Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის დაიჭერენ და რა მოხდა კახეთში?


დავით კირკიტაძის შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია თავისი რიგებიდან სხვების დაკავებასაც მოელის. კერძოდ, სახელდებიან ნიკანორ მელია და გიორგი ვაშაძე. შს სამინისტროში ჯერ არაფერს აკონკრეტებენ. როგორც უწყებაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, 16 დეკემბერის კახეთის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით. დამნაშავეების დასჯას მოითხოვს საპარლამენტო უმრავლესობა და საგანგებოდ გამოყოფს დეპუტატების ავტომობილზე თელავში თავდასხმის ფაქტს. ოპოზიცია კი შერჩევით სამართალზე ლაპარაკობს.

შემდეგის მოლოდინი

17 დეკემბერს დაკავებული დავით კირკიტაძისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცედურა სავარაუდოდ 19 დეკემბრისთვის გადაიდო. ადვოკატი ვარაუდობს, რომ გამოძიება მტკიცებულებების შეგროვებას ცდილობს.

დავით კირკიტაძის დაკავება - რა არის გადაღებული აქციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:39 0:00

შს სამინისტროს ინფორმაციით, დავით კირკიტაძეს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას ედავება, სს კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის შესაბამისად. კანონის თანახმად, გათვალისწინებულია მხოლოდ საპატიმრო სასჯელი.

ადვოკატ კონდახაშვილის განმარტებით, 353- პრიმა მუხლზე აპელირება არალეგიტიმურია, რადგან ის შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პოლიციის მხრიდან არის ლეგიტიმური საქმიანობა და ვინაიდან აქ ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა ხდებოდა (გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა), საქმის ამ მუხლით წარმართვა შეუსაბამოა“.

იმის გამო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკანორ მელია შს მინისტრმაც ახსენა და უმრავლესობის დეპუტატებმაც, გაერთიანებული ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ დასაკავებელთა ნუსხაში შემდეგი სწორედ მელია იყოს. მელიას გარდა, სიაში საკუთარ თავსაც ხედავს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ შეჩერდება:

  • „ზუსტად მაქვს ინფორმაცია, რომ ჭრიან ვიდეოებს და მაქსიმალურად ეძებენ იმ ფაქტებს, რომლებსაც შეუძლიათ, რაიმენაირად ჩაეჭიდონ“.
  • „როგორც ჩანს, პროვოკაცია, რომელიც მათ მოგვიწყვეს ველისციხეში, გათვლილი იყო იმისთვის, რომ სამართლებრივი საფუძველი შეექმნათ საკუთარი თავისთვის, რომ უბრალოდ ციხეში ჩასვან ხალხი“.
  • „შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჯგუფებამ შეგვიზღუდა ჩვენი კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გადავადგილებულიყავით“.
  • „ჩვენ გვქონდა კანონიერი უფლება, უკანონოდ ჩახერგილი გზა გაგვეთავისუფლებინა“.

შს სამინისტროში არ მალავენ, რომ ჯერ ისევ მიმდინარეობს 16 დეკემბრის ინციდენტების ვიდეომასალების შესწავლა და „არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.“ უწყება აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების მითითებებს ალტერნატიული გზით სარგებლობის შესახებ და აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას 18 დეკემბერს ვერ მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტრომ, რადგან, უწყების თქმით, მონაცემები ჯერ ისევ დასაჯამებელია. ოპოზიცია ასევე ლაპარაკობს, სულ ცოტა, ორი დაშავებული პირის შესახებ, რომელთაგანაც ერთს - ყბის ძვლის ოპერაციაც დასჭირდა.

ალტერნატიული გზა, „შატლები“ და მინიბუსები

ოპოზიციის ლიდერები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ პოლიციამ თელავში ჩასასვლელად ალტერნატიული გზა შესთავაზა. მიუხედავად იმისა, რომ 16 დეკემბერს, დილით გავრცელებულ განცხადებაში მარშრუტები დაკონკრეტებული არ იყო, შს სამინისტრო ირწმუნება, რომ ოპოზიციის ლიდერებს გარკვევით შესთავაზეს თელავისკენ ყვარლის გავლით მიმავალი გზა. ეს მარშრუტი 16 დეკემბერს ხსენებული სამი მარშრუტიდან ყველაზე გრძელია.

აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილი 16 დეკემბერს იმასაც ამბობდა, რომ თელავში მოხვედრა იმ დღეს არც ყვარლის გავლით იყო იოლი. თუმცა როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებდა, გადაადგილება შესაძლებელი იყო თავისუფლად და აქციის მონაწილეებისთვის დამატებითი სერვისიც იყო მომზადებული.

  • „ჩვენ მივუთითეთ მათ და მივეცით მარშრუტი, რა მარშრუტით შეიძლება წასულიყვნენ... არავის გადაადგილების თავისუფლება ჩვენ არ შეგვიზღუდავს...“
  • „ყვარლის შემდეგ, თელავის შესასვლელთან ორგანიზებული გვყავდა შატლები, მინიბუსები და ასევე - ავტობუსები, რითიც მოხდებოდა ამ ადამიანების დანიშნულების ადგილამდე მიყვანა...“

დაპირისპირების მთავარი ეპიცენტრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს (მუკუზანი და ველისციხე) შორის გაჩნდა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა კოლონა არ გაატარეს თელავისკენ გომბორის უღელტეხილით მიმავალ გზაზე. თუმცა ოდნავ მოგვიანებით, ვითარება დაიძაბა თელავშიც.

სამართალი ყველასთვის თუ შერჩევითი სამართალი?

პარლამენტის ბიუროს 17 დეკემბრის სხდომაზე, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საგანგებოდ მოითხოვდნენ, დეპუტატების ავტომობილზე თელავში თავდასხმის ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას.

დეპუტატების ავტომანქანაზე თავდასხმა თელავში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:41 0:00

​შს სამინისტრო პირობას დებს, რომ გამოიძიებს ოპოზიციის მხარდამჭერის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა დალაქიშვილის, დაშავებისა და მასზე თავდასხმის ფაქტსაც. თუმცა ოპოზიციური ფლანგი შერჩევით სამართალზე ლაპარაკობს და მეტიც, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის, ოთარ კახიძის თქმით, დეპუტატების (თამარ ხულორდავასა და სოფიო ქაცარავას) ავტომანქანაზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ მიგზავნილი აგენტ-პროვოკატორის მიერ იყო ორგანიზებული. კახიძეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაუპირისპირდა. ვითარება დაიძაბა.

დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:17 0:00

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები 18 დეკემბერს უცხოელ დიპლომატებს შეხვდნენ. გაიმართა ასევე შეხვედრა სახალხო დამცველთანაც.

  • სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების რეალიზაციისთვის.
  • სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „როდესაც ქვეყანაში მაღალია პოლიტიკური ტემპერატურა და შექმნილია დაძაბული ფონი, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აიღონ პასუხისმგებლობა აქციების მშვიდობიან განვითარებაზე“.
  • სახალხო დამცველ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეებისა და პოლიციელების ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებზე წარმართოს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება.

ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ დეტალურად შეისწავლის 16 დეკემბერს ოპოზიციის აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და (კომპეტენციის ფარგლებში) მოახდენს რეაგირებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG