Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ როგორ ულოცავს პატრიარქს დაბადების დღეს


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს 86 წელი შეუსრულდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში დაიბადა. წმინდა სინოდმა ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია 1977 წლის 23 დეკემბერს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა ილია მეორის ინტრონიზაცია.

პატრიარქს დაბადების დღე მიულოცეს საქართველოს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტმა, დეპუტატებმა და სხვებმა.

ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს. ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი.

მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!“ - ნათქვამია მამუკა ბახტაძის მისალოც წერილში.

საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დაბადების დღეს ულოცავს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პატრიარქი, ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, არის თავმდაბლობის, სულგრძელობის, მოთმინების, სიკეთისა და მიმტევებლობის მაგალითი.

პრეზიდენტი მის უწმინდესობას უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კათოლიკოს-პატრიარქს, დაბადების დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დაბადების დღეს! ქართველ ერს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობლად და სულიერ წინამძღოლად თქვენ მოევლინეთ და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე დროება იდგა. თქვენ, აღსაყდრებიდან 41 წლისთავზე, ისევ ისე დაუღალავად, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით, იღვწით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. თქვენ მაგალითს გვაძლევთ ყველას და შთააგონებთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესები და წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი. დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ ცხოვრებას ჩვენი ხალხისა და საქართველოს საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ულოცავს უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს 86 წლის იუბილეს. უსურვებს მას ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს“, - ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

"გილოცავთ, ჩვენო სულიერო წინამძღვარო და მადლობა უფალს ამ წყალობისთვის. ეს სიყვარული არ იზომება და არც მადლიერება. ეს მხოლოდ ტრანსფორმირდება გასაძლისში და სხვისი განცდის განცდაში. ზოგჯერ ვფიქრობ - რა არის, რაც აწონასწორებს ამ არეულ დროს და თქვენი სიბრძნე, მადლი და სიყვარული.
მადლიერი ვარ თქვენი და ვიდრე ვცოცხლობ სულ მემახსოვრება ყველა თქვენი ნუგეში და სითბო, რაც მაძლევდა ძალას.
ეს დღეებიც როგორ მომეფერეთ და მანუგეშეთ...
მადლიერი ვარ! მიყვარხართ საოცრად და მეიმედებით მუდამ!
გილოცავთ ჩვენო სულიერო მამავ დაბადების დღეს", -
ამ სიტყვებით მიულოცა პატრიარქს დაბადების დღე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ეკა ბესელიამ.

ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმაც. მილოცვის ტექსტს ის თავის ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

„დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს! მადლობა იმ სიბრძნისთვის, სიყვარულისთვის და მზრუნველობისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის მიმართ გამოხატავთ. თქვენი ლოცვა-კურთხევა არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს. გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას! უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს სამწყსოს”, - ნათქვამია მისალოც წერილში.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG