Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის (არ) აქვს ინტერნეტი საქართველოში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

დაპირება, რომ 2020 წლისთვის საქართველოს 90% დაფარული იქნებოდა სწრაფი ინტერნეტით, “ქართულმა ოცნებამ” 2015 წელს გასცა. 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე მეტი კვლავ ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. 2016 წლიდან 2020 წლამდე იმ მოსახლეობის რიცხვი, რომელსაც ინტერნეტზე წვდომა არ ჰქონდა და მიეცა, მხოლოდ 9%-ით არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, ინტერნეტი ყველაზე ხშირად სოციალური ქსელების მოხმარებისთვის გამოიყენება. მოსახლეობის 28%-ს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გაჩენასთან ერთად გაჩნდა სოციალური იზოლაციის საჭიროება. სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადადიან, საჯარო და კერძო სექტორი ცდილობს ოფისები განტვირთოს და სახლიდან მუშაობის პრაქტიკას ნერგავენ, სერვისის ის მიმწოდებლები, ვისაც შეუძლია კონსულტაცია ციფრულ ფორმატში გასწიოს, ამ გზას ირჩევენ - ეს მოცემულობა განსაკუთრებით მნივნელოვნად აქცევს ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ინტერნეტს და უნარებს, იცხოვრო, იმუშაო და გადარჩე ციფრულ სამყაროში კრიზისის დროს. საყოველთაო ინტერნეტიზაცია სოციალური თანასწორობისა და ინკლუზიურობისთვის პრინციპულ მნიშვნელობას იძენს.

  • ვინ და რისთვის მოიხმარს ინტერნეტს საქართველოში?
  • როგორია ინტერნეტის გავრცელება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში?
  • რატომ ვერ მოხერხდა, არაერთი დაპირების მიუხედავად, მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა ინტერნეტით?

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, დღეს საქართველოში 915 636 ინტერნეტის აბონენტია. ეს ციფრი აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი სოფლად და ქალაქში განსხვავებულია.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რუკაზე ნაჩვენებია ინტერნეტის გამოყენების სიმკვრივე რეგიონების მიხედვით. სიმკვრივე ითვლება აბონენტების რაოდენობის გაყოფით ქვეყანაში შინამეურნეობების(ოჯახების) ან მოსახლების რაოდენობაზე
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის რუკაზე ნაჩვენებია ინტერნეტის გამოყენების სიმკვრივე რეგიონების მიხედვით. სიმკვრივე ითვლება აბონენტების რაოდენობის გაყოფით ქვეყანაში შინამეურნეობების(ოჯახების) ან მოსახლების რაოდენობაზე

საქსტატის წლის დათვლით, ინტერნეტთან შედარებით, დაბალია კომპიუტერით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობა, რაც მოსახლეობის 62%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2016 წლის შემდეგ ეს ციფრი არ იზრდება. განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის აქაც თვალშისაცემია. ყველაზე კარგად კომპიუტერით უზრუნველყოფილი თბილისის მოსახლეობაა, ყველაზე ნაკლებად - კახეთის. განსხვავება მნიშვნელოვანია გენდერულ ჭრილშიც. კომპიუტერით სარგებლობს ქალების 58,9 %, მაშინ როცა კაცების პროცენტული მაჩვენებელი, ამ მხრივ, 63,1-ს შეადგენს. ყველაზე აქტიურად კომპიუტერს 15-29 წლის მოქალაქეები მოიხმარენ.

საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმა „ალექსას“ მონაცემები, რომელიც საქართველოში დღეს ყველაზე პოპულარული საიტების სიას გვიჩვენებს, ცხადს ხდის, რომ ინტერნეტი საქართველოში გასართობად და საკომუნიკაციოდ უფრო გამოიყენება, ვიდრე სამუშაო და სასწავლო მიზნებისთვის ან ახალი ინფორმაციის მისაღებად.

2018 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საქართველოში არსებული ციფრული უთანასწორობის მიზეზი ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა და ციფრული უნარების ნაკლებობაა, ინფორმაცის ეპოქაში ქვეყანაში არსებული ციფრული უთანასწორობის დონე კი მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

რატომ ვერ მოხერხდა, არაერთი დაპირების მიუხედავად, მოსახლეობის სრული უზრუნველყოფა ინტერნეტით?

ქვეყნის სრულ ინტერნეტიზაციას ბიძინა ივანიშვილი 2014 წელს პირველი არხის ეთერში დაგვპირდა.

2015 წელს დაარსდა ა (ა)იპ “ოუფენ ნეტი”, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაცია იყო და რომელსაც უნდა უზრუნველეყო ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა.

2016 წელს “ქართული ოცნება” საარჩევნო პროგრამაში წერდა, რომ “აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს. შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტზე წვდომა”.

"ქართული ოცნების" ინტერნეტ ბანერი, 2015 წელი
"ქართული ოცნების" ინტერნეტ ბანერი, 2015 წელი

2016 წელს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ამბობდა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი ვერ განხორციელდებოდა რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი უანგარო დონაცია.

2018 წლის ბიუჯეტში მთავრობა კვლავ საუბრობდა იმაზე, რომ "ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში აშენდება 8000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც დამატებით 800 ათასი ადამიანი მიიღებს ინტერნეტს და ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს ექნება ინტერნეტთან წვდომა."

2019 წელს ეკონომიკის მინისტრმა უკვე თქვა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი შეფერხებული იყო და ახლა მოდელის განახლებაზე მუშაობენ. ნათია თურნავას თქმით, ფონდი “ქართუ” კვლავ მზადაა ჩართული იყოს ინტერნეტიზაციის პროექტში.

ორგანიზაცია “ოუფენ ნეტი”, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ინტერნეტიზაციის პროექტის განსახორციელებლად შექმნა, კვლავ ფუნქციონირებს, თუმცა ვებსაიტზე ბოლო სიახლე 2016 წლის დეკემბერში აქვს გამოქვეყნებული. მისი ხელმძღვანელი, ნინო ქუბინაძე, 2020 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრობის ღია კონკურსში მონაწილეობდა.

ამ დროისთვის ღიად რჩება კითხვები:

  • რატომ ვერ შესრულდა 2015 წელს გაცემული დაპირება და რას აკეთებდა ინტერნეტიზაციისთვის შექმნილი ორგანიზაცია 2015 წლიდან 2020 წლამდე.
  • რა თანხა გაიღო ფონდმა “ქართუმ” ამ დროის განმავლობაში და როგორი იქნება მისი როლი სამომავლოდ მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაში;
  • როდის შესრულდება 2020 წლისთვის გაცემული დაპირება საყოველთაო ინტერნეტიზაციის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG