Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის არ გაუშვებენ საქართველოდან და ვის არ შეუშვებენ ევროპაში?


  • ევროკავშირი საკუთარი საზღვრების უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვას განაგრძობს. ამ ეტაპზე ევროპარლამენტის განხილვას ელოდება ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS), რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების წინ ელექტრონული განაცხადის შევსება იქნება საჭირო. პროცესი ფასიანია და, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოგზაურობის ნებართვა ძალას სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.
  • პარალელურად, ევროპისთვის არასასურველი მიგრანტების შეჩერების მექანიზმებს ამკაცრებს საქართველოც. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას საგანგებო კონტროლის გავლა მოუწევთ.
  • საზოგადოებას აინტერესებს, რამდენად გააძნელებს ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო რეგულაციები ევროკავშირში მოგზაურობას.
  • საქართველოს პარლამენტში შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებში ექსპერტები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ გამოწვევებს ხედავენ.

ვის არ შეუშვებენ ევროპაში?

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლამდე სპეციალური სარეგისტრაციო ანკეტა-განაცხადი უნდა შეავსონ და 7 ევრო უნდა გადაიხადონ. ამის შემდეგ ანკეტაში შეტანილი მონაცემები ევროკავშირისა და ევროპოლის ბაზებში გადამოწმდება და თუკი საეჭვო არაფერი გამოჩნდა და მონაცემები არც შემდგომ გაანალიზებას მოითხოვს, პასუხს მოგზაურობის მსურველი „ავტომატურად და სწრაფად“ მიიღებს. სხვა შემთხვევებში პასუხს მაქსიმუმ 96 საათი დასჭირდება.

ახალი შეთანხმება მორიგი აუცილებელი ნაბიჯია ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის მიმართულებით. იმის წინასწარ ცოდნით, თუ ვინ აპირებს ევროკავშირში შემოსვლას, ჩვენ უკეთესად შევძლებთ შევაჩეროთ ისინი, ვინც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებს...
ვალენტინ რადევი

„სამოგზაურო ნებართვა ძალაში იქნება სამი წლის მანძილზე ან დარეგისტრირებული სამოგზაურო დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე“, - ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე, თუმცა იქვე მითითებულია, რომ ელექტრონულად მოპოვებული ნებართვა არ არის იმის გარანტია, რომ მის მფლობელს აუცილებლად შეუშვებენ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში. ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება ისევ მესაზღვრის პრეროგატივად რჩება.

„ახალი შეთანხმება მორიგი აუცილებელი ნაბიჯია ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვის მიმართულებით. იმის წინასწარ ცოდნით, თუ ვინ აპირებს ევროკავშირში შემოსვლას, ჩვენ უკეთესად შევძლებთ შევაჩეროთ ისინი, ვინც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვალენტინ რადევმა მოგზაურთა რეგისტრაციის იმ ახალ სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც 25 აპრილს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმაც მოიწონეს. ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) ევროკავშირის საბჭომ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთანაც შეათანხმა და ახლა ახალი ინიციატივა ევროპარლამენტის სხდომაზე განხილვის მოლოდინშია. დასტურის მოპოვების შემთხვევაში, ახალი სისტემა (ETIAS) 2020 წლიდან ამოქმედდება.

„ეს არ იქნება სავიზო ლიბერალიზაციით მოპოვებული უფლებების შეზღუდვა საქართველოს მოქალქეებისთვის და ეს არ შეუშლის ხელს მოქალაქეების თავისუფლად მოგზაურობას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.

ვანო ჩხიკვაძე
ვანო ჩხიკვაძე

მისი განმარტებით, ევროპული სახელმწიფოები საკუთარი საზღვრების უკეთესად დაცვის უზრუნველყოფაზე ზრუნავენ და საქართველომაც, სხვა ქვეყნებთან ერთად, ადეკვატურად უნდა მიიღოს ევროპელი პარტნიორების ეს მიზანი.

მოგზაურთა მხრიდან წინასწარი შეტყობინების სისტემის ამოქმედებაზე ლაპარაკი ევროკავშირის სივრცეში მანამდე დაიწყო, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის გაზაფხულზე უვიზო მიმოსვლის უფლებას მოიპოვებდნენ. ამ ეტაპზე ვანო ჩხიკვაძე თავს იკავებს ETIAS-თან დაკავშირებული ინიციატივის დეტალების განხილვისგან იმ მიზეზით, რომ ევროპარლამენტში განხილვის პროცესში შესაძლოა დოკუმენტის პროექტის პირველადმა ვარიანტმა გარკვეული ცვლილებებიც განიცადოს.

ვის არ გაუშვებენ საქართველოდან ევროპისკენ?

ევროპელების მწვავე კრიტიკის ფონზე, რომელიც თავშესაფრის მაძიებელ მიგრანტთა რიცხვის ზრდასა და დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებს უკავშირდება, საქართველოში თითქმის უკვე ყველამ გაიაზრა, რომ თუკი ვითარება არ გამოსწორდა, შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედებით საქართველოს მოქალაქეებმა მთლიანად დაკარგონ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება.

იმისათვის, რომ მოგზაურობის მსურველთა უფლებები არ დაირღვეს, საჭიროა მთელი რიგი საკითხების მკაცრად გაკონტროლება და მათ შორის, მაგალითად, მეტად მნიშვნელოვანია მესაზღვრეთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების საკითხიც...
მარიამ გრიგალაშვილი

სწორედ ეს უდევს საფუძვლად ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული და რომელიც მოგზაურობის მსურველთა მანამდე შემოწმებას გულისხმობს, ვიდრე ისინი საქართველოს დატოვებენ. ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება ქვეყნის დატოვება აუკრძალოს იმ პირებს, რომლებიც მათ ვერ წარუდგენენ სავიზო ლიბერალიზაციის მიხედვით განსაზღვრულ კონკრეტულ დოკუმენტებს: მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს, უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს, სასტუმროს ჯავშანს ან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართს, სამოგზაურო დაზღვევას და მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის ავტორები ამ პროცედურას განიხილავენ როგორც პრევენციულ მექანიზმს ევროპის ქვეყნებში მოქალაქეების იმგვარი გადინების შესამცირებლად, რომელიც შეიცავს სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის საფრთხეებს. გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის ინიციატორები არიან არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებების არსს მხარს უჭერს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" ანალიტიკოსი მარიამ გრიგალაშვილი და, მეტიც, მის ორგანიზაციას თავადაც ჰქონდა მსგავსი ინიციატივა წამოყენებული ახლახან გამოქვეყნებულ მასშტაბურ გამოკვლევაზე დაყრდნობით. გამოკვლევაში, სახელწოდებით „საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები: პოლიტიკური კონტექსტი და სტატისტიკა“ აქცენტი ძირითადად გერმანიაზე კეთდება და ნათლად ჩანს, რომ მიგრაციის ნაკადების მოწესრიგება, უსაფრთხოების ჭრილში, პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორც ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი გერმანიისთვის, ასევე ყველა სხვა ევროპული ქვეყნისთვის. შესაბამისად, ეს საკითხი პრინციპულად საყურადღებოა საქართველოსთვისაც, რომელიც 2018 წლის დასაწყისიდან ევროპელთა მხრიდან არაერთი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.

მარიამ გრიგალაშვილი
მარიამ გრიგალაშვილი

ამ ეტაპზე ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს ქვეყნიდან გასვლამდე ალბანეთში ამოწმებენ. თუმცა 2017 წლის დეკემბერში ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ზედმეტმა სიფრთხილემ ადამიანის უფლებები არ უნდა შეიწიროს. როდესაც რადიო თავისუფლებასთან ქართველი დეპუტატების მიერ მომზადებულ პროექტზე ლაპარაკობს, მარიამ გრიგალაშვილიც ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობას ახსენებს:

„უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრების მსურველთა წინასწარ, ადგილზე შემოწმებას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. იმისათვის, რომ მოგზაურობის მსურველთა უფლებები არ დაირღვეს, საჭიროა მთელი რიგი საკითხების მკაცრად გაკონტროლება და მათ შორის, მაგალითად, მეტად მნიშვნელოვანია მესაზღვრეთა კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების საკითხიც“.

მარიამ გრიგალაშვილის თქმით, მოგზაურობის მსურველთა წინასწარი შემოწმება უნდა იყოს არა სამუდამო, არამედ უნდა იყოს დროებითი მექანიზმი მანამდე, ვიდრე არ გადაივლის სავიზო ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხე და საქართველოს მოქალაქეები სრულყოფილად არ გაიაზრებენ, რომ ევროპაში უკანონოდ ყოფნა და თავშესაფრის მოთხოვნა გაუმართლებელი ნაბიჯია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG