, რომ შეჰფიცოს, მის წინაშე დადოს ერთგვარი „ფიცი“.

„ჩეჩნეთის ლიდერის თვალსაზრისით, ეს მოვლენათა ბუნებრივი მიმდინარეობაა, - ამბობს დუბროვსკი, - მეცნიერები, ჩინოვნიკები და სხვები ვალდებულნი არიან, აღიარონ მისი უფროსობა. ეს ფაქტობრივად ფეოდალური სისტემაა: თითოეული გილდია მას სიმბოლურ ძღვენს სწირავს. ექიმები, მეცნიერები, სამხედროები დიქტატორს შესაწირავს უძღვნიან — ამით აღიარებენ, რომ ის არა მხოლოდ რესპუბლიკის, არამედ თითოეული მათგანის „ყველაზე კარგი, ყველაზე განსაკუთრებული მეთაურია“. შესაბამისად, ამ გილდიებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაც შემდეგ უფრო მარტივი ხდება.“

„ავტორიტეტის შესანარჩუნებლად ავტორიტეტი მუდმივად უნდა იზრდებოდეს — და, როგორც ჩანს, კადიროველები დარწმუნებულნი არიან, რომ ავტორიტეტი სწორედ ახალ-ახალი რეგალიების უწყვეტ დამატებაზე დგას, — ამბობს პოლიტოლოგი რუსლან აისინი, — როგორც კი ოფიციალურ ვებსაიტებს გახსნი, ყველგან ერთი და იგივეა: ჩეჩნეთი პირველ ადგილზეა ყველაფერში. აი, მაგალითად: გროზნო მოსკოვის შემდეგ მეორე ადგილზეა კეთილმოწყობის დონით. ცხადია, ბევრი ასეთი რეიტინგი რეალობასთან კავშირში არ არის, მაგრამ კადიროვის თვალს ახარებს. ამიტომ საჭიროა მუდმივი „კარგი ამბებისა“ და თავად კადიროვისა და მისი ოჯახის „მიღწევების“ გენერირება.“

სად კადიროვები და სად — მეცნიერება."

„ყველასთვის, მათ შორის თავად ჩეჩნებისთვისაც, აშკარაა ასეთი ჯილდოების აბსურდულობა — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მეცნიერებას ეხება, — აღნიშნავენ ჩეჩნეთის ოპოზიციურ მოძრაობა Niyso-ში. — სად კადიროვები და სად — მეცნიერება. თუმცა, როგორც ჩანს, სწორედ აქ ვლინდება აზროვნების განსხვავება ჩვეულებრივ დამკვირვებლებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც აღჭურვილი არიან დიქტატორული ძალაუფლებით. ისინი ამას სხვაგვარად უყურებენ. ისინი სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობენ.“

„როდესაც ადამიანს ყველაფერი აქვს, იწყებენ მის განდიდებას, — ასკვნის აისინი. — დიქტატორების უმეტესობა ამ მანიით იტანჯება. რამზან კადიროვიც გამონაკლისი არ არის. აშკარაა, მას თავისი თავი ღმერთის მიერ გამორჩეულ ადამიანად მიაჩნია და ცდას არ აკლებს, მოიხვეჭოს ყველა შესაძლო ტიტული და წოდება.“

და მაინც, რამდენი ჯილდო აქვს კადიროვს?

ორდენებისა და წოდებებისადმი გამძაფრებულმა ვნებამ რამზან კადიროვი არაერთი ანეკდოტის პერსონაჟად აქცია. „კადიროვმა კადიროვი კადიროვის ორდენით დააჯილდოვა“ - ასეთია ერთ-ერთი ანეკდოტის შინაარსი. და მართლაც, 2022 წლის შემდეგ კადიროვებს, ჯამში, მიღებული აქვთ 146 ჯილდო. აქედან ნახევარზე მეტი ჩეჩნეთშია გაცემული, რაც სწორედ იმას ნიშნავს, რომ „კადიროვმა კადიროვი დააჯილდოვა”.

მთლიანობაში, რამზან კადიროვი არის რუსეთის გმირი, ჩეჩნეთის გმირი (ეს წოდება თვითონ დააწესა და თვითონვე მიიღო პირველმა); კადიროვს მიღებული აქვს: კურჩატოვის ინსტიტუტის მედალი ბირთვული ფიზიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სიკეთის ორდენი, რუსეთის არქიტექტორთა კავშირის მედალი, ორდენი “იერუსალიმის ვარსკვლავი”, მედალი ყირიმის დაბრუნებისთვის, მედალი რუსეთის ბავშვთა დაცვისთვის. რამზან კადიროვი ასევე არის: ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საპატიო აკადემიკოსი, ჩეჩნეთის საპატიო მშენებელი, საპატიო უფლებადამცველი, რუსეთის საპატიო მეგზევე, სასწრაფო დახმარების ფრიადოსანი, აგროსამრეწველო კომპლექსის საპატიო მუშაკი, მეგობრობის ელჩი და ა.შ.

კადიროვმა კადიროვი კადიროვის ორდენით დააჯილდოვა."

2016 წელს კადიროვი რუსეთის ბუნებისმეტყველების აკადემიის (РАЕН) საპატიო აკადემიკოსი გახდა, რამაც კრიტიკის ტალღა გამოიწვია, რადგან პოლიტიკოსს არცერთი სამეცნიერო ნაშრომი არ აქვს. თავად კადიროვმა განაცხადა, რომ მისთვის „საუკეთესო დისერტაცია“ არის „აღდგენილი ჩეჩნეთი“ და „ხალხის აღიარება“.

რამზან კადიროვს (ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით) დამთავრებული აქვს მაჰაჩყალის ფინანსებისა და სამართლის ინსტიტუტის გუდერმესის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა ის ერთდროულად სამი უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის ჩეჩნეთის ჰუმანიტარული აკადემიისა და ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია, რაც მას უნივერსიტეტებში ლექციების წაკითხვის უფლებას აძლევს. აკი თავადაც ამბობდა, რომ გადადგომის შემდეგ რუსეთის მასშტაბით ლექციებს წაიკითხავდა. „ეს მე კარგად გამომივა“, — ირწმუნებოდა იგი.

ჯილდოებისა და წოდებების ჩამონათვალზე არანაკლებ შთამბეჭდავია დაჯილდოების დასაბუთება:

“ჩეჩნეთის ლიდერს რუსეთის საპატიო მშენებლის წოდება მიენიჭა „პროფესიონალიზმისთვის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიისადმი ერთგულებისთვის“.

„რამზან კადიროვს ორდენი „ავიცენა“ გადაეცა „ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების განვითარებაში შეტანილი მრავალწლიანი წვლილისთვის“.

როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები შენიშნავენ, ხშირ შემთხვევაში, კადიროვის დაჯილდოება, აბსურდულთან ერთად, ცინიკურიც არის. ამგვარი ცინიკური დაჯილდოების მაგალითია 2007 წელს კადიროვისათვის „ადამიანის უფლებების დამსახურებული დამცველის“ წოდების მინიჭება და ოქროს ვარსკვლავის, „ღირსებისა და პატივის” გადაცემა. და ეს მაშინ, როცა რამზან კადიროვის მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უფლებადამცველი ორგანიზაციები ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს აფიქსირებენ. დოკუმენტირებულ პრაქტიკებს შორისაა წამება, იძულებითი გაუჩინარებები, ხელისუფლების კრიტიკოსების ნათესავების კოლექტიური დასჯა და განსხვავებული აზრის სასტიკი ჩახშობა.

რამზან კადიროვი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება 2014 წლიდან. 2017 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ იგი „მაგნიტსკის აქტის“ საფუძველზე დაასანქცირა ადამიანის უფლებების დარღვევებში, მათ შორის წამებასა და მკვლელობებში მონაწილეობისთვის. 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ამერიკული სანქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა: შეზღუდვები შეეხოთ კადიროვის მეუღლესა და სამ ქალიშვილსაც. 2025 წლის სექტემბერში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ახმატ კადიროვის სახელობის ფონდსა და რამზან კადიროვის დედას, აიმან კადიროვას, რომელიც ფორმალურად ხელმძღვანელობს ფონდს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

This item is part of

ფორუმი

XS
SM
MD
LG