Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიოლა ფონ კრამონი: ევროპარლამენტი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას


ვიოლა ფონ კრამონი
ვიოლა ფონ კრამონი

მიმდინარე კვირაში ევროპარლამენტში დაგეგმილი იყო საქართველოს საკითხის განხილვა და რეზოლუციის მიღება, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისის გამო გადაიდო. რეზოლუცია ერთობ მწვავე უნდა იყოს, რაზეც მეტყველებს მისი პროექტები და ევროპარლამენტართა ჯგუფის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მიწერილი წერილი. როგორც ამ წერილის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, გერმანელმა პარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროპარლამენტი არ შეწყვეტს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას და თვალს მიადევნებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულებას.

რადიო თავისუფლება: დარწმუნებული ხართ, რომ ეს მემორანდუმი შენარჩუნებულ იქნება და განხორციელდება?

ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვინმე მოელოდა ერთი ან ორი კვირის წინ.

ვიოლა ფონ კრამონი: ამ გადმოსახედიდან ზუსტად არავის შეუძლია იმის თქმა, როდის და როგორ იქნება ეს განხორციელებული. მაგრამ პირველ რიგში მინდა ორივე მხარეს მივულოცო, ოპოზიციასაც და მმართველ პარტიასაც, რომ მეტ-ნაკლებად ძლიერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ვინმე მოელოდა ერთი ან ორი კვირის წინ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი პირველი ნაბიჯი და სიგნალი როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ისე საკუთარი საზოგადოების მისამართით. როდის განხორციელდება საბოლოოდ, ეს არ ვიცით, მაგრამ გავაგრძელებთ ზეწოლას, რათა მომავალი არჩევნების წინ შესაბამისობა იყოს ეუთოსა და ODHIR-ის რეკომენდაციებთან, ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. და ეს ყველაფერია, რის გაკეთებაც შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ამ რეკომენდაციებს, ეს როგორც ჩვენი, ასევე ქართველი ამომრჩევლის ინტერესიცაა.

რადიო თავისუფლება: მაგრამ თქვენ ამ მემორანდუმს მეტ-ნაკლებად ძლიერს უწოდებთ. ანუ გაქვთ გარკვეული ეჭვი, რომ ის სრულად განხორციელდება?

ვიოლა ფონ კრამონი: მე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისგან ჭკვიანური იქნება, რომ უარი არ თქვას ამაზე. კარგი იქნებოდა, ვინაიდან მათ იციან, რომ ჩვენ მათ დავაკვირდებით. იციან, რომ სხვადასხვა მხრიდან ძალიან გულდასმით დააკვირდებიან - ჩვენი, ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან, სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ ინტერესებში უნდა იყოს, რომ სრულად განახორციელონ ეს შეთანხმება. მაგრამ ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ზუსტად არ შეგვიძლია ვთქვათ, რა იქნება.

რადიო თავისუფლება: ამ შეთანხმებამდე იყო პრემიერ-მინისტრისადმი წერილი. რა რის ის, რაც აშფოთებს ევროპარლამენტართა ჯგუფს აქ ბრიუსელში?

მათ იციან, რომ ჩვენ მათ დავაკვირდებით.

ვიოლა ფონ კრამონი: ჩემი აზრით, ვხედავთ მზარდ პოლარიზაციას, განსაკუთრებით პოლიტიკურ სფეროში. არ მგონია, რომ ჭკვიანური ნაბიჯი იყო ამდენი ადამიანის დაპატიმრება. ასევე, როდესაც საქმე ეხება სასამართლო სისტემას, არ მგონია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესმა სათანადოდ ჩაიარა. და ყველაფერი ეს ერთად ხდება იმ სიტუაციაში, როდესაც ხედავ, რომ ძალიან ცოტა შესაძლებლობაა რამის შესაცვლელად. ამიტომაც ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა, ყველა ეს პრობლემა მიგვეწერა პირდაპირ პრემიერ-მინისტრისთვის, თუ დაგვეცადა, სანამ ისინი მათ თვითონ მოაგვარებდნენ. მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი შეშფოთება პირდაპირ პრემიერისთვის მიგვეწერა.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ხელს შეუშლის სასამართლო სისტემაში სხვა დანიშვნებს პოლიტიკური ნიშნით, რასაც უკანასკნელ ხანებში ვხედავდით?

ვიოლა ფონ კრამონი: ეს არ არის ამის სრული, მოდი ასე ვთქვათ, პრევენცია. მაგრამ ვფიქრობ, მმართველი პარტიისა და მთავრობისთვის დროა, გააცნობიერონ, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის, რომ ჰყავდეს მოსამართლეები, რომლებიც დანიშნული იქნებიან პოლიტიკური ლოიალურობის მიხედვით და არა მათი კომპეტენიციის, ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით. და ეს ყველაფერი ერთად ნიშნავს, რომ საჭიროა ახალი სახეები, ახალი ხალხის შერჩევა. და ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს იურიდიული გამოცდილებისა და ფაქტების საფუძველზე და არა პოლიტიკური მიმართულების მიხედვით.

რადიო თავისუფლება: როგორც ფიქრობთ, კვლავაც საჭიროა თუ არა [საქართველოს შესახებ] დებატები ევროპარლამენტში, რომელიც ამ კვირაში კვლავ გადაიდო?

ჩვენსავე ინტერესებში უნდა იყოს, რომ ვიყოთ კრიტიკული, კონსტრუქციული და შემდეგ შევაფასოთ, რას გააკეთებს საქართველოს მთავრობა.

ვიოლა ფონ კრამონი: დიახ, [გადაიდო] კორონავირუსის გამო. ჩვენ არ ვიცით ზუსტი დრო, ზუსტი თარიღი და ზუსტი პლენარული სხდომა. მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ ეს დებატები შედგეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამით ვაჩვენოთ ჩვენი ინტერესი საქართველოს მიმართ და ასევე საქართველოს მოსახლეობას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვაცნობიერებთ რა მოხდა, მაგრამ ამავდროულად თვალს ვადევნებთ მიმდინარე პროცესებს. ასე რომ, სანამ [შეთანხმება] სრულად განხორციელდება, ჩვენსავე ინტერესებში უნდა იყოს, რომ ვიყოთ კრიტიკული, კონსტრუქციული და შემდეგ შევაფასოთ, რას გააკეთებს საქართველოს მთავრობა.

რადიო თავისუფლება: საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის პროექტებში არსადაა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ყველამ იცის, რომ ის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანია საქართველოში.

ვიოლა ფონ კრამონი: ჩემი აზრით, უფრო მკაფიოდ შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ლაპარაკი. მაგრამ ვინაიდან ეს ერთობლივი რეზოლუციაა, რომელზეც ყველა ძირითადი ჯგუფი შევთანხმდით, რა

ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საქართველოში ივანიშვილის გავლენა და ძალაუფლება.

თქმა უნდა, ზოგი ჯგუფის მხრიდან შეიძლება უფრო ფრთხილი მიდგომა იყოს - მოდით, ასე ვთქვათ. მაგრამ ყველამ იცის, რა იგულისხმება და ასევე ითქვა, რომ არ უნდა იყოს რომელიმე მხარისგან პოლიტიკაზე გავლენა და ა.შ. მაგრამ მართალი ბრძანდებით, მხოლოდ მე რომ დამეწერა ეს რეზოლუცია, მე [ივანიშვილს] აუცილებლად დავასახელებდი, რადგან ეს ცხადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს საქართველოში ივანიშვილის გავლენა და ძალაუფლება. ეს უეჭველია.

რადიო თავისუფლება: ანუ ეს პოზიცია კონსენსუსის შედეგია?

ვიოლა ფონ კრამონი: ნამდვილად. ეს კომპრომისია. არ ვიცი, როგორ იქნება სხვა ქვეყნების შემთხვევაში, მაგალითად, უკრაინაში, სადაც არიან კოლომოისკი, ახმეტოვი... მე მათ ყოველთვის ვასახელებ, ვინაიდან ოლიგარქები ანგრევენ ქვეყნებს. ივანიშვილს რაც შეეხება, ის არის ერთადერთი დიდი მასშტაბის და ის არის დომინანტი [ფიგურა] და, ვფიქრობ, თუნდაც ინტერვიუების დროს უნდა ვახსენოთ ის და ამიტომაც კარგია, რომ მკითხეთ.

XS
SM
MD
LG