Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის და როდის შეეძლება გერმანიაში ლეგალურად მუშაობა


გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა და არეალი იზრდება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ახალი კანონმდებლობა ძალაში შევა, სავარაუდოდ, 2020 წლის თებერვალში, გერმანიის პრეზიდენტის ხელმოწერიდან შვიდ თვეში. დაგეგმილი სიახლის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი ესაუბრა.

„ მთავარი წინაპირობა მესამე ქვეყნებიდან მოქალაქეების გერმანიაში დასაქმებისთვის იქნება მათი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიაში. კვალიფიკაციის აღიარების შემთხვევაში მათ შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერი პროფესიით. აქამდე არსებული შეზღუდვა გარკვეულ პროფესიებზე ახალი კანონმდებლობით გაუქმებულია. კანონი ეხება ევროკავშირის ყველა არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს“, - გვეუბნება ელგუჯა ხოკრიშვილი.

გერმანიაში დასაქმების წინაპირობაა კვალიფიკაციის ქონა ან სასწავლებლად წასვლა. ელჩის თქმით, ის ადამიანები რომელებიც გერმანიაში საქართველოდან მიემგზავრებიან თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, სავარაუდოდ ვერ შეძლებენ ისარგებლონ დასაქმების შესახებ ახალი კანონმდებლობით, ამ კანონის ამოქმედება ნაკლებად იქონიებს გავლენას თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკაზე.

რა სიახლეა კანონში

  • კვალიფიციურ მუშახელს მესამე ქვეყნებიდან ეძლევა უფლება გერმანიაში მაქსიმუმ 6 თვით ჩავიდეს და ადგილზევე მოიძიოს სამსახური. საჭიროა კვალიფიკაცია, ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე) და საკმარისი ფინანსური სახსრები გერმანიაში საცხოვრებლად.
  • მხოლოდ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროს სპეციალისტები შეძლებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გერმანიაში დასაქმებას. მათ მოეთხოვებათ მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება და იმ მომენტისთვის არსებული გარკვეული შემოსავლის ჩვენება.
  • დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია გერმანიაში. ამ შემთხვევაში კანონმდებლობა იძლევა შესაბამის პროფესიაში პარალელურად დასაქმების შესაძლებლობასაც.
  • მარტივდება პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა გერმანიაში. მსურველის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, მას უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლის დიპლომი და ფლობდეს გერმანულ ენას (მინიმუმ B2 დონეზე).

ელგუჯა ხოკრიშვილმა აღნიშნა, რომ განსხვავებული პირობები იქნება გერმანიაში დასაქმების მსურველი 45 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის:

"მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მაღალი შემოსავალი ან საკმარისი რაოდენობის პენსია. ამით მთავრობა ცდილობს აღკვეთოს გერმანიის სოციალური სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა".

როგორ მოხდება კვალიფიკაციის აღიარება და ვინ აღიარებს მას

ელჩის თქმით,ახალი კანონმდებლობა ითვალისწინებს არამხოლოდ ინდივიდუალურად კვალიფიკაციის აღიარების პროცედურებს:

  • შესაძლებელი იქნება გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოსა და წარმოშობის ქვეყნის დასაქმების სამსახურს შორის შეთანხმების საფუძველზე ერთიანად მოხდეს კონკრეტულ პროფესიებზე საზღვარგარეთ გაცემული პროფესიული განათლების დამდასტურებელი დოკუმენტების აღიარება.
  • კანონის თანახმად, ფედერალურ მიწებს ეძლევათ რეკომენდაცია ერთი ცენტრალიზებული მიგრაციის სამსახური ჩამოაყალიბონ იმისთვის, რომ კვალიფიკაციის აღიარების პროცედურები ნაკლებად ბიუროკრატიული და უფრო მოქნილი გახდეს.
  • იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს წინასწარ მოძიებული ჰყავს დამსაქმებელი, კვალიფიკაციის აღიარების პროცედურა შეუძლია განახორციელოს ასევე ადგილზე (გერმანიაში) დამსაქმებელმა, რის შემდეგაც ინფორმაცია მიეწოდება გერმანიის საკონსულოს, რომელიც გასცემს შესაბამის ვიზას".
საქართველოს მოქალაქეებს არა აქვთ უფლება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში სამუშაოს საძიებლად ჩავიდნენ გერმანიაში

რაც შეეხება სეზონურ და სტუდენტურ დასაქმებას, ის დღესაც შესაძლებელია სამთვიანი სამუშაო ვიზით. ამის გარდა, ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ საელჩო მოლაპარაკებებს აწარმოებს გარკვეულ კომპანიებთან იმისთვის, რომ მომავალი წლიდან ამ კომპანიებს დაუკავშირდნენ მოქალაქეები და დასაქმდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში.

„როდესაც გერმანიაში სოფლის მეურნეობის გარკვეულ კულტურებში მოსავლის აღების დრო მოდის, გერმანული კომპანიები ეძებენ მუშახელს სამი თვით. ჩვენ ახლა ვამოწმებთ, რა პირობებში მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრება და როგორი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევა, ვინ გადაიხდის ტრანსპორტირების ხარჯს, როგორი იქნება მინიმალური ხელფასი ... ამ თემებზე გვაქვს კომუნიკაცია რამდენიმე კომპანიასთან. თუკი შესაბამისი კრიტერიუმებით მოხდება მუშახელის შერჩევა, მომავალ წელს შესაძლებელი იქნება 3000-10000 კაცამდე დასაქმდეს“, - ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი.

საქართველოს მოქალაქეებს არა აქვთ უფლება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში სამუშაოს საძიებლად ჩავიდნენ გერმანიაში. ამის უფლება აქვთ რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეს - მაგალითად, აშშ-ის, კანადის.

პროფესიული განათლების მიღების ან გერმანიაში სამუშაოს დაწყების მსურველებმა უნდა მიმართონ გერმანიის საკონსულოს, შეიტანონ განაცხადი შესაბამისი კატეგორიის ვიზაზე და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია.

„ შექმნილია პორტალი „Make it in Germany“, რომელზეც განთავსებულია საჭირო ინფორმაცია და რომლის აქტუალიზაცია პერიოდულად მოხდება“, - გვეუბნება საქართველოს ელჩი გერმანიაში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ ინფორმაციის ძირითადი გამტარი იქნებიან საკონსულო სამსახურები, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ მოქალაქეებს, გერმანიაში კი ფედერალური დასაქმების სააგენტოც იქნება ჩართული ამ პროცესში.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG