Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის სჭირდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?


სახეზეა არაფორმალური ლიდერის მმართველობით გამოწვეული ღრმა სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური კრიზისი, რის გამოც „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას აღარ აქვს მორალური და ლეგიტიმური უფლება მართავდეს სახელმწიფოს - ასე აფასებს „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. ამ ვითარების განმუხტვის საშუალებად „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოკლე ვადებში საპარლამენტო არჩევნების გამართვას მიიჩნევს.

საქართველოს მოსახლეობამ პარლამენტი 2016 წლის შემოდგომაზე აირჩია, შესაბამისად, მორიგი, რიგითი არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრე პოლიტიკურ პარტიათა რიცხვი კი მთლიანობაში აღემატება გაერთიანებული ოპოზიციის 10 სუბიექტს. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, მაგალითად, ლეიბორისტული პარტია; ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების რეფერენდუმის გზით გადაწყვეტას, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა; „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის კომპლექსური გეგმის განსახორციელებლად მოუწოდებს „შენების პარტიის“ თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი. მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლებაზე მონოპოლიის დათმობის ერთ-ერთი გზა სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს.

სახელისუფლებო კრიზისი - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მთავარი პირობაა

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში საუბრები რამდენიმე თვის წინ, ძირითადად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძიებაში შექმნილი პრობლემების ფონზე დაიწყო. ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა გაისმა ასევე ხელისუფლების მხრიდან საქართველოში კანაფის კულტივაციის საკითხის დაყენებისა და ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირების შემდეგ. ოპოზიციის შეფასებით, სახეზეა პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კრიზისი, რომელიც ვერც მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა განმუხტა და ვერც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც ფარული ჩანაწერებით კომპრომატების ომმა ნეიტრალური საზოგადოებისთვისაც ნათელი გახადა, რომ სახელმწიფო სისტემურ პრობლემებს ვერ უმკლავდება, თუმცა პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ ასეთ პირობებშიც, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა კრიზისს ვერ განმუხტავს:

ზაზა ფირალიშვილი
ზაზა ფირალიშვილი

„ძნელი წარმოსადგენია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა არ იცოდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხვალისთვის რომ დაინიშნოს, არაფერი შეიცვლება ქართულ პოლიტიკურ რუკაზე. არსებითად იგივე სურათი დაიდება, რა სურათიც ახლაა პარლამენტში. მთელი ეს პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს უსისხლო რევოლუციის რეჟიმის შესაქმნელად. ეს დაახლოებით ის სურათია, რაც გათამაშდა 2003 წელს. ამაში ახალი არაფერია. რა შედეგს იქონიებს? მე მგონი, არაფერს. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მორალური მდგომარეობა დღეს საკმაოდ მძიმეა და ისინი უფსკრულისკენ მიექანებიან, მათი ოპონენტი არ იმსახურებს ნდობის იმ ხარისხს, რომელიც საჭიროა ასეთი უსისხლო რევოლუციური სიტუაციის შესაქმნელად. სახელმწიფოებრივი კრიზისი რამდენიმე წელია გრძელდება სწორედ იმის გამო, რომ არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას მინიმალური ხარისხი არ აქვთ ნდობისა, რაც აუცილებელია სახელმწიფოებრივი ცხოვრებისათვის. რა თქმა უნდა, სიტუაცია ღრმავდება, კრიზისი ღრმავდება“. - ამბობს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

თორნიკე შარაშენიძე
თორნიკე შარაშენიძე

„სახეზეა მმართველი გუნდის სერიოზული დელეგიტიმაცია, მაგრამ ვის უფრო აწყობს ვადამდელი არჩევნები, მაგალითად, 3-4 თვეში რომ დანიშნო? ახალი პოლიტიკური ძალა არ ჩანს და 3-4 თვეში ვერ მოესწრება მისი შექმნა და რაც მთავარია, დაფინანსება. პოლიტიკურ პარტიებს დამფინანსებელი პრაქტიკულად არ ჰყავთ, რადგან ფინანსები კონტროლდება მმართველი გუნდის მიერ. შესაბამისად, ვადამდელი არჩევნები აწყობს ისევ „ქართულ ოცნებას“, რომ კიდევ 4 წლით დარჩეს ხელისუფლებაში. სხვა განლაგება იქნება, თუ, მაგალითად, ვაშაძე ხდება პრეზიდენტი. ეს იმდენად დიდი დარტყმა იქნება ოცნების პრესტიჟზე და გამოიწვევს ისეთი დაბნევას და არეულობას, რომ „ოცნება“ შეიძლება დაიშალოს კიდეც. თუმცა მე მაინც მგონია, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს გაყალბების ჩათვლით, სალომე ზურაბიშვილი რომ გაიყვანოს. იგი არ დაუშვებს, რომ წააგოს ნაციონალურ მოძრაობასთან ან ყოფილ ნაციონალურ მოძრაობასთან. თუმცა ეს ოცნებისთვის იქნება კიდევ უფრო ცუდი ვარიანტი - მოიგებს თუ წააგებს სალომე ზურაბიშვილი, ოცნებისთვის ორივე შემთხვევაში წამგებიანი იქნება, მაგრამ რომელი უფრო, კაცმა არ იცის. თუ ქვეყანაში შენარჩუნდა ინსტიტუციური კრიზისი და ჭაობი, რომელშიც ვართ, ეს დამთავრდება იმით, რომ 2020 წელს „ქართული ოცნება“ იქნება გაცილებით უფრო სუსტი და გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაფერს ძალიან სწრაფად დაასრულებს“. - აცხადებს პლოტოლოგი თორნიკე შარაშენიძე.

პოზიცია უმრავლესობაში

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრები რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მმართველი პარტიის რიგებშიც დაიწყეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობერიძე, მაგალითად, აცხადებდა, რომ თუ სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემოდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა სრულიად გასაგები იქნებოდა. თუმცა მმართველ პარტიაში სამთავრობო ცვლილებების განხორციელებიდან დღემდე ძირითადად ვადამდელი არჩევნების საწინააღმდეგო განცხადებები კეთდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სამიოდე თვის წინ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზანშეუწონლობის ორი მიზეზი დაასახელა: პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობის კიდევ უფრო შემცირება და პროპორციული საარჩევნო სისტემის კიდევ უფრო გადავადება. დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ კი ამ დღეებში პრაქტიკულად იგივე გაიმეორა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას არჩევნების არ ეშინია, თუმცა ვადამდელი არჩევნები შედეგის თვალსაზრისით არაფერს შეცვლიდა.

პარლამეტის სხდომათა დარბაზი
პარლამეტის სხდომათა დარბაზი

დათქმები ოპოზიციაში

ზოგადად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე შეიძლება ითქვას, რომ არც ოპოზიციური სპექტრია ერთსულოვანი. „ევროპულ საქართველოში“, მაგალითად, განგვიმარტეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების არჩევნების, თუნდაც ვადამდელი არჩევნების გზით დამარცხება ყველა ოპოზიციური პარტიის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, დღეს საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი არალოგიკურია, რადგან წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მომხრე პოლიტიკური ძალებიც ამ მოთხოვნას გარკვეული დათქმებით აყენებენ. პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ განცხადების თანახმად, უახლოეს მომავალში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ხელისუფლების შეცვლის მომდევნო ეტაპი უნდა გახდეს მას შემდეგ, რაც 28 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი ღირსეულ პასუხს გასცემს, დავით უსუფაშვილი ითხოვს, არჩევნები პროპორციული წესით, ერთ წელში, 2019 წლის ოქტომბერში გაიმართოს და ა.შ.

საქართველოს მოსახლეობამ პარლამენტი 2016 წლის შემოდგომაზე აირჩია, შესაბამისად, მორიგი, რიგითი არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG