Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვიტირე, უარი რომ მოგვივიდა" - აფხაზეთიდან დევნილები საქართველოს მოქალაქეობას ითხოვენ


აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა ოჯახებსაც 1992-1993 წლების ომის შემდეგ ჯერ აფხაზეთის და შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწიათ, ამბობენ, რომ საქართველო ახლა მათ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.

დიმიტრი შუბლაძე, მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მე-4 კურსის სტუდენტი, 2001 წელს, რუსეთში დაიბადა. აფხაზეთიდან მისი მშობლები არიან.

გასული წლის ივლისში დიმიტრიმ საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და მოქალაქეობის მინიჭება ითხოვა. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მისაღებად აუცილებელ სამივე გამოცდაში - სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის ძირითად საფუძვლებში უმაღლესი შეფასება 10-10 ქულა მიიღო. თუმცა მოქალაქეობა მაინც არ მისცეს.

დიმიტრი შუბლაძე
დიმიტრი შუბლაძე

ვის შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით?

"[იუსტიციის სამინისტროში] მიზეზი არ განუმარტავთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მიღალატეს. ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ რუსეთში ცხოვრება გვიხარია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ჩემი არჩევანი არ იყო. მე უბრალოდ რუსეთში დავიბადე, მაგრამ ვიცი სადაური ვარ, საიდან არიან ჩემი მშობლები და მინდოდა, აფხაზეთში თუ არა, საქართველოში მაინც მეცხოვრა", - ამბობს დიმიტრი. რადიო თავისუფლებას ის WhatsApp-ის აპლიკაციით მოსკოვიდან ელაპარაკა.

"ჩემს მეგობარს, რომელიც ასევე რუსეთში დაბადებული ქართველია, მაგრამ არა დევნილი, ასევე უნდოდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება. გამოცდები იმანაც ჩააბარა, მაგრამ მასაც უარი უთხრეს. ამიტომ, ჯერ არ ვიცი, ხელმეორედ შევიტან თუ არა განცხადებას", - ჰყვება დიმიტრი.

მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის მიღების შემდეგ, მაძიებელს ერთი წელი განაცხადის ხელმეორედ შეტანის უფლება არ აქვს.

"ჩვენ არ გვაქვს უძრავი ქონება საქართველოში, აფხაზეთში გვქონდა სახლი და დაგვიწვეს. მინდოდა, ჯერ მოქალაქეობა მიმეღო, მერე მშობლებთან ერთად ყველაფერს გავყიდდით, რაც გვაქვს აქ და საქართველოში რამეს შევიძენდით".

ეკა მეშველიანი ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუდანაა. მას უნდა, რომ მისი სამივე შვილი, 2 სრულწლოვანი და ერთი 10 წლის, მასსავით საქართველოს მოქალაქეები გახდნენ.

"გასულ წელს შევიტანე ჩემი შვილების მოქალაქეობაზე განაცხადი. ვიტირე, უარი რომ მოგვივიდა. გასაუბრებაზე რომ მივდიოდით, ერთადერთი შეკითხვა, რასაც ბავშვებს უსვამდნენ, მამა სად არის დამარხულიო. მამა სოჭშია დამარხული. ის არ უკითხავთ, მამა სად იყო დაბადებული. სოჭში საკუთარი სახლი გვაქვს და გაყიდვას ვაპირებთ. იყიდე საცხოვრებელიო. 100 000 დოლარი ამ წუთში მე მართლა არ მაქვს. მაგალითად, გავყიდე სახლი აქ, გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, ბავშვებს არ აძლევენ მოქალაქეობას, ვის დავუტოვო? მეუღლე სიმსივნით გარდაიცვალა. მეც ონკოლოგიური პაციენტი ვარ და რამე რომ დამემართოს, ჩემი შვილები გარუსდებიან. მინდა ქართული ადათ-წესები ჰქონდეთ", - ეკა კიდევ ერთხელ ცდის, შვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობა ითხოვოს.

"არ გაწყდა ჩვენში დაბრუნების სურვილი, პირიქით, უფრო გავბრაზდი", - ამბობს ის და იხსენებს როგორ აღმოჩნდა რუსეთში. აფხაზეთიდან გამოძევების შემდეგ ეკას ოჯახმა დაახლოებით 10 წელი წყალტუბოში იცხოვრა. 90-იან წლებში სიდუხჭირის გამო დედა სავაჭროდ სოჭში დადიოდა. ეკაც მიჰყვებოდა და ვაჭრობაში ეხმარებოდა. სოჭში გაიცნო მომავალი ქმარი და დაქორწინების შემდეგ წყვილი რუსეთში დარჩა. საქართველოში მათ სახლი არ ჰქონდათ.

"2010 წლამდე რუსეთის მოქალაქეობა არ მქონია. 2012 წელს უმცროსი ბიჭი დაიბადა და მაშინ ჩავეწერე სოჭში, მანამდე ჩაწერაც არ მქონდა", - ჰყვება ეკა.

საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა თანხებთანაც არის დაკავშირებული. მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის გასაუბრებაზე მოწვევა მე-80 დღეს 500 ლარი ღირს; მე-60 დღეს – 700; დაჩქარებული წესით - 1 თვის განმავლობაში 1 000 ლარი.

რას ამბობს საქართველოს კანონი მოქალაქეობის მინიჭებაზე?

საქართველოს მოქალაქეობა დაბადებით და ნატურალიზაციით მოიპოვება. დაბადებით მოქალაქეობას იმ შემთხვევაში იძლევიან, თუკი:

  • დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
  • საქართველოში სუროგაციით დაბადებული ადამიანი, თუკი მისი მშობლების მოქალაქეობის ქვეყანა/ები მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევენ;
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა;
  • საქართველოში დაბადებული, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

ნატურალიზაციით მოქალაქეობის მინიჭება ხდება მაშინ, როდესაც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ადამიანის სახელმწიფოს სთხოვს მოქალაქეობის მინიჭებას და ის ამ უფლებას იღებს.

საქართველოს შეუძლია მოქალაქეობის მაძიებელს უარი უთხრას, თუმცა ამის საფუძველი უნდა ჰქონდეს. უარის თქმის საფუძვლებსაც კანონი ადგენს.

კანონის მე-16 მუხლის "გ" პუნქტი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია მოქალაქეობის გაცემა მიზანშეუწონელი იყოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ როდესაც სახელმწიფო მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება მსურველს, დაახლოებით 80% შემთხვევაში, საფუძვლად სწორედ მე-16 მუხლის "გ" პუნქტს იყენებს.

"მაგრამ რატომ გასცეს უშიშროების, დაზვერვის ან თავდაცვის სამსახურებმა უარყოფითი დასკვნები, საიდუმლოა. მაშინაც კი, როცა სასამართლოში დავობს მხარე, ამ დასკვნის გაცნობის შესაძლებლობა მხოლოდ მოსამართლეს ეძლევა. შესაბამისად, შედავება ძალიან ჭირს ხოლმე ამ საკითხებზე", - ამბობს საიას იურისტი ნიკა მაღედანი.

რა შეიძლება იყოს მიჩნეული სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესის დაცვად:
  • მოქალაქეობის მთხოვნელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
  • არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ან ტერორისტულ თუ ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან;
  • ან მაძიებელი რამენაირად არის დაკავშირებული ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის, ადამიანით ვაჭრობის ან სხვა სახის ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან.

აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მოქალაქეობის უპირობოდ მინიჭებას ითხოვს ასოციაცია "დევნილები დევნილებისთვის". მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 მუხლში გამოცდის ჩაბარების წინაპირობის ამოღების თხოვნით მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარსადგენად ემზადებიან.

"ეს ადამიანები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1993 წლის ჩათვლით დაიბადნენ და დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. მარტო ჩვენს ორგანიზაციას 30-მდე დევნილმა მომართა, ვისაც ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი. მიზანმიმართულად უქმნიან ჩვენს თანამემამულეებს ბარიერებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის ტვირთად მიაჩნიათ. ალბათ, ფიქრობენ, რომ შეიძლება სხვა დევნილების მსგავსად სოციალურ დახმარებებსა და ბინებს მოითხოვენ", - ამბობს ასოციაციის "დევნილები დევნილებისთვის" წარმომადგენელი ინგა ახალაია.

ვინ წყვეტს საბოლოოდ მოქალაქეობის საკითხს?

მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი იღებს, მაგრამ ის იმ დასკვნას ეყრდნობა, რომელსაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან უგზავნიან.

"შემთხვევა, როცა სააგენტომ უარყოფითი დასკვნა მოამზადა და პრეზიდენტს დადებითად გადაეწყვიტოს, ჩემს პრაქტიკაში არ მახსენდება. როგორც წესი, პრეზიდენტი მიჰყვება დასკვნას. მოქალაქეობის საკითხზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნა საჩივრდება", - განმარტავს საიას იურისტი ნიკა მაღედანი.

რადიო თავისუფლებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰკითხა, ძირითადად, რა მიზეზით ეუბნებიან საქართველოდან დევნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უარს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. ზურაბიშვილის ადმინისტრაცია განმარტავს და ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დასკვნას ეყრდნობა. ასევე, მომხრეა, რომ მიღების კრიტერიუმები გამარტივდეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ მკაფიოდ საჯაროდ დააფიქსირა ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართული დიასპორისადმი ურყევი მხარდაჭერა, ასევე მათი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში რეინტეგრაციის აუცილებლობის თვალსაზრისით. საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად აუცილებელი პირობების მაქსიმალურად გამარტივებას", - გვითხრეს ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში.

იგივე ვკითხეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუმცა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა სტრუქტურამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ტვირთი პრეზიდენტს დააკისრა.

"საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საკითხებზე პირები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს… საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი", - გვითხრეს სააგენტოში.

ერთ თვეში საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადს მეორედ შეიტანს ოჩამჩირელი 58 წლის ფრიდა პაჭკორია. საქართველოს მოქალაქეობა ვერ მიიღო მისმა 36 წლის შვილმაც.

"ოჩამჩირეში დავიბადე და ომამდე აფხაზეთში ვცხოვრობდით. 6 წლის შვილით გადმოვედით ენგურის ხიდზე, ომი რომ დამთავრდა ზუსტად იმ დღეს. უამრავი ხალხი მოვდიოდით მანქანებით, ძროხებითა და ქათმებით, ყველანი ერთად რომ გადმოვედით, საწყალი ზვიად გამსახურდია იდგა ენგურის ხიდზე და ტიროდა, საქართველოს დროშა ეჭირა ხელში. ზუგდიდში ნათესავთან დავრჩით ცოტა ხანი, მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო ავიყვანე ჩემი ბავშვი და წავედით მოსკოვში, რომ გამეზარდა შვილი, დახმარების არავინ არ იძლეოდა", - ჰყვება ფრიდა.

აფხაზეთის მცხოვრებლები ენგურის ხიდის მეშვეობით ტოვებენ ტერიტორიას
აფხაზეთის მცხოვრებლები ენგურის ხიდის მეშვეობით ტოვებენ ტერიტორიას

რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, ბოლო 1 წლის განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილმა უცხო ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ მიმართა მათ მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე და აქედან რამდენს უთხრეს უარი. სააგენტოდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ვის შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით?

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

  • სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი; სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი და სხვა.
  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG