„ნიპას“ ვირუსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ვირუსად ითვლება, გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში დაფიქსირდა.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობა ხუთი ინფიცირებულის შესახებ, თუმცა 27 იანვარს ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ორ ადამიანს დაუდასტურდა. მისივე ცნობებით, შეამოწმეს 196 ადამიანი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ პაციენტებთან. არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა ინფიცირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ვირუსი მხოლოდ ორ ადამიანს დაუდასტურდა, 25 იანვრიდან ინდოეთის მეზობელი ქვეყნების ნაწილმა, უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტებში მგზავრების შემოწმება დაიწყო.
მათ შორისაა ტაილანდის სამი აეროპორტი, რომლებიც იღებენ მგზავრებს დასავლეთ ბენგალიდან. მგზავრების შემოწმება დაიწყო ნეპალმაც. ქვეყანაში შემსვლელებს ამოწმებენ როგორც კატმანდუს აეროპორტში, ისე ინდოეთთან დამაკავშირებელ სახმელეთო საზღვრებზე.
ვირუსის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში გავრცელების რისკზე, ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის [WHO] იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ამბობს:
„[ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროშიც] მიაჩნიათ, რომ ეს არის ზედმეტი პანიკა... მხოლოდ და მხოლოდ ორი შემთხვევის პირობებში, იმის ალბათობა, რომ ე.წ. აფეთქების კერიდან ინფიცირებული ადამიანი მოხვდეს საქართველოში, პრაქტიკულად, ნულის ტოლია.
უკვე 27 წელია, ამ ვირუსს აკვირდებიან და ამ 27 წლის განმავლობაში, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ეს ვირუსი გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც დღემდე ფიქსირდება: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია და ფილიპინები.
ჯერჯერობით არ არის არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფო დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტების შეზღუდვასთან დაკავშირებით“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
რა არის „ნიპას“ ვირუსი და როგორ ვრცელდება?
ამ ვირუსმა თავი პირველად 1998 წელს მალაიზიაში იჩინა, სადაც ძირითადად ღორის ფერმებში დასაქმებული პერსონალი დაინფიცირდა. მოგვიანებით ვირუსი მეზობელ სინგაპურშიც გავრცელდა.
ვირუსს იმ სოფლის სახელი დაარქვეს, სადაც ის პირველად გამოვლინდა. მისი იდენტიფიცირება მეცნიერებმა 1999 წელს შეძლეს.
მაშინ ვირუსის აფეთქებას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსი ადამიანებზე ძირითადად ცხოველებიდან გადადის - მათ შორის ღორებიდან და ხილის მჭამელი ღამურებიდან.
როგორც ექიმები ამბობენ, "ნიპას" ვირუსი არ ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით, მაგალითად, როგორც კორონავირუსი და გადადების გზა ძირითადად დაბინძურებული საკვების გაზიარება ან ძალიან მჭიდრო კონტაქტია.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში „ნიპას“ ვირუსის გავრცელების ძალიან დაბალი რისკია, არის ის, რომ საქართველოში არ ბინადრობენ ვირუსის ძირითადი გამავრცელებლები, ხილის მჭამელი ღამურები:
„ამ ვირუსის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი დაინფიცირებულის სხეულის გამონაყოფთან ან დაინფიცირებული საკვების მიღება.
ვირუსის ძირითადი რეზერვუარი ღამურაა, კონკრეტულად კი ხილის მჭამელი ღამურა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ ბინადრობს.
საქართველოში ღამურები სპეციალისტებმა ლუგარის ლაბორატორიის ბაზაზე კოვიდპანდემიამდე შეისწავლეს. მათ შორის, გამოქვაბულებში მცხოვრები ღამურები. ისინი გამოიკვლიეს “ნიპას” ანტისხეულებზე და ეს ვირუსი მათთან არ გამოვლინდა.
"ნიპას" ვირუსი ძალიან დიდი ხანია არსებობს და აქამდე არ დაფიქსირებულა არცერთი აფეთქება იმ რეგიონებს გარეთ, სადაც ეს ღამურები ბინადრობენ“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ვირუსი შეიყვანა "შესაძლო პანდემიის გამომწვევი" ვირუსების კატეგორიაში და უკვე რამდენიმე წელია, ტარდება კვლევები ვაქცინის შესაქმნელადაც.
ვაქცინას გავლილი აქვს კვლევების ორი ფაზა, მაგრამ, როგორც ივანე ჩხაიძე ამბობს, აუცილებელი, მესამე ფაზის გავლა ამ დრომდე ვერ ხერხდება, პაციენტთა სიმწირის გამო.
ასევე არ არსებობს ამ ვირუსის სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტი. როგორიც, მაგალითად, იყო „რემდესივირი“ COVID19-ის შემთხვევაში.
რა სიმპტომები ახასიათებს „ნიპას“?
„ნიპას“ ინკუბაციის პერიოდი 4-დან 14 დღემდე მერყეობს.
ვირუსით დაინფიცირებულ ადამიანებს, შესაძლოა, სიმპტომები სხვადასხვანაირად გამოუვლინდეთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ისიც შესაძლებელია, რომ ინფექცია სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
ძირითადად ახასიათებს სიცხე, თავის, კუნთების, ყელის ტკივილი და ღებინება, შესაძლოა ამ სიმპტომებს თან ახლდეს ძილიანობა, ცნობიერების შეცვლა და პნევმონია.
გართულების შემთხვევაში კი შესაძლოა განვითარდეს ენცეფალიტი: „ეს ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად და ადამიანი შეიძლება დაიღუპოს სიმპტომების გამოვლენიდან 2-3 დღეში“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
მომაკვდინებელი ვირუსის სტატისტიკა
„ნიპას“ ვირუსი, რომელიც ადამიანებს ძირითადად ცხოველებისგან გადაეცემა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ლეტალობის ვირუსად ითვლება და მისი პროცენტული მაჩვენებელი 45-დან 75%-მდე აღწევს. ანუ ყოველი 100 ინფიცირებულიდან 45-დან 75 ადამიანამდე იღუპება.
„ეს არის განსაკუთრებული ვირუსი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს, რადგან მას აქვს ლეტალობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ებოლასთან, ჰანტა ვირუსებთან და ფრინველის გრიპთან ერთად, ის განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის გამომწვევი ვირუსი. დღემდე არსებული სტატისტიკაც სწორედ ამას მიუთითებს“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
2000 წლიდან მოყოლებული, „ნიპას“ ვირუსით ყველაზე მეტად ბანგლადეში დაზარალდა - ინფექციას ბოლო 26 წლის განმავლობაში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
უახლეს პერიოდში კი „ნიპას“ ვირუსის ერთ-ერთ მთავარ კერად ინდოეთის სამხრეთში მდებარე კერალას შტატი იქცა. 2018 წელს იქ დადასტურდა ვირუსის 19 შემთხვევა, რომელთაგან 17 გარდაცვალებით დასრულდა. 2023 წელს იქ ექვს დადასტურებულ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ფორუმი