Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის და როდის შეეხება ავტომობილის სავალდებულო დაზღვევა - პასუხი ყველა კითხვაზე


ყველას, ვისაც ავტომობილი ჰყავს, მისი დაზღვევა მოუწევს. ეს დროის საკითხია. როგორც კი პარლამენტი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინიცირებულ კანონპროექტს დაამტკიცებს, ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო გახდება.

საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტს ეკა ლალიაშვილს ეს ინიციატივა მოსწონს, თუმცა ხედავს საფრთხეებსაც, განსაკუთრებით მიმდინარე ტექნიკური დათვალიერების ფონზე, რომელიც მძღოლებისთვის დამატებით ხარჯია.

"პირველი ივლისიდან სრულიად წარმოუდგენელია ამის გაკეთება. უნდა ავუხსნათ ხალხს, რასთან გვაქვს საქმე. ახლა არის წარმოდგენა, რომ ვიხდით ხარკს და ეს პირველ რიგში სახელმწიფოს არ აწყობს. კითხვები აქვს ყველა მხარეს: მძღოლებს, სადაზღვევო კომპანიებს. საგზაო შემთხვევების შეფასების სისტემა არ არის სრულყოფილი, ავტოშემთხვევისას ტყუილ-მართლის დადგენა ცოტა რთულია. ამ სისტემის გაუმჯობესების გარეშე, უსამართლობის განცდა ექნება ყველა მძღოლს", - ამბობს ეკა ლალიაშვილი.

ავტომობილების სავალდებულო დაზღვევას ღარიბი ქვეყნის მოსახლეობისთვის დამატებით ფინანსურ წნეხად მიიჩნევენ ოპოზიციაში.

სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ინიციატივა წინ გადადგმული ნაბიჯია და ის ხელმისაწვდომს ხდის დაზღვევას ფართო საზოგადოებისთვის.

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს 2020 წლისთვის აქვს.

ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები ამ კანონპროექტის ინიციატორს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს, ირაკლი თუთარაშვილს დავუსვით. მის პასუხებზე დაყრდნობით გთავაზობთ მთავარ აქცენტებს.

რას სთავაზობს ეს ინიციატივა ავტომფლობელებს ისეთს, რასაც ვერ სთავაზობენ სადაზღვევო კომპანიები?

  • დაზღვევის ეს მოდელი იცავს როგორც დაზარალებულს, რადგან მის ზარალს ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია, ასევე მატერიალური პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ზიანის მიმყენებელ მხარეს ანუ დამზღვევს, რადგან ზიანს ანაზღაურებს მზღვეველი;
  • დავის მოგვარების სისტემა გადის წინასწარ გაწერილ, ზუსტ და სათანადო ჩარჩოებში მოქცეულ პარამეტრებში;
  • იქმნება მატერიალურ გარანტიები როგორც მძღოლებისთვის, ასევე დაზარალებულებისთვის;
  • ფარავს ავტოავარიის შედეგად როგორც სიცოცხლის/ჯანმრთელობის, ასევე ქონებისთვის მიყენებულ ზიანს;
  • იფარება დაუზღვეველი/დაუდგენელი ავტომობილით მიყენებული ზიანი;
  • ეს სერვისი დღეს არსებობს სადაზღვევო ბაზარზე, თუმცა ამ პროდუქტით სარგებლობს დაახლოებით 7%, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დაუცველია იმ მაღალი რისკისგან, რასაც ავტოავარიების სიხშირე იწვევს.
  • სავალდებულო დაზღვევა და მისი ლიმიტები უმჯობესია დღეს არსებულ ნებაყოფლობით სადაზღვევო პირობებზე
  • კანონით, სავალდებულო დაზღვევა უფრო იაფი იქნება, ვიდრე ნებაყოფლობითი დაზღვევის პოლისები.

როგორ განისაზღვრება ავტომობილის დაზღვევის წლიური ფასი და რა ვადა ექნება მოსახლეობას კანონპროექტის დამტკიცებიდან ავტომობილის დაზღვევამდე?

წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით შეადგენს:

ა) მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ​3-ზე მეტია – 75.00 - 110.00 ლარი;

ბ) მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 - 150.00 ლარი;

გ) ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 - 240.00 ლარი;

დ) სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 - 310.00 ლარი;

ე) მისაბმელისათვის – 50.00 - 75.00 ლარი;

ვ) სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 - 90.00 ლარი.

კანონის ამოქმედების ვადად პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული 2019 წლის 1 ივლისი.

რა მოხდება თუ ვერ დავაზღვევთ მანქანას მოცემულ ვადებში?

  • მფლობელი ვალდებულია დააზღვიოს საკუთარი ავტომობილი. კანონის დარღვევის შემთხვევაში ის გადაიხდის ჯარიმას, რომელიც ტრანსპორტის შესაბამისად 100-დან 200 ლარამდე იქნება.

ინიციატივის თანახმად, დაუზღვეველი ან დაუდგენელი ავტომობილების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება სპეციალურად შექმნილი ბიუროს ფონდიდან მოხდება. როდის იგეგმება ასეთი ბიუროს და შესაბამისად ფონდის შექმნა, ვინ დააფინანსებს მას და ვის დაქვემდებარებაში იქნება?

კანონპროექტით ბიუროს შექმნა განსაზღვრულია კანონის მიღებიდან 45 დღის ვადაში, ის იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მთავრობის წინაშე.

ბიუროს ბიუჯეტის დაფინანსების წყაროა მზღვეველების მიერ განხორციელებული ყოველწლიური შენატანები, რომლის ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება ბიუროს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, საჭიროებების გათვალისწინებით.

ბიუროს ერთ-ერთი ფუნქცია იქნება სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა/მართვა.

ვინ გადაიხდის მუნიციპალური ტრანსპორტის დაზღვევის თანხას ან საჯარო უწყებების ბალანსზე არსებული ავტომობილების დაზღვევის თანხას?

  • სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის პრემიის ვალდებულება აქვს იმ დაწესებულებას, რომლის ბალანსზე არის შესაბამისი ავტომობილი.
  • სახელმწიფო ავტოპარკის უმეტესი ნაწილი დაზღვეულია, მათ შორის მესამე პირის წინაშე პასუხიმგებლობის დაზღვევის პაკეტით, მათ მოუწევთ სადაზღვევო პოლისების შესაბამისობაში მოყვანა კანონით დადგენილ პირობებთან, რაც არ იქნება მნიშვნელოვან ხარჯებთან დაკავშირებული.

არსებობს მოსაზრება, რომ სავალდებულო ავტოდაზღვევა დამატებითი მძიმე ფინანსური ვალდებულება იქნება, განსაკუთრებით მოსახლეობის ნაკლებშემოსავლიანი ფენისთვის. რა გაქვთ ამ მოსაზრების პასუხად?

  • კანონი ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგად წარმოქმნილი ქონებრივი/მატერიალური, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტი იქნება.
  • სადაზღვევო თანხების მოცულობა ცალკე აღებულ სადაზღვევო შემთხვევებზე და თითოეული დაზარალებულისთვის მიყენებულ ზიანზე საკმაოდ მაღალია და ადეკვატურ თანაფარდობაშია სადაზღვევო პრემიასთან.მაგალითად, წელიწადში მსუბუქ ავტომობილზე სადაზღვევო პრემია შეადგენს 100-150 ლარს, ანუ ყოველთვიურად საშუალოდ 8-12 ლარს, რაც დღეში გამოდის 30-40 თეთრი. შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტით − 50 000 ლარის ოდენობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG