Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის აწყობს „სუბელიანის ჩანაწერი“ და ვის არ სჯერა მისი?


„ბაჩოსთვის ძალიან ემოციური იყო იმის გაგება, რომ ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებამ შეიტყო, რომ ის სასჯელს იხდის უსამართლოდ და რომ ჩვენებები მის წინააღმდეგ მოპოვებულია მოწმეების წამების, ადამიანების გაუბედურების ხარჯზე“, - ასე უთხრა რადიო თავისუფლებას ანი ნადარეიშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ცოლმა და ადვოკატმა. მისი თქმით, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელებულმა ჩანაწერმა, სადაც, სავარაუდოდ, ხორავას საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ლაპარაკობს ორ კონკრეტულ საქმეზე - „ნავთლუღის სპეცოპერაციასა“ და სერგო თეთრაძის საქმეზე, ფარდა ახადა რეალობას, რომ „ბაჩო ახალაია უდანაშაულოა და ჩვენები მის წინააღმდეგ წამების ნიადაგზე მოიპოვეს“.

სწორედ ეს ორი საქმე ექცა ბაჩო ახალაიას აქილევსის ქუსლად და 13 გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, სწორედ ამ ორ საქმეზე ცნეს მოსამართლეებმა ის დამნაშავედ და მიუსაჯეს ცხრა წლიანი პატიმრობა. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ბაჩო ახალაიას პატიმრობა მიესაჯა 2014 წლის ოქტომბერში. ამ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალაია წამების მუხლით ცნო დამნაშავედ. რაც შეეხება სერგო თეთრაძის საქმეს, ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ომის ვეტერანის, 57 წლის სერგო თეთრაძის სიკვდილის საქმეზე პატიმრობა მიესაჯა თეთრაძის სიკვდილიდან თითქმის 7 წლის თავზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაო ახალაია დამნაშავედ ცნო პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე.

14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელებულ ჩანაწერში კი, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ჩვენებები სერგო თეთრაძისა და „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, მათ მოიპოვეს მოწმეების წამების ხარჯზე:

„..ცრუ ჩვენებაზე კი არ წამიყენონ მუხლი, ადგნენ და წამებაზე წამიყენონ, ბაჩო ახალაიას მოწმეებს რომ ვაწამებდით და როგორ მისცეს... ციხის ბუნტის თემა როგორ გავხსენით, გაიხსენე. მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა, გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შ...ი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი“...

„...უკაცრავად, ბოდიში მომიხდია და თეთრაძის საქმიდან დაწყებული, ნავთლუღის სპეცოპერაცია... რაზეც ამათმა თანამდებობები დაიჭირეს, ხარძიანის საქმე, ბუნტის საქმე, ან ვანოს საქმე, ვისი შესრულებულია?..“

„ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეები რომ იყო და ვერ ტეხდნენ, მოგვყავდა და ვცემდით, იმიტო რომ ამათ გაეხსნათ.
ვ - ვის სცემდით?
მ - აბა, როგორ იძლეოდნენ ჩვენებებს და, აბა, როგორ გაიხსნა?! თეთრაძის საქმე როგორ გაიხსნა?!“...“

ბაჩო ახალაია 2012 წლიდან იმყოფება საპატიმროში და ანი ნადარეიშვილის თქმით, ის იმ დრომდე დარჩება იქ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, რადგან ის დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი პოლიტპატიმარია.

„უნდა დაიწყოს გამოძიება, აუცილებლად უნდა დაიკითხოს სუბელიანი, რათა მან დაასახელოს ის მოწმეები, რომლებზეც ჩანაწერში ლაპარაკობს ...

ანი ნადარეიშვილის თქმით, მირზა სუბელიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ხორავას ქუჩის საქმემდე პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის უფროსის მოადგილე იყო (მან ეს თანამდებობა 2017 წლის 4 დეკემბერს დატოვა), „პირადად მონაწილეობდა ბაჩოს წინააღმდეგ შავ-ბნელ საქმეებში მოწმეებთან დაკავშირებით“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით და ჩვენ ამის შესახებ წლებია ვლაპარაკობთ. იყო ადამიანების გატაცების, ცემის ფაქტები. იყო მკვლელობაც“...

„მკვლელობის ფაქტში“ ანი ნადარეიშვილი გულისხმობს შალვა თათუხაშვილის საქმეს, რომელიც 2014 წლის 23 მარტს გარდაიცვალა და რომელიც იყო მოწმე 2006 წლის 12 იანვარს ჩატარებული ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე. შალვა თათუხაშვილმა 2014 წლის 24 თებერვალს პროკურატურას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენება მისცა. ერთი თვის თავზე, 24 მარტს კი, პროკურატურის ინფორმაციითა და სამედიცინო დასკვნის რწმუნებით, გულის შეტევით გარდაიცვალა. მაშინ თათუხაშვილის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ის წამებისგან მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა: „შალვა თათუხაშვილის საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. ასევე არ არის გამოძიებული მოწმე სუთიძის საქმე, რომელმაც განაცხადა, რომ ის ტყეში გაიტაცეს, სცემეს, იქ დატოვეს. გაიტაცეს სხვა არაერთი მოწმეც“, - ამბობს ანი ნადარეიშვილი.

ბაჩო ახალაიას ცოლი და ადვოკატი ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის ჩანაწერში აღწერილი დეტალები, რომელიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოწმეების წამების ფაქტებს ასახავს, ბაჩო ახალაიას საქმეში ვერაფერს შეცვლის, რადგან მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ თავს არ გაისამართლებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ ადვოკატები უახლოეს ხანში მიმართავენ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება ჩანაწერში ბაჩო ახალაიას საქმეების დეტალების შესასწავლად: „უნდა დაიწყოს გამოძიება, აუცილებლად უნდა დაიკითხოს სუბელიანი, რათა მან დაასახელოს ის მოწმეები, რომლებზეც ჩანაწერში ლაპარაკობს. მართალია ჩვენ ქართული სამართლის იმედი აღარ გვაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი დაგვჭირდება სტრასბურგში წარსადგენად“.

ჩემს მეუღლეს აწამებდნენ სამხედრო პოლიციის შენობაში და მას აწამებდნენ უშუალოდ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა

სერგო თეთრაძის გარდაცვალებიდან შვიდი წლის თავზე, მისი მეუღლე, ნანა თეთრაძე, დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი წამებით მოკლეს და რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ უშუალოდ ბაჩო ახალაიას მონაწილეობით აწამეს მისი ქმარი: "საქმე იყო შეკერილი თავიდან ბოლომდე, ჩემს მეუღლეს აწამებდნენ სამხედრო პოლიციის შენობაში და მას აწამებდნენ უშუალოდ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას. იქვე გაუტეხეს ცხვირი და ემუქრებოდნენ ოჯახის შეურაცხყოფით და განადგურებით. ეს ყველაფერი ჩემთვის იყო ცნობილი ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩემი მეუღლე იყო ცოცხალი. გარდა ამისა, მე თვითონ ვნახე ჩემი მეუღლე საქალაქო სასამართლოს შენობაში, ის იყო განადგურებული, მას უჭირდა გადაადგილება. ციხეში წამება გაგრძელდა და საბოლოოდ, მე ქმარი წამებით მომიკლეს. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ დაეთანხმებინათ მათთვის სასურველ ინფორმაციაზე. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისა, ჩემმა მეუღლემ არ აღიარა აბსურდული, ჯაშუშობის ბრალდება.

რატომღაც არ კეთდება სათანადო აქცენტი იმაზე, რომ იმ 5 დღის განმავლობაში, რომელიც სერგომ გაატარა ციხეში, ის უკანონოდ გაიყვანეს იქიდან და 5 საათის განმავლობაში ჰყავდათ სამხედრო პოლიციაში, საიდანაც ის დაბრუნდა უფრო ნაწამები. არსებობენ მოწმეები. მე პირველი დღიდან, როცა სამხედრო პოლიციის თანამშრომლები შემოიჭრნენ ჩვენთან სახლში, დარწმუნებული ვიყავი ჩემი მეუღლის უდანაშაულობაში და არც ახლა მებადება კითხვები. მე, ჩემი მეუღლის და ოჯახის ღირსებას ვიცავ. თუმცა, მეც მაქვს შეკითხვები და ვთვლი, რომ ყველა იმ პირმა, ვინც უშუალოდ ან ირიბად მონაწილეობდა ამ საქმეში, არ მიიღო სათანადო სასჯელი. უფრო მეტიც, შეინარჩუნეს თანამდებობა, აქვთ კარიერული ზრდა ან შეაფარეს თავი სხვა სტრუქტურებს. ზოგადად, არ მიმაჩნია, რომ ყველა ბინძურ ბრალდებასა და სერგო თეთრაძის ხსენებაზე, კომენტარს უნდა ვაკეთებდე".

ისედაც ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც 14 ოქტომბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის ჩანაწერსა და სკანდალურ საქმეებს უკავშირდება, 16 ოქტომბერს ახალი კითხვები დაემატა. სწორედ 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა მთავარმა პროკურატურამ კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც 14 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ჩანაწერზე ადრეა გაკეთებული და 6 ივლისით თარიღდება და სადაც, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს:

„...ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერები, ვიბაზრებ, რო ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რო ქულა დაიწერა: თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები, ტყუილით აგიყირავეთ, მკიდია რა ... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ ... ყველაფერზე წამსვლელი ვარ, რომ დავანგრევ საქმეებს მერე ნახონ... ბიჭო, კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ , ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს და რაც აქამდე მომიტანია იმაზეც მადლობა თქვან"...

სად და რომელ ჩანაწერში ცრუობს თუ არ ცრუობს მირზა სუბელიანი, როდესაც ის სასურველი ჩვენებების მისაღებად მოწმეების წამებაზე ლაპარაკობს, ჯერჯერობით, უცნობია.

პროკურატურის მიერ 16 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მირზა სუბელიანი ცდილობდა ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოეხდინა ბრალდების, ხორავას საქმის საბოლოო შედეგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG